დიალოგის მცდელობა





პოეზია

დიალოგის მცდელობა




შენი მიხვრა-მოხვრით თუ ვიმსჯელებთ,
ნეოსტალინისტი უნდა იყო, ხო?
ან, ეს მიხვრა-მოხვრა შესაძლოა
ნეოფაშისტობას გამოხატავდეს, არა?
შენი მზერა, მკაცრი და გაბედული,
შემთხვევით ნეომაოისტი ხომ არ ხარ?
შესაძლებელია ეს მზერა ნეოდემოკრატსაც
ახასიათებდეს? ნუ თუ.
ხელები ისე ჩამოგიშვია, გამორიცხული არ
არის ნეონიჰილისტი იყო, ვცდები?
ან შენი ჩამოშვებული ხელებით ნეოანარქისტობას
ხო არ ამხელ?
საერთოდ, ნეოანტიკაპიტალისტი ხო არ ხარ?
არა, ნამდვილად. შესაძლებელია ნეოეგალიტარისტი იყო?
შენი ჩაცმულობა, ეს შენი სტილი, თუ ვიმსჯელებთ -
ნეოკონსერვატორი ხარ?
ააააააააააა!
ეს კამუფლაჟი - ნეოკორპორატივისტი ხარ, ხო?
ან, სულაც ნეოსეპარატისტი?
ერთიც გამოვრიცხოთ - საერთოდ,
ნეოსოციალდემოკრატი ხომ არ ხარ?
მაშინ, ნეოპოპულისტი?
შენი გადაადგილების წერტილები მაძლევს ლეგიტიმაციას
დაგისვა კითხვა: ნეოაგიტატორი ხარ?
ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა, ნეოპატრიოტი?
და შენი განვლილი ცხოვრება თუ მაძლევს
ლეგიტიმაციას ნეოტოტალიტარისტი გიწოდო?
და ნეოკოლონიალისტი?
ყელზე დაკიდებული თოკით თუ ვიმსჯელებთ,
ნეოქრისტიანდემოკრატი ხარ?
ვერაფრით ამოგხსენი. ვინ გამოდიხარ, ნეომარქსისტი?
მგონი მივხვდი: შენ ნეოიდენტურობისპოლიტიკისტი ხარ?
მოდი დავბრუნდეთ უკან: ნეონაციონალისტი ხო არ ხარ?
გიყურებ და ასე მგონია ჩაგწვდი, სულის საზღვრები გავიკვლიე,
ნეოარტისტი ხარ?
მაშ, ნეოკურატორი?
მეგობარო, შენ შემთხვევით ნეოალკოჰოლიკი ხომ არ ხარ?
რა გაეწყობა, მოდი ასე ვცადოთ: ჩამოვწერ და შენ შემოხაზე
რომელს წარმოადგენ:
ა) ნეოსუფისტი?
ბ) ნეოფუჩურისტი?
გ) ნეოfუჩურისტი?
დ) ნეოსიურეალისტი?
ე) ნეოდადაისტი?
ვ) ნეოლაოისტი?
ზ) ნეომოდერნისტი?
თ) ნეოპოსტმოდერნისტი?
ი) ნეოპოსტპოსტმოდერნისტი?
ხმა გამეცი, გამაგებინე ვინ ხარ? ნეოპლატონისტი ხარ?
უფრო სწორად: ნეოიდეალისტი?
მგონი მივაგენი, შენ ნეოლეიბორისტი ხარ, ხო?
არ მითხრა, ნეოსოროსისტი ხარ?
ერთი წუთით, დავფიქრდე. გადავხედე შენი მეგობრების სიას,
მგონი ნეორესპუბლიკელი უნდა იყო, ხო?
ფარხმალს არ ვყრი: ნეოგურჯიევისტი ხო არ ხარ?
ან ნეოასტროფოზიკოსი?
ხმას რატომ არ მცემ? გაეცი ხმა, რატომ ხარ გულგრილი?
მგონი ნეოლიბერალი უნდა იყო.
ნამდვილად, ტვინი გამეხსნა - ნეოლიბერალი.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.