- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთელი ჩვენი თანამედროვე ეპოქის მანძილზე, აფრიკული ნაბუნიობა მარად მსჯავრდებულად დარჩა, მარად სახეცვლილი, ნახმარი ფსიქიკური სანელებლებისთვის, მარად ევროპული ძალების განკარგულებით, მარად მეორადი ყვავილობის განკარგულებით, როგორც უმცირესი სხივი, როგორც მონური პირმშოობის უფლება. გვიწევს რა მუშაობა უმიზნო დაქვემდებარებული მდგომარეობის ხელშეწყობით, ჩვენ არასდროს მოგვცემია ძალა, მიგვემართა ჩვენივე ანონიმურობისთვის, არც არასდროს მოგვცემია ჩვენივე თამამი მიმართვის საშუალება, თითქოს ვიყოთ ძვირფასდადებულნი, როგორც ექსოტიკური ჩანთოსნები. ამ მიმართებით, ჩემთვის განმაცვიფრებელია დიდი ფილოსოფოსების სია - კანტები, ჰეგელები, მარქსები - მარად დაჟინებით უარმყოფნი აფრიკული ძალების, თითქოს ჩვენი მძლავრი სპილენძი და მელანინი უღონობიდან იყოს მოხმობილი, თითქოს ვიყოთ სხვა არაფერი, თუ არა უბედურების მომტანი მიწიერი კრაზანები, შეკაზმულნი, და, ამდენად, დაბრეცილნი, ძვლის შესავლებით, მოქმედნი, როგორც დასახიჩრებული თავსატეხები. როგორც აფრიკელებს, ჩვენ მოგვენიჭა უჩვეულო და მეორადი სტატუსი სასწაულებრივის პანთეონში, მოგვენიჭა მეორადი სტატუსი ნებადართული აალების გარეშე. რადგან ჯორჯ ფლოიდი მსხვერპლად შესწირეს, ის პლანეტარულ აალებას იწვევს, მან მაგიურად გამოაღვიძა მკვდრები, ის გამოსცემს ორთქლებს, რომლებიც სუნთქვას აღძრავენ. მღელვარე აღრიცხვა, რომელშიც ყველა წესი აღრეულია მისი მუხანათური ჰიპერსივრციდან კარნახების მეშვეობით. მისი ხატება უგულებელყოფით დუღს, გულმავიწყი ნებადართული მითისადმი. რადგან მე, ამ წუთას, არასდროს ძალმიძს, მოვუხმო იდეოლოგიური კიცხვის უცნაურ ცნებას, რათა ბულვარების მაღლა-დაბლა ვიარო ქანცვით მოხმობილმა, ნებადართული ცრუ სახელწოდებით მოხმობილმა, რაც არასდროს მოგვცემს ხანგრძლივ აღმასვლას, რომლითაც ორგანულად აღმოხდების მზე. ჯორჯმა შეგვყარა ვნებიან გარიჟრაჟისპირულთან, საცა ტექსტები, კანონები, რომლებიც იწვიან, როგორც თეორია, ვეღარ კრძალავენ ქმედებით, რომელსაც მოცულნი ვყავართ დაუსრულებელი ფსიქიკური მოცალეობითა და დაბნეულობით. მთელი ეს რიტორიკა, რომელიც ხრჩოლავს უსიცოცხლო ძალით, მისი გამართული კუთხეებით, მისი მოწესრიგებული წინასიტყვებით, რომლებიც ვერასდროს ახსნიან თავიანთ სიმძლავრეს შინაგანი დეციბელებისგან. ეს უკანასკნელია ის სიმძლავრე, რომელიც ვერ ესიტყვება თეორიულ ანალიტიკას, - ეს იყო ჯორჯი, და ამად რჩება ჯორჯი, რამდენადაც ის განაგრძობს საკუთარი შინაგანი მდგომარეობიდან დაყრუვებით უმართებულო სონარის ქაჩვას.
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