მას შემდეგ რაც მამაჩემმა დაკარგა ფეხი,
რომელიც იყო გარანტია,
რომ მე, ჩემი ტრავმირებული ოჯახის გვერდით
შევძლებდი მყარად დგომას,
მივიღებდი უმაღლეს განათლებას,
რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში,
და შემდეგ, სხვებსაც იგივეს მოვუწოდებდი
და აი, როცა სამომხარებლო ბაზრის ყველა სტანდარტს ზედმიწნევით შევისწავლიდი,
როცა ჩემზე ოცნებას ბიზნეს კომპანიები დაიწყებდნენ,
როცა ჩემთან საუბრისას გათქვამდნენ ყველა საიდუმლოს,
შრომით ექსპლუატაციასა და გაუცხოვებაზე,
კონფლიქტურ ზონებზე და ტერორიზმის საფრთხეებზე,
გამახსენდებოდა თუ არა სახლი, სადაც არასოდეს მიცხოვრია მინახავს მხოლოდ ფოტოებზე ,
და რომელიც პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა.
და ეს მსხვერპლშეწირვა დღემდე გრძელდება.
რადგან კაპიტალისტურ ქვეყნებს,
ბიზონის თავითა და ტყის დათვის თვისებებით, კონფლიქტური ზონები ჭირდება.
მაგრამ, მამაჩემმა, რომელიც ღამღამობით ჩუმად ტირის,
მიხსნა კარს მომდგარი გარანტირებული მომავლისაგან,
მან მსხვერპლად ყველაზე ძვირფასი რამ,
თავისი მარჯვენა ფეხი შემომწირა,
და ფაქტობრივად თავისი დანაშაული,
(რომელსაც, უნდა ითქვას, მამები ძირითადად საკუთარი სიამოვნებისთვის ჩადიან
და არა იმის სურვილით, რომ ჩვენთვის, შვილებისთვის მოეცათ შანსი)
გამოისყიდა, კიდევ უფრო დიდი დანაშაულისაგან –
და ასე აღდგა ერთგვარი წონასწორობა ჩემსა და მამაჩემს შორის
და მე, აღარაფერი მაქვს მისთვის სასაყვედურო.
მომცა ყველაფერი, რაც გააჩნდა.
და ღამღამობით ჩუმად ტირილსაც უკლო.