• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სატანის ძე

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბუკოვსკი 00 , 0000 3505

მთარგმნელი: თინა აგნუსი

თერთმეტი წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები, ჰესი და მორგანი კი თორმეტისა. ზაფხული იყო, სკოლაში აღარ დავდიოდით. სამივენი მამაჩემის გარაჟის უკან, ბალახზე ვისხედით. მზიანი ამინდი იყო. სიგარეტს ვეწეოდით.

- დამპალი!  - ვთქვი მე.

ხის ქვეშ ვიჯექი. ჰესი და მორგანი კი გარაჟისკენ ზურგით.

-  რა მოხდა? - შემეკითხა მორგანი.

-  დედას ვუტირებთ მაგ ბოზიშვილს!  - ვთქვი მე. - არცხვენს ჩვენს უბანს.

-  ვინ? - იკითხა ჰესმა.

-  სიმფსონი - მივუგე მე.

- ჰო! - თქვა ჰესმა - რა ჭორფლიანია, მაგრად მაღიზიანებს.

- მაგიტომ არა - ვთქვი მე.

- მაგ ბოზიშვილმა ქვეყანას მოსდო თუ როგორ გაჟიმა გოგო  გასულ კვირას ჩემი სახლის ქვეშ.  ეშმაკმა დალახვროს, ეს ხომ სიცრუეა! - ვთქვი მე.

-  ნუთუ? -  წარმოთქვა მორგანმა

-  დასაჯერებელია - თქვა ჰესმა.

- რის თავი აქვს, განა შეუძლია ვინმე იხმაროს? - თქვა მორგანმა.

- ეგ ჩათლახი ტყუის - ვთქვი მე.

- სიაფანდები არ მევასება - თქვა ჰესმა და პირიდან თამბაქოს ბოლის რგოლები გამოუშვა.

- გულს მირევს ასეთი სიდამპლის მოსმენა მაგ ჭორფლიანი ბიჭისგან. - თქვა მორგანმა.

- აუცილებლად ხელში უნდა ჩავიგდოთ - შევთავაზე მე.

- რატომაც არა! - წამოიძახა  ჰესმა.

- ვინც არა - თქვა მორგანმა.   

დავადექით გზას სიმფსონის სახლისაკენ და იმ დროს მივადექით, როცა იგი გარაჟის კარებს ბურთს ურტყამდა.

- ჰეი,შენ - შევძახე მას, - გაგიგია საკუთარ თავთან ხელბურთის თამაში?!

სიმფსონმა ბურთის თამაში შეწყვიტა და ჩვენსკენ შემოტრიალდა.

- ბიჭებს გაუმარჯოს!

ჩვენ ის წრეში მოვიმწყვდიეთ.

- ამ ბოლო დროს კიდევ ვინმე გოგო ხომ არ გაგიჟიმავს რომელიმე სახლის ქვეშ? - შეეკითხა მორგანი.

- არა!

- როგორ ახერხებ ამას? - ახლა ჰესი შეეკითხა მას.

- არა, მე არაფერი გამიკეთებია.

- პირდაპირ დაუჯერებელია, რომ შენ ოდესმე ვინმე გაგიჟიმავს, თუკი შენ თავს არ ჩავთვლით - ვუთხარი მე.

- სახლში უნდა შევიდე, - თქვა სიმფსონმა, - დედამ ჭურჭლის დარეცხვა მთხოვა.

- დედაშენს ურჩევნია თავის საშო გამოიბანოს. - უთხრა მორგანმა.

ჩვენ სიცილი აგვიტყდა, მე სიმფსონს მივუახლოვდი და მოულოდნელად ისე მაგრად ვგლიჯე მუცელში, რომ ის გმინვით მოიკეცა და ხელები მუცელზე წაიჭირა. ასე იდგა ნახევარი წუთი, შემდეგ კი გაიმართა.

- მამაჩემი წუთი წუთზე მოვა. - გვითხრა მან.

- აუ, მართლა? ერთი გვითხარი, მამაშენიც ჟიმავს პატარა გოგოებს სახლების ქვეშ? - დაცინვით ვკითხე მე.

- არა.

ჩვენ ავხარხარდით. სიმფსონს ხმა არ ამოუღია.

- შეხედე რამდენი ჭორფლი აქვს, - თქვა მორგანმა. - რამდენ გოგოსაც იხმარს სახლის ქვეშ, იმდენი ახალი ჭოფლი უჩნდება.

სიმფსონი დუმდა. ის სულ უფრო და უფრო შეშინებული იყურებოდა.

- ხომ იცი მე და მყავს, - თქვა ჰესმა, - აბა მე რა ვიცი, შენ იქნებ ჩემი დის გაჟიმვაც მოგინდეს...

- მე ამას არასოდეს ვიზამ, პირობას გაძლევ ჰეს.

- მართლა?

- ჰო, მართლა.

- მაშ კარგი, ესე იგი ერთი გოგო გადაურჩება შენგან გაჟიმვას.

ჰესმა გამეტებულად ჩაარტყა პირდაპირ მუცელში და სიმფსონი ისევ მოიკეცა.

ჰესი დაიხარა, მუჭით ბლომად მტვრიანი მიწა აიღო, გადაუწია პერანგის საყელო და შიგ ჩააყარა. სიმფსონი გასწორდა. მას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.ნამდვილი დედიკოს ბიჭი.

- გამიშვით ბიჭებო, გთხოვთ!

- სად? - შევეკითხე მე, - დედაშენის კაბის კალთის ქვეშ უნდა შეძვრე და საშო გამობანო?

- შენ ვერასოდეს გაჟიმავ ვინმეს, - უთხრა მორგანმა, - შენ სირიც კი არ გაქვს. მიდი, ყურებიდან გააფსი!

- თუ როდესმე გავიგე, რომ შენ ჩემს დას თუნდაც შეხედე, - უთხრა ჰესმა, - ისე გაგაბრტყელებ, რომ ერთი დიდი ჭორფლიღა დარჩები."

- გეხვეწებით, გამიშვით!

ჩემი თავი დავწვი იმაში, რომ მისი გაშვება მინდოდა. ის რაც მე ბიჭებს ვუთხარი,სულაც ჩემი მონაჩმახი იყო. მაგრამ მე ხომ ამ საქმის მოთავე ვიყავი და თანაც მაგარი ბიჭის სახელი მქონდა. ამიტომ ჩემი სიტყვების უკან წაღება არ შემეძლო.

- ჩვენთან ერთად წამოხვალ, სიმფსონ!

- არა.

- გითხარი ჩვენთან ერთად წამოხვალ! ახლავე ფეხი გამოადგი!

მას ზურგიდან შემოვუარე და ისეთი მაგარი წიხლი  ჩავაზილე, რომ  სიმწრისგან აღრიალდა.

- მოკეტე! - დავუყვირე მე, - მოკეტე, თორემ დედას მოგიტყნავ! გამოადგი-მეთქი ფეხი!

სიმფსონი გზაზე გავიყვანეთ, გადავჭერით მინდორი და ბილიკი და ჩემს უკანა ეზოში შევედით.

- ახლა გაიმართე, - ვუთხარი მე, - და ხელები გაშალე! უნდა გაგასამართლოთ!

მე მივუბრუნდი ჰესსა და მორგანს და ვუთხარი:

- ვინც ამ კაცს დამნაშავედ თვლის იმ ტყუილში, რომ მან პატარა გოგო გაჟიმა ჩემი სახლის ქვეშ, მაშინ იგი უნდა დავსაჯოთ.

- დამნაშავეა! - თქვა ჰესმა.

- დამნაშავეა! - თქვა მორგანმა.

- დამნაშავეა! - ვთქვი მე.

შემდეგ ჩვენს ტყვეს მივუბრუნდი.

- სიმფსონ, შენ დამნაშავედ გცნეს!

სიმფსონს ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.

- მე არაფერი ჩამიდენია!

- ჰოდა, ამიტომაც გასამართლებთ ტყუილისათვის - მიუგო ჰესმა.

- მაგრამ, ბიჭებო, თქვენ თვითონ ხომ სულ იტყუებით!

- ჩვენ არ ვიტყუებით, რომ ვინმე გავჟიმეთ. - უთხრა მორგანმა.

- აბა კი, ყველაზე მეტად რასაც იტყუებით ეგ არის, მეც თქვენგან ვისწავლე.

- კაპრალო! - მივუბრუნდი ჰესს, - "პირში ჩაჩარე რამე! დავიღალე მაგ ახვრის დამპალი ტყუილების მოსმენით."

- არის, სერ!

ჰესი მივიდა სარეცხის თოკთან და იქედან ცხვირსახოცი და პირსახოცი ჩამოხსნა. ამ დროს ჩვენ სიმფსონი გაკავებული გვყავდა. ჰესმა მას ცხვირსახოცი პირში ჩაუტენა და პირსახოცით აუკრა პირი. სიმფსონმა წამოიხროტინა და სახის ფერი ეცვალა.

- როგორ ფიქრობთ, სუნთქვას შეძლებს? - იკითხა მორგანმა.

- მას შეუძლია ცხვირით ისუნთქოს - ვთქვი მე.

- ჰო. - კვერი დამიკრა ჰესმა.

- ახლა რაღა ვუყოთ? - იკითხა მორგანმა.

- პატიმარი დამნაშავეა, არა? - ვიკითხე მე.

- ჰო.

- მაშ ასე, როგორც მოსამართლემ მე მას მივუსაჯე სიკვდილი ჩამოხრჩობით.

სიმფსონმა გაურკვეველი ხმები გამოუშვა აკრული პირიდან. იგი მუდარით სავსე თვალებით შემოგვცქეროდა. მე გარაჟში შევარდი და მსხვილი  თოკი ავიღე, რომელიც ფაქიზად დახვეული ეკიდა გარაჟის კედელზე და გამოსაყენებლად მზად იყო.თოკით ხელში უკან მოვბრუნდი.

სიმფსონი გაქცევას შეეცადა. ჰესი მის უკან იდგა. მან უცებ ისკუპა, სიმფსონი მიწაზე დასცა, დაუნდობლად დაუწყო ცემა და თან სახეში მაგრად ურტყამდა. მე მივვარდი ჰესს და თოკის ბოლო სახეში მივარტყი. მან ბოღმიანი თვალებით ამომხედა.

- შენ ნაბიჭვარო, დედას გიტირებ!

- როგორც მოსამამართლემ, მე ამ კაცს განაჩენი გამოვუტანე - სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით.  ჰოდა, განაჩენი უნდა აღსრულდეს. გამოიყვანეთ პატიმარი!

- დედას გიტირებ, ნაბიჭვარო. - ისევ შემომიტია ჰესმა.

- პირველ რიგში ჩამოვახრჩოთ პატიმარი და მერე გავარჩიოთ ჩვენი საქმეები.

- ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ გავარჩევთ. - მითხრა ჰესმა.

- წამოაყენეთ პატიმარი! - ვთქვი მე.

სიმფსონზე წამომჯდარი ჰესი წამოდგა. სიმფსონიც წამოდგა. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და პერანგის გულისპირი სულ  სისხლიანი  ჰქონდა, ხასხასა წითელი. სრულიად მოტეხილი ჩანდა. აღარ სლუკუნებდა. მაგრამ მისი თვალების გამომეტყველება ამაზრზენი და შემაძრწუნებელი სანახავი იყო.

- მომეცი სიგარეტი - ვუთხარი მორგანს.

მან პირში გამირჭო ერთი.     

- მომიკიდე,- ვუთხარი მე.

მორგანმა კბილებში მოქცეულ სიგარეტზე მომიკიდა, მაგრად მოვქაჩე, ბოლი ცხვირიდან გამოვუშვი და თან ამ დროს ხელებით თოკით ყულფს ვაკეთებდი.

- პატიმარი  ვერანდაზე აიყვანეთ!  - ბრძანება გავეცი მე.

ვერანდა იქვე, უკან იყო. ვერანდის ზემოდან კაუჭი იყო გამოშვერილი. თოკი კაუჭზე დავამაგრე, შემდეგ კი ყულფი სიმფსონის სახესთან ჩამოვუშვი. ვგრძნობდი, რომ  მეტი აღარაფრის გაკეთება მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმფსონი საკმაოდ დაიტანჯა, მაგრამ ამის მოთავე ვიყავი და მოგვიანებით ჰესთანაც უნდა გამერჩია საქმე. ამიტომ არ შემეძლო ჩემი სისუსტე მეჩვენებინა.

- იქნებ არ ღირდეს, - თქვა მორგანმა.

- ეს კაცი დამნაშავეა! - ვიღრიალე მე.

- ასეა! - იღრიალა ჰესმაც, - ჩამოვახრჩოთ!

- შეხედეთ, ჩაუფსამს, - დაიძახა მორგანმა.

სიმფსონს შარვალზე აშკარად ემჩნეოდა მუქი ლაქა, რომელიც თანდათანობით დიდდებოდა.

- ყურადღებას ნუ აქცევთ - ვთქვი მე.

მე სიმფსონს ყელზე ყულფი ჩამოვაცვი. თოკი მოვჭიმე და სიმფსონი მაღლა ავწიე. შემდეგ თოკის მეორე ბოლო ავიღე, სახლის გვერდზე მდგარ წყლის ონკანს შემოვახვიე და გავკვანძე.

- ჩქარა, აქედან ავახვიოთ! - აღელვებულმა შევძახე.

ჩვენ ჰაერში გამოკიდებულ სიმფსონს შევხედეთ. იგი ნელ-ნელა ირხეოდა და უკვე ძალიან ჰგავდა მკვდარს.

მე იქიდან მოვუსვი. მორგანი და ჰესიც დამედევნენ. ქუჩაში გავვარდით. მორგანი და ჰესი კი თავ-თავიანთ სახლებში შევარდნენ. მე არსად მქონდა გასაქცევი. ჰეს, ვიფიქრე მე, შენ ან  დაგავიწყდა, რომ საქმე გვაქვს გასარჩევი, ანდა აღარ გინდა.

რამდენიმე წუთით შევჩერდი ტროტუარზე და შემდეგ უკან, ჩემს ეზოში გავიქეცი. სიმფსონი კვლავ ირხეოდა, ისევ ძალიან ნელა. მისთვის ხელების შეკვრა დაგვავიწყდა და ხელები ჩამოყრილი ჰქონდა. შევეცადე ხელებით მაღლა ამეწია, მაგრამ უშედეგოდ. მერე მივირბინე ონკანთან, თოკი გავხსენი და მივაგდე.  სიმფსონი ვერანდას მიეჯახა და იქვე  წყლის გუბეში პირით ჩაემხო. მე იგი გადმოვატრიალე და შეკრული პირი გავუხსენი. იგი საშინლად გამოიყურებოდა, აშკარა იყო, რომ სიკვდილს აპირებდა. მე მასზე დავიხარე.

- მისმინე, ნაბიჭვარო, არ მოკვდე. მერწმუნე, მე არ მინდოდა შენი მოკვლა, და თუ უკვე მკვდარი ხარ, ძალიან ვწუხვარ. მაგრამ თუ არ მომკვდარხარ და ვინმეს ოდესმე უამბობ ამ ამბავს, მაშინ იცოდე, შენ ტრაკო, ვერ გადამირჩები, გაიგე?!

სიმფსონს ხმა არ ამოუღია, თვალებში შემომცქეროდა. საშინლად გამოიყურებოდა, მთლად გალურჯებულიყო და ყელზე თოკის ღრმა ნაკვალევი ემჩნეოდა.

მე წამოვდექი, ცოტა ხანს დავცქეროდი, იგი არ ინძრეოდა. საზარელი სანახავი იყო. აზრი მოვიკრიბე. ღრმად  ჩავისუნთქე და გზას გავუყევი.  დაახლოებით დღის ოთხი საათი იქნებოდა. მივაბიჯებდი. მივაღწიე  ტრასამ¬დე და სიარული გავაგრძელე. ფიქრები არ მასვენებდნენ. ასე მეგონა, ჩემი სიცოცხლე დასრულდა. სიმფსონი მუდამ მარტო იყო. უფრო სწორედ განმარტოვებული. მას არანაირი ურთიერთობა არ  ჰქონდა არც ერთ ჩვენთაგანთან. ამ მხრივ ის უცნაური იყო. ალბათ, ეს მასთან მიმართებაში ეს გვაღელვებდა. ამას გარდა, არსებობდა რაღაც, რითაც იგი გვხიბლავდა კიდეც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ძალიან დიდი საშინელება ჩავიდინე ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ კი, არაფერი ჩამიდენია. უფრო მეტად ეს მეორე გრძნობა გამაჩნდა, სიცარიელის გრძნობა,  და ეს გრძნობა უკავშირდებოდა ჩემს კუჭს. მივდიოდი და მივდიოდი. ბოლომდე ჩავყევი ქუჩას და უკან გამოვბრუნდი. ფეხსაცმელებმა ფეხები მატკინეს. მშობლები ჩემთვის ყოველთვის იაფფასიან ფეხსაცმელებს ყიდულობდნენ. ერთი კვირა ან ოდნავ მეტი ლამაზად გამოიყურებოდა, შემდეგ ზედაპირი სკდებოდა და ლურსმნები ფეხებში მერჭობოდა. მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი სიარულს.რამდენი ვიარე აღარ მახსოვს. როცა სახლისკენ მიმავალ გზას მივუახლოვდი, უკვე საღამო იყო. ნელა მივდიოდი და მივადექი ჩემს უკანა ეზოს. შევედი ეზოში. სიმფსონი აღარსად იყო. თოკიც გამქრალიყო. იქნებ უკვე მკვდარი იყო, ან იქნებ სადმე იყო სხვა ადგილას. ირგვლივ  მიმოვიხიდე. კარებში მამაჩემის სახეს მოვკარი თვალი.

- შემოდი სახლში, - მითხრა მან. ვერანდის კიბეზე ავედი და მას გვერდი ავუარე.

- დედაშენი ჯერ არ მოსულა. ძალიან კარგია. შედი საძინებელში, შენთან სალაპარაკო მაქვს."

საძინებელში შევედი, ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი და  ჩავაშტერდი ჩემს იაფფასინ ფეხსაცმელებს. მამაჩემი მოხეული კაცი იყო, ექვსნახევარი ფუტი სიმაღლის. მას ჰქონდა დიდი თავი და თვალები, რომლებიც დაფარული იყო ხშირი წარბებით. მას სქელი ტუჩები და დიდი ყურები ჰქონდა. ნამდვილად განრისხებული იყო.

- სად ბრძანდებოდი? - მკითხა მან.

- ვსეირნობდი. - მივუგე მე.

- სეირნობდი, რატომ?

- მე მიყვარს სეირნობა.

- როდის აქეთ?

- დღეიდან.

შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. ისევ მამაჩემმა დაიწყო საუბარი.

- ჩვენს უკანა ეზოში დღეს რა მოხდა?

- განა იგი მოკვდა?

- ვინ?

- მე ის გავაფრთხილე კრინტი არ დაეძვრა. მაშასადამე ის ცოცხალია და გამცა.

- არა, არ მომკვდარა. მისი მშობლები პოლიციის გამოძახებას აპირებედნენ. მე მათ დიდი ხანი ველეპარაკე, რათა ეს არ გაეკეთებინათ. მათ რომ პოლიცია გამოეძახებინათ, ეს დედაშენს მოკლავდა! შენ რა, ეს არ იცი? -

მე ხმა არ გავეცი.

- ეს დედაშენს მოკლავდა, ხომ გესმის?             

მე ვდუმდი.

- მე მათ სიჩუმისათვის ფული გადავუხადე. და კიდევ მთელი სამედიცინო ხარჯებიც  ჩემს თავზე ავიღე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა დასჯა! უნდა გამოგასწორო! მე არ მინდა ისეთი შვილი გამეზარდოს, რომელსაც არ შეუძლია ღისეულად იცხოვროს  ადამიანთა საზოგადოებაში!

ის კარებში იდგა და არ ინძრეოდა. მე შევხედე მის წარბებით დაფარულ თვალებს, მის უზარმაზარ ტანს.

- მე პოლიციაში მინდა, - ვთქვი მე. - მე არ მინდა შენთან დარჩენა. ჩააბარე ჩემი თავი პოლიციას.

ის ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ გამოემართა.

- პოლიციას შენნაირი ხალხი, იცოდე, გულზე არ ეხატება.

მე წამოვდექი საწოლიდან და მუშტები მოვიმარჯვე.

- მოდი, შევაგულიანე მე, მოდი ვიჩხუბოთ!

უცებ მომიახლოვდა და  მთხლიშა მუშტი. თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა და ბინდი ჩამოწვა, ისევ ძლიერად დამარტყა. მე ვეღარაფერი ვიგრძენი. იატაკზე ვეგდე. მერე კი წამოვდექი.

- უმჯობესია მომკლა, - ვუთხარი მე. - რადგან როცა გავიზრდები უთუოდ მოგ¬კლავ!

შემდეგმა დარტყმამ საწოლის ქვეშ შემაგდო. ეს მშვენიერი თავშესაფარი იყო ჩემთვის. ავიხედე და ზამბარები დავინახე და ეს ზამბარები იმ წუთში ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. შემდეგ სიცილი ამიტყდა, ეს იყო პანიკური სიცილი. მე ვიცინოდი და ვიცინოდი, და უცებ ასეთმა აზრმაც გამიელვა თავში, იქნებ სიმფსონმა მართლა გაჟიმა პატარა გოგო ჩემი სახლის ქვეშ?

ეშმაკმა დაგლახვროს, რა გაცინებს? მიყვიროდა მამაჩემი. შენ ნამდვილად სატანას ძე ხარ, შენ არ ხარ ჩემი შვილი!

მან ხელი საწოლის წვეშ შემოყო და ძებნა დამიწყო. ხელი შემეხო და უცებ მე  ორივე ხელები ვტაცე მის ხელს და მთელი ძალითა და ღონით  ვუკბინე. საშინელი ღრიალი გაისმა და მან ხელი უკან გამომგლიჯა. პირში უმი ხორცის გემო ვიგრძენი და გადმოვაფურთხე. სიმფსონი კი გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი დღეები იყო დათვლილი.

- კარგი. - გავიგე როგორ თქვა მამაჩემმა წყნარად. - აი, ახლა კი ნამდვილად ვერ გადამირჩები, ღმერთი იყოს მოწმე, ბოლოს მოგიღებ...

მე მოლოდინში ვიყავი და გავისუსე, და ამ ლოდინში საოცარი ხმები მესმოდა. მესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, მოძრავი მანქანების ხმები, მესმოდა ჩემი გულის ცემა და ჩემი სისხლის მოძრაობა მთელს სხეულში. მესმოდა მამაჩემის სუნთქვა. საწოლის ქვეშ, შუაგულში გადავინაცლე და ველოდებოდი რა მოხდებოდა...

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული