აიენ
ამ ჩამოტანილ საჩუქარს ჭაობის ფერი კაბის სუნი აქვს.
და მიტოვებული ჰაერი კენკროვანი სახლის კარებზე
როცა გადიხარ სხეულიდან და დილას იწყებ
ჩრდილში რჩება..
აიენ
ტყის სიზმრები ხანდახან დავიწყებულ მკვდრებს გავს
ნაბიჯებში დაკონსერვებულ მოგონებებს
და ჩრდილი სადაც დატოვებულია შენთვის კენკროვანი სახლი
შესაძლებლობაა მე მძულდე.
აიენ
ამ ჩამოტანილ საჩუქარს ჭაობის ფერი კაბის ფორმა აქვს.
კედელზე ჩამოკიდე და მერე წადი.
ჩალურჯებული გემატომები სახურავის ზრდასრულ სხეულზე
სადაც მოდიან სხვა აჩრდილები დასკდება და ისედაც დამაყრის თავზე სიცარიელეს.
მოულოდნელობის ეფექტი არ იქნება.
ზურგში კადრებივით მჩხვლეტავი სივრცეებია..
შეგიძლია შეიწმინდო ხელები და ისე გაქრე.
როცა გაცვია ჭაობის ფერი კაბა.
როცა ტყის სიზმრები ნაბიჯებში კი არა, უკვე ძარღვებშია.
როცა სუიციდი ტროპიკული ინფექციაა,
ტრიალებს ჰაერში და მემუქრება.
როცა აპრილი ქაღალდის ქარია მხოლოდ
ფრაზები ოღონდ სუბსტანციის გარეშე
და შენ გემუქრება.
მზემ ერთხელ უკვე გატოპა შენს სისხლში .
მახსოვს თქვი მაშინ:
ფეხშიშველი რომ ყოფილიყო რა პოეტური იქნებოდაო
და გაიღიმე.
ლამაზი იყო შენი სხეული და ამაზრზენი ჩემი მცდელობა
არ დამენახა ამაში რაიმე განსაკუთრებული.
მაგრამ აიენ ჩვენ ყველა
თითქმის შეშინებული თვალები ვართ.
ჩვენ ყველა აიენ რეფლექსები ვართ საკუთარ სხეულზე სოკოსავით დაყრილები
და ხშირ შემთხვევაში გვინდა რომ გადავრჩეთ.ხანახან სხვებში..
დილა ჩრდილს იწყებს.
აიენ, ჩემო აიენ
დილა ჩრდილს იწყებს.
ამ ჩამოტანილ საჩუქარს ჭაობის ფერი კაბის სუნი აქვს.
კენკროვანნი სახლის კარებს შეატოვე და ისე გადი.
////
არავის უთხოვია ჩემთვის ვყოფილიყავი სრულ სიჩუმეში გაყვითლებული კედლების მიღმა.
არავის უთქვამს ჩემთვის ზურგი საწოლის მძიმე მხრებზე მიმება როგორც სიკვდილმისჯილს და უარმეყო ყველანაირი ქმედება რომელსაც შეუძლია ჰაერის ოდნავ მაინც შერხევა.
არავის აუკრძალავს ჩემთვის ვყოფილიყავი პედანტი სექსში და მქონოდა უფრო მეტი მოლოდინი აქტის მიმართ ვიდრე თავად სხეულებს შორის ნაპოვნი განსხვავების.
არავინ მესალმება ქუჩაში გადაჟანგული ღიმილით თუ არ მიცნობს მაშინ როცა პირველსავე შემხვედრ ხესთან ვჩერდები და ხელებს ვხვევ.
არავინ.
და მაინც, მე ვამჩნევ მათ გაფართოებულ თვალებს რომლებიც ასეთ დროს მიყურებენ და გადაჟანგული ღიმილით ვესალმები.
და საერთოდაც, ყველაფერი ეს ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეს ”არავინ”, და “არავის”...
და რა მერე ?არაფერი. არც არაფერი.
ყოველდღიური შიზოიდური ბრძოლა ჩემს დღესთან არაფრით მხდის უფრო საინტერესოდ ან კარგ მწერად,რომელსაც თავად შეუძლია ხმამაღლა ბზუილი და არა მარტო მხოლოდ მის ფიქრებს.
დღეს ხუთშაბათია. ცვლილებების დრო.
ანუ ისევ არაფერი განსაკუთრებული და ყავას ვსვამ.
ვერ ვიტან ყავას და იმიტომ. ვერ ვიტან შენს ხანგრძლივ ნებივრობას დუშის ქვეშ და ჩემს მოლოდინს რომელიც სითავხედეში გადადის როდესაც შენ გელოდები.
და ვერ ვიტან ჩემს დღევანდელ გადაჟანგულ ღიმილს.
გამარჯობა...
სხეულებს შორის განსხვავება არ არსებობს.
////
“შენ. მხოლოდ შენ არსებობ.”
სანამ შენ გძინავს, გარშემო ყველაფერი იცვლება.
მამა
დღეს ირმებს ეშინიათ დაძინების.
იასამნისფერი შუბლი დაეკარგა ბალახს და საკუთარ სიზმრებში ვერ შედიან.
მამა
დღეს მივხვდი რომ მარტო ვარ საკუთარ სხეულში, რადგან ყველა დემონი რომელშიც
შენ იყავი დაიბადა.
და მამა,
მე დღემდე ვაქრობ შუქს ძილის წინ საკუთარ ოთახში რადგან ყოველთვის მამა,
მე სინათლის უფრო მეშინია.
და ჩემი ავადმყოფი მეგობარი,
და ჩემი ავადმყოფი მეგობრის ჯამრთელი სიზმრები
კედელია.
ნუ დააჯერებ საკუთარ თავს რომ დაბრუნდები.
ნუ დააჯერებ საკუთარ თავს რომ იცი, შენი შვილი სადღაც შეიცვალა.
სიფხიზლეს მარტოობა მოაქვს მამა.
სიზმრებს სიმშვიდე და ხანდახან საკუთარი თავიც.
ეს ისე.. რომ იცოდე.
ტონი. როცა კამბოჯას აწვიმს..
დრო მოვიდა პირი დავაღოთ და ამ გაუვალ ჯუნგლებში გაკვირვებული
გამოცდილება შევისუნთქოთ..!
ამბობს ტონი.ტონი რომელიც ძალიან მაგარი ტიპია,
ტონი რომელსაც სათამაშო დათუნია ყავს და იცის ხელს თუ ჩასჭიდებს
ყველაზე ჩქარა გაიქცევა..
კამბოჯის თავზე 14 დღეა წვიმს.
სახლები ხის სახურავებით ან ხეებში წამოზრდილი ფესვებით
მე-15 მზეს ემალება.
მისი წასვლა კი გაყვა ძველ დახრუკულ ქვიშას როცა მოიცალა დღემ და ცას ახედა.
ბევრი მინდოდა მომეწერაო .. ჰო, ბევრი...
მაგრამ კამბოჯა ნატურალურ წვენს მშობიარობს როცა გწერ და
სიზმრები გენეტიკურად მწოლიარეა ჩემს ვენებშიო...
ამბობდა ტონი.
ტონი რომელიც ყველაზე მაგარი ტიპია. ტონი რომელსაც სათამაშო დათუნია ყავს და მხოლოდ გაფითრებულ ხეეხზე და სივრცეზე წერს როცა შენზე ველაპარაკები.
არც დასასრული ჩანს, არც სიბნელე
თაგვივით რომ დაიმალო და მოეშვა.
აქ შეხებასავით საშიშია მარტო ყოფნა როცა კამბოჯას აწვიმს..
მთვრალი ზღარბი
სახურავიდან მოშარდა კაცმა.
კუთხე. მესაზღვრე გემი.
სივრცე ძველისძველ ქურთუკს გავს. ნაცნობია და იცვამ.
იმ სიტყვებს რა ვუყოთ შარდს რომ გაყვა?
ბოთლები მეტაფორად გაყინული ხელსა და ნერვებს შორის?
ბარიდან გამოსვლა ადვილია.
შარდის სუნია ასფალტზე და მარტო არ ხარ.
დღეს პარასკევია,
უთუოდ უნდა მოკლა მწერი და ღამეს შეგინახავს.
მას უეჭველი ქონდა მაშინ ხელები რადგან თოკები წყალზე მოძრაობდნენ..
ხო დღეს უთუოდ უნდა მოკლა მწერი!
ღამე უნდა შეინახო.
ღამე!
ღამე.
ვისი სული მსურს? ჩემი.
მწვანე სახლი მაინც არ არსებობს. არც დოსტოევსკის გმირებივით ვცხოვრობ.
არც ფული მაქვს საკმარისი თავის გასამართლებლად რომ სამსახური არ მჭირდება.
არც პასპორტი მაქვს რომელიც საზღვარს დამატოვებინებს და იქ წამიყვანს სადაც ძალიან ბევრი ჩემიანი გაყვა მზეს.
საერთოდ რა მაქვს? ღამე.
ხოდა ყოველდღე მოვკლავ მწერს!
ბოზისშვილი ვიყო ყოველდღე მოვკლავ მწერს!
ბოთლებით გავუსრესავ თავს და ღამეს შევინახავ.
მარტო ყოფნა ადვილია.!
სახურავიდან ყოველთვის შარდის სუნი აქვს ასფალტს.
და მზეს..