• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მძღნერი და ყვავილები

×
ავტორის გვერდი ანი სირაძე 30 ოქტომბერი, 2020 1962
 
ენა გველია.
მისი ტყავი, მისი ფერისცვალება სულის მეხსიერებაში,
რაც არ გვეკუთვნის, მაგრამ თავად გვიკუთვნებს, გვისაკუთრებს
და დამკვირვებელი ამ ვერბალური ნიშნების კოლაფსში,
მდგრად მერყეობაში Anima mea,
სადაც აღებ მის აუთვისებელ ცოდნის ტერიტორიას.
პოეტი იკითხავს და პოეტი გასცემს. სმენით.
ყური დაუგდე ნიშნებს საგანთა შიგთავსში - ბეჭდის სიღრმის მატარებელს.
ახალი მთვარის სახლში ახალი რელიგიის რწყმა ძველ ყვავილებთან
სხვა ღმერთების მოსართავად, მათ მოსაკაზმად
და ჩვენ, ერთმანეთის ენაში ქანცგაწყვეტილი ქურუმები.
რას მიბრძანებ? ვთრთოდე ბალახის თელვისას?
ტოტი რომელიც შემერჭო თავში,
მომჭერი თმა, ტოტი დატოვე.
ეს ჰგავს ..არაფერს.
მე წარმოვიდგენ ვარსკვლავების დაბალ სახლებს და ჭერი ?
ჩვენი თვალები მუდამ მაძიებელნი მაღალ საგანთა
და გული ნაჭრებით დავფარეთ, რაც ხელთ პირველად მოგვხვდა,
უკანასკნელიც
რაც დავკარგეთ, მაგრამ ენაში დავტოვეთ,
როგორც მაღალი ასტრებით მორთული სამარხი.
ხმაზე რას მეტყვი? როგორია მისი ჟღერადობა მეხსიერების სასაფლაოზე?
მე აღარ ვიკვლევ ჩემგან მარჯვნივ და მარცხნივ მჯდომთა გზებს.
მათი სახეები წაშლილია ქვიშით და ქარით.
კალიფსო ცარცით ხელში,
კალიფსო წერს ჩვენს ახალ, მოუმწიფებელ ამბებს.
 
 
 
 
 
 *
 
მე ანი.
მე ჰაე.
ოლსონის გამოცხადება ღმერთთან.
(ის დგას ჯოჯოხეთის კარიბჭესთან სავსე ჭაღარით
და ტევრის სიჩუმით)
-რა გაქვს ჩემთვის?? რა მომიტანე?
მძღნერი და ყვავილები, - პასუხობს ოლსონი
მძღნერი და ყვავილები, - იმეორებს ღმერთი
და არხეინად მოცურავე ქვირითებს ჭყლეტს თვალის კაკალში.
მე ანი.
მე ჰაე.
უხალისოდ ხსნის სკნელებს ოკულტის მზერით
და იქვე ხურავს.
არის ზღვა ურჩხულ ასულთა მფარველი,
რომლის ანარეკლში საგნები საგნებს ეწებებიან
და არის მზე,
ქალის საშოში არხი, სავსე მოოქროვილი მდელოებით.
ჯოჯოხეთის ყველა შრე ფანტასმაგორიულ მაგმაში წევს
და განაგრძობს ღამის მცველებით თავის გამოკვებას.
ეს სიზმარია?
ჰალუცინაცია?
ღმერთი სიზმრის ნარწყევში ფართხალებს.
მარტოსულთა ხვედრი ებჯინებოდე საკუთარი ცნობიერების წიაღს,
მხოლოდ მას
<და ყოველი ჩადენილი აქციე შენს სამსხვერპლო ძღვენად
და ყოველი გული მომიტანე როგორც საკურთხი>
ფრთხილად იმეორებს, სანამ დავიწყების ნაკადი შეიკედლებს.
სიყვარული არის ჯამი, ნაკლული ბარძიმი
და აივსე პირი რძით მისი გამაგრებული ჭურჭლიდან,
ვისი წვეთებიც ბადებენ ჭაობის არსებებს,
ცეცხლის კაცებსა და ლერნეს გველეშაპებს.
საჭურისია მთვარე და ბრმა,
თუ ვერ ხედავს შენს ღამის ასლებს,
მიტოვებულ პლანეტებზე გაცრილთ ხელოვნურ ნათებაში
და კაცი ვირის თავით მოვიდა, რომ ვყვარებოდი.
მოვიდა შეხებისთვის -
შეხება როგორც ჭვრეტა ვარსკვლავური სანათით.
გამომიგონა თავის ბნელ, იდუმალ გამოქვაბულში,
სადაც ყველა სხივი როგორც კი აღწევს კედელს, იქვე კვდება,
მარცხდება.
მის სიტყვებში ჩემი სამარხი ვიპოვე,
როგორც თმებში უნებლიედ ჩამპალი ყვავილი,
ახლა, სადღაც მძვინვარების და ნეტარების შუაგულში.
 
 
 
 
 
*
 
ატლანტიდა, მშვენიერო,
პერიმეტრზე ღრმა სიცარიელეა, უძრაობა.
შენ ჩემკენ იშვერ ხელს,
ხელი უჩინარდება და მე ვაგრძელებ თვლას 2 1 0.
ეს მხოლოდ ციფრებია. ქაღალდი. ნავი. კედელი.
კიბით ჩავეშვი თაკას დახვრეტილი კუთხისკენ.
სიჩუმეა. ნიჩბები სვლას არ წყვეტენ. რამდენიმე აჩრდილს გავძახე
- ჰეი, აქეთ,  ჩემო სიკვდილის ბეღურებო
- ჩვენ გადავფრინდებით სხვა უფრო მწიფე თავებზე
ჰელიოტროპებზე ისმის კუმშვა მცირე მინარევით
აქვს ამ ცას სუვერენიტეტი მყისიერ ზევით და ქვევით რა ხდება ? ?
ვიღაც გვფლობს სრულყოფილად - უზენაესი ძალები,
ან უმდაბლესი.
მათგან ერთი მოვიდა ძალიან ახლოს, თითქმის სახის კანზე დამაჯდა.
ბუსუსებმა მყისვე მარცვლები ამოაბრუნეს და სველი ზამბარები გააჩინეს
ჩემს ფეხებ შორის.
კიდევ რას მეტყვი ახალს? სად ვიპოვო ანტიკურ სახეთა აჩრდილები?
რით დავაპურო შენ მიერ შეთხზული წინსმწრები ავი სულები?
იქნებ ჩემი მუცლით და ბარძაყებით?
უსურველი გემო ვარ შენი მუშების მეტროპოლიტენის ტალღისებურ ხმაურში
და ხალხი კვამლია ამოსული მისი ჰადესური საწყისიდან.
გრძელი გვირაბები ერთმანეთის მიყოლებით წვანან მაღალ ანტენებში -
ადამიანი სადენებში, ღრუბლებში, ქვირითებში.
ვინ ფიქრობს სიკვდილზე გამთენიისას,
ან პლანეტების შუქზე ჩვენს ფანჯარში, ბაცი და ნელი სვლით საწოლის კუდთან ?
იქ გამვლელი სიცოცხლე, მკრთალი და უსუსური
უკურნებელი ჩვენი შხამებით, სიყვარულით.
კაცი ნაღმივით დამონტაჟებული განსაწმენდლის უხილავ ზედაპირზე.
მასზე გაიარეს წყალობის დებმა, გლოვის დებმა
და კიდევ რამდენიმე დამ ჩუმი, ჩუმი სიცილით.
სემელე, შენც იქვე, შენი შვილის შობის უწყვეტობით ჩვენში.
განსრულება ყველა არსებულ კანონთა, რაც მიწაზეა
და ამ კანონთა ხრწნის უვადო ხელშეკრულება -
ყველა ამ სიტყვებ შორის კავშირი გაწყვეტილია,
როგორც ძველი ქვების მეტყველება თებესთან.
არავინ აღარ მიაყურადებს, თუ ჩურჩულებენ ჯერ კიდევ
თუ რამე დარჩათ სათქმელი.
 
 
 
 
 
*
 
ტერორი ქუჩებში.
რომაული პორტრეტები იცინიან.
მათი გრძელი პროფილები თეატრის კუთხეში პოლიტიკურ აფიშაზე
წაწვენილი.
ქედმაღლობა, თუ სიბრიყვე?
ორივე მცირედით ჩვენშია, მათი ნაკლოვანების ჩრდილთა თავზარიც.
სამყარო საგნების მწვანე ქაფში გვსრის და კიდევ ასობით სხვა ქაფში.
(ამას კვლავ ვუბრუნდები)
Vita nova - ტრიუმფალური, მაგრამ უკვე მკვდარი სიტყვები /
ისინი არსაით მიგვიძღვიან.
ყველა პოეტი თავისი დროის ჩენჩოში ძველი ტექსტების კანქვეშ ცხოვრობს
და რას გვპირდება ამ საუკუნოვან, გამომშრალ ჟიჟაში ჩარგული ნერგი ?
შესაქმიდან ასე იყო.
პირველი პოეტი სარკის მქრქალი ანარეკლიდან,
რომელშიც ცხოვრება აგრძელებს თავის უსაფუძვლოდ ხმაურიან მღელვარებებს
და გეომეტრიული ფორმები ჩვენი ფიქრების საზღვრებს შემოხაზავენ
მორიგე სიკვდილებთან.
შემდეგი ხარ შენ და შენ და შენ უსასრულობაში,
სადაც მთვარეულობს ცხოველის ღია ჭრილობა.
შენც ამ ცხოველის ბედს ეზიარები.
მისი მთვარე მთვარის წილ აქ, რამდენიმე ვარსკვლავური ჩირქით გადმოედინება
და შეუჩერებელია ეს ბრწყინვალე, კაშკაში დენა ჩემში მარადიული შენი წასვლებით,
ჩაღრმავებებით ფუყე ზედაპირზე.
ჩიტის კანკალი.
ლაზარე, გააცოცხლე მკვდარი ყვავილები შენ შემდეგ
და ცარიელი ქუჩები,
უნებლიედ ჩამოვარდნილი ნიბლიები ხიდან და
ყველაფერს რასაც სიკვდილის ლავრა წვდება.
გაათეთრე შავი ბაფთები გრძელი ღამის კუნაპეტ დერეფნებში.
უსიერს დაიტევს შენი მრავალი დაბრუნება, უსიერს თავის თავში
და პატარა სიცოცხლეებად გადმოღვრის,
როგორც ქალი პირველ წყლებს საშოს ხელიდან -
კამკამას და მდუღარეს.
ისინი, ვინც შემდეგ მოვლენ საცდური ხმებით, გალიებით
და ზღვას ბადეებით დაიჭერენ,
მათ პეშვებს რამდენიმე ნაკადი ჩაიგუბებს - მარადდავიწყების და მარადხსოვნის.
მაგრამ რას შეცვლიან ეს გრძელი ოპუსები ჩვენს მღვრიე გულში?
ფრაგმენტი სიყვარულის მეხსიერებიდან,
როგორც არტისტული თვინიერების ნიმუში,
ხარბი ტყვე იმის მოსმენის, რაც შეიყვარა
და შემდეგ დაწვა იმავ მიზეზით.
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული