- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თანამოსასმენი – Massive Attack - Black Milk
1.
თქვენი სტომაქის ასავსებად სიტყვა არ მყოფნის: ღმერთი თქვენი მწყალობელი შაშვივით გალობდა და წამოვედი. აღარც მახსოვს, მართლა იყო თუ არა იყო რა. იყო ერთი უბედური მებადური და ქალი.
(ოთხი საქმე.გამოსვლა)
2.
მშვიდად ვიწექი, ცაზე ღრუბლის ნეკნებს ვითვლიდი, ცრუდ რომ შემიპყრეს და დილეგში გამომაწყვდიეს. მწყუროდა და წყალი მოწამლეს, მშიოდა და პური ძაღლებს უწილადეს. ჩემი კვართი დახიეს და ცოლებს წესთა დღისთვის დაუყვეს. მათ პირი შეკრეს. მე შიშის თასმით სუნთქვა შევიკარი და ლოცვები დავიგუბე. ხოლო სამსჯავროზე სხვა კაციც იდგა და ხალხმა მე მომიტევა. მშვიდად ვწევარ, ცაზე ღრუბლის ნეკნებს ვითვლი.
(დაბადება. ბარაბა)
3.
ჩემი კოჭი ფეხმძიმეა უცხო სულით, ხოლო კლდე შეკრთა – ბეწვის ხიდი დაახამხამა. დაფრთხა შავი აქლემი და გაჯიუტდა. ამოვიღე ბუმბული და მოვიხმე. მოფრინდა მშიერი ფასკუნჯი, შემისვა ზურგზე და გავფრინდით. დავკალი აქლემი და ხორცს ვაწვდიდი. ვერ გაძღა და ფრთა გაეყინა – მე სისხლი, შემეშინდა, მოვიჭერი სარცხვინელი და ვაჭამე.
(შვილი.შიში)
4.
ის ბოძთან ცეკვავდა და ყვავილების ქამარს უწნავდა – ჩემი სული ბოძში ეგონა. გამეცინა და მივასწავლე: ,,ცხრა ზაფხულს იქით, შემოდგომის პირზე თეთრი ირემი ქვას ძოვს, დანის პირზე დგას და ეშმაკს სიფრთხილე შეპირდა – ისე ჩქარია, გაფრენისას ჩრდილი წყდება. ირმის რქებში , აჯანყებულ ძარღვებივით რომ გამოჩრია, ჩემი სული გამოქსოვა მწვანე ობობამ" .
სუნი მცემდა და სუნმა გასცა – წავიდა ცოცხის უკან დამალული ვაჟი ირმის მოსაკლავად – ქალი მეხვევა და მიღიმის – ვწევარ წითელ წყალში, ათას თვალს ვატრიალებ, ვეხვევი და ვტირი.
(სხეული. ტკივილი)
5.
ვთქვათ – მთებს, ჩვენი მიწის ჩალურჯებულ მუხლებს მზე გუშინდელი სისხლივით აჩნდა
და დედამ არ მობანა ანუ საღამოა, რომელსაც ვერ წაშლი, თუნდაც ჩვენი თმები დავუნთოთ ნათლიას და ღამე შევთხოვოთ ან დილა შევთხოვოთ ან შუა დღე შევთხოვოთ და ხან, როცა მზერა უკან გამექცევა - გაუშვას – შევთხოვოთ. ნათლია მკაცრია, თხილის სალამურით და მწვანე წკეპლებით მოდენის გაქცეულს და კვლავაც საღამოს მკვდარ მინდვრებს აძოვებს.
მე ვზივარ სახლის წინ, ცოცხის ტარს ვაბოლებ, შენ კი მთელი წელი მილოკავ მუხლებს და
კოჭებს და ხერხემალს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყოველ დიდხუთშაბათს
(როცა სადაცაა)
მჭედლები მოდიან
და ისევ მამრთელებენ.
(მოსვლა. ამირანი)
6.
თბილი ოთახიდან მთვარის თოვლში ამოსვლა ნიშნავს ღამეს, დაობებულ საპურეს რომ გავს. ხოლო სიზმარში დღე ჩამესმის. ათასი ხმა და ნაბიჯი ათასი წლის ამბავს მაგონებს – მზემ დამწყევლა და ასე ვწევარ. დედაჩემი – ჩემი უებლიე ცოლი მივლის და გარს მივლის, ჩემი თვალის გასაღებს ეძებს. საღამოსხანს წავა და ვიღვიძებ.თბილი ოთახიდან მთვარის თოვლში ამოსვლა ნიშნავს ღამეს, დაობებულ საპურეს რომ გავს. სიჩუმეა. სხვების ნაკვალევს ვაკვირდები, სახლს ზურგზე ვიკიდებ და მივდივარ.
(გზა. დღისით მკვდარი)