- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
როცა ვიყავი ახალგაზრდა
ხელოვნება სულ არ მესმოდა
ეს არც იყო შესაძლებელი
რადგან მასში გავიზარდე
მისი ნაწილი ვიყავი
მე დავიბადე საბჭოთა კავშირში
პირველ მსოფლიო ომში
მოკომუნისტო არტისტი
ვიწექი სხვა ომისმოძულე არტისტებთან ერთად
ციურიხში
იქ, სადაც კაფეებისა და კაბარეების შუაგულში
იქ, სადაც ღვინითა და ოპიუმით გადარევის შუაგულში
ეროტიკული შეზავების და
ელექტრონული მუხტების ქალაქში
დაიბადა დადაიზმი
და ლენინი - ეს არტისტული სული -
(რაკი კლოუნები და შემოქმედები
მუცლითმეზღაპრეები და შარლატანები
დიქტატორებს შორის არც ისე ბევრია)
და იქ ლენინმა იხილა დიუშანი
ხო აზრზე ხართ - დიუშანი!
დადაისტ-პოსტმოდერნისტული რედიმეიდმენი
ფრინველების მისტიკური ხერხემალი
მან უნიტაზი გამოიტანა სცენაზე
და დაარქვა მას პისუარი
და შეჰხედა მას ლენინმა
და ნახა რა, რომ კარგი იყო
მოუნდა თვითონაც გაეკეთებინა რამე მსგავსი
რამე ასე მშვენიერი
ასე უჩვეულო და ძალმოსილი
და მან გააკეთა კიდეც.
მან შექმნა მთელი სახელმწიფოსხელა უნიტაზი
და ჩვენ - ესტონელები - მთელი ოცი წლის განმავლობაში
მას გარედან შევყურებდით
და შემდეგ უკვე შიგნიდან შევყურებდით
მთელი ნახევარი საუკუნე
უშუალოდ ხელოვნების სიღრმეებიდან.
მესმის, რომ კომუნიზმი არ არსებობს,
ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირში
მხოლოდ დადაიზმი იყო
და ლენინი და დიუშანი
დაკავშირებულნი უნიტაზის მადლით
და ამ პლანეტის მეხუთედზე გადაჭიმულმა უნიტაზმა
იქონია გავლენა ჩემს არტისტულ სულზე
და მას შემდეგ არ მტოვებს ის შეგრძნება,
რომ მე ვცხოვრობ წიგნში, როგორც კინოში
როგორც გიგანტურ უნიტაზში.
და წუთი-წუთზე ვიღაც ბოროტი არტისტის ხელი
თავზე გადამავლებს შააარრრრრრრრრრრდსსსსსსსსს!
იურგენ როოსტე 1979 წელს ტალინში დაიბადა. მუშაობდა ფინეთში ესტონურ ინსტიტუტში ჟურნალისტად, მასწავლებლად და დირექტორად. გამოცემული აქვს თორმეტამდე საავტორო პოეტური კრებული და რამდენიმე ერთობლივი ნაშრომი მეგობრებთან ერთად. იურგენს ასევე შედგენილი აქვს სხვადასხვა სახელმძღვანელო და ლექსიკონი, 1988 წლიდან ორგანიზებას უწევს პოეზიის საღამოებს და ფესტივალებს, ხელმძღვანელობს პოეტურ თეატრს „Cabaret Interruptus“. ავტორმა ორჯერ მიიღო ესტონური ყოველწლიური პრემია პოეზიაში. იურგენ როოსტეს ლიტერატურულ ჯილდოებს შორისაა: ესტონეთის კულტურის მხარდაჭერის პროგრამის პრემია პოეზიაში (2005, 2013); ფრაიდებერტ ტუგლასის ჯილდო მოკლე მოთხრობისთვის (2007); ტალინის უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია (2012). როოსტეს პოეზია როკის მუხტს ატარებს. საჯარო გამოსვლების დროს ლექსებს უმეტესად მუსიკალური აკომპანემენტის თანხლებით კითხულობს. პოეტი ლექსებს პანკ-როკის ჟანრის მუსიკის თანხლებით წარადგენს, საჯარო პერფორმანსებს ხშირად თან ახლავს სხვადასხვა მეთოდები: ღიღინი, გრგვინვა, ქშენა, ყვირილი, ლუღლუღი და სხვა.
[ბიოგრაფია წამოღებულია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საიტიდან]