- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
სიცოცხლის უმარტივესი ფორმა შეიქმნა მაშინ, როცა 3.5 მილიარდი წლის წინ მოლეკულამ საკუთარი ასლი შექმნა. დროთა განმავლობაში, მოლეკულათა რეპლიკაციამ სრულიად ახალი თავისებურებები გამოავლინა, რაც დღესდღეობით ცოცხალ არსებათა მრავალფეროვნობით მოიცემა. ევოლუცია კი არის პროცესი წარსულდან დღემდე, რომლის მთავარი მასტიმულირებელი უამრავი ასლის მქონე, თითქმის უკვდავი გენია. რიჩარდ დოკინსი თავის წიგნში „ეგოისტი გენი“ სწორედ ამაზე საუბრობს და განიხილავს ევოლუციის პროცესის მთავარ წევრს, გენს, როგორც ეგოისტს, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს სხვების ხარჯზე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გონით მოქმედებენ. მათი ერთგვარი რეფლექსია, შეინარჩუნონ საკუთარი თავი საუკუნეების განმავლობაში. გენის წარმატება - რომ გადარჩეს - დამოკიდებულია მის გარშემო არსებულ გარემოზე. მაგალითად, ვეფხვის კარგი კამუფლაჟი თეთრი დათვისთვის ცუდი შენიღბვის ფორმაა. სწორედ ამიტომ, გენს, რომელიც პასუხისმგებელია ვეფხვის კამუფლაჟზე, ნაკლები შანსი აქვს, გადარჩეს მკაცრი კლიმატის პირობებში. სწორედ იგივე ვრცელდება უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ სახეობაზე - ადამიანზე.
კანტისთვის ის, რაც ადამიანს ყველაზე პრივილეგირებულ არსებად აქცევს დედამიწაზე, არის ის, რომ ამ უკანასკნელს შეუძლია ფიქრების რეპრეზენტაცია და ფიქრი იმაზე, თუ ვინ არის „მე“. სწორედ ამიტომ, იგი ითვლება პიროვნებად, რომელიც აერთიანებს ყველა იმ გამოცდილებისმიერ ცვლილებას, რაც მას საკუთარ თავად ხდის. ამასთან ერთად, დოკინსი ამბობს, რომ ინტელექტის მქონე ორგანიზმებს შეუძლიათ გაცილებით ნაკლებად იყვნენ დესტრუქციულები, საკუთარი თავის მიმართ გამოცდილების დასწავლით და სიმულაციით. დასწავლა ნიშნავს რაიმეს ცდას და იმის გააზრებას, იყო თუ არა ამის ცდა კარგი, და შემდეგ - შედეგის დამახსოვრებას, ხოლო სიმულაცია ნიშნავს რაღაც აქტის შედეგის გააზრებას ამ აქტის განუცდელად. რომელიც არა მხოლოდ ძალისხმევას ზოგავს, არამედ ირიდებს თავიდან სხვადასხვა საფრთხის შემცველ ქმედებებს. მაგალითად, ორგანიზმს, რომელმაც იცის, რომ კლდიდან გადმოხტომა ცუდი იდეაა, აქვს უპირატესობა იმ დანარჩენ ორგანიზმებთან შედარებით, რომლებმაც უნდა სცადონ ეს, რათა მიხვდნენ, კარგი შედეგი მოჰყვება თუ არა აღნიშნულ ქმედებას. იგივე ხელწერა იგრძნობა კანტის მსჯელობაშიც. კანტისთვის ადამიანი თავისთავად უმწიფრობის მდგომარეობაშია: იმ უმწიფრობაში, რომელშიც მას არ ძალუძს დამოუკიდებლად მსჯელობა და რეპრეზენტაცია საკუთარ თავზე. ფაქტობრივად, იგი საკუთარი თავის თვითაღქმას ახდენს სხვების მეშვეობით. მაგალითად, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას უწევს; წიგნი, რომელიც განსჯას უცვლის და ა. შ. ამ შემთხვევაში მას არ სჭირდება ძალისხმევა, რომ არსებობდეს, შესაბამისად, მას არც უცდია კლდიდან გადმოხტომა, რადგან არც დაფიქრებულა რაიმე აქტის თავისით შესრულებაზე. სწორედ აქ, კანტი მიჯნავს გონების კერძო და საჯარო გამოყენებას. კერძო მოხმარებაში, ადამიანები მკაცრად განსაზღვრულ როლებს თამაშობენ და ევალებათ შეასრულონ კონკრეტული სამუშაო. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ ამ სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვა, რადგან მათი იდენტობა მუდმივად მიბმულია მათ სოციალურ პოზიციაზე. რაც შეეხება გონების საჯარო მოხმარებას, დღეს მას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც საკუთარი აზრის თავისუფლად ჩამოყალიბებას და გამოხატვას. კანტის აზრით, სწორედ აქ შეუძლია ადამიანს მოახდინოს საკუთარი თვითობის გააზრება, თავისივე ფიქრების რეპრეზენტაციის გზით.
უმწიფრობისა და ზრდასრულობის მდგომარეობებს შორის მთავარი კავშირი, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არსებობისკენ მიილტვის. თითეული ადამიანის გენი მიდრეკილია იმისკენ, რომ გადარჩეს ან გადაარჩინოს საკუთარი ასლი. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული ორივე მდგომარეობა ითვალისწინებს ჟინს - იარსებოს ამ სახეობამ და შეინარჩუნოს დოკინსის ეგოისტური გენი. ეგოისტურ გენთან ერთად, დოკინსი განიხილავს ალტრუისტულ გენსაც. ალტრუიზმი შეიძლება განიმარტოს ქცევად, რომლითაც თვითონ ალტრუისტი წირავს საკუთარ თავს, იმავდროულად კი, ამას მოაქვს სხვისთვის სარგებელი. ასეთ შემთხვევაში, როგორც რიჩარდ დოკინსი ფიქრობს, გენის შენარჩუნება თაობიდან თაობამდე სწორედ ალტრუიზმის მეშვეობოთ შეიძლება მოხდეს, რაც განიმარტება ბავშვისა და დედის მაგალითით. მშობლები ბავშვებთან გაცილებით დიდ ალტრუიზმს იჩენენ. მათ ბავშვისადმი გადამეტებული ზრუნვა ახასიათებთ. ბავშვები კი ამაზე არ ფიქრობენ და ეს მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ეს ასიმეტრიაა ის ალტრუისტული ქცევა, რომლითიც გენები საკუთარ ასლებს ინარჩუნებენ.
ვფიქრობ, აღნიშნული მაგალითი შეიძლება იყოს კანტის მსჯელობის პარალელი, იმ საკითხთან მიმართებით, თუ როგორი უმეცარია ადამიანი თავიდან, სანამ იგი უმწიფრობის მდგომარეობაშია. თუმცა, უმწიფრობის მდგომარეობიდან ზრდასრულობის ასაკში გადასვლა ძალზე რთულია, მით უმეტეს - მაშინ, როცა გამოუცდელობა უკვე ბუნებად ქცეული არსებობაა და ადამიანი ამ შემთხვევაში კომფორტულად გრძნობს თავს. ზრდასრულობასა და უმწიფრობას შორის საზღვარი თავისუფლებაა, კერძოდ კი, საკუთარი განსჯის მოხმარება ნებისმიერ საკითხში. განმანათლებლობა „ადამიანის გამოსვლაა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია“ - წერს კანტი და ამბობს, რომ მხოლოდ განათლებულს, მას, ვისაც აჩრდილების არ ეშინია, შეუძლია თქვას ის, რასაც ვერ ბედავს რესპუბლიკა. „იმსჯელეთ რამდენიც გინდათ და რის შესახებაც გინდათ, ოღონდ დამმორჩილდით!“. აქედან გამომდინარე, კანტი ასკვნის, რომ რაც უფრო დიდია სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი, მით უფრო მეტია გადაულახავი საზღვრები. ხოლო თავისუფლების ნაკლები ხარისხი მასვე უქმნის სივრცეს, რომ მთელი თავისი ძალით გავრცელდეს. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი ეგოისტური გენის, როგორც მასტიმულირებელი ძალის ხსენება, ვინაიდან იგი ნებისმიერი ეპოქის თუ საზოგადოების კულტურის მნიშვნელოვანი ორიენტირია. თუმცა, საინტერესო და უცნაურია ის, რომ გენები და მათი შექმნილი ასლები მხოლოდ ამ სისტემის შიგნით არსებობენ, როგორც კანტის განმანათლებლობის ადამიანი არსებობს იმ სუბიექტურ სამყაროში, სადაც მას უმწიფრობიდან ზრდასრულბაში გადასვლა უწევს. უხილავი საზღვრების გადალახვა კი დიდ მსხვერპლს მოითხოვს, როგორც ადამიანისთვის, ისე - გენებისთვის და მათ მიერვე შექმნილი ასლებისთვის, რათა შეინარჩუნონ უკვდავება საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად, იმისა, რომ ადამიანთა ქვეცა ხშირად განპირობებულია ინსტიქტებით და გენებით. არსებობს სივრცეები ცხოვრებაში, რომლებთანაც ისინი დაკავშირებული არ არიან. მაგალითად: ენა, ხელოვნება, წეს-ჩვეულებები და ა. შ. ეს დასტურია იმისა, თუ როგორი კომპლექსურია კულტურა, როგორც წარსულში, ისე - დღეს.
თუ კულტურული ევოლუცია დიდი ხნის წინ, პირდაპირი მნიშვნელობით, გენთა რეპლიკაციის მეშვებოთ მოდიფიცირდებოდა, დღეს მის ქვაკუთხედს მიმები წარმოადგენენ. მიმი დოკინსისთვის კულტურის საკმაოდ პატარა ნაწილია, თუმცა მას აქვს უკვდავების პოტენციალი. იოლად დასამახსოვრებელი ქმედება ან მელოდია, იდეა ან რომელიმე ვიდეოპლათფორმაზე ატვირთული კატის ცეკვის კლიპი. აღნიშნული საშუალებები შეიძლება მიიჩნეოდეს ინფორმაციის გაცვლის მეთოდებად, ადამიანთა კომუნიკაციის ხელსაწყოდ. აქედან გამომდინარე, მიმის კონცეფცია შეიძლება განიხილებოდეს კულტურაში, როგორც გენოფონდი. როგორც გენები, ისე მიმებიც კონკურენტუნარიანები არიან, მაგალითად, ზოგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს - ევოლუციის თეორია და კრეაციონიზმი, მაგრამ ორივე იბრძვის ადამიანთა ყურადღებისთვის და ხსოვნისთვის. მიმების და გენების ასეთი ურთიერთკავშირი დარვინისეული გზით ხსნის ცხოვრებისეულ ასპექტებს, რაც შეიძლება გენებზე ორინეტირებული ხედვიდან ერთი შეხედვით გაუგებრად ჩანდეს. ხელოვნება, რელიგია, პოეზია... ფაქტობრივად, ისინი მიმების როლს ასრულებენ იმ მთლიან სისტემაში, სადაც ნებისმიერი იდეის ან ქცევის მუდმივი მიმოცვლაა. ინფორმაციის გავრცელება შეგნებაულად ან შეუგნებლად, რაც, საბოლოო ჯამში, გენივით ექვემდებარება მუტაციას, ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას. მიმების ზოგად მოდელს, როგორც სტრუქტურას, რომელიც მუტირებს და იბრძვის რეპლიკაციისთვის, შეუძლია სხვადასხვა კულტურული ინდუსტრიის თავიდან გაცოცხლება ან განვითარება. პოეზიის, მუსიკის ან ხელოვნების შედევრები კი ამ პროცესის ნათელი მაგალითები არიან.