• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ნიშნობა

×
ავტორის გვერდი გიიომ აპოლინერი 25 აგვისტო, 2020 1640
 
მეგობრებმა ბოლოს და ბოლოს აღმითქვეს ამრეზი
სავსე ჭიქებით ვცლიდი ვარსკვლავებს
ანგელოზმა სანამ მე ვთვლემდი გაწყვიტა
ბატკნები მწყემსები ნაღვლიან სამწყსოთა
ცრუ ასისთავებს თან მიჰქონდათ ძმარი
და მძიმედ დაჭრილი უპოვრები ჯულაბს დასცეკვავდნენ
ცისკრის ვარსკვლავთაგან არ ვიცნობ არცერთს
ლამპიონები თავიანთ ალს აფსამდნენ მთვარის შუქს
კათხიანი მესაფლავენი მინებს აწკრიალებდნენ
სანთლების ციალში ცვიოდა როგორღაც
თავიანთ ნათლობათა მოზეიმე შენიღბულ მშობიარეთა
ავადნავარცხნი კაბის კალთების ცრუ-საყელოები
იმაღამ ქალაქი იყო ისე თითქოს არქიპელაგობს
ქალნი სიყვარულს და თაყვანისცემას ივედრებოდნენ
და ბნელი ბნელი მდინარე ო როგორ მახსოვს
არ იყვნენ ლამაზნი ის ლანდები გზად რომ მხვდებოდნენ
 
 
*
 
ჩემივე თავი თავადაც კი აღარ მებრალება
და მდუმარებისგან ვერ გამოვხდი ჩემსავე ტანჯვას
ყველა სიტყვა რომლის თქმაც მსურდა ვარსკვლავებად იქცა
იკაროსი მცდელობს ჩემს ორივე თვალამდე ამაღლდეს
და მზეთმატარებელი ვიწვი წყვილი ნისლეულის გულში
ნეტა რა ვუყავი შემეცნების სასულიერო მხეცებს
უწინ იყო დრო მკვდრები დაბრუნდნენ ჩემს სადიდებლად
და მე სამყაროს აღსასრულს ვნატრობდი
ხოლო ჩემი გრიგალისებრ სტვენა-სტვენით მოიწევს
 
 
*
 
მხნეობა მეყო ზურგსუკან გასახედად
ჩემ დღეთა გვამნი
გზას მინიშნავენ და მე მათ დავტირი
ერთნი იხრწნებიან იტალიის ეკლესიებში
ან კიდევ ციცქნა ციტრუსის ტყეებში
რომლებიც ყვავიან და ნაყოფს ისხამენ
ამავდროულად და ყველა დროში
სხვა დღეებმა იტირეს და მერე სული განუტევეს ბარებში
სადაც მხურვალე თაიგულები იწვოდნენ
თვალებში მულატის პოეზიას რომ იგონებდა
და ჯერაც იფურჩქნება ელექტრობის ვარდები
ბაღში ჩემი მეხსიერების
 
 
*
 
მომიტევეთ ჩემივე უმეცრება
მომიტევეთ რომ აღარ ვიცი ლექსის ძველებური თამაში
აღარაფერი ვიცი და მიყვარსღა ოდენ
ყვავილები ჩემ თვალთათვის ალებად გარდაიქმნებიან
ღვთაებრივად განვბჭობ
და ვიღიმი არსებებს რომლებიც არ შემიქმნია
მაგრამ დადგებოდეს ჟამი როდესაც ბოლოს და ბოლოს მყარი აჩრდილი
იმრავლებდა ჩემი სიყვარულის სახიერი მრავალფეროვნების განხორციელებით
მაშ განვადიდებდი მე ჩემს ნაშრომს
 
 
*
 
თვალს ვადევნებ კვირადღის მოცალეობას
და სიზარმაცეს განვადიდებ
როგორ ო როგორ შევამცირო
ეს განუზომლად მცირე მეცნიერება
ჩემი გრძნობები რომ მახვევენ თავს
ერთია ცაში მთათა მსგავსება
მსგავსება ქალაქთა ჩემი სიყვარულის
ის წელიწადის დროებს ჰგავს
ცხოვრობს თავმოკვეთილი მისი თავი მზეა
და მთვარე მისი გამოღადრული ყელი
 
 
*
 
ბოლოს და ბოლოს ტყუილები აღარ მაფრთხობენ
აგერ მთვარე იხარშება როგორც კვერცხი ლანგარზე
ეს ყელსაბამი წვიმის წვეთების დამხრჩვალ ქალს მორთავს
ინებეთ ჩემი ვნების ყვავილთა თაიგული
ნაზად რომ გაწვდიან წყვილ ეკლის გვირგვინს
ქუჩები გალუმპულან უწინდელი წვიმით
შინ ბეჯითი ანგელოზები მემსახურებიან
მთვარე და სევდა გაქრებიან მთელი
დღესასწაულის მანძილზე
მთელი დღესასწაულის მანძილზე სიმღერ-სიმღერით ვიარე
ქალმა ფანჯრიდან გადმოკიდულმა დიდხანს მიყურა
მომღერალს თვალსმოფარებულს
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული