• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მოგზაურობა

×
Orion becomes a constellation
ავტორის გვერდი გიორგი ბერიძე 10 ნოემბერი, 2021 1945
ცივ სიბნელეში შეფარული გონების მქონე, განიხილავენ დროთა შორის მგზავრობის ცნებას. 
  მეწამულ თვალებიანი : ორიონის  ხილვა შიგნიდან, დიდებული ყოფილა მართლაც ! 
  მილიარდელი გოგონა : იქნებ მანამდის, დედამიწა გენახა კარგად ? 
  მეწამულ თვალებიანი : არახალია ჩემთვის უკვე ხმელეთის ცანი, ჩათამბჯენები, კაცთა ხელით მაღლად შექმნილი ... 
  მილიარდელი გოგონა : მე ინგლისში ვიყავი, გუშინ. და მთელი თვე იქ გავატარე, ვნახე ლონდონი, მანჩესტერი, სტონჰენჯის ქვები . 
  მეწამულ თვალებიანი : ძველი ქალაქი, ინდუსტრია, კელტების ზღუდე, იცი, სტონჰენჯი გასასვლელი იყო პირველი, სხვა სამყაროთა მოგზაურებს შეექმნათ უწინ. 
  მილიარდელი გოგონა : მე კი ცარიელ ქვათა დუმილს ვხედავდი მხოლოდ, და სილამაზეს ღამის ცაზე აღარ დავმალავ 
  მეწამულ თვალებიანი : ქვათა დუმილი, კრავთა დუმილი , სიგიჟეა ეს ყველაფერი, თავად ვიცი, როგორ ხსნიდა ცა ქვების კარებს, გენიოსებს გზავნიდა ცენტრი, ზოგს მანჩესტერში, გაფიცული მუშების გვერდით, ზოგს კი ლონდონში, მეფის მიერ დასჯილ ღატაკთა მხარად. 
  მილიარდელი გოგონა : ეგ ყველაფერი წარსულია და უმნიშვნელო, გარდა სისხლისა, სილამაზე არის მთავარი 
  მეწამულ თვალებიანი : სისხლი სამყაროს მასშტაბებში მხოლოდ წვეთია, უსამართლობა სისტემური დაბრკოლებაა, რომელსაც ძალუძს სივრცეების სრული დანგრევა 
  მილიარდელი გოგონა : და სილამაზე ? 
მეწამულ თვალებიანი : სილამაზე მეტია ვიდრე, კაცთა მოდგმისგან დაწერილი წესთა თანრიგი 
  მილიარდელი გოგონა : ისევ აზრებში დამალვაა შენი სიტყვები, და ეს სამყაროც მხოლოდ ჩვენთვის ღმერთს შეუქმნია. 
მეწამულ თვალებიანი : მაშინ, წამოდი, კაცთა დღენი ერთად ვიხილოთ. 
  მიწის ქვეშ, ურმით მოგზაურობს ვიღაც ამაყად, და ვარსკვლავები მიწის ზემოთ ჩანს გასაოცრად, შავი ქვები და ოქროს ქვები აწყვია ურემს , დაძაბულობა, შიში, სუნთქვა თან იხატება, და მოგზაური ამოივლის მიწიდან ას მეტრს, ახედავს ზეცას, ვარსკვლავები განლაგებულა მარცხნივ ტიტანი, წითლად ანთებს უდაბნოს შავეთს , შუაში სამად მიყოლებით ვარსკვლავთა წყება , მარჯვნივ კი ლურჯი  გოლიათი  ანათებს ფერებს. 
  მოგზაური სახლისაკენ მიემართება,  შრომაში უხდის დიდი ნათება  საკუთარ წილს, რომ შინ წაიღოს, და უწილადოს თავის შვილებს, თავის ცოლს, ლამაზს, რადგანა სიბნელე  უკაკუნებს სხეულს ხალხისას, გადასარჩენი სინათლე კი სხვის ჯიბეშია. 
სახიფათო გზა, დღეს განვილი, გამოვლილია სულ მცირედი ნათელის ხათრით .  
  ორი გოგონა, მოგზაურის ტყუპი შვილები, სახლში ფილმს უყურებენ, ფილმი ძველია, სჩანს ვარსკვლავები, რომლებიც ისმენენ ლოცვებს ჯორჯ ბეილიზე, რომელსაც დახმარება ჭირდება და ცხოვრებაში ურთულესი მომენტი აქვს .  
ჯორჯ ბეილი აპირებსს ღმერთის უდიდესი საჩუქრის, სიცოცხლის დატოვებას , ვარსკვლავები ამაზე შფოთავენ, დარდობენ და ანგელოზს უხმობენ, რომელიც დედამიწას მიაშურებს, ბეილის დახმარებისთვის, მას ფრთებს არგებენ ზემდგომნი . 
მოგზაური აღებს სახლის კარს, ბედნიერი ცოლს ეფერება, შვილების ოთახს შეაღებს და ხედავს ამ სცენას, და ახსენდება საოცარი ფილმის კადრები, უბედურებას რომ ამარცხებს ბედნიერება, სიკეთის ძალა, გადარჩენის წანამძღვარები . 
ადის ოთახში, დაქანცული იცვლის სამოსელს, ლამაზ ქალაქის  ღარიბ უბანს კი მშვიდად ძინავს, ვინილზე - ვიქტორ ხარა , მანიფესტი - ისმის მუსიკა, ხმადაბალზე.  დროშა - ლურჯ წითელ ფერებშია , თითქოს ახალი, ვინილები თაროზე უხვად. მელოდიები ვესტერნიდან, ‘’ერთხელ დასავლეთში ’’  დიუკ ელინგტონი, ჩარლი პარკერი ,  ფანჯრიდან კვლავ სჩანს ორიონი, ზღვის ღელვისა და ხმაურის ხმაც აღწევს სახლამდე, სურნელი ხორცის,  ზღვის ნაპირზე ცეკვავენ ახალგაზრდები, ზღვაზე კოცონი, ზღვას და სახლს კი მხოლოდ გზა ჰყოფს. 
სუფრა - სადა და მხიარული, სიმშვიდე ლაღი, მაგიდის გასწვრივ - ფოტო - მიწისქვეშ მოგზაური, ძმა და მამა, ისიც მეშახტე,  მშობლები სოფლად გადასულან, ძმა კი წლების წინათ დამარცხდა, მიწის ქვეშ დარჩა, და იქედან ვერ ამოვიდა, იყო ღრუბლები, ორიონიც არსად არ ჩანდა, მაშინ სიმშვიდე და ნამდვილი ბნელი მოვიდა. 
მხოლოდ დაკრძალვის დილა ახსოვს მოგზაურს კარგად, როდესაც ღამით, გარიჟრაჟზე ცა დაიწმინდა, და გამონათდა ვარსკვლავების მეფე - სირიუს , და დაკრძალვამდე, მზის შუქზეც კი იგი მოსჩანდა. 
მეწამულ თვალებიანი : ვხედავ, გაერთე ბედნიერი ოჯახის ხილვით, ეს ტრაგედიის დაწერისთვის სულ არ მიცდია, მოგზაურს ელის კვლავ სიცოცხლე, ვრცელი და მშვიდი, როგორც დრამატურგს, მისთვის მე დრო არ დამითვლია
მილიარდელი გოგონა : შევიხედე ტყუპების მხარეს, ბედნიერება, სილამაზე და გემოვნება ...  თუ ეცდებიან, გააღწევენ ქვეყნის სხვა მხარეს, ღამის ცა ქვეყნის სხვა მხარითაც ხომ გამოჩნდება. 
მეწამულთვალებიანი : მოგზაურის ოთახი ნახე ...
მილიარდელი გოგონა : გასაოცრად მოწყობილია ! 
 
***
 
ტყე, სიმწვანეში აზელილი ღამის ნისლები, და მთვარის შუქზე მოელვარე მდინარე ზორბა, ძველი დრო,  ღამე უკუნითი, ვერ ვხედავთ სანთლებს, თუმცა გარიჟრაჟს ამ სურათში ქალაქი მოჰყავს. 
ქალაქი, ჯმუხი, აზელილი ტალახი ქუჩად, მოედნის ცენტრში სახრჩობელა, და ეკლესია . 
თენდება, ძმას თავის უმცროსი ძმა ქუჩაში მოჰყავს, ზრუნვა ამქვეყნად ყველა კუთხის, მხარის წესია. 
დიკენსის უტყვი ფერი  ადევს მთელს ქალაქს, ცივა, ძმა ძმას ჩუქნის წიგნს. 
ალექსეი  :  ცოდნა მოგვცემს ძალას, დავძლევთ ბატონებს, ავაყვავილებთ ჩვენს ქალაქსაც, ჩვენს ხალხთან ერთად, მხოლოდ სწავლაა იარაღი, როცა სუსტი ხარ, ცოდნას ხომ ძალუძს რომ ღატაკი აქციოს ღმერთად’’ 
სკოლის მოსწავლე, უმცროსი ძმა  ისმენს და ფიქრობს, ცა კი თეთრია, ღრუბლები და ნესტი მეფობენ, ქუჩებს ძონძებში გახვეული ჩრდილები ავსებს, სასახლეში კი ანგელოზები  დათარეშობენ.
ნესტი ეხება მახლობელი ტრაქტირის მცხოვრებთ, მიმტანი ქალის აზიურებს ერთვის ტალახი, ცვარში ფეხშიშვლად თამაშობენ იქვე ბავშვები, რაღაც ცუდისთვის ემზადება დილით ქალაქი. 
 
 
მოჰყავს ეტლებით მისჯილები გამაძღარ ჟანდარმს, ეკლესიის წინ პირჯვარს იწერს.
 
ჩაუარეს ძმებსაც ეტლებმა. 
 
- მეფის სახელით : ღმერთისა და ხალხის წინაშე. 
ხალხი გროვდება მოედანზე, ხალხს გამოეყო ცისფერთვალება ახალგაზრდა გოგონა 
- ხალხის სახელთან თქვენ ადგილი არაფერი გაქვთ, ჩვენი შიმშილით, სიღარიბით ცხოვრობთ, ჩვენ ვითმენთ, თქვენც და ეგ მეფეც მხოლოდ ჩვენი მწვალებელი ხართ 
მისჯილების სახეზე კმაყოფილებამ გადაირბინა წამიერად. 
- მეფის სახელით : ღმერთისა და ხალხის წინაშე (უფრო ხმამაღლა აგუგუნდა ჯალათის სიტყვა) დაისჯებიან მკვლელობისთვის, დაე უყურეთ, უფლის მახვილით, სამოთხემდე უთუოდ მივალთ.
სახრჩობელის ხმა, მდუმარება საყოველთაო, მდუმარებაში გამოთქმული უკვდავი შიში, მისჯილთა  თვალებს ეწაფება ხალხის თვალები, სიბნელე* უკვე ნამდვილი და სიჩუმის ჩრდილში.
უმოძრაობა მოერია ქალაქს წუთებით, შავ სამოსელში ჩამალული მოძღვარი კრთება, მოხუცის დროა, შეეწიოს დასჯილს ლოცვებით, და დაამშვიდოს უსასრულოდ უენო კრება.
ძმები უცქერენ მთელ ამ სურათს, მეფდება ბრაზი. მათ გვერდით გდია გულწასული მისჯილის დედა. 
საიდანღაც ისმის სიცილი, 
სტავროგინის  სიცილის მსგავსი. 
და ქალაქიც უკან ბრუნდება. 
 
                                    ***
 
მეწამულთვალებიანი : ამ სამყაროში არაფერი ქრება უკვალოდ 
მილიარდელი გოგონა : სად წავიდა პეიზაჟები ? ის სილამაზე, ცოტა ხნის წინ რომ მიხატავდი, სამყაროს მტვერი, გიგანტები, გალაქტიკები ... 
მეწამულთვალებიანი : კარგი მოსმენა არ გცოდნია, არც წარმოდგენა, მარადისობის მიღწევამდე გზა სულ ერთია
მილიარდელი გოგონა : რა გზა ნახეს მას შემდეგ ძმებმა ? 
მეწამულთვალებიანი : ერთი ჩაკარგა ჟამთა ურდომ, ერთი კი არა, მეტიც, აქ არის, ახლომახლო, ამ ჩვენს მიწაზე, მისი სიტყვები გაბნეულა ატმოსფეროში, კვლავ ისინი ეძებენ მსმენელს. (შენ კი სმენა არ გყვარებია, არ მიაქციე ყურადღება არაფერს, თითქოს)
მილიარდელი გოგონა :  სადაც აზრებში ოკეანის ნაპირებია, სიკვდილს და შიმშილს ჩემი ტვინი ვერაფრით ითხოვს. 
მეწამულთვალებიანი : შურისძიება ქვია მაგას, შიმშილს და გლოვას, უსამართლობას, მომრეობას, ნაყროვანებას, ზოგი ავალებს მაღალ უფალს განსჯას და დევნას, ზოგჯერ კი ომი კაცის ხელით გახმოვანდება . 
მილიარდელი გოგონა : თუმცა ომები ამ ორს შორის მხოლოდ არ ხდება (მდიდრები და ღარიბები) 
მეწამულთვალებიანი : ალბათ გაგიკრთა გონებაში შენც ჰომეროსი. 
მილიარდელი გოგონა : ლამაზი ტროა... 
მეწამულთვალებიანი : მესმის ყვირილი, დამალული ბავშვების, ცრემლი 
მილიარდელი გოგონა : ოღონდ ამ ბავშვებს მომავალი არ უწერიათ ! 
მეწამულთვალებიანი : ზოგჯერ ტრიუმფი ტრიუმფია, მოსისხლის გრდემლი
მილიარდელი გოგონა : ჩაგრულის კივილს ცამდე ხშირად აუწევია. 
მეწამულთვალებიანი : და სიყვარული მხოლოდ ზევსის ასულს მიეცა 
მილიარდელი გოგონა : საყვარელი მისი იყო პარისი, მეფის ძე 
მეწამულთვალებიანი : დაქცეულ სახლებს, ღარიბ შვილებს, დახოცილ მშობლებს, და მათ სახელებს, დღემდე სულ არ მოუღწევია. 
 (ჩაფიქრდა) ტიტანთა ომში ხმალი ხვდება პირველად მოკვდავს. 
 
 
***
 
ხმელეთს ტოვებენ წამიერად ცეცხლები ჯგუფად, და ეცემიან საცხოვრებელს, სამყოფელს სხვისას, სახლებში - წიგნებს, წიგნში სიტყვებს, სიტყვად - სიყვარულს, ძმობას, ერთობას, მეგობრობას, ცოდნას  .... 
ქუჩებს, მოედნებს, ბავშვობებს, ეზოს 
აივნებს, ოთახს - საახალწლოც იცოდა ენა 
ცეცხლი კი წუთით რკინებს ტოვებს, ეხება კედლებს 
ისრების ნაცვლად, ტყვიითაა დღეს კაცთა რკენა, 
ღმერთებზე მეტი ძლიერება დღეს ჩვენს ხელშია,
ღმერთად ქცევა კი კაცთა მიერ გამხდარა ხშირი.  
 
 
***
 
იქნებ John Doe  ყველა მწერილის არქიტიპია ?
წერ ასობით, ათასობით, ათობით ათასს. 
რიგებად, წყებად, თაროებად და ოთახებად, 
ცვლი აზრებს, ფიქრებს, პოზიციებს. 
ატრიალებ პლანეტებს, მზეებს 
ქმნი კეთილს, ბოროტს,
კეთილ ‘’მეს’’ და ბოროტ ‘’მეებს’’. 
 
 
ისვენებ როცა გაიმარჯვებს ნათელი ბნელზე,
ბნელის ტრიუმფიც გგვრის მდუმარე კმაყოფილებას,
ორეულები მოივლიან ფურცლიდან ფურცელს, 
ისტორიათა ფარდობითობის წესი იქმნება . 
 
*** 
მილიარდელი გოგონა : სცენა სისხლით გადავსებულა ! 
მეწამულთვალებიანი : ბანალური ძმათა სისხლია. 
***
ნისლიან ქალაქს  ღამის ნისლი შემოეპარა, მხედარს თან მიაქვს სისხლშემხმარი, ძველი საფულე , ტალღები მძლავრად ასკდებიან სახლიან კლდეებს, ღარიბ უბნებში ინდიელი შვილებს აპურებს, ქარხნებიდან კი ორთქლი ჟონავს, ნისლს უერთდება.  
***
მომდევნო ათას წელში, ბეთელჰეიზი  აფეთქდება, და მოკვდება, ეს აფეთქება თვეების, წლების მანძილზე გასტანს და დედამიწის ღამის ცას გაანათებს, თითქმის როგორც მზე.  იუმას ტომის ინდიელებმა უამრავი რამ იცოდნენ ღამის ცის შესახებ, დასხდებოდნენ მდინარის, კოლორადოს პირას, იმ ადგილებში, რასაც ახლა არიზონას ეძახიან, და აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს, მათ მოძრაობას დროსა და სივრცეში, ბეთელჰეიზის ერთი გეიზერის ამოფრქვევას ათი ათასჯერ მეტი წელი დასჭირდებება, ვიდრე იმ დროს, რაც ხმელეთი კონტინენტებად იყოფოდა, იუმელმა ინდიელებმა იცოდნენ ბეთელჰეიზიც, ორიონიც, ალდერაბანიც , ვეგაც , საინტერესო სახელებს ეძახდნენ, სანამ მათ მიწაზე უცხოები არ მოვიდნენ და კოლორადოზე ჰესები არ ააშენეს, მათი ძმები და ცოლები, შვილები კი დახოცეს. 
ჰესის ასაშენებელი ცემენტის მოძრაობა, მისი ჩაღვრა ყალიბში, ადამიანის ხელით შექმნილი მანქანების მიერ განხორციელებული მექანიკა თვისებრივად იგივეა, რაც ვარსკვლავებს შორის არსებული მიზიდულობა, მათი ურთიერთდამოკიდებულება, იყო წლები, იუმელები ცაში აღარ იხედებოდნენ, ასი წელიც გადიოდა და მათი სივრცეები სხვა ხალხმა, სხვა მოძრაობებმა აითვისეს, მათზე გაავლეს გზები, ამ გზებით ზიდეს ქალაქების ასაშენებელი რკინა-ბეტონი, ქარხნები და ტელესკოპები, რომლებიც დასავლეთით,ულამაზეს სანაპიროებზე განათავსეს. 
სადღაც ამ წლებში, აირა ჰეისი , არიზონელი ინდიელი (თუმცა ის იუმას ტომიდან არ იყო), იაპონიაში წავიდა ამერიკის არმიასთან ერთად, და ერთერთი იყო იმ ექვსში, ვინც იაპონელების დამარცხების დროშა აღმართა იაპონურ კუნძულ, ივო ძიმაზე. 
 
***
 
და როცა მზე სასიცოცხლო ენერგიას ბოლომდე გაფლანგავს. 
  როცა ის მორიგ შავ ხვრელად გადაიქცევა 
ჩვენ გავექანებით სიბნელისკენ 
შევაბიჯებთ სიბნელეში, როგორც კორპუსის ბნელ სადარბაზოში
რომელშიც ბურთი შეგვივარდა, 
რომელშიც ნესტის სუნია
გარეთ კი მთელი ცხოვრება, ბავშვობა არსებობს
თვალწინ ტრიალებენ ძველი მეგობრები, ნაცნობები 
ალბათ გრავიტაციული სინგულარობა ზუსტად იგივე ინსტინქტებს იწვევს,
რასაც ბნელი სადარბაზო ცხელი, ნათელი ზაფხულის ეზოში. 
ეზოში მიმობნეული ხრეში და მტვრად აზელილი ბუღი კი ჩვენი პლანეტის განვითარების ბოლო ეტაპია, ჯენტრიფიკაციის პირმშო, ჩვენი დიდებული ქალაქები, ბროკერებით, ვექილებით და მილიარდელებით სავსე ცენტრითა და წამებულებით სავსე გარეუბნებით. 
 
 
 
 
***
 
 
 
სინგულარობაში ვარდნა პიესის დასასრულია.
წერტილი შექსპირის ყველა ტენდენციის ბოლოს, 
გმირებში არეული რეტროსპექტივა და მატერიალიზმის მარადიული კვლავდაბრუნება. 
რადგანაც შეიძლება დასვა წერტილი, მაგრამ ვერ მოსპობ მატერიას.
შესაბამისად ვერ მოსპობ შინაარსს. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული