• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ამბავი ჩვენზე

×
ავტორის გვერდი დათო ყანჩაშვილი 00 , 0000 2220

მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე,
და რომელიც ტუჩებსღა ახსოვთ,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ
შენს ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
მათ რომ ერთმანეთს აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენს ცხოვრებაში რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში,
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ აღარ ეკუთვნის
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე ავსებენ მზერას.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ გვჭამს საკვები, რომ გვსვამს წყალი,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ამოგვყავს მთვარე
ღამიდან - როგოც რძიდან ყველი,
და ვანახევრებთ, უფრო სწორად, ვინახევრებთ,
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს.

ერთი შეხედვით, უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გეცემა ჩრდილი,
ხელებს უკან წევ და ყველგან ამჩნევ ამ შევსებულ სიცარიელეს.
სადაც ადრე გზა გეგონა,
სადაც ადრე გეგონა ხიდი,
სადაც ხე იდგა
და ბოძებს შორის სადენები ეგონათ ჩიტებს.

და ამ დროს ჩნდება,
ზუსტად შენს გვერდით,
ის კაცისხელა სიცარიელეც,
რომელსაც ჩემი სახელი ერქვა
და რომელიც თოვლმა შეავსო.

მერამდენე ღამეა უკვე
თავს ვიმძინარებ
და ჩემი თავი მადგება თავზე,
როგორც ეჭვით შეპყრობილი საყვარელი,
რომელიც ცდილობს ჩემს გამოტეხვას.

მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენს ამბავს

და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული