• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რომანტიკული ძაღლები

×
ავტორის გვერდი რობერტო ბოლანო 21 სექტემბერი, 2020 1689
რომანტიკული ძაღლები
 
იმ დროს ოცი წლის
და გიჟი ვიყავი.
ქვეყანა დავკარგე
მაგრამ ოცნებას გამოვრჩი.
და თუკი ეს ოცნება მქონდა
დანარჩენი უმნიშვნელო იყო.
არც მუშაობა არც ლოცვა
არც დილაუთენია სწავლა
რომანტიკულ ძაღლებთან ერთად.
და ოცნება ცხოვრობდა ჩემი სულის ნაპრალში.
ხის საძინებელი,
ბინდ-ბუნდში,
ტროპიკის ერთ-ერთ ფილტვში.
და დროდადრო ჩემს შიგნით ვიყუჟებოდი
და ოცნებას ვეწვეოდი: ქანდაკება, მარადისობაქმნილი
თხევად ფიქრებში,
თეთრი მატლი იკრუნჩხება
სიყვარულისგან.
გაქცეული სიყვარული.
სიზმარი სხვა სიზმრის შიგნით.
და კოშმარი მეუბნებოდა: გაიზრდები.
უკან მოიტოვებ ტკივილისა და ლაბირინთის ხატებას
და დაივიწყებ.
მაგრამ იმ დროს გაზრდა დანაშაული იქნებოდა.
აქ ვარ, ვთქვი, რომანტიკულ ძაღლებთან ერთად
და აქ ვაპირებ დარჩენას.
 
 
 
 
 
ავტოპორტრეტი ოცი წლის ასაკში
 
გავეხეტე, ფრთები მივუშვი და წამით არ მცოდნია
საით შეეძლოთ, წავეყვანე. გავეშურე შიშით სავსე,
კუჭი მქონდა აშლილი და თავში მიბზუოდა:
ვფიქრობდი, ეს მკვდრების ცივი ჰაერი იყო.
არ ვიცი. გავხეტიალდი, ვფიქრობდი, რომ სირცხვილი იყო
ასე უცებ დამთავრება, მაგრამ მეორე მხრივ
ჩამესმოდა ეს ძახილი, იდუმალი და დამაჯერებელი.
ეგ ხმა ან გესმის ან არ გესმის, და მე ის გავიგე
და კინაღამ ავტირდი: შემზარავი ბგერა,
შობილი ჰაერსა და ზღვაში.
ფარი და ხმალი. ჰოდა,
შიშის მიუხედავად, გავხეტიალდი, ლოყა მივადე
სიკვდილის ლოყას.
და არ შემეძლო, დამეხუჭა თვალები და არ დამენახა
ეს უცნაური სანახაობა, ნელი და უჩვეულო,
თუმცა ჩამჯდარი უსწრაფეს რეალობაში:
ათასობით ჩემნაირი ბიჭი, უწვერულები
ან გაუპარსავები, მაგრამ ყველა მათგანი ლათინოამერიკელი,
სიკვდილს ლოყამიბჯენილები.
 
 
 
 
 
მკვდრეთით აღდგომა
 
პოეზია აბიჯებს სიზმარში
როგორც მყვინთავი ტბაში.
პოეზია, ყველაზე უფრო მამაცი,
აბიჯებს და ტყვიისებრ
იძირება
ლოხ ნესივით უსაზღვრო ტბაში
ან ბალატონის ტბასავით მღვრიესა და უიღბლოში.
განჭვრიტე ფსკერიდან:
მყვინთავი
უმანკო
გახვეული ნების
ბუმბულებში.
პოეზია აბიჯებს სიზმარში
როგორც მყვინთავი მკვდარი
ღმერთის თვალში.
 
