ვარდი ვიპოვე ქუჩაში.
ვარდი და ბავშვი დამწვარი ფოთლების სურნელში.
ცეცხლი ჩავაქრე ბავშვის სახეზე - მისი ნათელმოსილება,
მისი საიდუმლო სიხარული და ფერფლისფერი დავტოვე.
ფერფლისფერი ზღუდე ბალახზე, რაც ვეღარ შეაკავებს მათ მოსვლას,
ვინც გზაზე იცდიდა მწყურვალთა სადგომიდან.
რამდენი წყალიც ჭირდება ამ მანძილს დასაფარად შენიდან შენამდე,
ამდენით ეწევა მისი ყივილი მამლების ხმას,
როგორც ორიონი თავის იისფერ ნისლებს
და ვარსკვლავური ქარები ხეებში მწყობრად ელავენ.
სად ვაბიჯებ, როცა ამ სიტყვებს გეუბნები?
რაღაც ბლანტ არსებაში ვეფლობი ჩემი თავის
და არც.
როცა ვუსმენ ტელევიზორის შიშინს ეკრანის ვარდისფერ ციმციმში,
რასაც ვიგონებ, ვმეზღაპრეობ მუცლით და მისი ქვენაწილებით.
ვიცინი.
მოხუცი შიშველი კაცი წევს მთვარის ფორმის საწოლზე.
ქალი უზელს მკერდსა და ხელებს ღრუბლებ შორის, ჭუჭრუტანებ
შორის
და ავსებს სქელი, დაცვარული კვამლით პირის მღვიმიდან.
ვინც ჩავარდება მასში, ვისი უკმარი სიბნელეც ჩაყვინთავს
თვალების ფსკერზე
და მის ქვევით, ჯოჯოხეთის პირველ ლიმბოში,
მას აღუვლინე ლოცვა შუქის დამწყვდევისთვის ნელხმიან ბურუსში,
მკრთალ ნისლსაცავში.
ბებერ მუჭში ყვავილთკრულვაა და ჩურჩულის ლაქა
დაკიდებული გუმბათის წყლის ქვეშ.
ჩვენ არ ვიცით, რა არის ტკივილი, რა არის სიცივე..
როცა ვაშლი პირველად ეცემა ძირს, იფლობა მიწის ფენებ შუა,
ყვითელი გული ერევა წითელს და ჭამს მას
როგორც საუკეთესო ულუფას სამყაროს გზავნილებიდან
და ღამის მკვლელი მშვიდი ფიქრებით მიუძღვება სინათლით დაცემულ
ხიდებს, ტროტუარებს, ირმების სახლებს
და მოვუხმობ მას,
ჩემი გრძელი თმები დაახვედროს ქარის კისერს
ვარდის ძახილში, ვარდის ბრუნვაში.
*
მან გამომხედა ჭურვების მხარეს, სადაც ვიწექი უჩვეულო საღათას
სიმშვიდით
და ძილს ვიკარებდი, მას ვშობდი გარდაქმნისთვის.
რამდენიმე ლათინური სიტყვა ამოკაწრა კედელზე უკუღმა - ჩიტების
ნაკენკი.
ვინ დაიტირებს ამ საშოვარს, რომელსაც ძღვნად მივართმევთ გლოვისა და დარდის
კალენდარს ¿
აქ მოვნიშნავთ რამდენიმე თიხის ძვალს, ტბორებს, ღამის მხურვალებას ცივი მთვარის
კვალდაკვალ
და ამ სიტყვებში ფორებად ვრჩებით სხეულის სისუსტის, მისი წარმავალობის ამაღლებულ
ტევრში.
ელინური მწუხარების ნაჭდევები ჩემს სულზე,
რაც მომიხმობს ამ შუაღამით საკუთარ ძვლებზე დავესვენო, ჩემი თავის ლიმფურ
ტყეში
და გამოვეყო თევზის კვალს.
რასაც ხელყოფ, მის პირვანდელ ნაკადში დატოვებ.
ზღვა ზღვისას წაიღებს,
იყო მისი ნაწილი - ნიშანია მის წიაღში დაბრუნების.
ვფიქრობ მასზე, ვინც რუკაა.
მე ვკითხულობ მას და ვნიშნავ წერტილებს სადაც წამიყვანს, რა ადგილადაც
მაქცევს.
მე იარაღი მის ხელში მთვარის აღმოსაცენებლად.