- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ჩემი მკვდარი სხეული წევს მინდორში, როგორც ამოუცნობი გვამი, რომლის აღწერილობაც შეაქვთ ოქმში ღრმა ძილიდან ახალგამოფხიზლებულ გამომძიებლებს.
შეეხე ჩემს კანს როგორც მწვანე ბალახი გაზაფხულის სიოსთან ერთად, შეეხე სანამ დაგვიჭკნება მგრძნობელობის რეცეპტორები.
დაე შეერთდნენ მთელი დედამიწის საყვარლების საიდუმლო კოცნები,
მორწმუნეების ხატზე კოცნები,
პოლიტიკოსების პატრიარქის ხელზე კოცნები,
და ყველა შესაძლო კოცნები
გარდაიქმნენ მაგიურ ძალად და აღადგინონ მკვდრეთით ჩემი სხეული და სიხარულით შეეგებონ, როგორც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას, როგორც რომის პაპს, როგორც კათარზისის უფასო სადილს.
შეეხე ჩემი კანის გაცოცხლებულ რეცეპტორებს
როგორც წმინდა გაბრიელის არარსებულ ნეშტს ეხებიან სამების საკათედრო ტაძარში და ილოცე ჩემს ტანზე გულმხურვალედ რათა მთები შეირხნენ, ზღვები გაიყონ და დაიბადოს მესია, რომელიც კვლავაც გამოისყიდის ჩვენს ცოდვებს