• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

პატარა კაცი

×
გრიგი (c) ნარეკ არშაკიანის ფოტო
ავტორის გვერდი გრიგი 06 აპრილი, 2022 775

5 ნოემბერი იყო, როცა პირველად შევხვდი პატარა კაცს. დღე სველი იყო, ტალახში აზელილ ფოთლებს მიწა სრიალა გაეხადათ. უნივერსიტეტიდან გამოვედი და ვერნისაჟში წასვლა გადავწყვიტე წიგნის საყიდლად (ხშირად ვყიდულობდი იქ წიგნებს, შედარებით იაფი იყო). ფიქრებით გართული, აუჩქარებლად მივაბიჯებდი, თითქმის მისული ვიყავი, როცა ტროტუართან არცთუ ისე შორს, ხეების ქვეშ სამი-ოთხი პატარა ტილო გამოეფინათ. მივუახლოვდი და დავათვალიერე, ყველა სურათზე ღრუბელი იყო. ჩვეულებრივი, რიგითი, ერთი შეხედვით, სუსტი ნამუშევრებიც კი, მაგრამ ღრუბლებში რაღაც მიმზიდველი იყო. ასე ვიდექი და ვუყურებდი, როცა ერთი დაბალი, არცთუ ისე კარგად ჩაცმული მამაკაცი მომიახლოვდა, თავაზიანად მომესალმა და მკითხა, სურათის ყიდვა მინდოდა თუ არა. დავიბენი, მეგონა, ჩვეულებრივი უსახლკარო იყო, რომელსაც ფული უნდა ეთხოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის იყო სურათების ავტორი.

– თქვენი ნამუშევრებია? – ვკითხე.

– დიახ, ჩემია, - სხვათა შორის თქვა პატარა კაცმა, ტილოებს მიუახლოვდა და ფეხით ერთ მხარეს მოაქუჩა იქვე მიმოფანტული ფოთლები. ისევ შევხედე მამაკაცს, უფრო ყურადღებით დავაკვირდი, თითქოს მისი ნათქვამის დაზუსტებას ვცდილობდი. ორმოცდაათს გადაცილებული, დაბალი კაცი იყო, ტანსაცმელსა და ხელებზე საღებავების კვალი აჩნდა.

– რამდენად ყიდით? – ისე, უბრალოდ, ვკითხე, ვიცოდი, რომ ვერ ვიყიდიდი, რადგან მხოლოდ ორი ათასი დრამი და ცოტაოდენი ხურდა მქონდა.

– ოცი ათასად მოგცემ, – მიპასუხა პატარა კაცმა.

– აა... ხვალაც აქ იქნებით? – ვკითხე და ხმაში აშკარა სინანული გამოვხატე, – ახლა ფული არ მაქვს.

– ჰო, აქ ვიქნები, – ცოტა სევდიანად მომიგო, – მაგრამ თუ გინდათ, შეგიძლიათ, რომელიც მოგწონთ და ფულს ხვალ ან სხვა დღეს მოიტანთ.

გამაოცა მისმა განათლებულმა, წიგნიერმა მეტყველებამ, მეც შეძლებისდაგვარად აკადემიურად ავმეტყველდი.

– არა, ხვალ აუცილებლად მოვალ, – ვუპასუხე ღიმილით, მაგრამ ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო ერთ დღეში ოცი ათასი დრამის შოვნა. პატარა კაცი ჩუმად მიუახლოვდა ნახატებს, გადააადგილა, მერე ცოტა იქით წავიდა, ქვაზე ჩამოჯდა და გააბოლა. კიდევ ერთხელ შევხედე ტილოებს და გზა გავაგრძელე. რა თქმა უნდა, პირობა არ შევასრულე, ნახატის საყიდლად არ მივედი, პატარა კაცი მანამ დამავიწყდა, სანამ თვითონ არ შემახსენა თავი.

მართალია, ციოდა, მაგრამ საოცრად მზიანი დღე იყო, ლექციებიდან სახლში ვბრუნდებოდი, ჩვეულებისამებრ გზა გავიგრძელე, პატარა პარკით რომ გამევლო (კომიტასზე, კორპუსებს შორის, ბაღი თუ სკვერია, იქ გავლა ჩვევად მქონდა ქცეული) და როცა პარკს მივუახლოვდი, დავინახე, რომ პატარა კაცი იქ არის. ვიფიქრე, არ ვემახსოვრებოდი, ჩავლა და ნახატების კიდევ ერთხელ დათვალიერება გადავწყვიტე. ნაცნობი ნახატები იყო, ნაცნობი ღრუბლები, თვალი გადავავლე, სწრაფად გავიარე, მის გვერდით ჩავლასაც ვაპირებდი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, პატარა კაცი მომესალმა. ისე დავიბენი, თითქოს ხალხის თვალწინ გამაშიშვლეს და დამაყენეს, სირცხვილი გამიორმაგდა, როცა საპასუხო მისალმების მერე ნახატის ყიდვაზე სიტყვაც კი არ წამოსცდენია, უბრალოდ მომესალმა და მორჩა.

– ახლავე მოვალ. – ვთქვი დაბნეულმა უსიამოვნო პაუზის შემდეგ. – არ წახვიდეთ, კარგი?

სასწრაფოდ ავედი სახლში. გადაწყვეტილი მქონდა, ნებისმიერ ფასად შემესრულებინა პირობა. მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდი, მკლავდა. მისმა საქციელმა მაიძულა საკუთარი თვალით დამენახა ჩემი „სიპატარავე“, აუტანელი იყო. ნახატის ყიდვა რომ შეეხსენებინა, თავს ასე ცუდად არ ვიგრძნობდი, მაგრამ სიჩუმე აუტანელი იყო. დაბადების დღეზე ბებიას ნაჩუქარი ათი ათასიანი ჯერ კიდევ კარადაში მედო, ამის მიცემა ახლა გადავწყვიტე, დარჩენილ თანხას კი – დროთა განმავლობაში. ასეც მოვიქეცი, პატარა კაცი წინააღმდეგი არ იყო, აიღო ფული და მკითხა, თუ რომელი ნახატი მინდოდა.

– რა, ყველა ერთნაირი არაა? – ვკითხე სიცილით და სურათებს მივუახლოვდი.

 – რას ამბობთ?.. – დაიბნა, – შეხედეთ, ეს სევდიანი ადამიანის ღრუბლებია, ეს კი მშიერი ადამიანის ღრუბლებია...

ყველა ტილო ასე აბსურდულად დაახასიათა, თუმცა ყველა ტილოზე ერთნაირი ღრუბლები იყო გამოსახული – ჩვეულებრივი, ზაფხულის ცაზე მოკიაფე ნათელი და კაშკაშა ღრუბლები. 

– არ მესმის, – ვუთხარი ღიმილით, – ყველა ტილოზე მოწმენდილი და ნათელი ღრუბელია დახატული, მაგრამ სევდიან სახელებს არქმევთ, ცოტათი შავი მაინც, დღევანდელი ღრუბლების მსგავსი რომ ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა.

– კი, მაგრამ დღეს მხიარული ღრუბლებია. – გაიღიმა პატარა კაცმა და შავ და პირქუშ ცას ახედა.

მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ კაცს წინა კბილი არ ჰქონდა.

– კარგი, მაშინ ,,მარტო კაცის ღრუბლებს ავიღებ’’, –  ვუთხარი სიცილით, – მაგრამ არ მახსოვს, ეგ რომელი იყო.

ტილო მომცა, შევთანხმდით, რომ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მივცემდი, თანხის მეორე ნახევარს. ტელეფონის ნომერი რომ ვთხოვე, მითხრა, რომ მაგის საჭიროება არ იყო, რომ ამიერიდან ის პარკში იქნებოდა, რადგან მოსახერხებელი ადგილია, ბევრი ადამიანი მიმოდის. სუფთა სინდისით წავედი სახლში.

მართალია, სურათი დიდად არ მომწონდა, მაგრამ საათობით შემეძლო ყურება, თითქოს ღრუბლები სადაცაა ამოძრავდებოდნენ. ტილო გადავატრიალე, იმ იმედით, რომ სადმე ხელმოწერას წავაწყდებოდი, მაგრამ ამაოდ. კედელზე არ დავკიდე, არ მინდოდა, ოჯახის წევრებს ენახათ. ვიცოდი, რომ მისაყვედურებდნენ. დედაჩემი უნივერსიტეტში წასვლისას ყოველდღე მაძლევდა ათას დრამს და ხურდებს, ხანდახან ცოტა მეტსაც. მე კი იმ ათასებს ყოველდღე სახლში მოსვლისას პატარა კაცს ვაძლევდი, მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამესტუმრებინა ვალი. თუმცა ის არ ჩქარობდა, თითქოს მისთვის სულერთი ყოფილიყო, გადავიხდიდი თუ არა ვალს. ასე დაიწყო ჩემი მეგობრობა პატარა კაცთან, ხშირად ვჩერდებოდი მასთან და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, ძირითადად მე ვლაპარაკობდი. შევამჩნიე, რომ ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისი სიტყვებიც თავიდან უმნიშვნელო და უბრალო გეჩვენება, მაგრამ დროთა განმავლობაში შენში მწიფდება, ფიქრის საბაბს გაძლევს. ერთ დღესაც, არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით, ვკითხე, სწამდა თუ არა ღმერთის.

– მე ღმერთის ნებით ათეისტი ვარ. – მიპასუხა.

– კარგი, მე არ მჯერა ღმერთის არსებობის, – თქვა, როდესაც მისი უცნაური აზრის ახსნა ვთხოვე,  – მაგრამ მჯერა, რომ ღმერთის ნებაა ჩემი ურწმუნობა.

ჩვენი საუბრები საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ მე თითქმის არაფერი ვიცოდი პატარა კაცის შესახებ, გარდა იმისა, რომ მან თერლემეზიანის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. დაახლოებით ორი კვირა ცდილობდა ნახატების გაყიდვას ბაღში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ტილო გაყიდა. ვალი თითქმის გასტუმრებული მქონდა, ათასი ან ორი ათასი დრამიღა იყო დარჩენილი. ერთ დღეს, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ერთი სურათი მომხვდა თვალში, რომელიც, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან, იგივე ღრუბლები იყო, თუმცა ეს სურათი თითქოს უფრო ნათელი იყო, კაშკაშა ფერებს ასხივებდა.

 – ახალი ტილოა? – ვკითხე და პატარა კაცის თავით დასტური რომ დავინახე, ხუმრობით დავამატე, – აქ ალბათ სევდიანი კაცის ღრუბლებია დახატული, არა?

 – არა, მხიარული კაცის ღრუბლებია, – მიპასუხა აღტყინებულმა, – სამი დღის წინ დავხატე.

პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტილოს სახელი სევდას ან მწუხარებას არ უკავშირდებოდა.

– იმიტომ, რომ როცა ვხატავდი, მიხაროდა, – დაამატა ღიმილით.

ეს იყო ჩემი და პატარა კაცის უკანასკნელი საუბარი, მომდევნო დღეს პარკში აღარ მინახავს. ვიფიქრე, მოვიდოდა, რადგან ვალი ბოლომდე არ მქონდა გასტუმრებული, მაგრამ არ მოვიდა.

ცხრამეტი დეკემბერი იყო, როცა ქალაქში თოვლის პირველი ფიფქები ჩამოცვივდა. გამოცდები ჩაბარებული მქონდა, საქმე არ მქონდა, უაზროდ დავხეტიალობდი ქალაქში. ტერიანის ქუჩით ოპერისკენ ჩავდიოდი, საიდანაც კასკადზე გადასვლას და იქიდან სახლში სწრაფად მისვლას ვაპირებდი, რადგან ფიფქები იზრდებოდა, საკმაოდ ციოდა. ოპერის თეატრი ახალი ჩავლილი მქონდა, ტილოთი ხელში მოხუცი კაცი რომ დავინახე, რომელსაც ქუჩის გადაკვეთა სურდა. ტილო არ იყო გადაფარებული, კაცი არც ჩქარობდა ფანტელებისგან მის დამალვას. ვიფიქრე, უსარგებლო ან ცარიელი ტილო იყო, ყოველ შემთხვევაში, უცნაურად მომეჩვენა. ქუჩა გადავკვეთე, ჯერ რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, ბავშვით მოსიარულე ქალი რომ შევნიშნე, მასაც ტილო ეჭირა. სანამ კასკადთან მივედი, თოვლმა დადო.

ჩემი ყურადღება მოშორებით მდგარმა ხალხის ჯგუფმა მიიპყრო, რომელთაც წრე შეეკრათ და ეს წრე თანდათან იზრდებოდა. იქით გავემართე. ჯერ მისული არ ვიყავი, როცა დავინახე, თუ როგორ დაიხია უკან ბრბომ ერთ წამში, შუაში კი პატარა კაცი გამოჩნდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერაფერი გავიგე. ხელებს ჰაერში უცნაური მოძრაობებით აქნევდა, თითქოს არ უნდოდა ფანტელები მიწაზე დაშვებულიყვნენ, თითქოს უკან, ცისკენ აბრუნებდა, თოვლს მიწიდან იღებდა და მაღლა ისვრიდა გაბმული ყვირილით.

– ნუ მოდიხარ, დაისვრები, გეუბნები, ნუ მოდიხარ. ტიროდა, ყვიროდა, მერე ჯიბიდან რაღაც ამოიღო და შეკრებილებს ესროლა, ხურდები თოვლში გაიფანტა.

– ყველაფერი თქვენი იყოს, დაიყვირა, მაისური გაიხადა და ბრბოს ესროლა. ხალხმა უკან დაიხია, ნაწილმა ფრთხილად დაიხია უკან, ზოგი კი საერთოდ წავიდა. მომინდა მასთან მიახლოება, დამემშვიდებინა, მაგრამ ვყოყმანობდი. პატარა კაცი ტიროდა, ილანძღებოდა, უკვე მთლიანად გაეხადა ტანსაცმელი, შიშველი იყო, მაგრამ დაჟინებით ცდილობდა თოვლის შეჩერებას. შორს მდგომებს შევუერთდი. მალევე მოვიდა პოლიცია, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს. ამ შემთხვევის შემდეგ გავიგე, რომ პატარა კაცი უკიდურეს სიღარიბეში, ლამბადას ხიდის ქვეშ ცხოვრობდა და იმ დღეს, როცა ის კასკადში ვნახე, ამბობდნენ, რომ მან ყველა თავისი ნახატი გამვლელებს აჩუქა და მერე გაგიჟდა. ზოგმა თქვა, რომ კი არ აჩუქა, არამედ ხუთას დრამად გაყიდა და ა.შ. მაგრამ მალე ყველანაირი საუბარი შეწყდა, ყველას დაავიწყდა პატარა კაცი.

ტილო, რომელიც ვიყიდე და რომლის სრული საფასურის გადახდა ვერ მოვახერხე, ახლა ჩვენი სასტუმრო ოთახის კედელზე – ყველაზე გამოსაჩენ ადგილას არის ჩამოკიდებული. ყველა სტუმარი აღფრთოვანებულია პატარა კაცის ნახატით, დიდხანს უყურებენ, მაგრამ ვერავინ, ვერავინ ხედავს, რომ ნათელი და კაშკაშა ღრუბლების მიღმა თოვს.

 

ბიოგრაფია

გრიგი (გრიგორ კარაპეტის ძე შაშიკიანი) დაიბადა 1991 წელს ერევანში მხატვრის ოჯახში. 2009 წელს ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2013-2015 წწ სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტზე  „მსოფლიო ლიტერატურა - ლიტერატურის თეორია“ მაგისტრატურაში. 2015 წლიდან  ამავე ფაკულტეტის ასპირანტია. სომხეთის მწერალთა კავშირის (2016) და სომხეთის PEN ცენტრის (2021) წევრია.

 

წიგნები

  • იესოს კატა (მოთხრობები), ერევანი, „ანტარესი“, 2015, 2017, 2020 წ.
  • „გატაცება, რომელმაც შეძრა კატების ქალაქი“ (მცირე რომანი), ერევანი, „ანტარესი“, 2019, 2022 წ.
  • Jesus’ Cat (Stories), London, «Glagoslav Publications», 2019
  • Jesus’ Katze – Geschichten von den Strassen Jerewans, Remetschwil, «Kolchis Verlag», 2021

საყურადღებო ჯილდოები

  • ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, 2012, 2013, 2014 წლებში, მას მიენიჭა „გრეთერთის“ პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“.
  • 2016 წელს მოთხრობების კრებულისთვის „იესოს კატა“ მას „ერევნული ბესტსელერის“ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის მიერ  ლევონ ანანიანის სახელობის სპეციალური პრიზი მიენიჭა.  
  • 2016 წელს მოთხრობების კრებულისთვის „იესოს კატა“ გრიგს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული პრემია მიენიჭა.
  • 2021 წელს წიგნის „იესოს კატა“ გერმანულენოვანი თარგმანი გერმანიის თავისუფალი გამომცემლების Hotlist-ის მიერ  წლის საუკეთესო ათეულში დასახელდა.
  • 2022 წელს  წიგნის „იესოს კატა“ გერმანულენოვან თარგმანს გადაეცა გავლენიანი ჯილდო - Coburger Rückert-Preis.

 

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული