ერთხელ მამაჩემმა, მიხეილ სიმონის ძემ, მაგრამ “გაიგედ” ზედწოდებულმა, რადგანაც საუბრისას ხშირად “გაიგე?”-ს ურთავდა, პირველკლასელს გაკვეთილი ამიხსნა.
რა გაკვეთილი იყო დედა-ენიდან, აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ გავიგე და მახსოვს, რომ გავიგე, როგორ უნდა გამეგო. წიგნმა გადაიხადა პირბადე. შემეცნების ჰორიზონტი გაიხსნა. დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის მაშინ განცდილი სიამოვნება გაგებისა.
გაგებინების პროცესი უბრალო იყო, სიტყვები განმარტა, გადაადგილა, თან დამაკვალიანა: “რო წაიკითხავ, მერე გულში უნდა სთქვა, გაიგე?”
გულშითქმა გულისყურის ამოძრავებაა, გასუფთავება და ამოქმედება. წაკითხული გარეთ დარჩება, თუ მერე გულში არ ითქვა და არ იშვა ხელახლა, თუ ექოდ არ მოედო საგულეთს, შინაგნობას.
ჰერმენევტიკის მორეწვა-მომუშაკებას ვაპირებ, მაგრამ თან ვფიქრობ, სჭირდება კი ვინმეს ეს ჰერმენევტიკა? რა გვეჰერმენევტიკება (ახლა მე რომ ხევსური მინდია ვიყო და მთიული ცოლი მყავდეს, დამიცაცხანებდა: დადეგ, დადეგ შე ბეჩაო, ემა ბალღებს რო ფეჴისამოს არა აქვის, ჰერმენევტიკას ჩააცომ?). ნიკო ნიკოლაძემაც კორტნა კონტი, თანამედროვე სოციოლოგიისა და აზროვნების მამა, მაგრამ კონტისეულობა ჩვენს ჭკვა-გონებას არაფერში დასტყობია! თუმცაღა, შექსპირი, რაბლე და პლატონი კი როგორღაც გადმოინერგა! მე რომ ჭკუა მქონდეს, ახლა კანატიაში საარაყე პანტებს უნდა ვბერტყავდე. ყველაფერს რომ მივედ-მოვედები. ბერძნულად “პანტა” “ყველაფერს” ნიშნავს. გუშინ წავაწყდი ამ პანტას პლოტინის კითხვისას. მის მოძღვრებაში პანტას სულ პანტა-პუნტი გაუდის. გამახსენდა პანტა და პანტის ჟიპიტაური, ყველაფრის მჯობი, კაცისად თავის ბეჩაობის დამვიწყებელი, ხელად გამაპანტოკრატორებელი.
რა კარგია უნამუსო თავის გალანძღვა... გუშინ კიდევ ღმერთს ვეხუმრე. არ ვიცი, რამ მომაგონა, შექება ყველას უყვარს, ვიფიქრე, ღმერთსაც ეყვარება, ლოცვებშიც ხომ სულ აქებ-ადიდებენო... ჰოდა, მეც შევაქე: "რა კარგი ხარ ღმერთო, რა კაი კაცი, როგორ გიყვარს კაცის ცხონება!” ნეტავი გაუხარდა თუ არა. გაუხარდებოდაოთა! - ეს ფშაურად ნიშნავს: ალბათ გაუხარდებოდა!
ჰო, ჰერმენევტიკას უნდა შევბმოდი. რომ გადავხედე ლიტერატურას, ლიტერატურა კი არა, ოკეანეა! თეოლოგიური, იურიდიული, ისტორიის, ენის, ფილოსოფიური ჰერმენევტიკაო... Helmut Seiffert-ის საუნივერსიტეტო შესავალი (Einführung in die Hermeneutik) ქართულ სადღეგრძელოსავითაა, ყველაფერს გეუბნება, მაგრამ არსებითად არაფერს. ნეტა ეს შესავალი ბ-ნმა ჰელმუტმა სიმთვრალეში ხომ არ დაწერა?
მერე ვიფიქრე, მარტო ფილოსოფიურ ჰერმენევტიკას დავჯერდებიო... აქაც ჯუნგლია. ჰერმეს ტრისმეგისტოსიო, არისტოტელეო, ორიგენეო... მიქაელ პსელოსიო, მარსილიო ფიჩინოო, შლაიერმახერიო... სიცოცხლის ჰერმენევტიკაო — დილთაისული, დილთაი და ძმანი მისნი, მოწაფენი, ბოლნოვი და სხვები. ბერგსონი, ბულტმანი და კიდევ სხვანი — ჰაიდეგერამდე, იმის “ფაკტიციტეტამდე”, და იმის “ფაკტიციტეტედან” კიდევ ჰერმენევტიკის თეთრყვავადწოდებული გადამერის “პრეჯუდისამდე”(გადამერს "თეთრ ყვავს" ზემოხსენებული ზაიფერტი უწოდებს,რაც კიდევ უფრო განმიმტკიცებს აზრს, რომ მან თავისი სახელმძღვანელო სწორედაც რომ გადაბმულ სიმთვრალეში, ზაპოიში გამოაცხო!). სხვებსაც დავასახელებდი, ძველებსაც, ახალ-უხლებსაც, ორმოცდაათ ავტორამდე, მაგრამ რად მინდა, ტყუილა დროპინგი ანუ ახალი სახელების შემოყრა დამბრალდება. თანაც, როგორც მხოლოდ რელიგიისმცოდნის სამაგისტრო ხარისხისათვის არჩეული საჭირო თანასაგანი ფილოსოფია ამდენ თავის გამოდებას არ მავალდებულებს!
კარგა ხანი იტრიალა ჰერმენევტიკულმა წრემ ჩემს გონებაში. — პროლოგს 21.VII. 03 აზის თარიღად, დღეს კი 10.X.03-ია. ვიბეჯითე, რაც შემეძლო, გადამერის “ჭეშმარიტება და მეთოდი” გადავაბულბულე, იოლი ენით წერს, გამჭვირვალედ, ჰაიდეგერივით არ პომპეზურობს. მაგრამ წაკითხული წიგნი ჩაყენებული საარაყე ხომ არაა, რომ ორ კვირაში ამოდუღდეს. ხან ოცი წელი სჭირდება. არც კი ვიცი, მოვესწრები თუ არა ჩემში გადამერის ამოდუღებას.
შევეშვი! ჰერმეს ტროსმეგისტოსზე ფიქრს მაინც ვერ შევეშვი. მაცნე, ღმერთებთან შუამავალი და თვითონაც ღმერთივით, ადამიანებთან ენის, ცოდნის, ფილოსოფიის, აზროვნების ცეცხლის, წინასწარმეტყველების ნიჭის მომტანი, სამგზის ქებული, ეგვიპტურ ღმერთ თოთ-ის (Thot) ბერძნული ანარეკლი. XVII საუკუნემდე ეგონათ, რომ ჰერმესის კორპუსი (Corpus Hermeticum) “წინარექრისტიანული ქრისტიანობა” იყო და გარდა ძველი აღთქმისა, ეგვიპტურ-ჰელენიურ სიბრძნეშიც გამოსჭვიოდა მესსია. კიდევ კარგი, ასე ეგონათ(სანამ ისააკ კასაუბონმა, XVII ს., ზუსტად, II საუკუნით არ დაათარიღა), თორემ ეს იგავმიუწვდომელი თხზულებანიც პორფირიუსის წიგნების ბედს - კოცონს გაიზიარებდნენ. ჰერმეტიკა ჯერ ბიზანტიურ, მერე კი ევროპული რენესანსის სულისკვეთებას ესაფუძვლა და ამგვარად მოვიდა ახალი აზროვნება, ახალი დრო და ა. შ. იხ. დაწვრილებით ტექსტი -Corpus Hermeticum, ed. A. D. Nok, 4 ტ.. 1945-54. გამოკვლევებიდან მაგალითად, J. Kroll, Die Lehren des Hermes Trismegistos, 1913 თანამედროვეთაგან: A. Löw, Hermes Trismegistos als Zeuge der Wahrheit, 2002.
დილთაის განმარტებით, ჰერმენევტიკა ნიშნავს, შემოქმედება შემოქმედზე მეტად გესმოდეს: შექსპირი შექსპირზე მეტად, ვაჟა — ვაჟაზე მეტად. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც შემოქმედი არაცნობიერად წერს. მაგალითისათვის, გერმანიაში ერთ პროფესორ ქალს გადავეყარე, რომელსაც მაქს ვებერი მაქს ვებერზე უკეთ ესმის, “პროტესტანტული ეთიკა” სულ გადაუჭრელებ-გადაუხაზავს და სემინარს ატარებს, სადაც, სხვათა შორის, ვებერზე პლოტინის ფარული გავლენის შესახებაც საუბრობს და ა. შ. ნეტავ ისეთი უშნო არ იყოს, რომ ბალიშის სახეზე გადაფარება მაინც შველოდეს, ვაპატიებდი ამდენ გაფრენებს!
დილემის წინაშე აღმოვჩნდი: ან უნდა გავჩერდე, ვიცოცხლო და ვისიამოვნო, ან ყველაფერი უნდა უკუვაგდო და ჰერმენევტიკის კვლევის მეტი არაფერი ვაკეთო. ამოვიღამო თვალები ბიბლიოთეკაში ჯდომით და საღამოთი, ბუსავით რომ გამოვძვრები ამა თუ იმ ბიბლიოთეკიდან, მშვენიერებანი მხოლოდ შორიდანღა ვათვალიერო. თანაც ამ თვალიერებაში ჩემი არსებობის რეალურობაში ეჭვი მეპარებოდეს. დავმარცხდი ჰერმენევტიკასთან უთანასწორო ომში? “გაიგე” მაინც არ რქმეოდა მამაჩემს! მანვე მიანდერძა: “საქმე ნუ შეგაშინებს, გაიგე?” ამიტომ არ შევუშინდები, ჰერმენევტიკას ჩემით დავუწყებ კირკიტს. აი ცხოვრება. რატომ არ გვესმის ან რატომ გვესმის ადამიანებს ერთმანეთის? რატომ ვიგებთ ან რატომ ვერ ვიგებთ რაღაცას? ვიწყებთ შემეცნებით ცხოვრებას “აი ია”-თი. იაც იქვე ხატია. ერთ გომეწრელ ბავშვს, ელენე ვაჩეიშვილს, მასწავლებელი, ივანე ნაყეური უხსნიდა: “აი, კატა”. კატაც იქვე ეხატა, ბავშვი კი სულ გაიძახოდა, “აი, ციცაი, მასწავლებელო!”. აი რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ცხოვრების ჰერმენევტიკიდან.ეგ დიდი ხნის ამბავია,- მშვენიერი ელენესი არ იყოს, - მაშინ მე გაჩენილი არც ვიქნებოდი.
1. პატარა მარიამს ვეუბნები: მზეში ნუ დგახარ! მგონია, უკვე დამიჯერა, აღარ ვაქცევ ყურადღებას, გავიხედე, ისევ მზეში დგას, ცხვირი გადაჰქლეტია. ვღრიალებ: მზეში ნუ დგახარ! იყურება დაბლა, ფეხებში, შეშფოთებული ბავშვი, ახედავს მზეს, დაიხედავს დაბლა, ისევ ახედავს მზეს, ისევ დაიხედავს დაბლა, ვერ გაუგია, რანაირად დგას “მზეში”, როდის მოექცა მზე მისი ფეხების ქვეშ, ის ხომ ისევ ცაზე ჰკიდია...
2. ენა, ენა და ენა. “არცა დააგდო ტირილი, არცარა გაიგონა მან”. “ბაგრატ მეფე მომკვდარა”, ციხეში შედის ამბად: “ბაგომ ტაკო იტკინა (გიორგი ხაჭაპურიძისაგან გაგონილი), ტრაგიკული გაუგებრობა ტოტალიტარიზმის დროს! უცოდველი ხარ, ყველა ხედავს, მტარვალს უმტკიცებ შენს სიმართლეს, მას კი არაფერი ესმის (იხ. მ. მამარდაშვილის “საუბრები ფილოსოფიაზე”).
“და შევიდა ბაგინთა ურიათასა, რამეთუ უწყოდა ენაი ბერძნული და ებრაული”. როცა სამოციქულოდ ემზადებიან, ჯერ ენას სწავლობენ, სამისიონერე ენა და ერი თავის არსებაში შემოჰყავთ. ცხოვრობდა ნინო მაყვლოვანსა შინა შვიდ წელიწადს, იქვე ეძინა, გაისიზმრა, გაიშინაგანა, შეისისხლხორცა ქართლის ქვეყანა თავის სარეცელზე, “ხოლო სარეცელი იყო ძუელ, დარეცილ ქუეყანასა ზედა”.
3. მამასა და შვილს შორის ტრაგიკული გაუგებრობა, როდესაც შვილი მსოფლმხედველობას იცვლის ან მამას არ ესმის შვილის, ან შვილს — მამის, ან ორივეს — ერთმანეთის. მამათა და შვილთა ომი, “დაკა, დაკა!” ყველა ეპოქას მეტ-ნაკლებად ახასიათებს, ეს უბრალოდ კანონზომიერია, რადგანაც დრო გადის...
“ნეტავ რა ღმერთი გამიწყრა,
მარგალიტების მფლობელსა,
რომ თავის უშნო ენითა
ვერას ვაგონებ მშობელსა?”
დღესაც მტკივნეულად მახსენდება ერთი უბრალო კაცის მწუხარება. მან რატომღაც მე გადამიხსნა გული; შეჰყურებდა თავის ორ ტყუპ ვაჟკაცს, რომლებმაც მაინცდამაინც ბერობა მოინდომეს და შესჩიოდა თავის უბედურებას მაღლა ღმერთს, დაბლა — კაცს; ტყუილუბრალოდ იშრომა, იწვალა, სახლი აუშენა შვილებს და მომავალი გაუმზადა. არ მესმისო, — ამბობდა ის, — ღმერთს რაში უნდა ჩემი უბედურება?! იქნებ მართლაც არაფერშია საჭირო “ყინულებში ყოფნა კაცისა” ან დედისერთათა გაბერება? ბერობა ხომ ქრისტეს მხედრობაა, დედისერთები კი მხედრად არ მიჰყავთ. ამ სამხედრო კანონს ძველად ეკლესიაც ითვალისწინებდა. იმ კაცის მესმის, — ყველაზე დიდის, სიცოცხლისათვის რომ იბრძვის, იმ “ღმერთის” კი (ე. ი. იმ კლერიკალური აგიტაციის), იმ კაცის რომ არ ესმის, არა და არ მესმის და არც მინდა მისი რამე მესმოდეს. რაკი რელიგიაზე ჩამოვარდა საუბარი, სექტაც ვახსენოთ.
4. აი, ვუყურებ, დგას ქუჩის კუთხეში, ჩასაფრებულია “საგუშაგო კოშკით” ერთი ბერძენი ძია. წარუმატებლად. ხანდახან ერთი ახალგაზრდა თანამემამულე თუ გამოელაპარაკება, რომელსაც გზაც იქეთა აქვს, გამვლელია, და ძია მაინც აცმუკდება და ატმუკდება სიხარულით, კარგა მანძილზე მისდევს ახალგაზრდას, თავისას უმტკიცებს, გაცხარებული ეპაკიპუკება ბერძნულად რაღაცას, ახალგაზრდა კი აგლახავებს, სიამოვნებისგან ბჟირდება. მერე “ბერძენი ძია” ისევ თავის ჩანთასა და სადარაჯო ადგილს უბრუნდება. მაღლა სწევს თავის “საგუშაგო კოშკს” და მოთმინებით ელოდება მუშტარსა თუ მსხვერპლს; არ მესმის იმ “ბერძენი ძიისა”, რა გაუჭირდა საამისო, ბერძნული კულტურის, ან ძველის, ან ახალის, ნუთუ ვერაფერი მიეცხო? მე თავს ვაკლავ მაგის პლატონს, პლოტინსა და პლეტონს, ეგ კიდევ “საგუშაგო კოშკს” გუშაგობს. “ბერძენ ძიას”, ვატყობ, ამ ქვეყნის არაფერი გაეგება. მან რომ ელემენტურად გერმანიის ისტორია იცოდეს (მოქმედება სადაც ხდება), ამ ჰიტლერის 100%-ით ანალოგიურ ულვაშებს ხომ აღარ დაიყენებდა! გამვლელ-გამომვლელს მის დანახვაზე სულ ელეთ-მელეთი მოსდის. ბოლოს “ბერძენი ძია” სუპერმარკეტში დავინახე. მას ეყიდა ორი პური, მხოლოდ ორი კილო იაფი, კონსერვირებული, დაფასოებული პური. ვინ ყიდულობს ასეთ პურს გერმანიაში, სადაც სახაბაზო-საფუნთუშეების წვიმაა და ათასნაირი პურის ცხობა-ჭამის დიდი კულტურული ტრადიციაა? ძალიან ღარიბი, უცხო ან არავინ. “ბერძენმა ძიამ” ერთი პატარა “კოკა-კოლაც” შემოდო სალაროს თაროზე. ნეტავ ვისთვის უნდა? იქნებ შვილიშვილი ჰყავს სადღაც? ძალიან შემეცოდა “ბერძენი ძია” და მგონია, რომ ამით უკვე რაღაც გავიგე მისი. თანალმობა და ანალიზი და არა სიძულვილი და გულგრილობა მიგვიყვანს ადამიანებს ურთიერთგაგებამდე.
ჰერმენევტიკა გაგება, გაგებინება, თარგმნა, თარგმანება, კომენტირება, ინტერპრეტირება, ექზეგეტიკა, განმარტება, ახსნა და, ყველაზე მეტად, ურთიერთსიყვარულია. ჰერმენევტიკის პრეჯუდისული პარადოქსია: მე რომ რაღაც გავიგო, ამისათვის მე ის უკვე უნდა ვიცოდე. წინასწარულობას რაღაცის ცოდნისა, რაც მერე უნდა გავიგოთ, მხოლოდ სიყვარულში, თანალმობაში, შეუძლია ფესვების გადგმა.
სიყვარულმაც მოგვიტყუა.
საინტერესო იქნებოდა სიყვარულის ჰერმენევტიკა. არა, შორს არ წავალ, უბრალო სიყვარულს ვგულისხმობ, ვსთქვნე ხელობანი ქვენანი...
რაშია ქალებთან წარმატების ანუ სიყვარულის ჰერმენევტიკის საიდუმლოება? როდესაც ამ საქმეში დიდად დაწინაურებულ მეგობარს ვკითხე, იმდენად დაწინაურებულს, რომ აღფრთოვანებისაგან მას ლექსებსაც კი უძღვნიან:
"აქა გნახე მაშინ შენი
ორი ცოლის თანხლებით,
გვერდებს როგორ გიმშვენებდნენ
გამხდრები და მაღლები!
ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,
ჩაგიქროლე ქარივით,
ორი ფიქრი ჩამრჩა გულში
შენი ორი ქალივით:
ეს რა ვქენი მუსლიმანმა
ჩემ ქრისტიან მეგობარს
ავერიდე – საძრახისი
სატანჯველად მეყოფა..."
როდესაც ამ ლექსის ადრესატს მისი წარმატების საიდუმლოება გამოვტყუე, ვცადე ის ანბანური საიდუმლოება (ენა, საუბარი) მეც გამომეყენებინა. ჩემი “წარმატებაც” მალე ვიხილე, სულ შემოვიფრთხე ქალთა მოდგმა. ეტყობა, ენასაც და საუბარსაც გააჩნია.
და ათასცოლიანი სოლომონ იტყვის: “ნეტარ არს კაცი, რომელმან მოიგო გონიერებაჲ და მოკუდავმან, რომელმან პოვა მეცნიერებაჲ, ხოლო ოქრო-აედონი ეკლესიისაჲ პავლე ჴმობს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ და კუალად გეტყჳ: გიხაროდენ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სამარადისოსა ნეტარებასა მოგატყუებს თქუენ". -აი რანაირი საუბარი ვიცი, აბა მე ვინმე შემებმევინება?
ცხოვრების ჰერმენევტიკის მომდევნო, მეხუთე ეპიზოდი პავლესეულია. ამ თიანლებს ხომ სუყველას ისა გვგონია, ქალაქელი ქალები, სულ რომ იბანენ და იკვრიწინებენ, ჩვენ რას გვიკადრებენო! — მიყვება თავის რომანის დასაწყისს ჩემი მეზობელი პავლე — ერთ, ცოტა არ იყოს, მაღალი წრის ქალბატონთან. იმ ქალბატონს პავლეს მეგობრის ახლომახლო უცხოვრია და ასე შეუთვალიერებიათ, გაუცვნიათ ერთმანეთი. ერთხელაც, შემთხვევით, ერთად გაუსეირნებიათ სადღაც. უნივერსიტეტის მახლობლად, ოღროჩოღრო გზა შეხვედრიათ და ამ დროს უთქვამს იმ ფეხადგმულ მშვენიერებას პავლესათვის: “აბა, გააჩინე ნაკადული!”
ჩემს პავლესაც გაუგია, რაც უთხრეს, — ჰერმენევტიკაში ნიჭიერი გამომდგარა, — რაინდს მართებს მშვენიერი არსების მკლავებზე გაწვენა და ისე გადაყვანა წყლის მეორე მხარეს. ასე აღმოჩენილა ის კეთილშობილი საყვარელი არსება პავლეს მკლავებში, საიდანაც კარგა ხანს, კალიფორნიაში გამგზავრებამდე, არ ჩამოქვეითებულა.
6. მეორე ამბავი, ცოტა გაუგებრობისეული. ერთი, ისიც ჩვენებური, პეტრე, - "აროთ მატყუებენ კია ე მეზობლები", -ვფიქრობ თავისთვის. ისიც არაჩვეულებრივ მანდილოსანთან მოხვედრილა, ოღონდ ხელოსნად, და იმ ქალს დიდი ყურადღება გამოუჩენია ხელოსნისადმი. აბა მე საიმაო ფიქრს როგორ გავბედავდი, უბრალოდ, ზრდილობიანობას, კულტურულობას მივაწერე ყველაფერიო! ქალმა დაატყო ბრგე მთიელს გაუგებრობა და საუბარი ცხოველთა ტრფიალებაზე ჩამოუგდო. თქვენთან როგორ იგებს მოზვერი, დეკეულს რომ ესურვილებაო? კაცი დაფიქრებულა და უპასუხებია (თვალწინ დამიდგა ი მოზვერ რო მიადებს ზედ ცხვირსა და უსუნთავსო!): სუნზე იგებსო!
- “მერე შე მამაცხონებულო, შენ რამღა ჩაგიკეტა ცხვირი, გრიპი ხომ არა გაქვს?”-ო...
როგორ დამთავრდა ეს ამბავი, ვეღარ მოგიყვებით, პეტრემ შაირგო, მე და შენ რა შუაში ვართ, მკითხველო?
ჰერმენევტიკას, გაგებას სჭირდება ადგილი, სადაც რამეს გაიგებ, ალბათ ბედისწერაც, თუნდაც იმ ქალების გვერდზე მოხვედრა. მე მაინც მგონია, რომ საუკეთესო ადგილი, სადაც რამეს გაიგებ და გაიგებ, რა არის ჰერმენევტიკა, ანუ გაგების, გაგებინების ხელოვნება, ბიბლიოთეკაა...
ბიბლიოთეკა კი ბარშია. კარგი იქნებოდა, თუ ევროპაში, ე. ი. ბარად ჩამოყრილი ახალგაზრდობა (ძირითადად რომ ბაცაცობითა და თურქულ ბარებში დღის ლუკმის კეთებითაა დაკავებული), დროდადრო ბიბლიოთეკებშიც შეიხედავდა, იქ რამეს გაიგებდა და მერე ჩვენც მოგვიყვებოდა...
მაშინ ვაჟას სვავივით ჩვენც გავიგებდით რამეს.
სვავმა რა კარგად გაიგო ბულბულის გალობა! “ერთი გამაძღარი სვავი კლდის თავზე იჯდა”, მან “გაიგო”, ე. ი. გაიგონა, ბულბულს ჩემზედ აუგი უთქვამსო. იგი ყორანს გაჰყვება ბარად, ბულბულს მოუსმენს, და რაღაცას გაიგებს, განიცდის, გული მოულბება, იტირებს... ყორანმა როგორღა გაიგო ბულბულის ენა: — ყვავისთვის უთარგმანებია. ყორანი გვიყვება:
“გავიგე ის, რაც ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია და იქნება კიდევ ვეღირსო ბულბულის ხმის გაგონებას [...]. ყვავს ბულბულის ენა კარგად სცოდნია, და დაწვრილებით მითარგმნიდა, განა არ იცი, ზამთარ-ზაფხულ ბარადა გდია და ადვილად შეისწავლიდა.
- რას გითარგმნიდა, რატომ მეც არ მეტყვი? — თქვა კვლავ სვავმა.
- ბევრს რასმე, ვინ მოთვლის! ყველა ვერ დავისწავლე, — უთხრა მას ყორანმა. ცოტა რამ კი მახსოვს. აი თურმე რასა მღერის ბულბული: “ამოდით ყვავილნო, შვენიერნო, ტურფანო, დედამიწის ანგელოზნო, თქვენ დაგედევით მტლედ, თქვენ გენაცვალეთ, უთქვენოდ ღმერთმა ნუ მომცეს ერთის დღის სიცოცხლე, თქვენა ხართ, თქვენა, ჩემი სიცოცხლე... “
ახლა ხომ გაიგე, მკითხველო, რაც ყოფილა ჰერმენევტიკა და რისთვისაც ვაგდივარ ბარად.
მაშ, გაიგე?
მაინც დავაბეჯითებ, მოკლედ ჰერმენევტიკული ენციკლიკა ასეთია: სვავი, ყორანს მიჰყვება, ყორანმა უკვე ყვავისგან იცის ბულბულის ენა, ამდენად ყორანი უთარგნის სვავს და ეს უკანასკნელი კიდევ ტკბება, ბულბულისგან ნაწყენობა ავიწყდება! აი, ნამდვილი ჰერმენევტიკული წრე, საყოველთაო შერიგება, რაც კულტურათა ომს აგვაცილებს!
თქვენ კი ყვავილებო, ამოდით, ამოციცინდით და ყველანი ქალებად გადაიქეცით, რაღაც მეცოტავებიან ეს ოხრები, იქნებ გაძღეს თვალ-გული ამათი ცქერით!...
10.X.2003/ 4.II.2010, Tübingen