• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მან დაინახა

×
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 15 იანვარი, 2020 2826
1. 
 
მან დაინახა ნეონის შუქი და ძველი შუქი და მარტოობის შუქი და ვირთხების შუქი
ძველისძველი ვარსკვლავის შუქი რკინის სიმყარით
შუშის მანქანების შუქი რომელშიც არსებობა სარკიდან ჩანდა
იგი იყო ზამბარა ღმერთისთვის რომელიც ბაღში დაკრეფილი თვალებით ქმნიდა სინათლეს
სიცხადის ბაღში სადაც ოდესღაც ქარი ელექტრული კოცნით იშვა
იქ ხეები ყვიროდნენ უძველეს ნათელში
მათ ხელებს ჭრიდნენ
და ვიღაც ესვენა როგორც ცივი მინანქარი სამყაროს თავზე
ღმერთმა ამოყვინთა მეტროს პირიდან და
და პირველად იხილა დიდი ქალაქი
იგი იყო ბალახის ბოლში გახვეული
გვერდით კი ჩარბოდნენ ბანკირები და გადამყიდველები
ჩაფლულები თავიანთი საქმიანობის მთელ ქსოვილში
 
 
2. 
 
და მეორე დღეს მან იხილა ქალი დიდი თვალებით
თავის შვილებს რომ იცავდა ფოთლის ხელშუბით
მას ხელები რტოებივით მოამტვრიეს და მაინც იდგა
ისევ ისე გაშეშებული როგორც პირველად
არ წაქცეულა
და უეცრად მან იხილა ხელთუქმნელი ცისფერი შუქი
რომელსაც შენი თვალის ძაფისგან ქსოვდნენ ბოლვერკ
მან იხილა ხმაური მწვეთავი შენი მკლავიდან
და უცებ დასჭექა მისი საყვირით
დაემშვიდობე შენს საყვარელ ყვავებს და ცხენებს
უნდა წავიდეთ
 
 
3. 
 
მან დაინახა
ქარების სიზმარი ორ მინდორს შორის რომ მანათობელ ბადედ გაიბა
ღამით მან ცრემლები პირში დაიტოვა და საიდუმლოდ დათესა ბაღის კუთხეში
იქედან ამოსული ხმები სხვებმა დაკრიფეს
მან დაინახა გატეხილი ამაღლება
დაინახა როგორ ცეკვავდი ყვავილების ნათელღების ლურჯ სიზმარშუქში
ძაღლივით ყეფდი
შენი სიტყვები გველებმა წაიღეს
მოკალი მათი ლეკვები?
მათი ცქრიალა კბილები სიკვდილს ნიშნავენ
 
 
4.
 
მან დაინახა ობობაბორბლები და ლურჯი სიზმრები ვარსკვლავების პირის ღრუში
ლამაზი ჩარლზი რომელიც დიდხანს მისჩერებოდა და მერე კარისკენ გაფრინდა
და რაც უფრო მეტად სურდა მისი კვლავ ნახვა
უფრო იძირებოდა საუკუნო სიზმარში
სანამ მას არ მოუნდა ყველაზე დიდი ძილის დათესვა პლანეტებისთვის
იგი იყო მარტო ცათამბჯენების ჯუნგლებში
მოცული დაღლილი ზღვების ხმებით
ვისაც ქარით ესაუბრებოდა
ვისაც ერთმანეთის მოალერსე გედებით კვებავდა საღამოობით
და მან ათ ქალაქში ერთდროულად გაიღვიძა
და არსად არაფერი ხდებოდა
 
 
5.
 
შემდეგ მოვიდა ქარი როგორც მკაცრი ქალღმერთი
ვინც ამოატრიალა წაბლისფერი ზღვები და შეარხია მათი უხილავი სამკაული
ვინც მისი თვალი შადრევანში დატოვა
და ყვავილის ენით ალაპარაკდა
იმ ღამეებისთვის რომლებიც აღარავისთან მიიჩქაროდნენ
არამედ იდგნენ სისხლიანი ხელის მავთულით
და მათ მიღმა ბაბუაწვერებივით ამოდიოდნენ ანგელოზები
 
 
6.
 
მან დაინახა მარტოობის შუქი, ლურჯი შუქი, წაბლისფერი შუქი და ტარაკნების შუქი
ჩირქოვანი შუქი უცებ რომ მოედო ქალაქს და მას ქერქად შერჩა
შუშის მანქანების შუქი, რომელშიც არსებობა სარკიდან ჩანდა 
მის ღრძილებს აბრეშუმის წინდების მსგავსად თვალი წაუვიდათ 
და იფეთქეს ქალაქის ნელთბილ საკვამურებს ჩამოეღვენთნენ და დილად იქცნენ
გვერდით კი ჩარბოდნენ ბანკირები და გადამყიდველები
ჩაფლულები თავიანთი საქმიანობის მთელ ქსოვილში
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული