• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

97 წლის ფერლინგეტი

×
ლორენს ფერლინგეტი
ავტორის გვერდი ნილი ჩერკოვსკი 07 იანვარი, 2022 1189

მივხეტიალობთ კოლუმბის გამზირზე

პატარა ჯოს რესტორნის მიმართულებით

სადაც მოგიზგიზე ცეცხლს მივუსხდებოდით ხოლმე

ლორენსი ბერძნული ჩაჩით

მე ჯიბეში ჩაჩურთული ბერეტით

 

ეს 1975 წელია და მალე იქნება თავსხმა წვიმა

აქვეა მარია რომელიც ცხვრის კატლეტის

და ლაზანიას შეკვეთას იღებს

ვასრულებთ შეკვეთას

ბებერი მზარეული მალე დაბრუნდება

იტალიიდან

 

ის ხელებს ქურაზე ჩამოდებს

ცოტა ზემოთ, ხელი რომ არ დაიწვას

და ცეცხლის გიზგიზი იმატებს

ლორენსს ეღიმება

ათწლეულებს სიტყვებში მოაქცევს

და სან-ფრანცისკოს ყურედან

გადაშლილ ზღვას გადასწვდება

 

"ფერლინგეტი", - ქალი ამბობს

და ფერლინგეტი ეპასუხება:

"არა, მე მისი ტყუპი ძმა ვარ,

ნამდვილი ფერლინგეტი წიგნის მაღაზიაშია

ქვედა ქუჩაზე,

გასაიდუმლოებულ სახლში იმალება".

 

ცეცხლის ალი ზევით მიიწევს

უიოლტ უიტმენის ღრუბლებამდე

სადაც ის განაგრძობს სიბრძნის განვრცობას

და ხელებს ეშმაკურად იქნევს

სანამ ჩვენ წლების ქრობითა და აალებით

ვიკვებებით

 

შემდეგ ისევ ვხეტიალობთ

ის თავისი ბიქსბის ბინის გასაღებს მაძლევს

"ყავა არ გვაქვს სახლში", - იკრიჭება

"შენ მოგიწევს ყავის გაკეთება

ორმოში დანთებულ ცეცხლზე"

 

შემდეგ ის 97 წლისაა

და ისევ ოქროსფრად ბრწყინავს

კაცი რომელიც დაეშვა ნორმანდიაში

და მიმოიხილა ნაგასაკის მინდვრები

 

ის ისევ დაწოწიალობს ქუჩებში

 ნოტრ-დამის სიახლოვეს

და იმალება მექსიკაში

და აპოლინერს ეუბნება

სადილზე დაგვეწვიოს

 

ფრანგი პოეტი ჩნდება

ორმოცდაერთი წლის დაგვიანებით

და ფეხს მოირთხამს

დიდ მიკენურ სასადილო ოთახში

სადაც ედგარ ალან პო

ტყიდან გამომტყვრალ ყორანს ათვინიერებს

 

გონების კონი-აილენდი

 იყო ერთ-ერთი წიგნი

ჩემი წიგნაკის ქვეშ რომ ვმალავდი

მათემატიკის გაკვეთილზე

ეროუჰედის სკოლაში

 

ლორენსი არის 97 წლის

პლანეტა რამდენიმე ათწლეულით ბებერია

ახლა 2016 წელია

და გვჭირდება პოეზია

ისე როგორც არასდროს

ამ უსულგულო სიცარიელეში

რომელიც გამეფდა

ამ ცივი გაზაფხულის დილას

 

დიახ, ჩვენ მადლობელი ვართ

თუნდაც ბინისთვის და პოეზიისთვის

და ბიბლიოთეკისთვის

რომელსაც City Lights ერქვა

და იყო ისეთივე მასშტაბური

როგორც ბორხესის

"ბაბილონის ბიბლიოთეკა"

 

უსასრულო ვახშამი, უსასრულო ცეცხლი. 

 

თარგმანი: პაატა შამუგია

ითარგმნა მწერალთა სახლის პროექტისათვის "ქალაქის უქრობი შუქები"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული