ჩემი უნბის თეატრის წინ გაჩერებაზე ვდგავარ,
და ვფიქრობ დავწერო ლექსი,
სადაც აღვწერ როგორ დაკარგა მთავარმა რეჟისორმა თავ-თავი ,
ავტობუსის მოსვლამდე ხელები ამიკანკალდა და სახე წამომიწითლდა -
ეს ძველი, მშობლიური მანტრაა,.
განცდა - თითქოს ადიდებულ მდინარეში ვიღაცის ხელმა გაიელვა.
ვიღაცის, ვინც ნაპირამდე გადმომიყვანს.
მაგრამ მე ამ ხელს უკვე აღარ ვენდობი.
ხელს ხელიდან ვუსხლტები და წყალში ვუჩინარდები.
მე აღარ ვენდობი, რაც საკუთარი თვალით მინახავს.
პოეზია არ არის კერძო საკუთრება.
სალარო აპარატთან ვდგავარ და ხელში ხუთ ლარიანები მიჭირავს.
ფული არ არის კერძო საკუთრება.
მეგობარს ველოდები მეტროს წინ, მას კი მოსვლა გადაუფიქრებია.
მეგობრობა არ არის კერძო საკუთრება.
გაჩერებაზე ვდგავარ და ლექსის დაწერას ვაპირებ მთავარ რეჟისორზე,
რომელმაც თავ-თავი დაკარგა.
ამის შესახებ ლექსის დასაწყისშიც აღვნიშნე.
აზრი არ არის კერძო საკუთრება.
*თხრობის სტილი ნაჯახით თავგაჩეჩქვილი ადამიანის სხეულს მოგაგონებდა *
გვიან, როცა უკვე ავტობუსის სკამზე მიძინებულს გამომეღვიძა
გამახსენდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა.
- კავშირი - და, თუ, მაგრამ ?
რა აკავშირებს ჩემი უბნის თეატრს - ამავე ქუჩის სხვა დაწესებულებებთან ?
მაღაზიებთან, ლომბარდებთან, სილამაზის სალონებთან, საცხობებთან, კორპუსებთან, სტომატოლოგიურ კაბინეტთან, საშაურმეებთან
არის თუ არა მათ შორის მინიმალური შეხების წერტილი ?
იქნებ ეს წერტილი მე თვითონ ვიყავი, ოდესღაც,
გამოსული მაღაზიიდან, შევდიოდი თმის მოსაწესრიგებლად და გზას თეატრისკენ ვაგრძელებდი.
დავდიოდი მათ შორის როგორც ვირუსი,
მაგრამ, რითი შეიძლებოდა ისინი დამევირუსებია?
გვიან, მაგრამ მაინც დავრწმუნდი: არა.
ჩემი უბნის თეატრს არაფერი აკავშირებს ჩემი უბნის ყოველდღიურ ყოფასთან.
რაც მთავარია, არ აკივშირებს ის მთავარი,
რაც შეიძლება ვინმეს თეატრთან აკავშირებდეს.
ოდესღაც იქ დაარბიეს იეჰოვას მოწმეები, რადგან მათ შეიტანეს პროტესტი,
მათ გააცოცხლეს თეატრი, მნიშვნელობა მიანიჭეს,
დაამყარეს კავშირი და გააჩინეს აზრის და აზროვნების მოდელები.
მე აღარ მაინტერესებს თეატრის ისტორია. მე არ ვენდობი ისტორიას,
მაგრამ მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა , როდესაც იქ შეინეშნებოდა სიცოცხლე.
ამაში ყოველდღე ვრწმუნდები, როცა ჩემი უბნის თეატრთან მოვხვდები
მგონია, რომ სასაფლაოს წინ ვდგავარ,
სადაც მკვდრები მიწისზევით დაუტოვებიათ.
ვიღაცას ნამდვილად კარგი იუმორის გრძნობა აქვს.