 
 
 
 
ჯოჯოხეთის სამკითხველოში
 
ჯოჯოხეთის სამკითხველოში         ფანტასტიკის
მოყვარულთა კლუბში
მოყინულ ეზოებში      სამგზავრო საძინებლებში
ყინულის ბილიკებზე     როდესაც უკვე ყველაფერი მეტად ნათლად მოჩანს
და თითოეული წამი უკეთესი და მეტად უმნიშვნელოა
პირში სიგარეტით და შიშით          ხანდახან
მწვანე თვალები     და 26 წელი        პატივისცემით, მსახური
 
 
 
 
 
სონი
 
ბარში ვარ და ვიღაცას სონი ჰქვია
იატაკი ფერფლითაა დაფარული         როგორც ჩიტი
ეული ჩიტივით მოდის ორი მოხუცი
არქილოქე და ანაკრეონი და სიმონიდე      საბრალო
მედიტერანელი ლტოლვილები      ნუ მკითხავთ აქ რა
მესაქმება, ნუ დაიხსომებთ რომ ფერმკრთალ და მდიდარ
გოგოსთან ერთად ვიყავი       ისედაც, არაფერი მახსოვს ალმურის გარდა
სიტყვა სირცხვილი მოჰყვა სიტყვა ფუყეს
სონი! სონი!            ზურგზე დავაწვინე და მისი წელი
ჩემი ყლით ვხეხე                ძაღლმა დაყეფა ქუჩაში
დაბლა კინოთეატრი იყო და გათავების შემდეგ
გავიფიქრე „ორი კინო“ და სიცარიელე არქილოკე და ანაკრეონი
და სიმონიდე ტირიფის ტოტებს ეკვროდნენ        კაცი
სიცოცხლეს არ ეძებს, ვთქვი, ზურგზე დავაწვინე და
მთელი ძალით შევედი         რაღაც გაჩხარუნდა ძაღლის ყურებს
შორის               ტკაც!        დავიღუპეთ
ისღა დაგრჩენია, ავად გახდე, ვუთხარი        და სონი
ჯგუფს გამოეყო       ნათელი ბინძურ მინაში
მას ღმერთებრ წარმოადგენდა და ავტორმა
თვალები დახუჭა
 
 
 
 
 
დღე წვიმა სისხლნადენი
 
ო, დღეო, რომელსაც წვიმა გდის,
რა გესაქმება მიტოვებულთა სულში,
დღეო, წამით თვალმოკრული ნებელობა რომ გდის:
ლერწმების ფარდის უკან, ჭაობში,
ტკივილით მოცული ფეხისთითებით,
როგორც ციცქნა და მთრთოლვარე ცხოველი:
მაგრამ შენ ციცქნა არ ხარ და შენი ცახცახი სიამისგანაა,
დღე ნებელობის ძალმოსილების ქურქმოსხმული,
გაყინული და გახევებული ჭაობში რომელიც იქნებ არაა
ამ სამყაროსი, ფეხშიშველი შუა სიზმარში რომელიც მოძრაობს
ჩვენი გულებიდან ჩევნს საჭიროებამდე,
რისხვიდან სურვილამდე: ლერწმების ფარდა
რომელიც იღება და გვსვრის და გულში გვიკრავს.
 
 
 
 
 
