• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მელოტი ტოტე

×
ავტორის გვერდი გიგი უგრეხელიძე 23 ივნისი, 2020 1825

მელოტი ტოტეს შეუგუებელი ამბოხების მონდომება წინასწარმეტყველებს თავიდანვე მოსალოდნელ სიურპრიზებს, რამეთუ ძეგლად ყოფნა, რომელიც შეზღუდულია, დაშინებულია მოძრაობის დაწყების წინასწარი გამბედაობით, აკუმულირებს სხეულში, რომელიც ნელ-ნელა დეგრადირებას განიცდის და თანატოსის ლოდინში აღმოჩენილი ხდება.

             ჟორჟ ფრანჯუ თავის კინოში ,,თვალები სახის გარეშე'' გვაჩვენებს ექსპერიმენტს, სადაც გადამეტებული, უწესრიგო მცდელობით ვხედავთ ადამიანის გაფუჭების დაუფარავობას, რომელიც ფრუსტრირებული რეორიენტირებით ტრანსფორმირდება ემპირიულ მე-ში, რომელიც მანძილის გაუჩინარებასთან ერთად ყოფნის ექსპროპრიაციას განიცდის. იგი იმყოფება ისეთ ტანჯვით დაშორებულ სივრცით მართკუთხედებში, სადაც მისი შეგრძნებები ობიექტებს ვეღარ უმკლავდებიან. ერღვევა სმენითი, ყნოსვითი პარამეტრები, რომლებიც მხოლოდ ბგერების გამყოლ, წარსულ იდიომად იქცევა. ჩვენს მიერ ნახსენები მელოტი ტოტეც ასიმილირებული, არსებად ჩამოყალიბებული, არად გადაქცეული არსებითი სახელია. მას დაკარგული აქვს აღქმის ყველა შესაძლო კომპონენტები და მოკლებულია სრულად საადაპტაციო წინაპირობებს. როგორც კურტ ლევინი აღნიშნავს, სუბიექტის გადაადგილებას მოსაპოვებელ საგნამდე უზრუნველყოფს უხილავი კავშირი, რომელიც მას შესაჭმელად იხმობს. სწორედაც რომ ჩვენს მელოტ ტოტეს, საადაპტაციოდ, ესე იგი გადასარჩენლად ერთადერთი გამოსავალი აქვს დარჩენილი, ეს გამორჩეულ, უკომპრომისო რწმენებზე და შეხედულებებზე ნადირობის დაწყებაა, ესე იგი იერიშის მიტანა. ნადირობა ისეთი არა, როგორიც მხოლოდ კომუნიცირებს სიამოვნებით გართობასთან, რაც კატეგორიული გაურკვევლობაა, არამედ ზომბირებული, ინფექციური დევნაა, რაც ადმინისტრაციული აქტების კითხვით მიიღება  და გამოიყენება საგანმანათლებლო ინსტიტუტებში. როგორც ვიგებთ, მელოტ ტოტეს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ზომბირებული ნადირობაც შეუძლია. აქ ვსაუბრობთ სტუდენტებზე, თანამედროვე საზოგადოებრივი მოცემულობის გამორჩეულ ესკულაპებზე, რომლებიც ინდივიდების ხანგრძლივი მეხსიერების გარდაცვლილი უჯრედების რეგენერირებას შეძლებენ. ჩვენთვის გაურკვეველი წარმოშობისაა ის სამოტივაციო კონფლიქტი, რასაც მელოტი ტოტე მიმართავს ნადირის მდებარეობის მაუწყებლობით, ანუ სტუდენტების პოვნით. სავარაუდო პასუხებია სუნის ამოცნობა საიდენტიფიკაციო შედგენის მანევრში, ან საბავშვო სამეტყველო სათამაშოა, რაც აღზრდის კულტურულ იმპერატივებს აყალიბებს, შეიძლება კოსმოსური ოდისეადან ორი გორილის ყურებით დაბადებული წყლის და ზეციური მოქმედების გრავიურაა, რომელიც სიმონის წინასწარმეტყველური ილუზიის მითოლოგიზაციაა. ვადაგასული არქეტიპული დაბრუნების ლიკვიდაციაა, რომელიც განწირულ ცხვრის ბატკანს საღმრთო წერილის გადაწერას აბრალებს. ამიტომაც მელოტი ტოტე მხოლოდ განსაკუთრებულების დაპატრონებას ცდილობს მათზე გავლენის დაწესების პერსპექტივით. შესაბამისად იგი ქმნის წრეს და იწყებს მის მეთვალყურეობას. მას სჭირდება შემოფარგვლა, სადაც არ იქნება კუთხეები, იმისთვის, რომ შეტყუებულმა მსხვერპლმა დამალვა ვერ შეძლოს, ანუ გახდეს გამოჩენილი, დაუფარავი, ღია. ამასთანავე ჩვენ უნდა გავიგოთ ინსტრუმენტი, რითაც მელოტი ტოტე ოპერაციების წამოწყებას გეგმავს. ფსიქოანალიზის მიხედვით, განდევნილი, უარყოფილი, შეუმჩნეველი პერცეპტული ხატები, იმპულსები გამგზავრებას, ანუ დათრგუნვას იწყებენ, რომლებიც ფსიქიკურ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდებიან. ჩვენი მელოტი ტოტეც სამიდან ექვს წლამდე ფალოსური სტადიის უკონკურენტო გვირგვინოსანია, ამიტომაც ის ბავშვობაში ოიდიპოსის კომპლექსით დატანჯული არსებაა, რომელიც დედაზე ეჭვიანობის გამო მამას კი არ უბრაზდებოდა, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს. ესე იგი გამოდის, რომ ბავშვობიდანვე საკუთარი თავი აქცია ოიდიპოსის კომპლექსის ანომალიად. ამის გამო ის ინტელექტის, კერძოდ აზროვნების კატეგორიის შესაძლებლობის შემცირებით იწყებს ბრაზის სუბლიმაციას, რომელიც არა რევოლუციონერ, არამედ დასახიჩრებულ ურჩხულად აქცევს, რომელიც ევოლუციური განვითარების დონეებს დაშორებულია, რომელსაც ზუსტი ადგილი არ გააჩნია. რაც შეეხება თავის ინტელექტს, ის ცდილობს ადლერისეული ნაკლების დამალვას ცოდნის მიღებით, კერძოდ ინტერესდება ძველი ბერძნული მითოლოგიით, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმით, ჰეგელის და კანტის ფილოსოფიით და რაც მთავარია, სოციალური კონტროლის მექანიზმებით. ამიტომაც ყველას, ვისაც ჩვენი ინფექციური მელოტი ტოტე უყვარს, თანამედროვე ცხოვრების ნაწილაკებია, რომლებსაც ცოდნის ფართო სპექტრი მისნურ რიტუალებს უკეთებს და აქცევს თავის გავლენის ქვეშ, ,,ზევსის ეგიდაში''. ჩვენ მისი გულშემატკივრები არ გვაინტერესებს, რადგან ისინი თანამედროვე საზოგადოებრიობის მიმზიდველი განგრენები არიან. ჩვენ ვინტერესდებით მხოლოდ მელოტი ტოტეს საარსებო აქტუალურობით, რომლის ყოფნა არამხოლოდ ჩაპლინისეული მექანიზმის ერთი ჭანჭიკია, არამედ პაზოლინისეული იასონია, რომელიც მოკლული შვილების გამოსყიდვას ითხოვს ფიცით გატეხილი ერთგულებით.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული