გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ
შემოდგომაზე
ამონთებულან ღობურებთან მზესუმზირები,
მზენათელს წყნარად მისხდომიან ავადმყოფები.
ხნულებს დამღერენ მუყაითად ქალთა რიგები,
ირგვლივ იღვრება ზართა რეკვის საამო ხმები.
მოგიყვებიან ფრინველები შორეულ ამბებს,
ირგვლივ იღვრება ზართა რეკვის საამო ხმები.
ეზო-კარიდან ვიოლინოს ჰანგები აღწევს.
დღეს ღვინომუქად იწურება ყურძნის მტევნები.
სახე კაცისა აღსავსეა ლაღი ფერებით.
დღეს ღვინომუქად იწურება ყურძნის მტევნები.
ფართოდ განხვნილი დაშთენილან საცხედრეები,
მზის სხივთა მიერ ნაჩუქურთმევ-ნაალერსევი.
ჩემი გული საღამოობით
საღამოჟამი ღამურების ძახილს მოუცავს.
მინდორზე როკავს წყვილი ცხენი
და წითელი ნეკერჩხალი გაბმით შრიალებს.
მგზავრს გზად ფუნდუკი აუჩნდება მოულოდნელად.
დიდებულია სურნელება კაკლისა და ახალი ღვინის.
დიდებულია: დაბინდულ ტყეში მთვრალი კაცის მიმოხეტება.
შავ ტოტებს მიღმა მტკივნეული რეკენ ზარები.
სახე ცვარით დაინამება.
გლეხები
სარკმელს სიმწვანე და სიწითლე მოეფინება.
შავად შეკვამლულ და ჭერდაბალ დარბაზში ერთგან
მოახლეები და გლეხები სადილად სხედან;
პური ტყდება და გრილ კათხებში ღვინო ისხმება.
შუადღის ჟამია, მიცემული უღრმეს სიჩუმეს,
ხანად და ხანად ძუნწი სიტყვა ჩამოვარდება.
სარკმელში მოჩანს სავარგულთა მწირი ნათება
და - შორი ზეცა, ტყვიასავით მძიმე და მრუმე.
კერაზე ცეცხლი იკლაკნება და იგრიხება
და მიმობზუის ბუზთა გუნდი ერთხმა ბზუილით.
გასუსულ ქალებს მორევიათ ჩლუნგი დუმილი
და ღვივის მათი საფეთქელი, სისხლით ივსება.
ხარბად მზირალი, წააწყდება ზოგჯერ თვალს თვალი,
ძროხის ხვითქი რომ მოეფრქვევა ოთახს მსუბუქად.
მსახური ლოცვას წამოიწყებს მონოტონურად,
ხოლო კარს მიღმა თავის სათქმელს ამბობს მამალი.
და კვლავ – სათიბში, სადაც ხშირად ძრწოლა შეიპყრობს
მათ, თავთავების ფორიაქში გამოხვეულებს,
და გამყინავად და თანაბრად მოქნეულ ცელებს
ხმა აქვთ იმ ცელის, ერთადერთი აჩრდილი რომ ფლობს.
სიცოცხლის სული
ჩაშლა, ფოთლეულს მსუბუქად რომ ჩამოაბნელებს, -
ტყეში ბინადრობს უშორესი მისი დუმილი.
მიინავლება, ვით აჩრდილი, მალე სოფელი.
დაიკოს ბაგე შავ ტოტნარში ჩუმად მეტყველებს.
მიეფარება მალე მზერას კაცი ეული,
იქნებ მწყემსია, შავ ბილიკს რომ დასწრაფებია.
გამოაბიჯებს წყნარად მხეცი ხეთა ტევრიდან,
თვალი ღვთაებრივს სადაც ხედავს გაოცებული.
ლურჯი მდინარე მილივლივებს, კოხტად მარები,
მწუხრის ცა ღრუბლის გამოჩენით არის მოცული;
და იქვე - სულის მდუმარება ანგელოზური.
ნადგურდებიან წარმავალი სურათ-ხატები.
ტყისპირი
კარლ მინიხს
მრუმე წაბლნარი. ხანდაზმულები დასრიალებენ ფრთხილად მზენელი
შემწუხრების ჟამს; კოხტა ფოთლები ირგვლივ მსუბუქად ჭკნება და ხმება;
სასაფლაოზე შაშვი გარდაცვლილ ბიძაშვილს ტკბილად შეეხუმრება,
ანგელას ცხედარს გულმოწურული აცილებს ქერა მასწავლებელი.
ეკლესიების ვიტრაჟებიდან იმზერს სიკვდილის წმინდა ხატება;
თუმც სისხლისფერი ფონი სარკმელთა ქუფრია და სულს გლოვით აღავსებს.
დღეს დაკეტილი არის კარიბჭე. მნათე განაგებს ტაძრის გასაღებს.
მოჩვენებებს კი ბაღში დაიკო შინაურულად ებაასება.
ძველ სარდაფებში ღვინო დგება და ოქროსფერი და კამკამა ხდება,
ვაშლი სურნელებს. და სიხარული ცხრა მთას იქიდან როდი ანათებს.
და მოუნუსხავთ უმალ ბავშვები ხანგრძლივ მიმწუხრზე ნაამბობ ზღაპრებს;
ნაზ სიგიჟესაც გამოუჩნდება ხშირად ეს ოქრო - ჭეშმარიტება.
მოედინება სილურჯე, სავსე რეზედებით და ოთახებს სანთლის
შუქი ანათებს. და მორჩილთათვის უკვე მზად არის სასუფეველი.
ტყისპირს სრიალით ეშვება თავქვე კაცი მავანი, ბედი ეული;
დღე გაილია და ზღურბლზე ჩნდება ანგელოზური სიმშვიდე ღამის.
სამახსოვრო ჩანაწერების ძველ წიგნში
დამიბრუნდები, მწუხარებავ, ისევ და ისევ,
ო, მორჩილება ეული სულის.
დასასრულად იწვის ოქროს დღე.
კეთილხმოვნებით და მსუბუქი შეშლილობით აჟღერებული,
თვინიერად მიეცემა ტკივილს მორჩილი.
მზერა მიაპყარ! ბინდდება უკვე.
მოგვიბრუნდება კვლავაც ღამე; მოთქვამს მოკვდავი
და თანაუგრძნობს მსგავსი, მოკვდავი.
მოცახცახე, შემოდგომის ვარსკვლავქვეშეთში,
ჟამთასვლის კვალად, თავი მიწყივ უფრო მძიმედ ჩაეკიდება.
გარდასახვა
მე-2 რედაქცია
ბაღები, წითლად დაფერილი, შემოდგომური:
სიცოცხლე სრულად წარმოჩნდება ამ სიჩუმეში.
კაცს ყავისფერი ლერწის ღერი უჭირავს ხელში,
მისი მზერა კი ყრუ ტკივილით არის მოცული.
მწუხრზე: ნაბიჯი, შავმა მიწამ რომელიც იცის,
წითელ წიფელთა მდუმარებას უეცრად არღვევს.
ლურჯი ნადირი ცდილობს სიკვდილს მუხლმოყრით დახვდეს,
შემაძრწუნებლად განილევა სამოსი მისი.
ტრაქტირის ირგვლივ ნეტარება სუფევს ნამდვილი,
მწვანე ბალახში ჩაკარგულა იერი მსმელის.
ანწლის ნაყოფი, ღვინით თრობა, ფლეიტა ნელი,
რეზედის სურნელს მიმოაბნევს ქალი ჩავლილი.
კაცობრიობა
ცეცხლოვან უფსკრულს შერჩენილი კაცობრიობა,
ბნელ, მებრძოლ შუბლთა მიმოქცევა, ცემა დაფდაფთა,
სისხლის ბურუსში მწყობრად სვლა და რკინის ზეობა,
სასოწარკვეთა და წყვდიადი მგლოვიარ თავთა:
წითელი ფული, ევას ჩრდილი და ნადირობა.
ღრუბელი, შუქით დარღვეული, ეს ზიარება.
პური და ღვინო აღსავსეა სათნო დუმილით
და აქ თორმეტი მოციქულის არის შეკრება.
ზეთისხილის ქვეშ, ისმის ძილში მათი ყვირილი;
თომას ხელი კი ჭრილობაში ჩაიძირება.
ველი ნამკალი, აი, სად წვიმს შავბნელი წვიმა.
ხე მოჟამული, აი, რა დგას განმარტოებით.
ქარი ავსული, აი, რაა უკაცური ქოხმახების ბატონ-პატრონი.
ჰოი, რარიგად მწუხარეა საღამო ესე.
ობოლი გოგო
სოფლის პირს ძუნწად შემორჩენილ თაველს მშვიდად მიმოაგროვებს.
მწუხრის ბინდ-ბუნდში გავლებული მისი თვალები ოქროვანი ბრწყინვალებით აღივსებიან,
ზეციურ საქმროს მოუთმენლად ელოდება მისი წიაღი.
უკუქცევის ჟამს
ეკალ-ბარდში მწყემსებმა ნახეს
გახრწნილებამორევნილი ტკბილი სხეული.
მე ვარ აჩრდილი, უკუნ სოფლებს მოშორებული.
ღმერთის სიჩუმეს მივირთმევდი
ჭალის წყაროდან.
ჩემს შუბლს შეეხო ცივი ლითონი.
ობობები ეძებენ ჩემს გულს.
აი, სინათლე, ჩემს ბაგეზე რომელიც ქრება.
ღამით, ვერან და უკაცრიელ ალაგად შთენილს,
გარს მეჯარვოდა ნაგავი და მტვერი ვარსკვლავთა.
კვლავაც გალობენ
თხილნარში ბროლის ანგელოზები.
ფსალმუნი
მე-2 რედაქცია
ეძღვნება კარლ კრაუსს
აი, ნათელი, ქარმა რომ დანთქა.
აი, ტრიალი ველ-მინდორი, ნაშუადღევს რომ დატოვა მთვრალმა.
აი, ვენახი, ხრიოკი და ობობებით სავსე ხვრელებით გაშავებული.
აი, სივრცე, რძით რომელიც გადაათეთრეს.
განუტევა სული შეშლილმა. აი, სამხრეთის ზღვის კუნძული,
მზის ღვთაებასთან შესახვედრად გამზადებული. ისმის დოლის ხმა.
საბრძოლო ცეკვებს ასრულებენ მამაკაცები.
ხოლო ქალები ლიანებში და ყაყაჩოებში განაგრძობენ თეძოთა რხევას,
როცა ზღვა იმღერს. ო, დაკარგულო ჩვენო ედემო.
ნიმფებმა უკვე მიატოვეს ოქროს ტყეები.
სადღაც უცხოს ასაფლავებენ. მერე ჟუჟუნა წვიმა იწყება.
მიწის მთხრელად პანის ვაჟი განუცხადდებათ,
შუადღისას რომ ადუღებულ ასფალტზე სძინავს.
აი, ეზოში, ციცქნა კაბებით, გულისდამფლეთი სიღარიბით სავსე, ბავშვები!
აკორდებით და სონატებით განმსჭვალული ოთახები.
აი, ჩრდილები, თვალისმომჭრელ სარკეებს რომ შეერევიან.
ჰოსპიტლის სარკმლებს ათბებიან მოკეთებული ავადმყოფები.
ჩვენთვის თეთრ გემს არხით მოაქვს სისხლოვანი ეპიდემია.
ვიღაცის ბოროტ სიზმარეულში კვლავ აღჩნდება უცხო დაიკო,
მის ვარსკვლავებს თხილნარში რომ გულსაკლავად ეთამაშება.
სტუდენტი ვინმე, შესაძლოა ორეული, სარკმლით მზირალი, მას თვალს ადევნებს.
ხოლო მის უკან გარდაცვლილი მისივ ძმა დგას, ან დაეშვება ქვემოთ ძველი, ხვეული კიბით.
რუხი წაბლნარის სიბნელეში ნორჩი მორჩილის სახე ფითრდება.
ბაღი საღამოს დაენთქმება. ხოლო მონასტრის გალერეაში ღამურები დაშრიალებენ.
თამაშს შეწყვეტენ მნის ბავშვები და ზეციურ ოქროს ეძებენ.
ბოლო აკორდი კვარტეტისა. პატარა გოგო, თვალდავსილი, ხეივანში ცახცახით გარბის,
მოგვიანებით, ცივ კედლებთან, საცნაურია მისი აჩრდილი, ზღაპრებით და ნათლიერი ლეგენდებით გარემოცული.
აი, ნავი ცარიელი, მიმწუხრზე რომ შავი არხის დინებას მოაქვს.
ძველი საყუდრის ყიამეთში ბოლოვდება ნანგრევები კაცობრიობის.
ბაღის კედელთან გარდაცვლილი ობლები წვანან.
სიბინძურით დალაქავებულფრთებიანი ანგელოზები გამოდიან მოჟამული ოთახებიდან.
გადაყვითლებულ მათ ქუთუთოებს წვეთ-წვეთად სდის მატლი და ჭია.
როგორიც ახსოვთ ბავშვობის დღეებს, ეკლესიასთან მოედანი ისეთივე ქუფრი და ყრუა.
იქვე ვერცხლისფერხამლიანი ოდინდელი ცხოვრებანი ჩაიქროლებენ
და მგლოვიარე წყლისკენ დაძრულან აჩრდილები შეჩვენებულთა.
თეთრი გრძნეული სამარეში თავის გველებს ეთამაშება.
განიხვნებიან მდუმარედ ღმერთის ოქროს თვალები საწამებელ ადგილთა ზედა.
სიკვდილის სიახლოვე
მე-2 რედაქცია
ო, მწუხრი, ყრმობის უკუნ სოფლებს დაშურებული.
ტირიფების ქვეშ
მწუხარების მოწამლული ამოოხვრით ივსება ტბორი.
ო, ტყე, რომელიც წყნარად დახრის თაფლისფერ თვალებს,
როცა ეულის დაჩონჩხილ ხელებს
აღტაცებულ დღეთა ძოწი ჩამოსცვივდება.
ო, სიახლოვე სიკვდილისა. ვილოცოთ. როცა
ღამე მოაწევს, გრილ ბალიშზე
საკმევლისგან გაყვითლებულ შეყვარებულთა გალეული კიდურები მოეშვებიან.
ამინ
ძველი ოთახი _ ლპობის თარეშს მინებებული;
კედელთა ყვითელ ფარდაგებზე _ აჩრდილები; ბნელ სარკეებში
ჩვენთა ხელთა სპილოსძვლისფერი მწუხარება მოითაღება.
მკვდარ თითებს შორის იღვრებიან ნაცრისფერი მარგალიტები.
სიჩუმეში
ლურჯი ყაყაჩოს თვალებს განხვნიან ანგელოზები.
ლურჯია მწუხრიც;
ჟამი ჩვენი გადაგებისა, კვალად _ აჩრდილი აზრაელის,
რუხი ბაღის დამბნელებელი.
მწუხრის სიმღერა
საღამოჟამი რომ დგება და დაბურული ბილიკებით დავემართებით,
ჩვენს წინ ჩვენივე გაფითრებული სახეები წარმოსდგებიან.
როცა გვწყურია,
ჩვენი მწუხარე ყრმობის სიტკბოს _
ტბორის თეთრ წყლებს _ დავეწაფებით.
დავდუმებულვართ, გარდაცვლილნი, ანწლის ბუჩქებში,
ნაცრისფერი თოლიების ჭვრეტად ვქცეულვართ.
მოგროვდებიან ქუფრი ქალაქის თავს ღრუბლები გაზაფხულისა,
ხოლო ქალაქი დუმს, ვით განთქმულ დროთა მოწესე.
თვალები დინჯად აღახილე,
ავადმყოფურ შენს ხელს ხელი როცა შევახე,
ეგე ჟამი გადავიდა დიდი ხანია.
მაგრამ როს ბნელი ხმაკეთილი სულს ესტუმრება,
მეგობრის ლანდშაფტს, შემოდგომურს, კვლავაც თეთრად გამოუჩნდები.
ღამის სიმღერა
უძრავის სუნთქვა. ნადირის სახეს
გააშეშებს სილურჯე, ლურჯი ფერის სიწმინდე.
ძლიერებით აღსავსეა დუმილი ქვაში;
ღამეული ფრთოსნის ნიღაბი. სამი ლბილი ხმა
აჟღერდა ერთ ხმად. ელაი! შენი იერია,
მდუმარედ რომ დაიხრება ლურჯი წყლის თავზე.
ო! მისმიერი წყნარი სარკე ჭეშმარიტების.
მარტოსულის სპილოსძვლისფერ საფეთქელთან
დაცემული ანგელოზის ანარეკლი მოისახება.
ჰელიანი
სულის ეული დრო რომ დგება,
მშვენიერია მზეზე გასვლა
და ზაფხულის ყვითელ კედელთა გაყოლებით გასეირნება.
სათუთად ისმის ბალახებში ნაბიჯების ხმა; მაგრამ პანის ვაჟს
სამარადისო ძილით სძინავს ლეგა ფერის მარმარილოში.
მწუხრის ტერასზე თაფლისფერი ღვინით ვთვრებოდით.
ფოთლეულში მოწითალოდ ღვივის ატამი;
ნელი სონატა, სიცილი ლაღი.
მშვენიერია ღამის სიჩუმე.
ხოლო ბნელ ველზე
დათქმული გვაქვს პაემანი მწყემსებთან და თეთრ ვარსკვლავებთან.
როცა მოაწევს შემოდგომა,
კორომი ჩვენს წინ მთელი თავისი სინათლით და ბრწყინვალებით აიმართება.
წითელ კედელთა გაყოლებით მშვიდად ვსეირნობთ
და მეოცნებედ თვალს ვადევნებთ ფრინველთა ფრენას.
მიმწუხრზე თეთრი წყლით ივსება ფერფლის ურნები.
შიშველ ტოტნარში ზეიმობს ზეცა.
წმინდა ხელებით მოაქვს გლეხკაცს პური და ღვინო
და ნება-ნება მწიფს ნაყოფი მზით ავსებულ საკუჭნაოში.
ო, რა მკაცრია ძვირფას მკვდართა სახე-იერი!
მაგრამ მართალი მზერის ძალა სულს გაახარებს.
უძლეველია მდუმარება განძრცვილი ბაღის,
სადაც ნორჩ მორჩილს შუბლი მოურთავს ყავისფერი ფოთლის გვირგვინით,
მისი სუნთქვა ყინულოვან ოქროს არის დაწაფებული.
ხელები კი მტრედისფერი წყლის სიძველეს შეეხებიან
ან - ცივ ღამეში დების თეთრ ლოყებს.
ჰარმონია და სისათუთე აღავსებს ნაბიჯს იმ მეგობრულ ოთახებთან სეირნობისას,
სადაც ნეკერჩხლის შრიალი და სიმარტოვეა
და, შესაძლოა, ჯერაც ისმის შაშვის გალობა.
მშვენიერი და დიადია სიბნელეში ადამიანი,
გაკვირვებული რომ მიდის და შეერხევა ნაკვთი ყოველი,
ხოლო ალისფერ მღვიმეებში უხმაუროდ მოძრაობენ მისი თვალები.
მწუხრის ლოცვის ჟამს ვიღაც ნოემბრის შავ ნგრევაში დაეტანება,
ჩაიკარგება კეთრით სნეულ კედლებსა და ძველ ტოტებს შორის,
სადაც მოწესეს გაუვლია,
დანთქმულს თავისი შეშლილობის სიმთა მიერ გამოცემულ მსუბუქ ჰანგებში,
ჰოი, რარიგად ეულია აღსასრული მწუხრის ქარისა.
მომაკვდავი თავს ჩაჰკიდებს ზეთისხილის ხეთა წყვდიადში.
შემზარავია გადაგება ადამის მოდგმის.
მაშინ აღავსებს თვალხილულის ნათლიერ მზერას
ოქრო მისივ ვარსკვლავებისა.
ზარის მიმქრალი ხმოვანება საღამო ჟამს შეერევა და
ჩაიქცევიან მოედანზე შავი კედლები,
გარდაცვლილი ჯარისკაცი მოითხოვს ლოცვას.
ვაჟიშვილი გაფითრებულ ანგელოზად შეაბიჯებს
მამა-პაპის ცარიელ სახლში.
ჯერ კიდევ როდის შორს, თეთრთმიან მოხუცებთან წავიდნენ დები.
ღამით მძინარემ ისინი ნახა კოლონებს შორის, სახლის კარსელში:
მწუხარებით მომლოცველნი დაბრუნებულან.
ო, დების მყრალ და სიბინძურით შესქელებულ, მატლიან თმაში
დაძირულან ვერცხლოვანი მისი ფეხები;
გარდაცვლილნი გამოდიან ცარიელი სენაკებიდან.
ო, შუაღამის ცეცხლოვანი წვიმების ჟამს თქმულნო ფსალმუნნო,
მოახლეები სათნო თვალებს ჭინჭრით როცა უსწორდებოდნენ,
ანწლის ბავშვური ნაყოფები
ცარიელი სამარისკენ განცვიფრებით დადრეკენ თავებს.
ნაზად გორავენ გაყვითლებული მთვარეები
ყრმის მდუღარე თეთრეულის თავს,
ვიდრე ბავშვს ზამთრის მდუმარება თან წაიყვანდეს.
ამაღლებული ბედი ქედრონს ქვე მიუძღვება,
იქ, სად კედარი, უწყინარი ქმნილება, ხარობს
მამის ლურჯ წარბქვეშ.
ღამეჟამს ფარას საძოვრისკენ მიდევნის მწყემსი.
ან ეს ხმებია ძილში ყვირილის,
ადამიანს რომ ტყეში რკინის ანგელოზი უახლოვდება,
ხოლო სხეული წმინდანისა გახურებულ ცხაურზე დნება.
თიხის ქოხმახთა გარეშემო ალისფერი ღვინო ისხმება,
გაყვითლებული ჭვავის ძნები იმღერენ და
ზუზუნებენ ფუტკრები და მიფრინავს წერო.
შემწუხრების ჟამს კლდის ვიწრობებზე ხვდებიან ერთურთს მკვდრეთით აღმდგარი გარდაცვლილები.
შავ წყლებში სჭვრეტენ კეთროვანნი თავიანთ სახეს;
ან ვარდისფერი გორაკიდან მონაბერ, მხსნელ ქარს
ატირებულნი აგებებენ გასვრილ ტანსაცმელშემოცლილ სხეულს.
გაფაციცებით მოივლიან ღამის შუკებს ტანწერწეტა მოახლეები,
იქნებ მოხდეს და მოიხილონ ძვირფასი მწყემსი.
შაბათდღეობით ქოხებიდან არე-მიდამოს ჰაეროვანი სიმღერები მოეფინება.
ყრმასაც სიმღერით მოიგონებდეთ,
სიგიჟეს მისას, თეთრ წარბს მისას, გარდასვლას მისას,
ხრწნამორევნილი მტრედისფრად რომ აღახელს თვალებს.
ჰოი, რარიგად მწუხარეა ეს პაემანი.
შავ ოთახებში _ კვლავ სიგიჟის საფეხურები,
ძველგარდასულთა აჩრდილები _ გაღებულ კარში,
სადაც ვარდისფერ სარკეში სჭვრეტს თავის თავს სული ჰელიანის და
თოვლი და კეთრი ედინება მისი შუბლიდან.
კედლებზე ჩაქრნენ ვარსკვლავები
და სინათლის თეთრი ხატები.
საფლავის ძვლები ამოარღვევენ საფარველს და
ბორცვზე დუმან ჩაშლილი ჯვრები.
საკმევლის სურნელს მიმოაბნევს ალისფერი ქარი ღამისა.
ჰოი, თვალებო, დამსხვრეულებო და შავ ხახებში დაძირულებო!
შვილიშვილის გონებას რომ მკრთალი ბინდი გარემოიცავს,
ის, მარტოსული, უბნელესი აღსასრულის შესახებ ფიქრობს;
მის თავს ზემოთ, წყნარი ღმერთი ქვე დაზიდავს ლურჯ ქუთუთოებს.
ბავშვობა
ანწლი, ნაყოფით დახუნძლული; ხოლო ბავშვობა
ლურჯ მღვიმეში ყუჩად მკვიდრობდა. სადაც ბილიკი განილევა
და მოჟამული ველის ბალახის შარიშური მიმოიბნევა,
ფიქრს მოუცავს მშვიდი ტოტები; შრიალი ფოთლის,
კლდიანებში რომ ლურჯი წყალი ხმას გამოსცემს, სწორედ იმგვარი.
სუბუქია შაშვის გალობა. უხმოდ ჰმზერს მწყემსი
მზეს, შემოდგომის გორაკიდან ამოგორებულს.
მხოლოდ სულია ლურჯი წამი, სხვა არაფერი.
ტყისპირს აღჩნდება მფრთხალი მხეცი, მშვიდობის ნიშნად
დადუმდებიან ძველისძველი ზარები და ბნელი სოფლები.
მოკრძალებით საცნაურჰყოფ ბნელი წლების აზრს,
ხოლო მარტოსულ ოთახებში – კვლავ სიგრილე და შემოდგომა.
ყრუდ ისმის წმინდა სილურჯეში მანათობელი ნაბიჯების ხმა.
გაღებული სარკმლის წკარუნი, ძლივსგასაგონი; ბორცვზე ჩაშლილი
სასაფლაო ცრემლებამდე შეძრავს დამნახველს;
ერთ დროს მოსმენილ ლეგენდათა კვლავ გახსენება; გაცისკროვნდება მაინც სული, ჟამიდან ჟამზე,
ოდეს მხიარულ ადამიანებს და ზაფხულის ბნელოქროვან დღეებს აღიდგენს.
დროთა საგალობელი
ერთურთის მიმართ ბნელი მზერა შეყვარებულთა,
ქერათა და მანათობელთა. დანატრებული მათი მკლავები,
გამყინავი წყვდიადის წიაღ, უსუსურად ერთვიან ერთურთს.
ალისფერ მსხვრევას დაეტანა კურთხეულთ ბაგე. აირეკლავენ
მრგვალი თვალები გაზაფხულის ნაშუადღევის დაბინდულ ოქროს,
ნაპირებს და სიშავეს ტყისა; მწვანითმოსილ ძრწოლებს მწუხრისა;
იქნებ ფრთოსანთა გამოუთქმელ ფრენას და – ბილიკს
არშობილისა, უკუნ სოფელთა და მარტოსულ ზაფხულთა პირას,
და გალეული სილურჯიდან, ჟამიდან ჟამზე, გარდაცვლილი გამოაბიჯებს.
წყნარად შრიალებს პურის ყანა, გაყვითლებული.
მკაცრია კაცის ცხოვრება და სოფლად გლეხკაცის ფოლადის ცელს მოცლა არა აქვს,
დიდრონ დირეებს იმორჩილებს ხურო ბეჯითად.
ალისფერს იკრებს ფოთლეული შემოდგომაზე. მოწესის სული
მშვიდად განვლის მზენათელ დღეებს; მწიფობს ყურძენი
და საზეიმო არის ჰაერი ფართოდ გაშლილ კარ-მიდამოთა.
ტკბილსურნელებენ დაყვითლული ნაყოფები; მხიარულების
წყნარი სიცილი ჩაბნელებულ სარდაფებში, მუსიკა, ცეკვა;
გარდაცვლილი პატარა ბიჭის ნაბიჯი და გარინდება დაბინდულ ბაღში.
გზად
მათ მიმწუხრის ჟამს საცხედრეში მიიტანეს უცნობი მკვდარი;
კუპრის სუნი; წითელ ჭადართა ნელი შრიალი;
ჭკის ბნელი ფრენა; საგუშაგო ჩაიბარეს ჯარისკაცებმა.
მზე მიეფარა შავ თეთრეულს; შემოიქცევა გარდასული ეს საღამო ისევ და ისევ.
გვერდით ოთახში და შუბერტის სონატას უკრავს.
ღიმილი მისი უწყნარესად იძირება ჩაქცეულ ჭაში,
რომელიც მიმწუხრს ეგებება ლურჯი ხმაურით. მოდგმა ჩვენი რარიგ ძველია!
ბაღში ჩურჩული განიბნევა; გამოეთხოვა ამ ყომრალ ცას უკვე მავანი.
ხოლო კომოდზე სურნელებენ მწიფე ვაშლები. ბებია ოქროს კელაპტრებს ანთებს.
ო, რა ლბილია შემოდგომა! ხანმოყრილ პარკში, მაღალ ხეებქვეშ,
ნაზია ჩვენთა ნაბიჯთა ხმა. მკაცრია ფრიად სუმბულისდარი პირისახე საღამოისა.
ლურჯია წყარო შენს ფეხებთან; იდუმალებით აღსავსეა ალისფერი მდუმარება შენთა ბაგეთა,
მთვლემარე ფოთლებს რომ დაჩრდილავს, ჩამოშლილი მზესუმზირების დაბინდულ ოქროს.
დაგმძიმებია ყაყაჩოსგან ქუთუთოები, ჩემს შუბლს მიკრულნი მისცემიან სათუთ ოცნებას.
მოაწევს ზართა სათნო ხმა და მკერდი თრთოლვით განიმსჭვალება. ჟამს მიმწუხრისას
ჩემში ლურჯ ღრუბლად ჩამოეშვა შენი ხატება.
დამღერებული გიტარაზე, შორეული დუქნიდან რომ მომეყურება;
ველური ანწლის ბუჩქები და დღე ნოემბრის, დიდი ხნის წინ გადაგებული,
სანდო ნაბიჯთა ხმოვანება მწუხრის კიბეზე; იერი გარუხებულ დირეთა,
ღია სარკმელი, რომელსაც ტკბილი იმედი შერჩა _
ო, ღმერთო ჩემო, ეს ყოველი არის ისე გამოუთქმელი, რომ გაოგნებულ ადამიანს მუხლს აყრევინებს.
რარიგ ბნელია, ო, ეს ღამე! ჩემს ბაგეებზე
ჩამოქრება ალი ბრდღვიალა. სიკვდილით დუმილს დაენთქმება
შიშნეულ სულის ჰანგი ეული.
ბინძურ გუბეში ჩაეკიდოს, დაე, თავი ღვინით ძლეული!
სანახი
მე-2 რედაქცია
სექტემბრის მწუხრი; მგლოვიარედ აჟღერდება მწყემსთა ბნელი მოძახილი
დაბინდულ სოფლად; ნაპერწკალი ხლტის სამჭედლოში.
ყალყზე დგება დაძაგრული შავი ქურანი; სუმბულისდარი კულულები მოახლე ქალის
მისი ბრდღვიალა ნესტოების მხურვალებას მინებებია.
ტყისპირს სიჩუმე ნება-ნება ენაცვლება ფურირმის ყვირილს.
ხოლო ყვითელი ყვავილები შემოდგომისა
უტყვად მიდრეკენ თავებს ტბორის ლურჯი მზერისკენ.
ხე ჩაინაცრა მეწამულ ცეცხლში; ბნელსახიანი ღამურები იწყებენ შრიალს.
ყრმა ელისისადმი
ელის, შავ ტყეში შავი შაშვი თუ ამეტყველდა,
ნიშანია შენი სიკვდილის.
ეწაფებიან ბაგენი შენნი კლდით მომდინარი ლურჯი წყაროს გრილოვანებას.
სისხლად სდიოდეს, დაე, შენს შუბლს
ლეგენდები ძველთუძველესი
და უბნელესი განმარტება ფრინველთა ფრენის.
ხოლო შენ ფრთხილი ნაბიჯებით შეხვალ ღამეში,
დახუნძლულია ღამე იგი ალისფერი ყურძნის მტევნებით,
მშვენიერია მკლავთა შენთა მიმორხევა ამ სილურჯეში.
ჰანგს მიმოიღვრის ეკალ-ბარდი,
სად მთვაროვანნი თვალნი შენნი დაბუდებულან.
ო, რა ხანია, ცოცხალთ შორის აღარ ხარ, ელის.
შენი სხეული სუმბულია,
რომელშიც ბერის ცვილის თითები დაინთქმებიან.
შავი მღვიმეა სიჩუმე ჩვენი,
საიდანაც, ჟამიდან-ჟამ, თვინიერი გამოდის მხეცი
და დამძიმებულ ქუთუთოებს ქვე დახრის დინჯად,
მიმოებნევა შენს საფეთქელს შავი ცვარ-ნამი,
უკანასკნელი ოქრო უკვე ჩაშლილ ვარსკვლავთა.
ელისი
მე-3 რედაქცია
1
სრულყოფილია მდუმარება ოქროვანი დღის.
ძველ მუხიანში
აღჩნდები, ელის, უმშვიდესი, მრგვალი თვალებით.
მათი სილურჯე აირეკლავს თვლემარებას შეყვარებულთა.
შენს ბაგეებთან
ვარდისფერი მათი ოხვრა აღესრულება.
საღამოჟამზე მძიმე ბადეებს ეზიდებოდა წყლიდან მეთევზე.
კეთილი მწყემსი
ტყისპირისკენ მიდევნის ფარას.
მართალ არიან, ჰოი, რარიგ, ელის, შენნი ყოველნი დღენი!
მშვიდად ეშვება
გაშიშვლებულ გალავანთან ზეთისხილის ლურჯი სიჩუმე.
შორს ბერიკაცის ყრუ სიმღერა მიინავლება.
ნავი ოქროსი
მიმოარწევს, ელის, შენს გულს ეულ ზეცაში.
2
ნაზად წკრიალებს ზანზალაკი ელისის მკერდში,
მწუხრის ჟამს,
როცა თავი მისი შავ ბალიშში ჩაიძირება.
ასკილის ბუჩქებს შეხიზნული
ლურჯი მხეცი სისხლისგან მშვიდად განიტვირთება.
განაპირებით დგას რუხი ხე
და ლურჯ ნაყოფს მიმოიფანტავს.
ნიშნები და ვარსკვლავები
მწუხრის ტბორში უხმაუროდ დაინთქმებიან.
დაზამთრებულა გორაკთა მიღმა.
ლურჯი მტრედები
უკუნ ღამეში სვამენ ელისის ბროლის შუბლიდან
მომდინარე ყინულოვან ოფლს.
საცნაურია დღენიადაგ
შავ კედლებთან ღვთის ეული ქარის წრიალი.
ჰოჰენბურგი
მე-2 რედაქცია
სახლში არაა სულიერი. ოთახებში _ შემოდგომა;
მთვარითნათელი სონატა და
გამოღვიძება დაბინდულ ტყის პირს.
ადამიანის თეთრი სახე მოეძალვის შენს ფიქრს ნიადაგ,
დროის და ჟამის აურზაურს მოშორებული;
მეოცნების თავს ნეტარებით დაზიდულან მწვანე ტოტები,
ჯვარი და მწუხრი;
ჟღერადს ალისფერ მკლავებს მოხვევს და გულში იკრავს მისივ ვარსკვლავი,
უპატრონო სარკმლებთან რომ დაკიდებულა.
ხოლო თრთის ბნელში უცხო ვინმე,
მერე განხვნის ქუთუთოებს და გადმოსცქერის ადამიანურს,
რომელიც ერთობ შორეულია; წინკარში ქარის ხმა ვერცხლოვანი.
სებასტიანე სიზმრად
ადოლფ ლოოსს
დედას, ყრმით ხელში, თეთრი მთვარე გზას უნათებდა,
კაკლის ხისა და ხანიერი ანწლის ჩრდილში
გაბრუება ყაყაჩოს სითხით, შაშვის ჩივილი;
და, ნება-ნება,
მისი თავისკენ თანაგრძნობით იხრებოდა წვერიანი და მშვიდი სახე,
სარკმლის წყვდიადში; წინაპრებისგან ნაანდერძევი
საოჯახო ყველა ნივთი
ნამსხვრევებად იყო ქცეული; სიყვარული; ოცნებები შემოდგომური.
წელიწადის ასერიგად უბნელესი დღე, მწუხარე ყრმობა,
ბავშვი რომ გრილი წყლებისკენ და ვერცხლოვანი თევზებისკენ ეშურებოდა,
სიმშვიდე, მზერა;
როცა ქვასავით ჩაუვარდა ფეხებში შეშლილ ყორანა ცხენებს,
რუხ ღამეში ჩამოეშვა მის თავთან მისივ ბედის ვარსკვლავი;
ან როცა, დედის გაყინულ ხელს ჩაჭიდებული,
ის წმინდა პეტრეს შემოდგომური სასაფლაოსკენ მიმავალ გზას შეუყვებოდა,
საკუჭნაოს სიბნელეში მყიფე გვამი მშვიდად ესვენა
და ქუთუთოებს გახსნიდა და მზერას მისკენ გამოიწვდიდა.
ის კი პაწია ჩიტი იყო, შიშველ ტოტზე დასკუპებული,
ნოემბრის მწუხრის ხანგრძლივი ზარი,
მამის სიმშვიდე, როცა ის, ძილში, დაეშვებოდა განათებული კიბეხვეულით.
2
სულის მშვიდობა. მარტოსული საღამო ზამთრის,
მწყემსების ბნელი სახეები ძველისძველ ტბორთან;
ყრმა _ ჩალის ქოხში; ო, რა წყნარად
იძირებოდა მისი მზერა შავ ციებაში.
ღამის სიწმინდე.
ან როცა იგი, მამის ძლიერ მკლავს მინდობილი,
დადუმებული ადიოდა ქუფრ გოლგოთაზე
და შებნელებულ კლდის ნიშებში
მისივ მითიდან გადმოსული ადამიანის ლურჯი სახე ეცხადებოდა.
ხოლო გულის ქვეშ, ჭრილობიდან მეწამული სისხლი დიოდა.
ო, რა სათუთად ამოიმართა ბნელით მოცულ მის სულში ჯვარი.
სიყვარული; ხოლო მაშინ შავ ალაგზე თოვლი დნებოდა,
ძველ ანწლში ლაღად გროვდებოდა ლურჯი ნიავი,
თაღში, შეკრულში კაკლის ხის ჩრდილით;
და ყრმას თავისი ვარდისფერი ანგელოზი წყნარად ეჩვენა.
სიხარული; მწუხრის სონატა აწკრიალდა გრილ ოთახებში,
რუხ განივძელზე
ვერცხლისფერი თოჯინიდან გამოცოცდა ლურჯი ფარვანა.
ჰოი, სიკვდილის სიახლოვე. ქვის გალავნისკენ
იხრებოდა ყვითელი თავი, მდუმარე ბავშვი,
რაკიღა მაშინ, მარტის თვეში, მთვარე ჩაიქცა.
3
ხოლო ღამის აკლდამაში ვარდისფერი, სააღდგომო ზარების რეკვა
და ვარსკვლავთა ვერცხლოვანი ხმა:
რომ მძინარის შუბლს ბნელი სიგიჟე ცახცახით მოსწყდა.
ო, რარიგად უხმაუროა დავიწყებულზე მოფიქრალის დაშურება
ქვემოთ, ლურჯი ნაკადულისკენ, სადაც, მწუხრის ჟამს, მწვანე ტოტებში,
შავი შაშვი უცხოს უხმობდა.
ან როს მოხუცის დაჩონჩხილ ხელს მინებებული
ქალაქის ჩაშლილ გალავანთან მიაბიჯებდა
და შავით მოსილ მოხუცს ხელში ვარდისფერი ჩვილი ჰყავდა ატატებული,
კაკლის ხის ჩრდილში სული აღჩნდა ბოროტეულის.
ნაბიჯები ზაფხულის მწვანე საფეხურებს შეეხებიან. ო, რა წყნარად
ჩაიქცა ბაღი შემოდგომის რუხ სიჩუმეში,
ძველი ანწლის სურნელება და მწუხარება,
სებასტიანეს ჩრდილში როცა ანგელოზის ვერცხლოვანი ხმა დასამარდა.
ჭაობთან
მე-3 რედაქცია
მგზავრი შავ ქარში; ფრთხილად განფანტავს ხმელი ლელქაშის შარიშური
ჭაობის დუმილს. ველურ ფრინველთა
გუნდს გამოაჩენს მოჟამული ცა;
განივი ლტოლვა ქუფრი წყლების თავს.
ფორიაქი. ჩაშლილ ქოხში
ლპობა შავ ფრთებს ააშრიალებს;
ქარში ოხრავენ სახიჩარი არყის ხეები.
მიტოვებულ ფუნდუკში _ მწუხრი. შინმისაქცევ გზას უთვალთვალებს
მობალახე ფარას შეყრილი მსუბუქი სევდა;
ღამის ხატება: ჟამიდან ჟამზე ამოყვინთავენ გომბეშოები ვერცხლის წყლებიდან.
გაზაფხულზე
უჩუმრად ჩაწვა თოვლი ბნელი ნაბიჯების ქვეშ,
ხის ჩრდილში
ფრთხილად იხსნებიან შეყვარებულთა ვარდისფერი ქუთუთოები.
მენავეების ბნელ დაძახილს
ვარსკვლავი და ღამე მოსდევს ისევ და ისევ;
წყნარია და რიტმულია ნიჩბების ცემა.
აყვავდებიან ჩამოქცეულ გალავანთან მალე
იები,
და ასე მშვიდად იფარება მარტოსულის საფეთქელი მწვანე ბალახით.
საღამო ლანსში
მე-2 რედაქცია
მოგზაურობა დაბინდული ზაფხულის ჟამს,
გაყვითლებულ თავთავთა გასწვრივ. თეთრ თაღებქვეშ,
სადაც მერცხალს მიმოფრენა ეამებოდა, ცეცხლოვანი ღვინით ვთვრებოდით.
მშვენიერია: ო, სევდა და წითლად სიცილი.
მწუხრი და მწვანის ბნელი სურნელი
მოცახცახედ გვიგრილებენ გახურებულ შუბლს.
ჩასდევნებიან ვერცხლის წყლები ტყის საფეხურებს,
ღამეჟამი და დავიწყებული სიცოცხლე, უტყვი.
მეგობარი; ფოთლით ფენილი ბილიკები, სოფლისკენ რომ დაშურებულან.
ბერთამთაზე
მე-2 რედაქცია
შემოდგომის თელების ჩრდილში, ჩაქცეული ბილიკი რომ ქვედამართულა,
საცნაურია ფოთლოვანით შეკრულ სადგომთა და მძინარე მწყემსთა სიშორე,
ნიადაგ თან სდევს მგზავრს სიგრილის ბნელი ხატება.
დაჩონჩხილი ხიდურის თავს _ ყრმა სუმბულის ხმით,
ტყის დავიწყებულ ლეგენდათა ნელი-ნელ მთქმელი,
ხაფი ჩივილი ძმის, სნებისგან ძალამიხდილის.
ააშრიალებს მეტყველ მწვანეს მუხლი უცნობის,
ქვოვანი თავი;
ქალების ჩივილს ლურჯი წყარო ხმაურით გათქვამს.
კასპარ ჰაუზერის სიმღერა
ბესი ლოოსს
ჭეშმარიტად შეჰყვარებოდა მზე, _ გორაკისკენ მობრდღვიალედ დასწრაფებული,
ტყის ბილიკები, მგალობელი შავი ჩიტები
და სიმწვანის მხიარულება.
ხის ჩრდილში მისი ბინადყოფნა სავსე იყო მნიშვნელოვნებით,
სახე _ სიწმინდით.
ცეცხლს აღუნთებდა ღმერთი გულში:
ო, ძე კაცისა!
მისმა ნაბიჯმა წყნარი ჰპოვა მწუხრზე ქალაქი;
ბაგეს მომწყდარი ბნელი მოთქმა:
ამას ვნატრობ, გავხდე მხედარი.
მაგრამ თან სდევდა ბუჩქი და მხეცი,
თეთრ კაცთაგანთა დაბინდული ბაღი და სახლი,
და ეძიებდა მას მკვლელი მისი.
გაზაფხული და ზაფხული და მშვენიერი შემოდგომა
მართლის, მისი წყნარი ნაბიჯი
ბნელ ოთახებთან, კვლავ და კვლავ რომ ოცნება სძლევდა.
მარტო რჩებოდა იგი ღამით თავის ვარსკვლავთან;
იხილა, თოვლი აცვიოდა შიშველ ტოტნარს და
ბინდით მოცული სახლის წინკარს და მკვლელის აჩრდილს.
ქვე იხრებოდა არშობილის თავი ვერცხლისფრად.
ღამით
სილურჯე ჩემი თვალებისა ამ ღამეში ამოიწურა,
ჩემი გულის წითელი ოქრო. ო! ნათლიერი რა სიმშვიდით იფერფლებოდა.
გახვეულიყო, წასაქცევად განწირული, შენს ლურჯ სამოსში;
აღიბეჭდავდა ალისფერი შენი ბაგე მეგობრის შეშლას.
სიმშვიდე და მდუმარება
შიშველ ტყეში მწყემსები მზეს ასაფლავებდნენ.
ეზიდებოდა დაძენძილი ბადით მეთევზე
გაყინული ტბორიდან მთვარეს.
ლურჯ ბროლში
სახლობს ფერმიხდილი ადამიანი, ლოყით თავის ვარსკვლავს მიკვრია;
ანდა თავს სულაც ალისფერი ძილისკენ დახრის.
თუმცა, ფრინველთა შავი ფრენა კვლავ აათრთოლებს
მზირალს, და _ ლურჯი ყვავილის ნათელს,
ფიქრს მისცემია ახლომყოფი მდუმარება დავიწყებულის, ანგელოზნი ჩამოშრეტილნი.
კვლავ დაიღამებს მთვარენათელ ქვიანში შუბლი;
დაიკო კი მანათობელ ყრმად
წარმოჩნდება, შემოდგომით და კუპრისფერი ლპობით მოცული.
ანიფი
გახსენება: თოლიების ძახილს მოუცავს
კაცთა სევდის ბნელი ცის თაღი.
შემოდგომის იფნის ჩრდილში უჩუმრად მკვიდრობ,
გორაკის მართალ წესრიგს შერთული;
კვლავ დაეშვები მწვანე წყლისკენ,
მწუხრი რომ დგება,
სიყვარული აჟღერებული; მშვიდობით გხვდება ბნელი მხეცი,
ვარდისფერი ადამიანი. ლაჟვარდოვანი ამინდით მთვრალი,
მომაკვდავ მწვანეს ატოკებს შუბლი
და დედის მართალ მზერას აღიდგენს;
ო, რარიგ ერთვის ბნელს ყველაფერი;
მამათა
მკაცრი ოთახები, ძველი ავეჯი,
გადამთიელს მკერდს დაუმძიმებს.
ო, ნიშნებო და ვარსკვლავებო.
დიდია ბრალი დაბადებულის. ვაი, სიკვდილის
ოქროს თავსხმებო,
სულს უგრილესი ყვავილობა რომ ესიზმრება.
მთვარის ნაბიჯთა მოთვალთვალე, შიშველ ტოტნარში,
უფრო და უფრო ხმას იმაღლებს ღამის ფრინველი.
ყინულოვანი ქარი იმღერს სოფლის კედლებთან.
დაბადება
მთები: სიშავე, დუმილი, თოვლი.
ნადირობა ტყიდან წითლად მოედინება;
ო, ხავსისფერი თვალები მხეცის.
დედის სიმშვიდე; შავ ნაძვნარში
განიხვნებიან მძინარე მკლავნი,
მილეული ცივი მთვარე როცა დაჩნდება.
ო, დაბადება კაცთაგანის. კლდის ძირს ლურჯი წყლის
ღამეული ისმის ჩურჩული;
დაცემული ანგელოზი მის ხატს მზერას ოხვრით მიაპყრობს,
ყრუ ოთახში სიფერმკრთალე გამოიღვიძებს.
ორ მთვარედ
ბრწყინავს ქვადქცეული დედაბრის მზერა.
ვაი, ყვირილი ახალშობილის. ჩვილის საფეთქელს
შავი ფრთებით ეხება ღამე,
თოვლი, რომელიც ალისფერი ღრუბლებიდან ჩუმად ეშვება.
აღსასრული
მე-5 რედაქცია
კარლ ბორომოის ჰაინრიხს
თეთრ ტბორს
ველურმა ფრინველებმა გადაუფრინეს.
მიმწუხრზე ჩვენი ვარსკვლავები ყინულოვან ქარს გვიგზავნიან.
გადმოიხრება ჩვენს საფლავებზე
დამსხვრეული შუბლი ღამისა.
ვერცხლის ნავი მუხიანში მსუბუქად გვარწევს.
ისევ და ისევ ჟღერენ ქალაქის თეთრი კედლები.
ეკლიანი გუმბათის ქვეშ,
ო, ჩემო ძმაო, გზას მივიკვალავთ ჩვენ, საათის ბრმა ისრები, შუაღამისკენ.
სიყრმის ჟამს გარდაცვლილისადმი
ო, კუპრისფერმა ანგელოზმა ხის გულიდან რა სიმშვიდით გამოაბიჯა,
უწყინარი ბავშვები რომ ვერთობოდით
მწუხრის ჟამს, ლურჯად მოჭავლულ ჭასთან.
უხმაურო ნაბიჯები, მრგვალი თვალები შემოდგომის რუხ სიგრილეში,
ო, ალისფერი სიტკბოება მწიფე ვარსკვლავთა.
იგი კი, ლურჯად მოღიმარი, უკიდეგანო მდუმარებით
სავსე ბავშვობის იდუმალ ჭუპრს გამომწყვდეული,
იგი ბერთამთის ქვის საფეხურებს ჩაუყვა და გარდაიცვალა;
ხოლო მეგობრის ვერცხლოვანი სახე-იერი დავიწყებას არ მისცა ბაღმა,
ძველ ქვებში და ფოთლეულში მოყურიადე.
სიკვდილს და ხორცის მწვანედ გახრწნას იმღერდა სული,
და ტყის ფორიაქს დაერთვოდა
გულმოდგინე ჩივილი მხეცთა.
დაბინდული კოშკებიდან უწყვეტ ნაკადად ჟღერდნენ მწუხრის ლურჯი ზარები.
ჟამმა ჩამოკრა და აჩრდილები აღუჩინა ცეცხლოვანმა მზემ,
ხრწნის აჩრდილები შიშველ ტოტებში;
მწუხრი. გალავნის ბინდ-ბუნდიდან მოაწია შაშვის გალობამ,
სული სიყრმის ჟამს გარდაცვლილის შემოვიდა ჩუმად ოთახში.
ო, სისხლი იგი, ყელს, სასიმღეროდ შემართულს, რომ განერინება,
ლურჯი ყვავილი; ო, ღამის წიაღს შერევნილი
მდუღარე ცრემლი.
ოქროვანი ღრუბლები. ჟამი. ხშირად მოუხმობ განსვენებულს
შენს მარტოსულ ოთახში სტუმრად
და, მასთან თბილად მოუბარი, დაუყვები მწვანედ მჩქეფარე ნაკადულისკენ მიმავალ ბილიკს.
მწუხრი სულისა
მე-2 რედაქცია
მდუმარება: ტყისპირთან უტყვად აღჩენილი
ბნელი ფრინველი;
გორაკზე მშვიდად ბოლოვდება მიმწუხრის ქარი,
წყდება შაშვის ხმა,
ლელიანში
შემოდგომის უნაზესი ფლეიტები დადუმებულან.
შენ, შავ ღრუბელზე ამხედრებული,
დაბანგული ყაყაჩოს სითხით, სტუმრობ
ღამის ტბორს,
ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას.
ისევ და ისევ, სულიერებით სავსე ღამე
დის მთვაროვანი ხმოვანებით განიმსჭვალება.
დასავლეთის სიმღერა
ჰოი, სულის ფრთებისცემა ბნელღამეული:
ოდეს მწემსები ვიყავით და ჩამობურულ ტყეთა წიაღ ვეხეტებოდით,
ხოლო წითელი ნადირი და ფრინველი ტყეთა, მწვანე ყვავილი და მოდუდუნე ნაკადული მორჩილებით
აგვდევნებოდნენ. ო, ჭრიჭინას პირველქმნილი ამონამღერი,
სამსხვერპლო ქვაზე მოყვავილე ბრდღვიალა სისხლი
და ტბორის მწვანე სიჩუმის თავს ხმოვანება ეული ჩიტის.
ო, ჯვაროსნულო ლაშქრობანო და მხურვალე ტანჯვანო
ხორცის. ალისფერი ნაყოფის ცვენავ
მიმწუხრის ბაღში, სადაც ერთ დროს მიმორბოდნენ უმანკო ყრმანი,
ხოლო ამჟამად მეომარნი, ჭრილობათაგან და ვარსკვლავთა სიზმართაგან თავდაღწეულნი.
ო, ღამის ნაზი ღიღილოს კონა.
ო, დროებანო დუმილის და ოქროვანთა შემოდგომათა,
ოდეს ალისფერ ყურძენს ვწურავდით მოწესენი მშვიდობიანნი;
ხოლო ირგვლივ ტყეები და მთის ფერდობნი გაბრწყინდებოდნენ.
ჰოი, თქვენ, ციხე-სიმაგრენო, ნადირობანო; სიმყუდროვევ მიმწუხრისაო,
როს თვის სენაკში მართლად ბჭობდა ადამიანი
და უტყვი ლოცვით ღვთის ცოცხალ თავს მოიპოვებდა.
ჰოი, მიწურვის მწარე ჟამი,
ოდეს შავ წყლებში გავარჩიეთ ქვოვანი მზერა.
მაგრამ ელვარედ განიხვნებიან ვერცხლოვანი ქუთუთოები შეყვარებულთა:
ერთი მოდგმის. ვარდისფერი სასთუმლის პირით მოედინება გუნდრუკი და
ტკბილი გალობა მკვდრეთით აღმდგართა.
ფერისცვალება
საღამოჟამი როცა დგება,
ლურჯი მზერა უჩუმრად გტოვებს.
თამარინდის ტოტზე გალობს პაწია ჩიტი.
ქვადქცეულ ხელებს გულზე იკრეფს
სათნო მოწესე.
მარიამს თეთრი ანგელოზი გამოუჩნდება.
საცნაურმყოფლის ჟამი თუა
იით, თავთავით, ალისფერი ყურძნით წნული
ღამის გვირგვინი.
შუბლს რომ ვერცხლისფერ ხელებში ჩარგავ,
შენს ფეხებთან
გარდაცვლილთა კუბოები განიხსნებიან.
უჩუმრად მკვიდრობს შენს ბაგეზე
ბნელი სიმღერის ყაყაჩოს წვენით
მთვრალი მთვარე შემოდგომისა;
გაყვითლებულ ქვიანებში წყნარად მჟღერი
ლურჯი ყვავილი.
თბილი მშრალი ქარი
ბრმა მოთქმა ქარში, მთვარიანი ზამთრის დღეები,
ყრმობა, შავ სხლტესთან ნაბიჯები წყნარად კვდებიან.
მწუხრიჟამის ხანგრძლივი ზარი.
ახლოვდება თეთრი ღამე წყნარად და ზანტად,
ქვოვანი ყოფის ტანჯვას და ტკივილს
მობრდღვიალე სიზმრებად აქცევს,
რომ არასოდეს გაეცალოს ლპობად სხეულს მწარე ეკალი.
ღრმად ოხრავს თვლემას მიცემული სული მოშიში,
მიმომსხვრეულ ხეებს შორის ღრმად ოხრავს ქარი,
და მგოდებელი დედა, ლასლასით მოარული
ამ უთქმელი მწუხარების
მარტოსულ ტყეში; ღამენი,
ცრემლით აღსავსენი, ცეცხლოვანი ანგელოზებით.
ჩონჩხი ბავშვისა, ვერცხლისფრად რომ მიეფშვნება შიშველ გალავანს.
მგზავრი
მე-2 რედაქცია
ისევ და ისევ, თეთრი ღამე იმ გორაკზე ჩამოისვენებს,
სადაც ალვის ხე ვერცხლოვანი ხმოვანებით გამორჩეულა,
ვარსკვლავნი და ქვანი სუფევენ.
მოეთაღება მთის ნაკადულს მთვლემარე ხიდი,
ასდევნებია ყრმას მკვდარი სახე,
ნამგალა მთვარე ვარდისფერ ხევში
სიშორისთვის სადიდებლის აღმომთქმელ მწყემსთა. ძველ ქანებს შორის,
ბროლის თვალებით გადმოიმზერს ირგვლივ გომბეშო,
მოყვავილე ქარი იღვიძებს, მკვდრის მსგავსის ფრთოსნურ ხმას და ნაბიჯს
წყნარად მოსავს ტყეში სიმწვანე.
მეხსიერებას ხეს და ნადირს წარმოუდგენს ეს ყოველივე. ხავსის ნელი სვლა;
და კვალად მთვარე,
ელვარედ რომ იძირება მწუხარე წყლებში.
ის კვლავ ბრუნდება და წრიალებს მწვანე ნაპირთან,
მიმორწეული შავი გონდოლით განვლის ქალაქს, უკვე ჩაქცეულს.
კარლ კრაუსი
ჭეშმარიტების დიადი და თეთრი მოწესე,
ხმა ბროლიადი, რომელშიც უფლის სუნთქვა სუფევს ყინულოვანი,
განრისხებული ჯადოსანი,
ხოლო ცეცხლოვან სამოსელქვეშ _ მეომრის ლურჯი აბჯრის ჟღრიალი.
დადუმებულთადმი
ო, სიგიჟე დიდი ქალაქის, სადაც მწუხრის ჟამს
შავ კედელთან სახიჩარი ხეები სდუმან,
ვერცხლისფერ ნიღაბს შეხიზნული ავი სული ირგვლივ მზერას მიმოატარებს;
ქვოვან ღამეს განაძევებს შუქი, მაგნიტის მათრახიანი.
ო, დაძირული ხმოვანება მწუხრის ზარების.
აი, მეძავი, ყინულოვანი ძაგძაგით რომ დაბადებს მკვდარ ბავშვს.
ეშმაკეულით პყრობილი შუბლი უფლის რისხვით გაიროზგება;
დამამსხვრეველი მწვანე თვალთა, _ ალისფერი ჭირი, შიმშილი.
ო, როცა ოქრო საზარი ხმით დაიწყებს ხარხარს.
მაგრამ ადამის მუნჯი მოდგმა ბნელ მღვიმეში უხმაუროდ იღვრება სისხლად,
და უმტკიცეს ლითონთაგან მხსნელ თავს აშენებს.
ვნება
მე-3 რედაქცია
მწუხრის ბაღში რომ ორფეოსი მკვდარს დაიტირებს
და ირგვლივ ჰანგი ვერცხლისფერი მიმოიღვრება,
ვინ ხარ შენ, მაღალ ხეთა ჩრდილქვეშ განსვენებულო?
იგლოვს ლერწამი შემოდგომის,
ლურჯი ტბორი,
მწვანე ხეებქვეშ სულის მღაფავი
და დის აჩრდილს ადევნებული;
ბნელით მოცული სიყვარული
ველური მოდგმის,
ოქროსეტლიან დღენათელს რომ უდიდებია.
მდუმარე ღამე.
უღრან ნაძვნარში
წყვილი მგელი სისხლს ურევდა
ქვოვან ალერსში; ხიდურის თავს
ოქროვანი გაქრა ღრუბელი,
მოთმინება და მდუმარება ბავშვობის ჟამის.
ისევ და ისევ საცნაურია სათუთი გვამი
ტრიტონის ტბორთან,
ძილს მიცემული, სუმბულისებრკულულიანი.
დე, საბოლოოდ ჩამოიმსხვრეს ეს გრილი თავი!
რამეთუ მიწყივ თანამდევია ლურჯი ნადირი,
მწუხრის ხეებქვეშ გამომზირალი,
ამ ბნელ ბილიკთა
მოთვალთვალე, აღელვებული ღამეულ კეთილხმოვანებით,
ნაზი სიგიჟით;
ან, სულაც, ისევ ხმოვანებდა
ქვოვან ქალაქში,
მონანიე ქალის გრილ ფერხთით,
საკრავი, სავსე ბნელი ექსტაზით.
სიკვდილის შვიდხმიანი საგალობელი
ცისფრად ბინდდება გაზაფხული; წყალს დახარბებულ ხეთა ტოტებში
წყვდიადი დაძრწის დაისის და დასასრულის ჟამს,
შავი შაშვის მსუბუქ ჩივილს ყურმიპყრობილი.
ღამე - მდუმარედ მანათობელი; მხეცი, სისხლისგან განლეული,
გორაკზე რომ ნელა ეცემა.
მიმოირწევა სველ ჰაერში მოყვავილე ვაშლის ტოტნარი,
გამოხლართული, თავს ვერცხლისფრად ითავისუფლებს,
ღამეულ თვალებს ნება-ნება გარდაეცვლება; ვარსკვლავთცვენა;
უნაზესი გალობა ყრმობის.
მოხილვადი, შავი ტყისკენ დაეშურა ძილსმიცემული,
და ლურჯი წყარო მიწას გაბმით ჩაჰბუტბუტებდა,
თოვლითფენილ მის სახეზე
რაოდენი სიმსუბუქით განიხსნებოდნენ გაფითრებული ქუთუთოები;
და ბუნაგიდან
წითელი მხეცი განდევნა მთვარემ;
ქალების ბნელ გვრინს სული ოხვრით ამოუვიდა.
თეთრი უცხო
საკუთარი ვარსკვლავისკენ მოელვარედ იწვდიდა მკლავებს;
მკვდარმა დუმილით დაუტევა ჩაშლილი სახლი.
ო, ადამის ძის ლპობადი სახე: ყინულოვანი ლითონებით ჩამონაკვთული:
ღამე და შიში დაძირულ ტყეთა,
მხეცის დამწვარი სამკვიდრებლის;
საამური ქარი სულისა.
ის შავი ნავით მიჰყვებოდა
ალისფერი ვარსკვლავებით სავსე დინებას, და იხრებოდა
ამწვანებული ტოტნარი მისკენ, მშვიდობის ნიშნად,
ვერცხლოვანი ღრუბლის ყაყაჩო.
ზამთრის ღამე
თოვლი მოვიდა. შუაღამე როცა გადავა, ალისფერი ღვინით გამომთვრალ ადამიანთა ბნელ გარემოცვას და მათი კერის წითელ ცეცხლს ტოვებ. ო, უკუნეთი!
შავი ყინვა. მკაცრია მიწა, სიმწრის სუნი მოიცავს ჰაერს. ავს მოასწავებს, როცა შენი ვარსკვლავები იხურებიან.
რკინისგზის ყრილზე ქვადქცეული ნაბიჯებით მძიმედ მავალი, მრგვალი თვალებით, ჰგავხარ ჯარისკაცს, შავ სანგარზე მოიერიშეს. წინ!
უმწარესი თოვლი და მთვარე!
წითელი მგელი, ანგელოზი რომელსაც ახრჩობს. შენი ფეხები ისე, როგორც ლურჯი ყინული, ჩხრიალებენ სიარულისას, ხოლო სახეზე შეგყინვია გლოვითა და ქედმაღლობით სავსე ღიმილი და შენი შუბლი ფერმიხდილა ავხორცი ყინვით;
ან იგივ შუბლი უტყვად იხრება ხისგან შეკრულ ქოხს შეხიზნული დარაჯის ძილის მიმართულებით.
ყინვა და კვამლი. ვარსკვლავუხვი თეთრი ფარაჯა ამოწვავს მძლავრ მხრებს და ღმერთის ძერებს დარჩენიათ საძიძგნად შენი ლითონის გული.
ო, ქვის გორაკი. ჩუმად ლღვება და ავიწყდებათ ვერცხლისფერ თოვლში ჩარჩენილი გრილი სხეული.
შავია ძილი. ყინულზე ყური დიდხანს მისდევს ვარსკვლავთა ნაგზევს.
გაღვიძებასთან ერთად სოფლად ზარები რეკდნენ. აღმოსავლეთის კარიბჭიდან ვერცხლოვანი ნაბიჯებით მოდიოდა ვარდისფერი დღე.
განსაწმენდელი
შემოდგომის გალავნებთან, აჩრდილები დაეძებენ
გამხმარ ჭადართა სიჩუმეში
გორაკის თავს მოწკრიალე ოქროთა მწყემსებს -
მიმწუხრის ღრუბლებს.
უბნელეს ცრემლებს სუნთქავს ეს დრო,
წყევლა, როს გული მეოცნებისა
მობრდღვიალე მწუხრის სიწითლეს გადმოეღვრება,
აკვამლული ქალაქის სევდა;
უცხოს, გზად მავალს,
ოქროს სიგრილე მიეწევა სასაფლაოდან,
ასდევნებოდეს თითქოს ჩრდილში სათუთი გვამი.
წყნარად ჩამორეკს ქვის შენობა;
ობოლთა ბაღი, ჰოსპიტალი ბნელით მოცული,
ხოლო არხში - წითელი ნავი.
წამოიწევენ მეოცნებედ და კვლავ წყვდიადს ინთქმებიან
კაცნი, ლპობამორევნილები,
და კუპრისფერი კარიბჭიდან
გამოდიან ანგელოზნი ცივშუბლიანნი;
სილურჯე, დედის სიკვდილის ზარი.
მის ხშირ თმიანში
ცეცხლოვანი მიგორავს თვალი, დღემრგვალი და
მიწის ტანჯვა უდასასრულო.
გრილ და უაზრო ოთახებში
ლპება ავეჯი, დაჩონჩხილი ხელებით ეძებს
სილურჯის წიაღ
თავის ზღაპრებს უღვთო ბავშვობა,
კარს და ზანდუკს ქონიანი ვირთხა შემოღრღნის,
თოვლიანი მდუმარება
გულს გააქვავებს.
ხოლო შიმშილის ცეცხლოვანი შეჩვენებები
ექოებად იბნევიან მძაღე ყომრალში,
კუპრისფერი ხმლები სიცრუის,
დაიხურაო თითქოს მძიმედ რკინის ჭიშკარი.
მზე
ყოველდღიურად გორაკს თავზე ყვითელი მზე წამოადგება.
მშვენიერია ტყე, ბნელი მხეცი,
ადამიანი; მონადირე ან სულაც მწყემსი.
მწვანე გუბეში ხლტება თევზი, წითლად ფერილი.
წყნარად მიცურავს ლურჯი ნავი მეთევზისა
ცარგვალქვეშეთში.
მწიფს ნება-ნება ვაზი, ხორბალი.
კვლავ შემართულან სიკეთე და ბოროტება,
დღე რომ ფრთხილად მიიდრიკება.
როცა ღამდება,
ზეაწევს დინჯად მგზავრი მძიმე ქუთუთოებს;
მზე პირქუში ხეობიდან ამოირღვევა.
დატყვევებული შაშვის გალობა
ლუდვიგ ფონ ფიკერს
ბნელი სუნთქვა _ მწვანე ტოტებში.
ლურჯი ყვავილი ეფინება ეულის
სახეს, ოქროსფერ ნაბიჯს,
სულისმღაფავს ზეთისხილის ქვეშ.
ღამე მთვრალ ფრთებს ააშრიალებს.
მორჩილება კი რა სიწყნარით იღვრება სისხლად,
ნამი, რომელიც ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად სდის ქაცვს, მოყვავილეს.
შემოჭდობია დამსხვრეულ გულს ლმობიერად
თანალმობა ელვარე მკლავთა.
ზაფხული
მწუხრის ტყეში მიჩუმდება
გუგულის გვრინი.
დაიზიდება მძიმედ თაველი,
ალისფერი _ იქვე _ ყაყაჩო.
გორაკის თავს იმუქრება
შავი ავდარი.
მინდვრად
ჭრიჭინას ძველი სიმღერა აღესრულება.
აღარ შრიალებს
წაბლის ფოთოლი.
საცნაურია შენი კაბის შარიშური
ხვეულ კიბეზე.
ბნელ ოთახში _
ოდენ სანთლის მკრთალი ციალი;
მას ვერცხლოვანი ხელი
აქრობს;
უვარსკვლავო, ქარმშვიდი ღამე.
წელიწადი
ბავშვობის ბნელი მდუმარება. ამწვანებულ იფნის ხეებქვეშ
ძოვს მორჩილება მოლურჯო მზერის. ოქროს დუმილი.
სიბნელეს იის სურნელება აღაფრთოვანებს; დაისის პირზე
თავთავის რწევა, მარცვლები და ოქროსფერი ჩრდილები სევდის.
ძელს შემოკაფავს ხურო; მიმქრალ არემარეში
იღვწის წისქვილი; მწვანე თხილნარში ალისფერი ბაგე მრგვალდება,
წითლად იხრება კაცთაგანი მდუმარე წყლისკენ.
შემოდგომას, და ტყის სულს, კვლავაც მშვიდობა მსჭვალავს; მარტოსულს თან სდევს
ოქროს ღრუბელი, შვილიშვილის შავი აჩრდილი.
ქვოვან ოთახში _ დაისის დრო; ხანმოთეულ კვიპაროსებქვეშ,
წყაროსთან, ცრემლის ღამეული სურათები მოგროვებულან;
დასაწყისის ოქროს თვალი, დასასრულის ბნელი დათმენა.
დასავლეთი
მე-4 რედაქცია
ელზე ლასკერ-შულერს, მოკრძალებით
1
ლურჯი მღვიმიდან,
როგორც მკვდარი, გამოდის მთვარე,
და ქვოვან ბილიკს
მირიადი ყვავილი აწვიმს.
ვერცხლისფრად ტირის ავადმყოფი
მიმწუხრის ტბორთან.
სიკვდილის მხარეს
შავი ნავით გაუცურავთ შეყვარებულებს.
ხოლო კორომზე, სუმბულთა შორის,
ელისის ფეხის ხმა-წკრიალი იღვრება და
მუხიანში იკარგება ჟამიდან ჟამზე.
ჰოი, ყრმის სახე,
ბროლის ცრემლთაგან
და ღამეულ აჩრდილთაგან ჩამონაკვთული!
მარადცივი საფეთქელი
კბილცეცხლოვანი ელვის ძალით
ინათებს კვალად,
მწვანე ქედებს
გაზაფხულის ავდარი რომ დაეუფლება.
2
ასერიგ სდუმან
ჩვენი სამშობლოს მწვანე ტყეები,
ტალღა ბროლისა,
ჩამოქცეულ გალავანთან სულისმღაფავი
და ჩვენ ძილში მწარედ ვიტირეთ;
ეკლოვან სხლტეთა გაყოლებით
მგალობელნი სეირნობენ
მწუხრის ზაფხულჟამს,
ვენახთა შორით ფენილი ნათლის
წმინდა სიმშვიდეს აღუვსია ნაბიჯი მათი;
აი, ჩრდილები - მგლოვიარე არწივები -
ყინულოვან წიაღში ღამის.
სევდის ალისფერ ჭრილობებს კი
წყნარად აშუშებს მთვარის ნათელი.
3
დიდნო ქალაქნო,
ქვით ნაშენნო
ვაკემიწებზე!
ასე კაცი უსამშობლო
მდუმარედ მისდევს,
სახექუფრი, ქარის დინებას,
ბექს შეფენილ შიშველ ხეთა რიგს.
თქვენ, ყოველგან დაბინდულო მდინარეებო!
ოდეს დაისის საშიშ წითელს
აღმოვაჩენთ ავდრის ღრუბლებში,
უსაშველო აგვიტანს ძრწოლა.
მომაკვდავო, ჰოი, ხალხებო!
წამხდარო ტალღავ,
მიმსხვრეულო ღამის მეჩეჩს,
თქვენ, ვარსკვლავნო, უკვე მომწყდარნო.
სულის გაზაფხული
ამოყვირება ძილში; შავ შუკებს აწყდება ქარი,
მსხვრევად ტოტნარში ნიშანს იძლევა გაზაფხულის ლურჯფეროვნება,
ალისფერი ნამი ღამისა, ვარსკვლავები ქრებიან ირგვლივ.
მდინარეს მწვანე ბინდი მოსავს, ვერცხლისფერი – ძველ ხეივნებს,
ქალაქის კოშკებს. ო, ტკბილმსუბუქი თრობის ჟამი
სრიალა ნავში და შავი შაშვის ბნელი ძახილი
ბავშვურ ბაღებში. ვარდისფერი მარმაში უკვე საჩინოვდება.
საზეიმო ხმაური წყალთა. ო, მინდვრიანი ნაპირების სველი ჩრდილები,
მხეცის ნაბიჯი; ამწვანებული, ყვავილებით უხვი ტოტნარი
არხევს ბროლის შუბლს; მოლიცლიცე ნავსარწეველა.
წყნარად ხმოვანებს მზე ვარდისფერ ღრუბლებში, ბორცვთან.
დიდ არს სიჩუმე ნაძვნარისა, მდინარის ნაპირს მოჯარული მკაცრი ჩრდილები.
წმიდა არს! წმიდა! სად ჰგიებენ ბილიკები სიკვდილსაშიში,
დუმილის რუხი ქვიანი და სიპები ღამის,
უამრავი მშფოთვარე ჩრდილი? მზის უფსკრული, მანათობელი.
როცა გპოვებდი, დაო, ეულ ველობზე
ტყისა, და იყო შუადღე, დიდი იყო დუმილი მხეცის;
სითეთრე ველურ მუხის ძირში, და ვერცხლისფრად ყვაოდა ქაცვი.
ძლევამოსილი სიკვდილი და - მომღერალი კოცონი გულში.
ბნელად ჰყვარობენ წყლები თევზთა ლამაზ თამაშებს.
გლოვის საათი, მზის უტყვი მზერა;
უცხოა სული დედამიწაზე. ზეციურად ჩამობინდდება
ჩამოშლილ ტყეთა თავზე სილურჯე და რეკავს სოფლად
ბნელი ზარი ერთობ ხანგრძლივად; პროცესია მშვიდობიანი.
მშვიდად ყვავილობს მურტი მკვდრის თეთრ ქუთუთოებზე.
წყნარია წყლების ხმიანობა მიწურვილი ნაშუადღევის ჟამს
და მივარდნილი ადგილები ნაპირებთან ბნელად მწვანობენ, სიხარული ვარდისფერ ქარში;
მწუხრის გორაკზე - ძმის გალობა უსათუთესი.
ბნელში
მე-2 რედაქცია
დადუმებულა სული ლურჯი გაზაფხულისა.
დაისის ჟამის სველ ტოტებქვეშ
შეყვარებულთა შუბლნი დანთქა ციებ-ცხელებამ.
ო, როცა ჯვარი გამწვანდება. ბნელ საუბარში
ერთურთი იცნეს კაცმა და ქალმა.
ჩამოშიშვლებულ გალავანთან
ეული თავის მნათობებთან ერთად სეირნობს.
ტყის მთვარენათელ ბილიკებს კი
დავიწყებულ ნადირობათა
ეკალ-ბარდი ჩამოსწოლია; სილურჯის მზერა,
ჩამოშლილი კლდეებიდან გამორღვეული.
მიცვალებულის გალობა
კარლ ბორომოის ჰაინრიხს
ჰარმონიით აღსავსეა ფრთოსანთა ფრენა. შეგროვებულან მწვანე ტყეები
დადუმებულ ქოხმახებთან მიმწუხრის ჟამზე;
შვლის ბროლიადი საძოვრები.
წყვდიადის ძალით დაცხრებიან ნაკადულის დუდუნი და სველი ჩრდილები
და ყვავილები ზაფხულისა, ქარში ამოდ აჟღერებული.
ფიქრსმიცემული კაცის შუბლი უკვე ბინდით გარემოცულა.
ხოლო მის გულში ლამპარი კრთის, იგივ სიკეთე,
და - ნადიმი მშვიდობიანი; რადგან წმინდაა პური და ღვინო,
უფლის ხელით მოწოდებული; უტყვად მოგაპყრობს ღამესავსე თვალებს
შენივ ძმა, რომ მოისვენოს ეკლიანი ყარიბობით ღონემიხდილმა.
ო, ბინადყოფნა, განმსჭვალული სულჩადგმული სილურჯით ღამის.
და მდუმარება გარდასულთა აჩრდილებსაც სიყვარულით ჩაიკრავს გულში,
იმ დიდი გვარის მობრდღვიალე ტანჯვებს და ქვითინს,
მარტოდშთენილ შვილიშვილში მორჩილად რომ წარმოჩენილა.
სიგიჟის შავი წუთებიდან კვლავ ელვარედ გამოფხიზლდება
წამებული ქვადქცეულ ზღურბლთან
და მას მძლავრად შემოეჭდობა სილურჯე და შემოდგომის მიწურული, გაბრწყინებული,
მშვიდი სახლი და ტყის ლეგენდები,
მიჯნა და წესი და მთვარიანი ბილიკები განსვენებულთა.
ჰელბრუნში
მიმწუხრზე კვლავაც ლურჯი მოთქმის კვალში ჩადგომით
გორაკთან, ტბორთან გაზაფხულისა -
როცა მის თავზე ირწეოდნენ აჩრდილები დიდი ხნის წინ აღსრულებულთა,
აჩრდილები ეკლესიის წინამძღოლთა, ზეპურ დედათა -
ყვავილებს მათსას, მართალ იებს
შებინდების მიწა მოურთავთ, და მირაკრაკებს ლურჯი წყაროს
ბროლის ნაკადი. ასე სულისად მწვანდებიან
მუხები მკვდრების დავიწყებულ ბილიკთა თავზე,
ტბორის თავზე - ოქროს ღრუბლები.
გული
თეთრი იყო ტყეთა წიაღ ველური გული;
ო, ბნელი შიში
სიკვდილისა, რუხ ღრუბლებში
ოქრო ასე გარდაცვლილიყო.
ნოემბრის მწუხრი.
სასაკლაოს შიშველ ჭიშკართან
იდგა ღარიბი ქალების გროვა;
კალათებში
იყრებოდა მყრალი ხორცი და შიგნეული;
ამაზრზენი მათი საკვები!
დაისის ლურჯ მტრედს
მშვიდობა არ მოუტანია.
საყვირთა ბნელი ხმოვანებით
იყო აღსავსე თელების
სველი ოქროს სხეული.
ნაკუწებად ქცეული დროშა,
ახრჩოლებული სისხლის სუნად,
რათა სასტიკ მწუხარებაში
ჩაიძიროს კაცი მავანი.
ო, დროებანო რკინისანო,
დამარხულნო სიწითლეში მიმწუხრის ჟამის!
გაფითრებული მთვარით მოსილი
ყმაწვილქალის
ოქროს სახე
დაჩნდა ბნელი სახლის კარსელში,
კარ-მიდამო შემოდგომური.
ღამის ქარიშხლით გადატეხილი შავი ნაძვები,
მოდრეკილი მათი სიმტკიცე.
ო, გული,
თოვლის სიგრილეში მინავლული მისი ციმციმი.
ძილი
მე-2 რედაქცია
დაწყევლილნო ბნელნო შხამნო
და თეთრო ძილო!
ეს უჩვეულოდ უცხო ბაღი
დაბინდულ ხეთა
აღსავსე არის გველებით და ფარვანებით,
ობობებით და ღამურებით.
არაქაურო! დაკარგული შენი ჩრდილი
მეწამულში მიმწუხრის ჟამის,
ბნელი კორსარი
მლაშე ზღვაში უბედობისა.
მიმოეშალნენ ღამის ქობას თეთრი ჩიტები
ფოლადით ნაგებ
და ჩაქცეულ ქალაქთა თავზე.
ავდარი
ველურო მთებო, ამაღლებულო
მწუხარებავ არწივებისა.
ოქროს ღრუბელი
დაფენია კლდოვან უდაბნოს.
დამთმენ სიმშვიდეს სუნთქავენ ფიჭვნი,
შავი კრავები უფსკრულის პირას,
უცებ სილურჯე
უცნაურად სადაც დუმდება,
ულბილესი ზუილი ბაზთა.
ზურმუხტისფერი, ო, ყვავილი -
ო, მდუმარება.
მთის ნაკადულთა ბნელი სულები
გულს ზღაპრულად შეძრავენ და შეაშფოთებენ,
სრული წყვდიადი,
ხეობას რომ თავს დაატყდება!
გზასაცდენილი
თეთრი ხმები საშიშ ჭიშკრებთან,
მიმორღვეულ ტერასებთან,
ძალმოსილი რისხვა მამათა, გვრინი
დედათა,
ყმაწვილკაცის საომარი ოქროს ყიჟინა
და არშობილის
გაუხელელ თვალთა გოდება.
ო, ტკივილო, ცეცხლოვანო გამოხედვავ
დიადი სულის!
ცხენების და საზიდრების
შავ ჯგლეთაში გაბრწყინდება
საზარელი ელვა ვარდისფრად
და აჟღერებულ ნაძვნარში ქრება.
ხოლო ამაყ თავს
მიმზიდველი სიგრილე მოსავს,
მოვარვარე მწუხარება
გამწყრალი ღმერთის.
ძრწოლავ, შავო და შხამიანო
გველო, მტვრად იქეც სიპ ქვიანებში!
მოწყდება ცრემლთა
ნიაღვარი და დაქანდება,
ქარიშხალი-თანაგრძნობა,
საცნაური მუქარით სავსე მეხთატეხაში
თოვლით მოსილ მწვერვალთა ირგვლივ.
ცეცხლი
ნათელყოფს დაფლეთილ ღამეს.
საღამო
მდუმარე ტყეებს
გარდაცვლილ გმირთა სახეებით
აღავსებ, მთვარევ;
შეყვარებულთა მორცხვი ალერსით,
ხრწნადი კლდეების შემომჯარველ
სახელოვან დროთა ჩრდილებით
მიმოავსებ,
ნამგალა მთვარევ;
ლაჟვარდოვნად განათდება ქალაქის მხარე,
სადაც ცივი და ავბოროტი
საცხოვრისი გაუმართავს
ხრწნამორევნილ გვარს,
თეთრ შვილიშვილს რომ
განუმზადებს უკუნ მომავალს.
მთვარისშთანმთქმელო, ჰოი, ჩრდილებო,
მთის ტბის ცარიელ
ბროლში რომ ოხრავთ.
ღამე
თქვენ ამოგიმღერთ, შლეგო სიპებო,
მთებო, ღამეულ ქარიშხლებით თავმოყრილებო;
მრუმე კოშკებო,
აღსავსენო ჯოჯოხეთურ გამოხედვებით
და ცეცხლოვანი ცხოველებით
და უხეში გვიმრით, და ნაძვით,
ბროლის ყვავილით.
შენ, უსასრულო წამებაო,
ღმერთს რომ ეძიებ,
შენ, სათნო სულო,
გამწყრალ ფიჭვნარს და
წყალვარდნილებს რომ შეისუნთქავ.
ირგვლივ ოქროსფრად ენთებიან
კოცონნი ხალხთა.
ხოლო მოშავო ფრიალოებს
ქარიშხალი,
შეშლილი და სიკვდილნასვამი -
მყინვარის ტალღა ულურჯესი -
ჩამოემხობა,
ველს მოედება უძლეველი ზარის ქუხილი:
ჩირაღდნები და წყევლა-კრულვა,
ავხორცობის
ბნელი თამაში,
ქვადქცეული თავი
ზეცას შეჭიდებია.
ნაღველი
უძლეველი ხარ, ბნელო პირო
შინაგანისა, შემოდგომის ღრუბლებისგან
ნაძერწო სახევ,
მწუხრიჟამის ოქროს სიმშვიდის;
დამსხვრეულ ფიჭვთა
აჩრდილების სამეუფოში
ზუსმუხტისფერ ბინდს შერთული მდინარე მთისა;
სოფელი,
ლეგა ხატებად რომ მორჩილებით აღესრულება.
შავი ცხენები ჯირითობენ
დანისლულ ველზე.
ჯარისკაცებო!
ქედიდან, სადაც მზე მიგორავს სულისმღაფავი,
სისხლი სიცილით ჩაიქცევა –
უტყვ
მუხიანში! ო, მრისხანე ნაღველი
ჯარის; ელვარე ზუჩი
ალისფერ შუბლს ზრიალით მოსწყდა.
მოაწევს რარიგ ცივი ღამე შემოდგომისა,
ვარსკვლავთა ძალით გაბრწყინდება
მამაკაცთა დამსხვრეული ძვლების დამყურე
ბაგეუტყვი მოწესე ქალი.
შინ დაბრუნება
მე-2 რედაქცია
უბნელესი წლების სიგრილე,
ტკივილი და იმედი
იცავს გიგანტურ ლოდებს,
უკაცრიელ მთებს,
შემოდგომის ოქროვანი სუნთქვა,
ღრუბლები მიმწუხრისა –
ეს სიკამკამე!
ლურჯი თვალებით მიმოიმზერს
ბროლის ბავშვობა;
ბნელ ნაძვნარში
სიყვარული, იმედი კვალად,
რომ ცეცხლოვანი ქუთუთოების
ცვარი უწყვეტად დაეცემა
მიუძრავ ბალახს!
ო! იქ ხუდურა ოქროვანი,
ჩაქცევადი თოვლში
უფსკრულის!
ლურჯ სიგრილეს
შეისუნთქავს ღამის ხეობა,
რწმენა, იმედი!
მარტოსულო სასაფლაო, სალამი შენდა!
გვრინი
ძილს და სიკვდილს, გულქვა არწივებს,
ამ უმთავრესის გარშემო აქვთ ღამეული ბჭობა-გნიასი:
ადამიანის ოქროს ხატი
მარადისობის ყინულოვანი ტალღის ძალით
უნდა დაემხოს. შემზარავ რიფებს
მიემსხვრევა ცეცხლოვანი სხეული და
ზღვის თავს
ბნელი ხმის ჩივილი მიმოიქცევა.
ქარიშხლიანი სევდის დაო, მზერა მიაპყარ,
ვარსკვლავქვეშეთს
დაენთქმება მფრთხალი ნავი,
ღამის უტყვ სახეს.
გროდეკი
მე-2 რედაქცია
აჟღერდებიან სასიკვდილო იარაღის ძალით მიმწუხრზე
შემოდგომის ტყეები და ოქროს ველები
და ლურჯი ტბები, რომელთა მიღმა
მოქუფრული მზე ჩაგორდება; ღამე ჩაიკრავს
მომაკვდავ მებრძოლთ, ხაფ ღრიალს
მათი დამსხვრეული ბაგეებისა.
მაგრამ ძეწნათა ფესვებში წითელ ღრუბელთა გუნდი,
რომელშიც უკვე ღმერთი სახლობს განრისხებული,
წყნარად აგროვებს დაღვრილი სისხლს და მთვარის სიგრილეს;
ხოლო შავ ლპობას შეერევა ყოველი ქუჩა.
ღამეჟამის და ვარსკვლავების ოქროს ტოტნარქვეშ
მიმოირწევა დის აჩრდილი უტყვი ტყის წიაღ,
შესაგებებლად სისხლად დენილ თავებთან და გმირთა სულებთან;
და წყნარად ჟღერენ ლერწამში ბნელი ფლეიტები შემოდგომისა.
ო, სიამაყით აღსავსე გლოვა! თქვენ, ბრინჯაოს საკურთხევლებო!
სულის მხურვალე ცეცხლი კვებავს დღეს ძლიერ ტკივილს,
არშობილ ბადიშთ.