ლუპე
 
ლა გერეროში მუშაობდა, ხულიანის სახლიდან რამდენიმე ქუჩაში
და 17ის იყო და შვილი დაეკარგა.
მოგონებამ აატირა სასტუმრო ტრებოლის იმ ნომერში,
ვრცელსა და ბნელში, აბაზანითა და ბიდეთი, იდეალური ადგილი
რამდენიმე წლის სიცოცხლის გასატარებლად. იდეალური ადგილი
აპოკრიფული მოგონებების ანდა საშინელებათა ლექსების კრებულის
დასაწერად. ლუპე
გამხდარი იყო და გრძელი და ლეოპარდივით დალაქული
ფეხები ჰქონდა.
პირველ ჯერზე არც კი ამიდგა:
არც მოველოდი, რომ ამიდგებოდა. ლუპე ლაპარაკობდა თავის ცხოვრებაზე
და იმაზე, რაც, მისი აზრით, ბედნიერება იყო.
ერთი კვირის თავზე ისევ შევხვდით. კუთხეში
გადავაწყდი, სხვა მოზარდი ბოზების გვერდით,
ძველი კადილაკის ფრთას მიყრდნობილს.
ვფიქრობ, გაგვახარა ერთმანეთის ნახვამ. იმ დღიდან
ლუპემ თავის ცხოვრებაზე მოყოლა დამიწყო, ხანდახან ტირილის დროს,
ხანდახან ტყნაურის დროს, თითქმის ყოველთვის საწოლში, შიშვლები,
ავყურებდით ჭერს, ხელიხელჩაკიდებულები.
მისი ბიჭი სნეული დაიბადა და და ლუპემ ღვთისმშობელს შეჰფიცა,
რომ თავის საქმეს მიატოვებდა თუ მისი ბავშვი განიკურნებოდა.
პირობას ერთი-ორ თვეს ინახავდა, რის მერეც მოუწია, დაბრუნებულიყო.
ცოტა ხნის მერე მისი შვილი მოკვდა და ლუპე ამბობდა რომ ბრალი
მას მიუძღოდა, რადგან ღვთისმშობლისთვის მიცემული სიტყვა არ შეასრულა.
ღვთისმშობელმა თან წაიყვანა პატარა ანგელოზი გატეხილი სიტყვის სანაცვლოდ.
მე არ ვიცოდი რა მეთქვა.
ბავშვები კი მიყვარდა, ცხადია,
მაგრამ კიდევ მრავალი წელი უნდა გასულიყო, სანამ გავიგებდი
რას ნიშნავს ვაჟის ყოლა.
ამიტომ ჩუმად ვიწექი და ვფიქრობდი უცნაურ გრძნობაზე
იმ სასტუმროს მდუმარება რომ იწვევდა.
ან მისი კედლები იყო მეტისმეტად სქელი, ან ჩვენ ვიყავით ორადორი კლიენტი,
ან დანარჩენები არ აღებდნენ პირს, კვნესისთვისაც კი.
რა იოლი იყო, ლუპეზე მჯდარიყავი და თავი კაცად გეგრძნო
და საშინლად გეგრძნო თავი. იოლი იყო, ის შენი რითმისთვის
აგეყოლებინა და იოლი იყო, გესმინა მისი ტლიკინისთვის
ბოლოს ნანახი საშინელებათა ფილმების შესახებ
ბუკარელის კინოთეატრში.
მისი ლეოპარდის ფეხები შემოეკვროდნენ ჩემს წელს
და თავს ჩემს მკერდში ჩარგავდა ხოლმე, ჩემი ძუძუსთავების
ან ჩემი გულისცემის მაძიებელი.
ესაა შენი ნაწილი, რომელიც მინდა, მოვწოვო, მითხრა ერთ ღამეს.
რომელი, ლუპე? შენი გული.
 
 
 
 
 
არტილერია
 
ამ ლექსში არტილერია მჭიდროდ დგას.
თეთრია მათი სახეები, ხელები
მათ სხეულებს ერტყმიან ან ჯიბეში აწყვია.
ზოგიერთს თვალები აქვს დახუჭული ანდა იატაკს მიშტერებიან.
სხვები შენ გათვალიერებენ.
დროისგან გამოცარიელებული თვალებით. ამ პაუზის
შემდეგ ერთმანეთისკენ ტრიალდებიან.
თვალის გასწორება მხოლოდ აძლიერებს
მათი ერთობის სიცხადეს.
 
 
 
 
 
ედნა ლიბერმანის აჩრდილი
 
ისინი ყველაზე ბნელ საათში გეწვევიან
ყველა მისი დაკარგული სიყვარული.
ტალახის ბილიკი, რომელიც საგიჟეთში მიდის,
კვლავ იშლება, როგორც
ედნა ლიბერმანის თვალები,
როგორც მხოლოდ მის თვალებს შეეძლოთ
აღმართულიყვნენ ქალაქის კენწეროების თავზე
და ებრწყინათ.
და ებრწყინათ კიდევ ერთხელ, შენთვის
ედნას თვალები
ცეცხლის რგოლის უკან
რომელიც უწინ ტალახის ბილიკი იყო,
კვალი რომელსაც ღამით გაჰყევი,
ორმხრივი გზა,
ისევ და ისევ,
ეძებდი მას ან იქნებ
ეძებდი შენს ჩრდილს.
და მდუმარედ იღვიძებ
და ედნას თვალები
აქ არიან.
მთვარესა და ცეცხლის რგოლს შორის,
კითხულობენ მის საყვარელ მექსიკელ
პოეტებს.
და ხილბერტო ოუენი?
წაგიკითხავს?
ამბობენ შენი ტუჩები უხმოდ,
ამბობს შენი სუნთქვა
და შენი სისხლი, რომელიც ცირკულირებს
შუქურის სინათლის მსგავსად.
მაგრამ მისი თვალები შუქურაა
რომელიც შენს დუმილს ხვრეტს.
მისი თვალები იდეალური გეოგრაფიის
წიგნს რომ გვანან:
სუფტა კოშმარის რუკები.
და შენი სისხლი ანთებს
წიგნებიან თაროებს, წიგნებიან
სკამებს, იატაკს
დაფარულს წიგნის ზვინებით.
რადგან ედნას თვალები
მხოლოდ შენ გეძებენ.
მისი თვალები ყველაზე
მეტად ნაძებნი წიგნია.
მეტისმეტად გვიან
მიხვდი ამას, მაგრამ
არა უშავს.
სიზმარში ბრუნდები
მას ხელს უწვდი
და აღარაფერს ითხოვ.
 
 
 
 
 
უფსკრულის პირას
 
ცოცხალი ორგანიზმების მაგვარ სასტუმროებში.
ლაბორატორიის ძაღლების შიგნეულობის მსგავს სასტუმროებში.
ფერფლში ჩაძირულებში.
ტიპი, რომელიც, ნახევრადშიშველი, ერთსა და იმავე სიმღერას რთავდა ისევ და ისევ.
და ერთი ქალი, ჰოლოგრაფიული პროექცია ქალის, არ წყვეტდა ტერასაზე
კოშმარების ან ნამსვრევების საჭვრეტად გასვლას.
არავის არაფერი ესმოდა.
არაფერი მუშაობდა: ხმა, გამოსახულების აღქმა.
კოშმარებმა ან ნამსხვრევებმა ცას მიაშურეს
ღამის ცხრაზე.
საშინელებათა ფილმებიდან გადმოსული ცოცხალი ორგანიზმების მაგვარ სასტუმროებში.
როგორც როცა გესიზმრება, რომ კლავ ვიღაცას
ვინც არასდროს წყვეტს კვდომას.
ანდა როგორც ის მეორე სიზმარი: ტიპზე, რომელიც თავიდან იცილებს ძარცვას
თუ გაუპატიურებას და მძარველს ურტყამს
სანამ მიწას არ დაენარცხება და მერე განაგრძობს რტყმას
და ხმა (მაგრამ რა ხმა?) კითხვას უსვამს მძარცველს
რა გქვია
ხოლო მძარცველი შენს სახელს ამბობს
და შენ რტყმას წყვეტ და ამბობ შეუძლებელია, ეგ მე მქვია
ხოლო ხმა (ხმები) ამბობენ რომ ეს დამთხვევაა,
მაგრამ შენ გულის სიღრმეში დამთხვევებისა არასდროს გჯეროდა.
და ამბობ: ნათესავები თუ ვართ, შენ ვაჟი ხარ
ერთის ჩემს ბიძათა თუ ბიძაშვილთაგან.
მაგრამ როდესაც წამოაყენებ და შეხედავ, ასე თხელს, ასე ფაქიზს,
ხვდები, რომ ეს ამბავიც ტყუილია.
შენ ხარ ის მძარცველი, მოძალადე, ტლანქი ავაზაკი
რომელიც დაგორავს სიზმრის უმიზნო ქუჩებში.
და მერე უბრუნდები იმ სასტუმრო-ხეშეშფრთიანებს, იმ ობობა-სასტუმროებს,
რათა იკითხო პოეზია უფკრულის პირას.
 
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
როცა ოცი წლის
და გიჟი იყო
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული