- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
18 წლის ასაკში სექსი (თუნდაც, ორალური) გართობის მშვენიერი საშუალებაა. მაგრამ 18 წლის ასაკში სექსზე (თუნდაც, ორალურზე) პროზის დაწერის საშუალება ბევრს არ ჰქონია. 18 წლის ერეკლე დეისაძის ნოველა კოდური სახელით _ “99”, ორალური სექსის დემოგრაფიულ მისიას გვიჩვენებს.
რამე რომ იყოს, კარგი რეცენზენტი ასაკს არც კი გამოეკიდებოდა და საიფერული სჯაც არ დასჭირდებოდა, მაგრამ უამისოდაც არ გამოვა.
რატომ “99?” იქნებ, იმიტომ, რომ ალაჰს (არ მესმის, რაში ჭირდება, მაგრამ) 99 სახელი აქვს? იქნებ იმიტომ, რომ ეს ბინარული კომბინაცია სარეკლამო ტექნოლოგების საყვარელი რიცხვია? ან იქნებ სულაც ასევე “რეკლამშიკ” ფრედ ბეგბედერის სკანდალური წიგნი “99 ფრანკი” გამოგვადგეს სანიშნედ. სტილისტურადაც ხომ ჩამოჰგავს კიდეც ადგილ-ადგილ.
ამის გარდა, 99-ის (ანუ ორი ცხრიანის) გეომეტრიული პროგრესიით გაანგარიშებისას მიიღება ერეკლე დეისაძის ასაკი _ 18 წელი.
რიცხვი 99 ზღვარია, საიდანაც უნდა დაიწყოს რაღაც ახალი, ვთქვათ, ახალი რასა.
ქართველები განათლებული ერი ვართ და ცხადია, ვიცით ფოლკლორსა და მითებში არსებული ყველა არაორდინალური დაბადება: გველეშაპის ფაშვიდან, ყურიდან, ნესტოდან, ქუსლიდან, ნეკნიდან, ზღვის ქაფიდან, ბრმა ნაწლავიდან, კომბოსტოდან... ცხადია, ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი დედის საშოდანაც იბადება.
მაგრამ “99”-ში დაბადება “წარმოებს” ღრძილებიდან. მოკლედ, სრული პერვერსია. სამ უშვილო გოგოს თითო-თითო მადიანი მინეტიდან ცხრა თვის თავზე ღრძილები ებერება. ეს უშვილო დედების სექტაა. სექტა რელიგიურად კი არა, ისე, უბრალოდ. ვთქვათ, კონცეპტუალურად.
“ნატას კბილების ცვენა დაეწყო. იგივე სიმპტომი ჰქონდათ ნუცას და თაკოს. მოკლე დროის განმავლობაში, სამივე მათგანს აღარცერთი კბილი აღარ შერჩათ, ხოლო ღრძილები უსაშველოდ დაუგრძელდათ და კბილების ადგილზე, კვერცხისებური მოგრძო ფორმის უცხო სხეულები ჩამოეზარდათ. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ერთ თვეში დასრულდა. პირველად ნატამ იმშობიარა, შემდეგ ნუცამ, სულ ბოლოს კი თაკომ.
ამ პროცესს მშობიარობა მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ეს იყო ახალი ქართული რასის დაბადება. ათი სანტიმეტრის სიგრძის ლორწოვანი სხეულები, რომლებიც ღრძილებიდან იშვნენ. მათ ჰქონდათ ადამიანის აღნაგობა, მაგრამ არ ჰქონდათ სქესი. (ე. დეისაძე “99”)”.
ასე იშვა ახალი რასა, “ჰომო ნოვუსი”, რომელიც მშობლების ექსკრემენტზე იზრდება.
თუ ჰიტლერი ახალ რასაში (რატომღაც) ევოლუციის ახალ საფეხურებს ხედავდა, დეისაძესთან ეს ახალი რასა აბსოლუტურად მოკლებულია არათუ სოციალურ საზრისს, არამედ ბიოლოგიურსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ, მხატვრულზე. ამ რასის წარმომადგენლები სულ მთლად ორ აბზაცში 25-ე კადრივით გაიელვებენ და ვითომც არაფერი. არადა, მართლაც რომ არაფერი: მათი სოციალური ინტერაქცია მშობლების ძღნერის ჭამითა და თვლემით ამოიწურება. ერთი სიტყვით, სრულიად უწყინარი რასაა.
“99” ძალიან მხიარული ტექსტია. თუმცა, გამაღიზიანებელი გამოდგა ის, რომ ერეკლეს პროტაგონისტი პერიოდულად საკუთარი ამორალობის დატკიცებითაა დაკავებული. თითქოს პერსონაჟი (რომელიც ძალიან წააგავს ავტორს) მუდმივად გვემარიაჟება თავისი გარყვნილებით, მოჭარბებული აგრესიითა და ზეთამამი სექსუალური ფანტაზიებით (“მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბიურგერი, რომელიც ემის გაჟიმვაზე ოცნებობს. ემი ჩემი დის სახელია და იგი ბავშვობაში განგებამ ქვედა კიდურების ამპუტაციით დაასაჩუქრა”), სამაგიეროდ, აქვს ძალიან ეფექტური კონტრასტები: “ნუცა კოკაინთან მეგობრობს, მე _ ქრისტესტან.”
“მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედო პირში... აბაზანაში ბანაობისას, მე ვხმარობდი საპონს, რომლითაც შესაძლოა დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა. იგივე საპნით კი, მე საკუთარ პენისს ვეალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ინცესტია.”
თითქმის ტრუისტული “გარყვნილებაა”, თითქოს, მილერთან, ბერჯესტან, ირვინ უელშთან ან ისევდაისევ ბეგბედერთან წაკითხულივით, მაგრამ ფინალური ფრაზა მხატვრულად მამოტივირებელი ხდება. საპნის ინცესტური საზრისით დატვირთვა სხვაგან არც შემხვედრია და მგონი, ძალიან კარგი “სატოპკეა” ფროიდისტული თეორიების მოყვარულებისთვის.
სათაურის გარდა, ბეგბედერისულ ნარატივებს ტესტშიც ვხვდებით, რაც საერთო კონტექსტს უხდება კიდეც. თუმცა, ეს ირონიულ-გროტესკული სივრცე ერთბაშად მძიმდება, როცა ტექსტურ ანტრაქტებს შორის საიდანღაც ფილოსოფიური ბიჟუტერია შემოლაგდება და იწყება “ინტელექტუალი სირებისგან” საკუთარი პერსონის გამოცალკევება. ვფიქრობ, ამ ბიჟუტერიისგან გათავისუფლებით მეტი ადგილი დარჩება ხარისხიან ნარატივს, რომლის ნაკლებობას ეს ნოველა ნამდვილად არ უჩივის.
“99”-ის განწყობის ზუსტი გაგებისთვის მივყვეთ ფაბულას:
ერეკლე (უფრო სწორად ერეკლეს პერსონაჟი, ანუ ერეკლე) და მისი გელფრენდი “დიდი ქართველი მწერლის” ძეგლთან ნიშნავენ პაემანს. მაგრამ სანამ თქვენ გუნებაში “გვყავს კი ქართველებს” დიდი მწერალი”-ს კითხვას მოასწრებდეთ, ავტორი დაუნდობელი სიმართლის პირისპირ გაყენებთ: ეს დიდი ქართველი მწერალი თვითონ ერეკლე დეისაძეა.
“წასვლამდე ძეგლს უყურებს და მეკითხება, მომწონს თუ არა ჩვენ ზემოთ აღმართული მწერლის მოთხრობები. მე ვპასუხობ, რომ “99” ჩემი უსაყვარლესი მოთხრობაა.”
ნაცადი პოსტმოდერნისტული ხერხი _ ავტორის ნიღაბი _ ამ შემთხვევაში საუკეთესოდ მოერგო კონტექსტს და მთელი ეს ჰორორი თუ პორნო-დრამა გადაქაჩა (წუთიერ, მაგრამ მაინც) მხიარულ მეტატექსტში.
ავტორი საბოლოო ჯამში მოდერნისა და პოსტმოდერნის საზღვარზე ქანაობს, ხან იქით გადაიწევა, ხან _ პირიქით. მოდერნის დაუფარავი ამბოხი, პირდაპირი შეჯახება საგანთან და მისი დამსხვრევის მცდელობას ენაცვლება პოსტმოდერნისტული “შტუკები”, მეტატექსტური თამაშები და ირონიული ტროპები.
როგორც წესი, ასეთი ეკლექტიკა ამართლებს და რომ იტყვიან, კითხვადს ხდის ტექსტს, მაგრამ მთლიანად პოსტმოდერნისტული რომ იყოს, კომერციის და არტის ამბავშიც (ეს ორი სფერო კი, კაი ხანია, აღარც განსხვავდება ერთმანეთისგან) მეტს მოიგებდა. მოდერნი, როგორც წესი, ასეთ თემებს დაძაბულად უდგება, რაც ამ ტექნოკრატიულ დროში ცოტა დამღლელიც კია, მაშინაც კი, თუ ისეთი მშვენიერი ფინალი გაქვს მოფიქრებული, როგორც ეს ერეკლე დეისაძესთანაა. სრული რეპრეზენტირებისთვის მთლიანად მოვიტან ფინალურ ციტატას:
“შუადღის სამი საათი არის დრო, როდესაც ახალი რასა თვლემს, ხოლო ტელევიზორი არის ნივთი, რომელსაც ამ დროს ვიყენებთ. მე და ჩემი სამი ალქაჯი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვსხედვართ. ჩვენ ჩუმად ვართ, ტელევიზორი _ არა. ეკრანზე ანაფორაში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი (მას ყველა “უწმინდესს” ეძახის) დინჯი იერით გვამცნობს აპოკალიფსის დადგომას და ანტიქრისტეს გარეგნობის სკრუპულოზურად აღწერით არის დაკავებული.
კარზე ზარია...
ერთმანეთს დაძაბული ვუყურებთ. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ელოდება ვინმეს. ჩვენი გაოცების მიზეზიც ეს არის. ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა არავინ არაფერი იცის. ასეთ დროს სიჩუმე ყველაზე აუტანელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი, რომ კარები უნდა გავაღო და ასეც ვიქცევი.
იქ თეთრწვერიანის მიერ აღწერილი პიროვნება დგას. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
_ შეიძლება? _ მეკითხება.
_ სტუმარი ღვთისაა. _ ვპასუხობ.”
თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმარი ანტიქრისტეა, მაშინ ეს “უმანკო” ფრაზა (“სტუმარი ღვთისაა”) სახიფათო ამბივალენტურ ნიშნულად იქცევა, რომელსაც ავტორმა დაუნანებლად გადააბიჯა და კიდევ ერთხელ ააწნა სილა ტრადიციული ბინარული ოპოზიციების მოყვარულებს.
ფინალი აღწერის დინამიკითა და სიტუაციურობით ალბათ სარტრის “ჰეროსტრატეს” და ბეგბედერის “სენ-ჯერმენ-დე-პრეში ნაპოვნი ხელნაწერის” შორეული რემინისცენციაა, რაც კარგადაა გააზრებული და გადამუშავებული.
ისე გამოვიდა, რომ ტექსტი ძალიან არაპოლიტკორექტული და ეპატაჟით გაჯერებულია, ამიტომაც, მგონია, რომ ისეთ საინტერესო რამეს, როგორიცაა დღევანდელი ქართველი საზოგადოება, მოუწევს რეფლექსების ფრქვევა, ავტორს კი _ამის ატანა.