ეძღვნება მაიკლ მაკლურს
. . . . . . .
პოეტი კაცი დააბიჯებს სიზმრებს შორის
ის ცოცხალია, ლაღად სუნთქავს
ნარგილეს მსგავსი რბილი მილაკით.
გარს ფერფლი ეყრება მიმოარულს
და მათ დამღერის.
ო რა მწვანეა
მზე სადაც ის ოკეანეს
ნიშნავს.
ბუმბულები გადარეკს ბორცვებს
რომლების ძირასაც პოეტი კაცი
ნაბიჯს არ უკლებს, წინ
ერთი ნაბიჯით იმის, რასაც უფრთხის,
რაც უყვარს.
. . . . . . .
რატომ გვიმტყუვნა პოეტმა?
რატომ ველოდეთ, ველოდეთ სიტყვის ხელახლა მოსვლას?
რისთვის გვახსოვდა, რას ნიშნავს სახელი
რათა ახლა დაგვევიწყებინა?
თუკი პოეტის სახელი ღმერთია რა ქუშია დღე
რა მძიმეა ტვირთი ის რომ დაატარებს.
ყველა პოეტი ურიაა, თქვა ცვეტაევამ.
ურიათა ღმერთი ურიაა, თქვა ურიამ.
გარშემო სულ თეთრი იყო და ხმა
უმძიმდა,
ვით პოეტის ხმა ზამთარში,
ძველი და მძიმე,
ტკაცუნა,
ზაფხულის მხარეში გაყინულ ოკეანეთა მომგონებელი,
რა წინაუკმო განცდა ღრღნიდა,
რა უმოწყალოდ ტანჯავდა თავი,
თავი ანებე!
პოეტი პოეტზე ოცნებობს
და გასძახის.
მალე, ვინაა, დაავიწყდება.
. . . . . . .
პოეტის დედას ელაპარაკე,
ახლა მკვდარია.
რამდენი წლის წინ მან მამამისის მხარე დატოვა.
პოეტის მამამაც.
ხეტიალის ძველი თქმულება ჯერაც უთქმელი,
არამართალი. თქმულება იმაზე, თუ ვინ ხარ,
თქმულება იმაზე, ლექსს სად მივყავართ,
თუ სად ჩერდება
და ხმა სად წყდება.
ლექსი სიკვდილთან კამათია.
ლექსი ფასდაუდებელია.
ვისაც ლექსი ერთხელ დაუშვებს, ის ლექსს ვეღარ დატოვებენ.
ვერცხლისფერ პიჯაკში პოეტი ლორკას ლექსიდან
დაუყვება დერეფანს რათა პოეტის პატარძალს შეხვდეს.
პოეტი ხედავს მის ძუძუთა სარკეში კიაფს.
ვაშლებივით თეთრი ძუძუები,
იტყვის ლორკა.
მას სამოთხის რძით გამოკვებავენ,
ოცნება ყველა პოეტი კაცის
პოეტი პატარძლის.
ბენდი დასცხებს
დღე უწყვეტობს და ეშურება
მომდევნო ღამის შესაგებებლად.
. . . . . . .
ზანგი პოეტი
ზანგია?
და არის კი მის ხელთა და ყელის ქმნილება
ზანგი ქმნილება?
დიახ, ამბობს პოეტი კაცი
სამი ბეჭედი რომ უკეთია,
პოეტი კაცი ძვირფას ნათელს რომ ეძიებს,
დღეს დამსხვრეულ კართან ატარებს
შიგ ვერავინ რომ ვერ შეაბიჯებს. გამოიკეტე
იძახის ღმერთი და ურია უწყვეტ
ძილში გადაგორდება.
ღმერთები როგორც ციცქნა ბორბლები ჩაუსრიალებენ
მთისპირა გზაზე სადაც კატები ცხოვრობენ
სასაფლაოზე, მამამისის ვარსკვლავი რომ იცავს,
პოეტი და პატარძალი ბალახებში გადაკონილან,
შავია მისი ხელები,
თეთრზე თეთრია მისი თვალები
და მეწამულით გარშემორტყმული.
ყური დაუგდე დაფდაფის ცემას,
გულო.
ზანგები დასავლეთის ნაპირს მოადგნენ
პოეზიის დიდი ხნის წინ დაკარგული წარსული ცოცხლდება.
. . . . . . .
თითებმა გვიმტყუვნეს.
მაშ მოიგლიჯე! ყვირის პოეტი
არა პირველად.
მკვდრები ისე ხშირად მოჩანან ქუჩებს შესეულნი
ვის არ უნახავს ისინი?
თრთოლა დაუვლის ქვედა ტანს,
მარადი სურათი ცხენის თავის
და მაწუხელების.
ქალის ძუძუ და თაფლი.
ის, რომლის პირშიც ხრეში ტენეს მკვლელებმა
მეტად რომელიც აღარ იმეტყველებს.
პოეტი ამ სიკვდილის ერთადერთი თვითმხილველია,
ყველა სტრიქონს წერს,
თითქოს ის ერთადერთი იყოს.