• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

წილხვედრი

×
ავტორის გვერდი ირაკლი მაჩიტაძე 20 აპრილი, 2023 1552

ეზიზღებოდა შალვა კაპანაძეს საკუთარი სამსახური. საქართველოს პრემიერ  მინისტრის თანაშემწე - ამაზე პრესტიჟული და ბევრისთვის ალბათ საოცნებო თანამდებობა რა უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს 28 წლის ასაკში. მაგრამ, მართლა არ უყვარდა და ამისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზიც ჰქონდა. არანორმირებული სამუშაო დღე, მუდმივი სტრესი და რაც მთავარია ბოსი, რომელიც არ მოსწონდა.   

გიორგი შავიშვილმა - საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხალხის ამოჩემება იცოდა. მთელი ოფისი ემსახურებოდა, თანაშემწეები, მრჩევლები, მდივნები და ასე შემდეგ. მან კი სწორედ შალვა ამოიჩემა. ყველაფერს მას ავალებდა ხოლმე, ენდობოდა და ალბათ დარწმუნებული იყო, ამ დამოკიდებულებით მის თანაშემწეს აბედნიერებდა.    

ბავშვობაში დამჯერე და თვინიერი იყო შალვა. სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა. მკაცრი და ძალაუფლების მოყვარული მამა და დედა - რომელმაც მთელი შინაგანი ენერგია შვილის აღზრდაში ჩააქსოვა. მშობლებმა სახელოვანი ოჯახის პირმშოს ბაბუას სახელი დაარქვეს და ამით კიდევ უფრო გაუსვეს ხაზი - ქვეყანას კაპანაძეების დინასტიის ღირსეული გამგრძელებელი მოევლინაო.

შალვა ნიჭიერიც იყო და ბეჯითიც. საბუნებისმეტყველო საგნები აინტერესებდა. უნდოდა, როდესაც გაიზრდებოდა მეცნიერი, ან მოგზაური გამხდარიყო. თუმცა მამამისს - ერთ დროს ცნობილ პროკურორს, შემდგომში კი პარლამენტის დეპუტატს, საკუთარი შვილი მხოლოდ იურისტად წარმოედგინა. შალვამაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ჯერ საქართველოში, შემდეგ საზღვარგარეთ ისწავლა. ოღონდ, მოგვიანებით ვეღარ გაამართლა მშობლების იმედები. რბილი ხასიათის და ინერტულობის გამო “სათანადო ფხა ვერ გამოიჩინა” - როგორც ამას მამამისი იტყოდა. მამა მაინც არ ნებდებოდა. საკუთარი სანაცნობო წრე და ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გავლენა გამოიყენა, უამრავი ადამიანი შეაწუხა და საბოლოოდ შვილი პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაანიშვნინა. მისი აზრით, ეს პოზიცია საუკეთესო ტრამპლინი იქნებოდა მომავალი კარიერული წინსვლისთვის.   

თანაშემწედ მუშაობის დროს, შალვამ ის რამდენიმე მეგობარიც დაკარგა, რომლებთან ურთიერთობა და დროის გატარება ძალიან უყვარდა. ახლობლებმა ჩათვალეს, რომ პრემიერის აპარატში მისი მუშაობა საუკეთესო შანსი იყო საკუთარი ცხოვრების ასაწყობად. ზოგს, სრულიად მოულოდნელად, “ბრწყინვალე” ბიზნეს-გეგმა გაუჩნდა. ზოგს სადღაც, კარგ ადგილზე დასაქმება მოუნდა. მოკლედ გაფუჭდა ურთიერთობები, გულწრფელობა და სილაღე მოაკლდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ ზარებსაც აღარ პასუხობდა. დროის უქონლობას იმიზეზებდა ხოლმე. თუმცა, მართლაც სულ დაკავებული იყო.    

არც ქალებში უმართლებდა შალვას. ევრს მოსწონდა ცნობილი, მდიდარი ოჯახიდან გამოსული და სერიოზული პერსპექტივების მქონე ახალგაზრდა. თუმცა, შალვა მაშინვე გრძნობდა ამ მერკანტილურ ინტერესს და გარკვეული იმუნიტეტიც გამოიმუშავა. ურთიერთობებში თანდათანობით, მგონი იმაზე ეჭვიანიც გახდა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. შედეგად მარტო იყო და ეს ამაყი მარტოობა მოსწონდა კიდეც.   

სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას ერთი სერიოზული ნაკლი გააჩნდა. სამსახურის შემდეგ თითქოს წასასვლელიც არსად ჰქონდა. არავინ ჰყავდა ისეთი, ვისთანაც გაერთობოდა, გულს გადააყოლებდა. ბევრჯერ უფიქრია ამ თემაზე. ბევრჯერ დაუგეგმავს, რომ აი ხვალიდან დრამატულად შეცვლის საკუთარი ცხოვრების წესს, უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს და თავგადასავლებით აღსავსეს გახდის. მაგრამ, არჩევანის სიმწირე, თუ ბუნებრივი სიზარმაცე ვერაფრით დასძლია.

  იმ დღესაც, გვიანობამდე შემორჩა სამსახურში. ის იყო შინ წასვლა გადაწყვიტა, კომპიუტერმა დაიწრიპინა - იმის მაუწყებლად, რომ პრემიერ მინისტრის აპარატის  მისამართზე მეილი მოვიდა. ეს მისამართი განკუთვნილი იყო ოფიციალური შეტყობინებებისთვის, ძირითადად უცხო სახელმწიფოების მხრიდან. შესაბამისად, ალბათ ეს წერილიც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. შალვამ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, კომპიუტერს მიუბრუნდა, მაუსი შეათამაშა, რომ ეკრანი განათებულიყო და საფოსტო პროგრამა გახსნა.    

   

* * *

   

მიუხედავად საღამოს 8 საათისა. სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ისეთი ფუსფუსი ამტყდარიყო, კარგა ხანია არავის უნახავს. ჩინოვნიკები საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ყველა ოთახში სინათლე აინთო. კანცელარიის შესასვლელთან რიგ-რიგობით ჩერდებოდნენ ძვირადღირებული ავტომობილები. იქედან საქმიანი ნაბიჯით, მუქი ფერის კოსტუმებში გამოწყობილი მინისტრები, პარლამენტის კომიტეტების თამჯდომარეები და მმართველი პარტიის ბოსები გადმოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი არავის აუჩქარებია, ყველა მათგანის მოძრაობაში იკითხებოდა გაურკვევლობასთან თანაზიარი დაძაბულობა, შეიძლება ითქვას შეშფოთებაც კი.   

ნახევარ საათში პრემიერიც მობრძანდა. ყველანი საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ და სხდომაც დაიწყო.   

- ბატონებო! - ჩაახველა პრემიერმა და ჭიქიდან მინერალური წყალი მოსვა. - პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიუხედავად არასამუშაო პერიოდისა, ყველანი ოპერატიულად შეიკრიბეთ. სიტუაცია შეიძლება ითქვას საგანგაშოა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს. ასევე მინდა გაუწყოთ, ჩვენი სხდომის პარალელურად, პრეზიდენტთან უკვე შეკრებილია უშიშროების საბჭო, რომელსაც ძირითადად ოპოზიციის და მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. - პრემიერი ირონიულ ჩაცინებას შეეცადა, მაგრამ როგორღაც ნაღვლიანად გამოუვიდა. წყალი ისევ მოსვა და გააგრძელა. - რასაკვირველია ყველამ ვიცით, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა ვერ ექნება. ნამდვილი, უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ უსაფრთხოების საბჭოა, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ პირველად, მედიისთვის ცნობილი, სწორედ უშიშროების საბჭოს შეკრების ფაქტი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ მომეწვია საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა.   

პრემიერმა შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოავლო. რამდენიმე მათგანი შეეცადა აქტიური რეაქცია ჰქონოდა - სახეზე ერთდროულად ირონია, აღშფოთება და პრემიერის ბრძნული გადაწყვეტილებისადმი მხარდაჭერა გამოხატვოდა. ზოგიერთი თავის მძიმედ და მრავალმნიშვნელოვნად დაკანტურებით შემოიფარგლა. მხოლოდ ორი დამსწრე განაგრძობდა ჯიუტად მაგიდის თვალიერებას.   

პრემიერმა ისევ ჩაახველა, სახეზე რაღაც ყოყმანის მაგვარმა გადაურბინა, შემდეგ განაცხადა:  

- სიტუაციას ჩემი თანაშემწე, ბატონი შალვა გაგაცნობთ.   

დამსწრეებმა ერთმანეთს გადახედეს. ყველამ მშვენივრად იცოდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნებას პრემიერი არავის ანდობდა ხოლმე. მით უმეტეს “ვიღაც” თანაშემწეს. ასეთი ნაბიჯი მართლაც არაორდინალურად მოეჩვენათ.   

შალვა კაპანაძე წამოდგა. კიდევ ერთხელ ინანა, რომ იმ დღეს სამსახურში ჯინსებით გამოცხადდა, რაც აშკარად არ შეეფერებოდა დაკისრებული მოვალეობის სირთულეს და მნიშვნელობას. თუმცა, ამას ახლა აღარაფერი ეშველებოდა.   

- ბატონებო, დღეს, დაახლოებით საათნახევრის წინ, პრემიერ მინისტრის ოფიციალურ მეილზე მოვიდა შეტყობინება, უფრო ზუსტად ვიდეო ფაილი. რომელიც… - შალვამ უნებური პაუზა გააკეთა, შემდეგ მანაც ნერვიულად ჩაახველა, შეშინებული თვალები პრემიერ მინისტრისკენ გააპარა და განაგრძო. - უფრო სწორად, ამ ფაილში არის შეტყობინება, მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი. ეს მიმართვა ეკუთვნის ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, რამდენადაც ცნობილია დანარჩენი კაცობრიობისათვის სრულიად უცნობი, არამიწიერი ცივილიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს.  - ამ სიტყვების შემდეგ კაპანაძემ აშკარად შვებით ამოისუნთქა და თვალი დარბაზს მოავლო.   

დარბაზი ახმაურდა. კულტურის მინისტრმა ხმამაღლა და აშკარად არაადექვატურად გაიცინა. რამდენიმემ დაბნეულად წამოიძახა “რაო?”   

- ჩუმად თუ შეიძლება, მივცეთ ბატონ შალვას საშუალება, სათქმელი ბოლომდე თქვას. დებატების და ემოციების გამოხატვის დრო მერეც გვექნება. - ჩაერია პრემიერი.   

დარბაზი ცოტა მიყუჩდა, პრემიერის თანაშემწემაც განაგრძო.    

- ამ ცივილიზაციას სახელად ნოორს ეწოდება. სამწუხაროდ იმ…. (შალვა შეყოყმანდა) არსებას, რომელიც ვიდეოში საუბრობს, საკუთარი ვინაობა და თანამდებობა არ დაუსახელებია, მხოლოდ ის თქვა, რომ მთელი ცივილიზაციის სახელით ლაპარაკობს.   

- რა ენაზე საუბრობს? - ვერ მოითმინა ეკონომიკის მინისტრმა.   

- ქართულად ბატონო თენგიზ, ქართულად. რასაკვირველია აქცენტით, მაგრამ გასაგები ქართულით. თუმცა, დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, შეიძლება მის ნათქვამს რაღაც მაღალტექნოლოგიური, კომპიუტერული პროგრამა თარგმნიდა. რადგან, მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, საერთოდ მეპარება ეჭვი “ჩვენებური” ბგერების წარმოთქმა შეეძლოს.   

დარბაზი ისევ ახმაურდა. ამჯერად, სიტუაციის დასამშვიდებლად პრემიერმა ხელის აწევა იკმარა.   

შალვამ ისევ გააგრძელა.    

- სამწუხაროდ, ჩვენმა ტექნიკოსებმა ჯერ ვერ მოახერხეს, რომ მიღებული ვიდეო დარბაზის ეკრანზე გაგვეშვა. ალბათ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ყველაფერი საკუთარი თვალით გენახათ და მოგესმინათ. იმედი მაქვს, მოგვიანებით ამის საშუალებაც მოგვეცემა. მანამდე, ბატონი გიორგის ნებართვით (პრემიერ მინისტრს გულისხმობდა) შინაარს მე გაგაცნობთ.  

შალვამ ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ტექნიკური სამსახურის უფროსი იმ მომენტში სახლში იმყოფებოდა და უგონოდ მთვრალს ეძინა. თუმცა   გადაწყვიტა, პატივცემული საზოგადოება ასეთი დელიკატური ინფორმაციით არ დაეტვირთა.   

- რასაკვირველია, ყველა თქვენგანმა იცის ლეგენდა, რომლის თანახმად, როდესაც არსთა გამრიგე დედამიწაზე ტერიტორიებს ანაწილებდა, ქართველებმა დაიგვიანეს და მიწა აღარ შეხვდათ. ღმერთის შეკითხვაზე, აქამდე სად იყავითო უპასუხეს: ვქეიფობდით, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და ამიტომ შეგვაგვიანდაო. უფალს მოეწონა ქართველების პასუხი და თავისთვის გადანახული, ჭეშმარიტად მშვენიერი, საუკეთესო მიწა უბოძა მათ.   

ლეგენდას საბჭოს წევრები მდუმარედ უსმენდნენ. რამდენიმე მათგანმა სათნოებით აღსავსე მზერა აღაპყრო საკონფერენციო დარბაზის ჭერისკენ.   

- საქმე იმაშია, - გააგრძელა კაპანაძემ - რომ დღეს დადასტურდა ამ ლეგენდის ჭეშმარიტება, ოღონდ რამდენიმე არსებითი მომენტის გათვალისწინებით…   

დარბაზი ისევ აფუსფუსდა.   

- ეს იმათ თქვეს? - ჩაილაპარაკა ერთმა დეპუტატმა.   

- აი ხომ ვამბობდი ბატონო გიორგი. ყოველთვის მწამდა, ოპოზიცია და მედია კი დამცინოდა, ახლა ვნახავთ ვინ გაიცინებს - კულტურის მინისტმა ეს სიტყვები პრემიერის მისამართით წარმოთქვა და მისგან, როგორც ჩანს, მხარდაჭერას, ალბათ შექებასაც ელოდა. მაგრამ, ბატონი გიორგის სევდიანი გამომეტყველება შეამჩნია და ღიმილი პირზე შეაშრა.   

- ვაცადოთ ადამიანს ლაპარაკი - წამოიძახა ვიღაცამ და უსაფრთხოების საბჭოს წევრები ისევ მიყუჩდნენ.   

შალვამ კვლავ გააპარა თვალი პრემიერისკენ, ბატონი გიორგი საკუთარი ჰალსტუხიდან არარსებული მტვერის ჩამოფერთხვით იყო დაკავებული.   

- როგორც მოგახსენეთ, ლეგენდა მართალი აღმოჩნდა. ოღონდ, მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც გაირკვა, დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ, დედამიწაზე მართლაც ნაწილდებოდა ტერიტორიები, ოღონდ განაწილების პროცესს ხელმძღვანელობდა ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის ფედერაციის სპეციალური საბჭო, რომელიც ზოგადად ასეთ საქმეებზე არის უფლებამოსილი. ისიც მართალი აღმოჩნდა, რომ განაწილების პროცესისას, მომავალმა ქართველებმა დააგვიანეს და ტერიტორია აღარ შეხვდათ. არ ვიცი როგორ მოხიბლეს, თუ მოთაფლეს ჩვენმა წინაპრებმა, მაგრამ მოგვიანებით საბჭომ ისევ იმსჯელა ამ საკითხზე და ამჯერად უპრეცენდენტო, ხოლო ჩვენთვის კი ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო - გამოჰყო მიწა, რომელიც, ასე ვთქვათ, “ხელუხლებელი რეზერვის” სტატუსით იყო შესაბამის რეესტრში აღრიცხული.   

სამწუხაროდ, ამ ამბავს დაემთხვა ერთი ტრაგიკული მოვლენა. სწორედ მაშინ, როდესაც დედამიწაზე ტერიტორიების განაწილების პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა, გალაქტიკის მეორე მხარეს ერთი ვარსკვლავი აფეთქდა. მოგეხსენებათ, ვარსკვლავები ზოგჯერ ფეთქდება ხოლმე. ამ ვარსკვლავის ერთ, პატარა პლანეტაზე კი, სწორედ ჩემს მიერ ნახსენები ცივილიზაცია - ნოორსი სახლობდა. მათთვისვე საბედნიეროდ, ნოორსელებმა დროულად იწინასწარმეტყველეს მზის აფეთქება და საკუთარი, უნდა ითქვას საკმაოდ მცირერიცხოვანი რასის ევაკუაცია მოასწრეს. შემდეგ, არსებული წესის თანახმად გალაქტიკური ფედერაციის ხელმძღვანელობას მიმართეს და სიცოცხლისთვის ვარგის, რომელიმე პლანეტაზე ტერიტორიის გამოყოფა მოითხოვეს.   

თურმე, პლანეტების განსახლების დროს, ტერიტორიის გარკვეული რეზერვი სწორედ ასეთი ფორს-მაჟორის დროს წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს.   

გალაქტიკური ფედერაციის შესაბამის უწყებებს ნოორსელების კომფორტული არსებობისთვის საჭირო პირობების მქონე პლანეტის მოძიება დაევალათ. სწორედ ასეთი პლანეტად იქნა მიჩნეული ჩვენი დედამიწა. თუმცა, იმ მომენტისთვის, დედამიწაზე გამოყოფილი რეზერვი უკვე ჩვენი წინაპრების მიერ იყო ათვისებული.   

შეიქმნა გვარიანად უხერხული იურიდიული პრობლემა. საბჭომ, რომელიც დედამიწაზე ტერიტორიებს ანაწილებდა, საკუთარი შეცდომა არ აღიარა და ნოორსის იურისტებს ურჩია სასამართლოსთვის მიემართათ. ნოორსელებმაც გაასაჩივრეს.   

გალაქტიკური ფედერაციის სასამართლო სისტემა ნელი და ბიუროკრატიული მექანიზმია. საქმის გარჩევას, ჩვენი დროითი სკალის მიხედვით ოთხი ათასი წელი დასჭირდა. ამ ორიოდე კვირის წინ სასამართლომ დაასრულა პროცესი და ვერდიქტიც გამოიტანა.

კერძოდ: ტერიტორიების განმანაწილებელი საბჭო ცნობილი იქნა წაგებულ მხარედ. მათ წევრებს ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრათ. დედამიწის ის ნაწილი, რომელზედაც ამჟამად საქართველო მდებარეობს, გამოცხადდა ნოორსის საკუთრებად და უფლება მიეცათ, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ განსახლდნენ.    

შალვამ დაასრულა და შუბლზე მომსკდარი ოფლი მოიწმინდა.   

დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ყველას გასაოცრად, კულტურის მინისტრიც ჩუმად და თავჩაქინდრული იჯდა.   

- კი მაგრამ, ეს ამბავი საპატრიარქომ იცის? - წაიჩურჩულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. პასუხი არავის გაუცია.   

დარბაზში გამეფებული, ერთგვარი ფრუსტრაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა დაარღვია. წამოდგა, პიჯაკი გაისწორა და რიხიანად დაიწყო.   

- ტყუილი იქნება ეს ყველაფერი, ნამდვილად რადიკალური ოპოზიციის შეთითხნილი ამბავია. ვიდეოს რომელიმე ოპოზიციური ტელევიზიის სტუდიაში ჩაწერდნენ. რეჟისორი ის ეყოლებოდათ, აი ის - თითი გაატკაცუნა და გარშემომყოფებს ისე გადახედა, ყველამ ვიცით ვისაც ვგულისხმობო. - მიზანი ნათელია, არეულობის შექმნა უნდათ. ამიტომ, წინადადებით შემოვდივარ,  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ. დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიცია ვერც ამჯერად მოახერხებს ჩვენი მდგრადი და მშვიდობიანი განვითარება შეაფერხოს.  

შალვა კაპანაძე რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პრემიერმა ანიშნა - მე ვუპასუხებო.   

- დაბრძანდით, ბატონო ლუარსაბ. სამწუხაროდ, ყველაფერი სიმართლეა. სხდომის დაწყებამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორები დამიკავშირდნენ. 20 კილომეტრის დიამეტრის მქონე კოსმოსურმა ხომალდმა უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და რამდენიმე წუთში თბილისის თავზე იქნება. რაც მთავარია, ნოორსმა ულტიმატუმი წამოგვიყენა. ტერიტორიის განსათავისუფლებლად მხოლოდ 36 საათიანი ვადა მოგვცეს.   

საბჭოს წევრები ერთდროულად წამოიშალნენ, ზოგი დარბაზის გასასვლელისკენ დაიძრა, ზოგმა იქვე ამოიღო ტელეფონი და სადღაც რეკავდა. პრემიერმა იგრძო, სიტუაცია კონტროლს აღარ ემორჩილებაო, ამიტომ წამოიყვირა, ვაცხადებ 15 წუთიან შესვენებასო და თვითონაც დატოვა დარბაზი.   

ეს ბაკქანალია ალბათ უსასრულოდ გაგრძელდებოდა, რომ არა ვიღაცის ყვირილი - მოფრინდნენ, უკვე აქ არიან!   

წამებში ყველა ფანჯრებთან მიცვივდა. ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში უცხოპლანეტელების ხომალდი სულ ათასგვარი ნათურებითაა ხოლმე დახუნძლული. უზარმაზარი დისკო, რომელიც თბილისის თავზე იდგა, სრულიად ბნელი იყო. მის კორპუსზე არც ერთი წერტილი ანათებდა. რომ არა საკმაოდ ნათელი, მთვარიანი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, შეიძლება ვერც შეგემჩნიათ. არც ხმა ჰქონდა და საერთოდ არაფრით ამჟღავნებდა საკუთარ არსებობას. ეკიდა ასე უძრავად და ამიტომ, მგონი უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა.  ცოტა ხანში ქუჩიდან მუხრუჭების ხმა, ჭახანი, ვიღაცის კივილი და პოლიციის სირენაც გაისმა. როგორც ჩანს ნოორსის ხომალდი დედაქალაქის დანარჩენმა მცხოვრებლებმაც შეამჩნიეს აქედან გამომდინარე შედეგებით.   

დაახლოებით 45 წუთი დასჭირდა უსაფრთხოების საბჭოს წევრების შოკიდან გამოსვლას. ნელ-ნელა დამშვიდდნენ და საკუთარი ადგილები დაიკავეს. სხდომაც განახლდა.   

- თქვენი შეკითხვები, წინადადებები, და ასე შემდეგ თუ შეიძლება. გისმენთ - განაცხადა პრემიერმა.   

დუმილი კულტურის მინისტრმა დაარღვია. აინტერესებდა, როგორ გაიგო პრეზიდენტმა ამ ულტიმატუმის შესახებ და ხომ არ გაჟონა ინფორმაციამ პრემიერის აპარატიდან. თანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გადახედა მწყრალად.   

ბატონმა გიორგიმ შალვას ანიშნა. ისიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. - მეილს, რომელიც აპარატმა მიიღო სამი ადრესატი ჰყავდა. საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი.   

საიდუმლოდ დარჩა, დაკმაყოფილდა თუ არა კულტურის მინისტრი ამ მშრალი ინფორმაციით, თუმცა რაიმე პრეტენზია აღარ გამოუთქვამს.   

სიტყვა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ მოითხოვა.   

- რამდენიმე შეკითხვა მაქვს, ბატონებო და ქალბატონებო. პირველი: ვაპირებთ თუ არა მომხვდურებს ისე შევეგებოთ, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი გმირი წინაპრები აკეთებდნენ? ვგულისხმობ, გავუწევთ თუ არა მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას?   

პრემიერმა ამოიოხრა და თვალი თავდაცვის მინისტრისკენ გააპარა, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა და საკუთარ ფრჩხილებს ათვალიერებდა. განაგრძეთ, ბატონო ზაზა, შეაგულიანა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ბატონი ზაზაც ოსტატურად გადავიდა შემდეგ საკითხზე.   

- მეორე საკითხი: რას ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები? მაგალითად ნატო, აშშ, ევროკავშირი, ან ის... რუსეთი?    

- მაგაზე მე მოგახსენებთ, - შეეხმიანა საგარეო საქმეთა მინისტრი. - შესვენების დროს განცხადებებს გავეცანი.   

ყველანი მინისტრს მიაჩერდნენ. მანაც ჯიბიდან თაბახის დაჭმუჭნილი ფურცელი ამოიღო და კითხვას შეუდგა.  

- მაშ ასე, უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები. შექმნილი სიტუაციის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროსაბჭო. შემდეგ, ევროკავშირიც ასევე გამოთქვამს ღრმა წუხილს და მოუწოდებს წევრ სახელწიფოებს გამოყონ სპეციალური ვოტები საქართველოდან ემიგრირებული პირების მისაღებად. ჯამში, ევროკავშირი მზადაა ოცი ათასი იმიგრანტი მიიღოს. ორმოცდაათი ათასი იმიგრანტის მისაღებად მზაობა გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ. თხუთმეტ ათას ლტოლვილს კანადა და ავსტრალია შეიფარებენ.    

განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმაც. მან დაგმო აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამიერიდან ერთპოლუსიანი მსოფლიო წარსულს ჩაბარდება. ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო გააძლიერებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო მზადყოფნას ნატოს საზღვრებთან. მანამდე კი, პრევენციის მიზნით ჯარებს შეიყვანს ყაზახეთში და ყირგიზეთში.    

- ყაზახეთში და ყირგიზეთში რატომ? - იკითხა კულტურის მინისტრმა.   

საგარეო საქმეთა მინისტრმა კულტურის მინისტრს გაოცებული მზერა მიაპყრო, მაგრამ არაფერი უპასუხია და საკუთარი მონოლოგი გააგრძელა.   

- აღსანიშნავია ასევე ისლანდიის, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის და მონაკოს მთავრობების მხარდამჭერი განცხადებები. რომის პაპმა კი განაცხადა, რომ ილოცებს საქართველოს მოქალაქეთა სულებისთვის. ბრაზილია ათი ათას პლედს და ქალებისათვის ჰიგიენურ საშუალებებს შეგვპირდა. ჯერჯერობით ესაა.   

- დაგვენძრა - ამოიგმინა  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. რამდენიმე წამით ისევ მდუმარებამ დაისადგურა.   

- მე მაქვს შეკითხვა, უფრო სწორად, შეკითხვა კი არა და პრეტენზია - წამოიწია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე. - როგორც თქვენ ბრძანეთ, სასამართლო პროცესი ოთხი ათასი წელი გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე რატომ ერთხელაც არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში? რომ გვცოდნოდა მოვემზადებოდით, ჩვენს იურისტებსაც გავაგზავნიდით. ბოლოს და ბოლოს მეც კი ჩავერთვებოდი პროცესში. ასეთი გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი სრულიად აღმაშფოთებელია.   

- ოთხი ათასი წლის წინ მგონი არც თქვენ იყავით ცოცხალი - ჩაიფრუტუნა ვიღაცამ, რასაც აქა-იქ ნერვიული სიცილიც მოჰყვა.   

- ბატონო გიორგი, მიიღეთ ზომები, რას გავს ეს? რატომ აძლევთ ზოგიერთ ბატონს უფლებას, ჩემს ჭარმაგ ასაკზე იქილიკონ? ბოლოს და ბოლოს ჯერ მხოლოდ 78 წლის ვარ და კიდევ დიდხანს შემიძლია ჩემს სამშობლოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოვახმარო - გაწიწმატდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე, რომელიც სინამდვილეში 81 წლის იყო.   

- სამწუხაროდ, ამაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია. მხოლოდ 30 საათი გაქვთ დარჩენილი, მწარედ შენიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ და საათს დახედა. რამდენიმემ ისევ გაიცინა, თუმცა აშკარად უხალისოდ. უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ, უფრო ნათლად გაიაზრეს, რომ დროში ძალიან შეზღუდულები იყვნენ და ულტიმატუმის ვადა სწრაფად იწურებოდა.   

- შეკითხვაზე მე შევეცდები გიპასუხოთ - დაიწყო შალვამ. საქმე იმაშია, რომ როგორც მივხვდი, სასამართლო პროცესი ნოორს-სა და დედამიწაზე ტერიტორიის გამანაწილებელ კომისიას შორის მიმდინარეობდა. დავაც მათ იურისტებს შორის იყო. ჩვენ ალბათ შეგვეძლო სასამართლოსთვის მიგვემართა და მესამე, დაინტერესებულ მხარედ პროცესში ჩართვა მოგვეთხოვა. მაგრამ, როგორ გავაკეთებდით ამას? სამწუხაროდ, ასეთი სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციაც კი არ გვქონდა. უფრო მეტიც, საერთოდ არაფერი ვიცოდით და თავი სამყაროში ერთადერთ გონიერ სიცოცხლედ მიგვაჩნდა.   

- ეს უსამართლობაა - თქვა ვიღაცამ. - არაფერი ვიცოდით, ამით ისარგებლეს და ჩვენთვის საზიანო გადაწყვეტილება მიიღეს.   

- კანონების არცოდნა პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს - სხაპასხუპით უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. - ჩვენთანაც ეგრეა - დააყოლა, შემდეგ დაბნეულად მიმოიხედა და ისევ დადუმდა.  

- როგორ გამოიყურებიან? - იკითხა ვიღაცამ.  

პრემიერმა ამჯერადაც მის თანაშემწეს ანიშნა უპასუხეო.  

- გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პლანეტა მათთვის საცხოვრებლად ვარგისად არის მიჩნეული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით დრამატული განსხვავებები არ გვაქვს. ვგულისხმობ, რომ მათ შეუძლიათ იგივე ტემპერატურული დიაპაზონში არსებობა, ჟანგბადით სუნთქვა და ასე შემდეგ. გარეგნობას რაც შეეხება. მსჯელობა მხოლოდ ერთი ინდივიდის საფუძველზე შემიძლია. ჩვენზე უფრო მაღლები არიან და უფრო... ტანწერწეტა. ალბათ იმიტომ, რომ მათ პლანეტაზე ნაკლები გრავიტაცია იყო. სხვა დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თანაც, მალე ალბათ ყველას გექნებათ მათი ხილვის საშუალება. - მხრები აიჩეჩა შალვამ.  

- კარგი, მოდით კიდევ ერთსაათიანი შესვენება გამოვაცხადოთ. პასუხისმგებელმა პირებმა თქვენ-თქვენი სტრუქტურების საქმიანობის   შესახებ ანგარიშები მოამზადეთ. ზუსტად 60 წუთში ისევ შევიკრიბოთ. - ბრძანა პრემიერმა.  

- ბატონო ზურაბ, ქვეყანაში რა ხდება? ფლობთ სიტუაციას, როგორ იმოქმედა ახალმა ამბავმა სახელმწიფოს მდგრადობაზე? მგონი, არეულობებს უნდა ველოდოთ. - მიმართა შავიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, როგორც კი სხდომა განახლდა.   

- რასაკვირველია, ბატონო გიორგი. ზომებს ვიღებთ, ყველაფერს ვაკონტროლებთ. მაგალითად, ჩემი აგენტი ყოველწამიერად მაწვდის ინფორმაციას პრეზიდენტის რეზიდენციიდან. უშიშროების საბჭოს შეხვედრა ისევ მიმდინარეობს და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღიათ. ყველანი იქ არიან, ოპოზიციის ლიდერები და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ წუთებში სიტყვით პარტიის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი გამოდის. ბუნებრივია, არსებობს საფრთხე, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ ფაქტს სათავისოდ გამოიყენებს, მაგრამ…   

- ქუჩებში რა ხდება? უცერემონიოდ შეაწყვეტინა პრემიერმა და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაჩერდა.   

- ახალი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. ყველა ტელევიზია და რადიო ამაზე ლაპარაკობს. სოციალური ქსელებიც აჭრელებულია. ხალხმა უკვე ევაკუაცია დაიწყო. ავტომანქანების კოლონები სამი ძირითადი მიმართულებით მოძრაობს. ქვეყნის დატოვებას სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართულებით ცდილობენ. დიდი ხალხმრავლობაა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებთან.  ახლა ჯერ ღამეა, ვვარაუდობ, რომ დილისთვის აქტივობა მკვეთრად გაიზრდება და მთავარი მაგისტრალები ჩაიხერგება.  ხალხი აღარ გვყოფნის ბატონო გიორგი. - ხელები გაშალა მინისტრმა. - პოლიციელების დიდი ნაწილი ასევე ევაკუაციას ცდილობს. ბევრმა მათგანმა ამისთვის სამსახურეობრივი ავტომობილი გამოიყენა.   

- არმიაში რა ხდება? - მიუბრუნდა შავიშვილი თავდაცვის მინისტრს.   

- არმიის ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გავეცი ბატონო გიორგი, მაგრამ ყველა გარბის. ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც. ასე რომ…   

- მე მაქვს ერთი შეკითხვა - წამოიწყო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.   

პრემიერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.   

- რა ეშველებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევაკუაციას ვერ მოასწრებენ?   

ყველა მინისტრს მიაჩერდა. შეკითხვა ერთდროულად გულწრფელიც ჩანდა და ბედთან შერიგების განწყობაც აშკარად იკითხებოდა.   

- უპასუხეთ შალვა - პასუხის გაცემა აირიდა პრემიერმა.   

- ალბათ ნოორსის ულტიმატუმის დეტალებს გულისხმობთ. - ჩაეკითხა კაპანაძე.   

- დიახ, დიახ, რასაკვირველია - უპასუხა მინისტრმა.   

-   36 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ. ნოორსელები ტერიტორიის სტერილიზაციას მოახდენენ. განადგურდება ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რომლის ინტელექტიც გალაქტიკურ ფედერაციაში მიღებული სკალის მიხედვით 550 პუნქტს აღემატება.   

- ეს რას ნიშნავს? მარტო ჭკვიანებს დახოცავენ? - იმედიანად იკითხა კულტურის მინისტრმა.   

- ზუსტად ვერაფერს მოგახსენებთ. ამ სკალის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს. თუმცა, ნოორსის წარმომადგენლის საუბრის კონტექსტიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საუბარია ყველა ადამიანზე და არა მარტო. სტერილიზაციას შესაძლოა სხვა ძუძუმწოვრებიც დაექვემდებარონ.   

- ამას როგორ გააკეთებენ? - იკითხა თავდაცვის მინისტრმა.

- ჰო, ეს მართლაც საინტერესოა - შეეხმიანა რომელიღაც პარლამენტარი.

- წარმოდგენა არ მაქვს ბატონებო. არც ის ვიცი ამას როგორ აკეთებენ (ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა) მაგრამ, მათ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არა მგონია გონივრული იყოს...   

- ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გააღწიოს ქვეყნიდან და რაც შეიძლება სწრაფად - ჩუმად ჩაილაპარაკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.   

- კი მაგრამ, რაღა გაფრთხილება უნდათ? ისედაც ყველა გარბის. თანაც პანიკას გავაძლიერებთ და გზებიც უფრო ჩაიხერგება - გააპროტესტა შინაგან საქმეთა მინისტრმა.   

- მე მაქვს იდეა - წამოიწყო სუს-ის უფროსმა - რა თქმა უნდა, აუცილებელია გავაფრთხილოთ. ხმა რომ არ ამოვიღოთ უარესი იქნება. ხალხი საბოლოოდ შეგვიძულებს. მაგრამ, აჯობებს რბილი, მოზომილი განცხადება გავავრცელოთ. ვთქვათ, რომ ქვეყნიდან ევაკუაციას მხოლოდ დროებით ნაბიჯად მივიჩნევთ. რომ ორ-სამ დღეს მოიცდიან, შემდეგ სიტუაციას დავასტაბილურებთ და ისევ დაბრუნდებიან.   

- ეს რას მოგვცემს? - იკითხა პრემიერმა.   

- იმას, ბატონო გიორგი, რომ თუ ეცოდინებათ, ქვეყანას სულ რაღაც რამდენიმე დღით ტოვებენ, თან მხოლოდ აუცილებელ ნივთებს წაიღებენ. ეს კი დროს დაუზოგავთ და მაგისტრალებიც ნაკლებად დაიტვირთება. წარმოიდგინეთ, სად უამრავი ტანსაცმელით, სურსათით, ავეჯით და ათასი ხარახურით დატვირთული ტრანსპორტი და სად… - აღარ დაასრულა, აზრი ისედაც ყველასთვის იყო გასაგები.   

- წინადადება მისაღებია - დაეთანხმა პრემიერი. - გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შეატყობინეთ, მათ ხელთ არსებული ტრანსპორტის მობილიზაცია მოახდინონ. ყველანაირი ტექნიკაა საჭირო და გამოსადეგი. ავტობუსები, სატვირთოებიც კი. საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდით... კიდევ ერთი (საგარეო საქმეთა მინისტრს ანიშნა), იქნებ მეზობელი სახელმწიფოების მთავრობებს შევეხმიანოთ. სპეციალური განცხადება გავაკეთოთ, ან რაიმე… პირადი კონტაქტებით. ვთხოვოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე არ დააყოვნონ. ახლა ყოველი წუთი ძვირფასია.   

- გასაგებია ბატონო გიორგი, ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა მაგის აუცილებლობა არ არსებობს. - უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

- რატომ?   

- თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის შესაბამისმა უწყებებმა საერთოდ მოხსნეს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი. ხალხი დაუბრკოლებლად გადადის.   

- ეს ძალიან კარგია - ჩაილაპარაკა პრემიერმა. მეზობლებს მადლობა მაინც გადავუხადოთ ასეთი უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის.   

- მხარდაჭერა არაფერ შუაშია, ბატონო გიორგი - ამოიოხრა მინისტრმა.   

- რას გულისხმობთ? - გაოცებული მიაჩერდა შავიშვილი.   

- როგორც ვიცით, ტერიტორიის განთავისუფლების შესახებ ნოორსის ულტიმატუმი, საქართველოს ამჟამინდელი, გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებზე ვრცელდება, მაგრამ ვინ იცის? რამდენად ზუსტია მაგათი ტექნოლოგია? საზღვრებს ასე ზედმიწევნით როგორ მოარგებენ? ამიტომ, ვფიქრობ უბრალოდ ეშინიათ. მეზობელმა ქვეყნებმა არა მარტო საზღვრის კონტროლი მოხსნეს, არამედ, საზღვრისპირა ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობის მასობრივ ევაკუაციასაც ახორციელებენ... მთელს პერიმეტრზე.    

- რუსებიც? - ჩაეკითხა პრემიერი.   

- რუსები არა... რამდენადაც ვიცი არა. პირიქით, საზღვრის დაცვა გააძლიერეს და არმიის დამატებითი ძალები გადმოისროლეს. შეიძლება იმის იმედი აქვთ, რომ კავკასიონის ქედი ნოორსისთვისაც გადაულახავი ზღუდეა - ყოყმანით უპასუხა მინისტრმა.   

 სხდომა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა, შალვა აღარ უსმენდა. მის გონებაში იმ აწიოკებული, შეშინებული ქართველების ხატები ტრიალებდა, რომლებიც ახლა ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.    

დედაჩემს უნდა დავურეკო - ამ აზრმა მოულოდნელად გაუელვა. მაშინვე შერცხვა, რომ აქამდე მშობლები არ გახსენებია. საკონფერენციო დარბაზიდან ჩუმად გაიპარა და ტელეფონი მოიმარჯვა.   

- შაკო, შვილო, შაკუნია, როგორ ხარ? მოესმა დედის აღელვებული ხმა. ფონად რაღაც ხმაური და მგონი ვიღაცის ყვირილიც ისმოდა.   

- სად ხართ, დე? - შეაწყვეტინა.   

- სად უნდა ვიყოთ? წითელ ხიდს ვუახლოვდებით. მამაშენი ხომ იცი როგორი კაცია? როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩამაჯინა მანქანაში და გამოვიქეცით, დედიკო. კიდევ კარგი, დროულად წამოვედით. ახლა გზებზე ისეთი ამბავია, კოშმარი, შვილო. ათასი ავარია, საცობები და რა ვიცი, რა აღარ ხდება. მამაშენი ხომ იცი... სულ სოფლის გზებით იარა დედიკო. როგორღაც გავაღწიეთ. შენი დარდი არ მქონდა, ვიცოდი სადაც ხარ და ისიც გავიგეთ, რომ სიაში ხარ.   

- სიაში? რა სიაში?   

- სამთავრობო თვითმფრინავის მგზავრების სიაში. რა გჭირს? გიორგის არ მოსცილდე შაკო. გვერდიდან არ მოსცილდე. ხომ იცი, შენს გარეშე ისედაც ნაბიჯს არ დგამს. პარიზში რომ ჩახვალთ, მაშინვე დამირეკე. თბილი ტანსაცმელები წაიღე, შაკო. არაფერი დაგრჩეს იცოდე.  პროგნოზი ვნახე, საშინელი ამინდი დაგხვდებათ და არ გამიცივდე. მამაშენი ამბობს, როგორც კი ჩავა, მაშინვე ჯუმბერის დაურეკოსო. ხომ გახსოვს ჯუმბერი ბიძია? მამას მეგობარი. ახლა მანდ ცხოვრობს და მთელს პარიზს ფეხზე დააყენებს შენი გულისთვის. ტელეფონის ნომერს დაგიმესიჯებ, როგორც კი მოვახერხებ. ჩვენ ალბათ ბაქოში ჩავალთ და იქ გავჩერდებით, შვილო, რამდენიმე დღე. დანარჩენს მერე მოვიფიქრებთ. ჩვენზე არ ინერვიულო.   

დედა კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ შალვა აღარ უსმენდა.    

აჰა, ესე იგი მივდივართ, მთელი მთავრობა,  მათ შორის მეც, როგორც პრემიერის აპარატის თანამშრომელი. გავრბივართ, “როგორც ვირთხები, ჩასაძირად განწირული გემიდან” - გაახსენდა ცნობილი ფრაზა. იმანაც გააღიზიანა, რომ ეს ამბავი მისმა მშობლებმა უფრო ადრე შეიტყვეს, ვიდრე თვითონ. დედას სასწრაფოდ დაემშვიდობა და სხდომის დარბაზში შებრუნდა.   

სიტყვით პარლამენტის სპიკერი გამოდიოდა. სწორედ მან გააჟღერა მთავრობის და პარლამენტის წევრთა ნაწილის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ. პარალელები გაავლო 1921 წლის ხელისუფლებასთან, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად აუცილებლად დაბრუნდებიან და კვლავ ჩაუდგებიან სათავეში მათ მრავალჭირნახულ სამშობლოს.   

ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით მონოლითურია, განსხვავებით 1921 წლის დროინდელისგან, ამიტომ დევნილობაშიც გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას და ყველაფერი კარგად იქნებაო - გამოსვლის ძირითადი არსი ეს იყო.   

 
   

* * *

 

შალვა ბორტზე ავიდა. პირველი, რაც თვალში მოხვდა - თვითმფრინავის სალონის მესამედი ცარიელი იყო. გიორგი შავიშვილი და მისი მეუღლე უკვე ისხდნენ. პრემიერს ორი შვილი ჰყავდა, ორივე არასრულწლოვანი. თუმცა, საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ალბათ ახლაც იქ იყვნენ.    

მათ რომ ჩაუარა, შავიშვილმა თავი დაუქნია, მერე ხელით ანიშნა შეჩერდიო.   

- შალვა, სადმე ახლოს დაჯექი, შეიძლება დამჭირდე.   

- კარგი, ბატონო გიორგი - უპასუხა და პრემიერის უკან, ორი რიგის მოშორებით ჩამოჯდა.   

გვერდითა სავარძელი თავისუფალი იყო, სამაგიეროდ მის უკან იჯდა ორი ქალბატონი. მათ არ იცნობდა.   

ალბათ მინისტრების, ან დეპუტატების ცოლები არიან - გაიფიქრა და თავისდაუნებურად ყურადღება ქალების საუბარს მიაპყრო.   

 როგორც ეტყობოდა ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ ამ ურთიერთობას მთლად მეგობრულსაც ვერ დაარქმევდი. ცდილობდნენ ნეიტრალურ თემებზე ელაპარაკათ. თან ერთმანეთს ეპრანჭებოდნენ. თემები კალეიდოსკოპურად ცვლიდა ერთი-მეორეს. შვილები, მათი განათლება. ძალიან საქმიანი და მუდმივად დაკავებული მეუღლეების პირობებში ცხოვრების სირთულეები.   

- პარიზში სად უნდა იცხოვროთ? - იკითხა ერთმა.   

- ჩვენ გვაქვს ბინა. - ხაზგასმული უბრალოებით უპასუხა მეორემ. - შარშანწინ იყიდა ზაზამ. ფართით ძალიან დიდიც არ არის, მაგრამ კარგ უბანშია. მეზობლებიც ნორმალური. ხომ იცი, პარიზში კარგ გარემოცვას რამხელა მნიშვნელობა აქვს? მაშინ, როდესაც ნახა, ეგრევე დამირეკა. ისე მომეწონაო. ისეთი მყუდრო და საყვარელია ბინაა, ეს რომ არ ვიყიდო გავგიჟდებიო. ძალიან უყვარს ზაზას პარიზი. მე არ ვგიჟდები. საცხოვრებლად ლონდონი მირჩევნია, ან ბერლინი.    

ქალებმა გააგრძელეს ჭორაობა, შალვა აღარ უსმენდა. სალონს ათვალიერებდა. ხალხი მგზავრობისთვის ემზადებოდა. ზოგი ბარგს ალაგებდა, ზოგი საუბრობდა, ზოგი იღიმებოდა კიდეც. პატარა ბავშვები რიგებს შორის დარბოდნენ. საათს დახედა, ულტიმატუმის ამოწურვამდე თითქმის ექვსი საათი რჩებოდა.   

სალონში ხომალდის კაპიტანი შემოვიდა, ცოტა ხნით რიგების დასაწყისში შეჩერდა, შეყოყმანდა, შემდეგ პრემიერისკენ გაემართა.   

- ბატონო გიორგი, ახლა გადმომცეს, აეროპორტთან დიდი რაოდენობის ხალხია შეკრებილი. აგრესიულად იქცევიანო. როგორც იცით, დაცვისა და წესრიგის აღდგენისთვის ძალები კატასტროფულად არ გვყოფნის. საშიშროება არსებობს, რომ ბრბო ტერიტორიაზე შემოიჭრას და საფრენი ბილიკის ბლოკირება მოახერხონ.    

- ვაიმე გიორგი, რა უნდა ვქნათ? ისტერიულად და ხმამაღლა წამოიძახა პრემიერის მეუღლემ, რითაც მთელი სალონის ყურადღება მიიპყრო.   

- დრო რამდენი გვაქვს? -  იკითხა პრემიერმა.   

- არ ვიცი, ვფიქრობ, რომ სადღაც ნახევარი საათი. ამის შემდეგ გაფრენა სათუო გახდება - უპასუხა კაპიტანმა.   

- გვაკლია ვინმე? - ისევ იკითხა პრემიერმა.   

კაპიტანმა ბორტგამცილებელს დაუძახა, ისიც მოვიდა, კარგა ხანს ათვალიერა პატარა პლანშეტი, შემდეგ უფროსობას უპატაკა.   

- სიიდან 4 ადამიანი გვაკლია, მათ შორის კულტურის მინისტრი.   

- კულტურის მინისტრი? სად არის კაცო ამდენ ხანს? - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა პრემიერმა.   

- 5 წუთის წინ დავურეკეთ ბატონო გიორგი, ჯერ კიდევ თბილისშია, ქალაქიდან არ გამოსულა. - უპასუხა ბორტგამცილებელმა.   

- და ეხლა მაგას უნდა ველოდოთ ამდენი ხალხი? რა უპასუხისმგებლობაა. - ისევ ისტერიულად წამოიყვირა პრემიერის მეუღლემ.   

- დამშვიდდი ძვირფასო - უპასუხა პრემიერმა, შემდეგ კაპიტანს მიუბრუნდა.   

- კარგი, თხუთმეტი წუთი დაველოდოთ, ვინც მოასწრებს მოასწრებს, ვინც არა და საკუთარ თავს დააბრალოს - რატომღაც ჰალსტუხი შეისწორა და სალონს გადახედა.   

მგზავრები, რომლებიც ამ საუბარს სულგანაბული უსმენდნენ, აშკარად მოეშვნენ და რამდენიმე წამში ისევ ახმაურდნენ.   

შალვა თავისდაუნებურად პრემიერის და მისი მეუღლის ურთიერთობაზე დაფიქრდა. თანაშემწის მოვალეობების შესრულება გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებდა. მაგალითად, მშვენივრად იცოდა, როგორ ვერ იტანდა ბატონი გიორგი საკუთარ მეუღლეს. რასაკვირველია საჯაროდ არასდროს გამოუხატავს და პირიქით, მთელი ქვეყანა სამაგალითო მეოჯახედ თვლიდა. მაგრამ შალვას ბევრჯერ შეუმჩნევია, როგორ ჩაუდგებოდა თვალებში სიცივე, როდესაც ცოლი დაურეკავდა. ეს მხოლოდ წამიერი გაელვება გახლდათ, შემდეგ ბატონი გიორგი თავს მოერეოდა და სტანდარტული, დაშაქრული ხმით უპასუხებდა ხოლმე - გისმენ, ძვირფასო.   

მათი ცოლ-ქმრობა, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი - ჯერ კიდევ მომავალი პრემიერის ცხოვრებაში, ანგარიშის, გეგმის ნაწილი იყო. ქალბატონი თამთა იმდროინდელი პრეზიდენტის ნათლული გახლდათ. სწორედ მისი საშუალებით შეაღწია შავიშვილმა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში. შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, როდესაც პრეზიდენტს ფეხი დაუცდა, მშვიდად და სხვათა შორის ვირტუოზულად გადახტა დაპირისპირებულ ბანაკში და აი დღეს შეიძლება თამამად ითქვას - ყველა ოცნება ასრულებული აქვს... თუმცა დღეს არა. დღევანდელი დღე სწორედ ის მოულოდნელობაა, ის ფორს-მაჟორი, რომელსაც ბატონი გიორგი კი არა, კაციშვილი ვერ გათვლიდა.    

შავიშვილს თითქოს არც არავინ და არაფერი უყვარდა საკუთარი თავის გარდა. მაგრამ არა... შალვამ კიდევ ერთი საიდუმლო იცოდა. ფეხბურთის ფანი იყო მისი შეფი. აი როდის უელავდა აზარტით თვალები. რამდენიმე თვის წინ მადრიდში იყვნენ ოფიციალური ვიზიტით და დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც მოახერხეს სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩს დასწრებოდნენ. მაშინ გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ შავიშვილი ფეხბურთში მართლა მშვენივრად ერკვეოდა. ბავშვობაში ვთამაშობდი კიდეც და კარგი პერსპექტივებიც მქონდაო - უთხრა საკუთარ თანაშემწეს. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, რომ ამ დონდლო და მოუქნელ არსებას, ოდესმე ფეხბურთის თამაში შესძლებოდა.    

შალვა უფროსზე ფიქრებს შეეშვა და ისევ სალონის თვალიერება განაგრძო. სწორედ ახლა იგრძნო, რომ ცუდად იყო. ხელები გასციებოდა და უკანკალებდა. შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა. ისიც აღმოაჩინა რა იყო მიზეზი. თურმე, ამ ხნის განმავლობაში, ორგანიზმის მთელს რესურსს იმაში ხარჯავდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ცდილობდა, როგორმე საკუთარ თავში ჩაეკლა, უკან, მუცელში ჩაებრუნებინა უკვე ყელთან მომდგარი ღმუილის, ყმუილის, თუ რაღაც ამდაგვარის სურვილი.

რამდენიმე წუთით თვალები დახუჭა და ცოტა ხანში რაღაც ზმანებასავით ეწვია. ნათლად წარმოიდგინა, როგორ წამოხტებოდა და მთელი ხმით დაიბღავლებდა, ყველას ყურადღებას მიიპყრობდა. შემდეგ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანს, ემოციურს, მოცემული მომენტის შესაფერისს, შეიძლება ისტორიულსაც კი იტყოდა. მას მოუსმენდნენ, დაუჯერებდენ, მიხვდებოდნენ…   

თვალები გაახილა. სალონში ხმადაბალი ხმაური იდგა. ბავშვები ისევ დარბოდნენ რიგებს შორის. უკანა რიგში მსხდომი ქალბატონები ძველებურად ჭორაობდნენ. ყველაფერი კვლავინდებურად გრძელდებოდა და შალვა მიხვდა, რომ არათუ ფეხზე არ წამომდგარა, არც კი განძრეულა.   

დაახლოებით ხუთი წუთი გახევებული იჯდა. შემდეგ კიდევ ერთხელ მოათვალიერა სალონი, წამოდგა და ნელა გაემართა თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ. გასასვლელს რომ მიუახლოვდა, მოტრიალდა, მგზავრებს გადახედა. აინტერესებდა, მიაქცია თუ არა ვინმემ ყურადღება. არავინ უყურებდა. პრემიერი სმარტფონს ჩასჩერებოდა. ბორტგამცილებელი ზურგით იდგა რიგებს შორის და რომელიღაც მგზავრს ესაუბრებოდა. შუბლზე მომსკდარი ოფლი ხელისგულით მოიწმინდა, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი სალონს და თვითმფრინავი დატოვა. ტრაპზე რომ ჩაირბინა და ფეხი ასფალტს დაადგა წამით შეჩერდა, უკან მიხედვა უნდოდა, მაგრამ საკუთარი თავი აიძულა აღარ მიტრიალებულიყო და თითქმის სირბილით გაემართა აეროპორტის შენობისკენ.   

დარბაზი მართლაც სავსე დახვდა. გასასვლელთან აეროპორტის თანამშრომლები და რამდენიმე პოლიციელი გამაგრებულიყვნენ. პოლიციელები - ახალგაზრდა ბიჭები, თითქმის ბავშვები, გაფითრებულები და დაქანცული გამომეტყველებით.   

- პატივცემულო მგზავრებო, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. უახლოეს ორ საათში, მინიმუმ ხუთი ბორტის დაფრენას ველოდებით, რომლებიც თქვენს ევაკუაციას განახორციელებენ. ახლა მთავარია წესრიგი დავიცვათ და აეროპორტს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მივცეთ. ბოლოს და ბოლოს არც ჩვენ ვაპირებთ აქ დარჩენას. - იძახდა წივანა ხმის მქონე, ტანმორჩილი ქალი, რომელიც, შალვას ვარაუდით, აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.   

შალვას გამოჩენაზე ყველა დაბნეულად მიაჩერდა, თუმცა არაფერი უთქვამთ. პოლიციელებმაც უპრობლემოდ გაატარეს. ხალხის ტალღა გაჭირვებით გაარღვია და როგორც იქნა გარეთ გავიდა. შემდეგ პარკინგზე საკუთარი მანქანა მოძებნა, ჩაჯდა და თბილისის მიმართულებით დაიძრა.    

ამ ტრასაზე მგზავრობა ხშირად უწევდა. მაგრამ, ასეთი უკაცრიელი არასდროს უნახავს. სიჩუმეს მხოლოდ ბორბლების შრიალი და საქარე მინაზე დაჯახებული, წვიმის წვეთების ხმა არღვევდა. თითქოს ტრანსში იყო, ვერაფერზე კონცენტრირდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა სად აპირებდა წასვლას. მოულოდნელად წვიმა შეწყდა, გეგონებოდათ ონკანი გადაკეტესო. ამას ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიაქცია, როდესაც საწმენდებმა უკვე მშრალ მინაზე დაიწყეს ღრჭიალი. ზემოთ აიხედა, მერე მანქანა დაამუხრუჭა და გარეთ გადავიდა. იდგა ასე, შუა ტრასაზე და ზემოთ, უცხოპლანეტელების ხომალდს მისჩერებოდა, რომელიც უზარმაზარ ქოლგასავით გადაფარებოდა ქალაქს. ისევ არანაირი განათება, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი. ზემოდან თითქოს განივთებული, მატერიალური წყვდიადი დასდგომოდა. კარგა ხანს უყურა. უცნაური იყო, რომ არც კი ბრაზდებოდა. ამ მრგვალ დისკოში მისთვის უცხო, გონიერი არსებები ისხდნენ. ლტოლვილები, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ელოდნენ კუთვნილ ადგილს მზისქვეშეთში. შალვამ მშვენივრად იცოდა რას ნიშნავს ბიუროკრატიასთან საქმის დაჭერა. როგორი დამთრგუნველია, როდესაც შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი უზარმაზარმა, მოუხეშავმა და აუჩქარებელმა მექანიზმმა უნდა გადაწყვიტოს. იგი დიდხანს, გულისრევამდე დაღეჭავს, ათას დოკუმენტს გამოატარებს, მერე უძირო მომნელებელ სისტემაში გადაუშვებს. იქ კი ათობით, უსულგულო, გონებაჩლუნგ და ემპათიის გრძნობა-ატროფირებული არსების მიერ, გაკრული ხელით მიჯღაბნილ ვიზირებაზე იქნება დამოკიდებული. კარგად იცოდა, რადგან თვითონაც იყო ამ სისტემის ნაწილი და მგონი ეცოდებოდა კიდევაც იმ კუნაპეტივით შავ რაღაცაში გამომწყვდეული არსებები.   

სამსახურში მივალ - მოულოდნელად და მტკიცედ გადაწყვიტა. თავი რატომღაც ჩასაძირად განწირული გემის კაპიტნად წარმოიდგინა, რომელიც ბოგურას არ ტოვებს და ჰგონია, მის ამ განწირულ, ყოველგვარ რაციონალიზმს მოწყვეტილ ქმედებას ვინმე დააფასებს… ან დაიმახსოვრებს. ისიც მშვენივრად ესმოდა, რომ არც კია კაპიტანი. ერთი უბრალო ჭანჭიკია, რომელსაც არანაირი გმირობა არ ევალება და უფრო მეტიც, მისგან, როგორც ჭანჭიკისგან ასეთი თვითშემოქმედება მისასალმებელიც არ არის ხოლმე. უბრალოდ სხვა ვერაფერი მოიფიქრა. ისევ მანქანაში დაბრუნდა და გზა გააგრძელა.   

ქუჩაში არავინ შეხვედრია. მხოლოდ ორი ტიპი დაინახა, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელების მარკეტის ვიტრინა ჩაემსხვრიათ, შიგ შესულიყვნენ, პირდაპირ იატაკზე ისხდნენ და ჯეკ დენიელსს სვამდნენ.   

აი სამსახურიც. შესასვლელში, სადაც ყოველთვის დაცვა იდგა ხოლმე, არავინ ჩანდა. შევიდა, დერეფანში მხოლოდ რამდენიმე გადაბრუნებულ სკამს და ვიღაცის ნარწყევს გადააწყდა. შენობაში ყველაფერი ძველებურად ფუნქციონირებდა. ელექტროენერგიაც, ლიფტიც… ოღონდ არავინ იყო. როგორც იქნა საკუთარ კაბინეტამდე მიაღწია. ახლაღა იგრძნო საშინელი დაღლილობა. თითქმის მუხლები ეკვეთებოდა. ალბათ არა ფიზიკური, არამედ ემოციური გამოფიტვის გამო. კარები გააღო და სავარძელში ჩაესვენა.    

- ნეტავ როგორ მოხდება? - გაიფიქრა. მას არც რაიმე, განსაკუთრებული სათქმელი ჰქონდა, რომელსაც შთამომავლობას დაუტოვებდა. არც არაფრის შეცვლა შეეძლო. მისი პირველი და უკანასკნელი დამოუკიდებელი ნაბიჯიც ხომ ის იყო, თვითმფრინავის ბორტი რომ დატოვა. პრინციპში სინანულსაც არ გრძნობდა. სიცოცხლეს ალბათ მაშინ უფრო ებღაუჭები, როდესაც გრძნობ, რომ კიდევ დაგრჩა რაღაც… არც არავინ უყვარდა იმდენად, რომ მასთან ერთად გაუტარებელი წუთების სევდა გაჰყოლოდა. იჯდა ასე, გაუნძრევლად და მისსავე გასაოცრად ამაყი - საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწის კაბინეტში სინათლე ენთო. როგორც უკანასკნელი შუქურა, საქართველოს ხელისუფლების, მისი სახელმწიფოებრიობის უკანასკნელი, მბჟუტავი არგუმენტი. თვითმფრინავის ბორტის დატოვებისას, ამაზე არ უფიქრია. საერთოდაც არ უფიქრია არაფერ ამაღლებულზე, არაფერ მისიონერულზე. უბრალოდ იქაურობა შეეზიზღა. მიხვდა, კიდევ რამდენიმე საათს ვეღარ გაუძლებდა და ეგ იყო. ჰო, წარმოიდგინა, როგორ მოავლებდა სალონს მის წყლისფერ, უაზრო თვალებს შავიშვილი და გაოცებული იკითხავდა, ჩემი თანაშემწე სად აორთქლდაო. ბაქოში კი მამამისი გაცოფდებოდა. დიახ, გაცოფდებოდა - ეგ ექნებოდა უმთავრესი ემოცია და არა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ეს ზუსტად იცოდა და შეიძლება ამიტომ ჩაირბინა ერთგვარი სიხარულით ტრაპის კიბეები.   

- რაიმე სასმელი უნდა დამეთრია, დავთვრებოდი - გაიფიქრა დანანებით.   

კარგახანს იჯდა გარინდებული. მერე დაამთქნარა და იმ დღისთვის კიდევ ერთი, მოულოდნელი, გიჟური გადაწყვეტილება მიიღო - ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, სავარძელზე შეძლებისდაგვარად, მოხერხებულად მოთავსდა და დაიძინა.   

წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენ ხანს ეძინა. ტელეფონის ზარმა გააღვიძა. რამდენიმე წამის განმავლობაში ვერც გამოერკვა სად იყო. ოთახი მოათვალიერა. ხაზის ტელეფონი რეკავდა - სამთავრობო, ოფიციალური ტელეფონი. კარგა ხანს იყოყმანა, ცდილობდა გონება მოეკრიბა, მერე ყურმილს დასწვდა.   

- ალო, საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი…   

- შაკო, შენა ხარ? - გაისმა მხიარული, მელოდიური ხმა.   

მაშინვე მიხვდა ვინც იყო. - მისი კოლეგა პრეზიდენტის აპარატიდან, ეთიკო გაბუნია. ამ გოგოს კარგად იცნობდა. თანაც, შაკოს მარტო ოჯახის წევრები და გაბუნია ეძახდნენ. მოსწონდა კიდეც ეს ქალი, ოღონდ ეგ იყო - მისი აგდებული, ოდნავ დამცინავი, ხშირად უცერემონიო საუბრის მანერა თრგუნავდა და ურთიერთობის გაგრძელების ყოველგვარ უნარს ართმევდა ხოლმე. ახლა ეს ხმა სრულიად მოულოდნელი, სიურრეალისტურიც კი მოეჩვენა. არა, ხმა არა, უფრო ენერგიული და სიტუაციისთვის შეუფერებლად მხიარული ტემბრი. ყურმილში კიდევ ისმოდა ვიღაცეების ხმები, რამდენიმე ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობდა, მგონი გაიცინეს კიდეც. კარგად რომ დააკვირდა, მუსიკაც შემოესმა.    

- კი, მე ვარ. გამარჯობა, ეთიკო - ძლივს ამოღერღა ბოლოს.   

- რა გჭირს? გეძინა, შეჩემა? ვააახ, ეს ხალხი გამაგიჟებს. სად არის შენი გამოსირებული ბოსი? პრეზიდენტს უნდა ლაპარაკი.   

- სად უნდა იყოს? ჰაერშია, მიფრინავენ.   

- სხვა? ვინ არის მანდ?   

- არავინაც არ არის, ყველა გაფრინდა. მარტო მე დავრჩი, მე… მე არ წავედი - ამოილუღლუღა.   

- მოიცა, და შენ გინდა მითხრა, რომ მთელს შენობაში მარტო ზიხარ უკანასკნელი მოჰიკანივით?   

- და შენ სად ხარ? რა ხდება მანდ? რა ხმაურია? - კითხვა შეუბრუნა.  

- სად უნდა ვიყო? სამსახურში ვარ. მიდი დაუკავშირდი შავიშვილს და გადაეცი, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს კრიზისი, თუ რა ჯანდაბაც ქვია.   

- რაო?   

- ტელევიზორსაც არ უყურებ? დასრულდა ბიჭო ყველაფერი, უკვე ნახევარი საათია, მორჩა.   

 - მოიცა, გეხვეწები, ნორმალურად მომიყევი, რა ხდება. მე არაფერი ვიცი - თითქმის შეევედრა შალვა.   

- მოკლედ, აქ ხომ საბჭოს სხდომა გვქონდა. ჰო და, იურისტებმა… ასოციაციიდან… თქვეს რომ წარმოუდგენელია ასე ხდებოდესო, საქართველოა, ვიეტნამი, თუ გალაქტიკის ფედერაცია, იურისტი ყველგან იურისტიაო. ანუ, როგორ აგიხსნა? ივარაუდეს, რომ ამ ხომალდში, აუცილებლად უნდა იყოს სასამართლოს აღმასრულებელი, თუ ვინცაა. მოკლედ ოფიციალური პირი, ხომ გესმის? რომელიც გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს განახორციელებს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს რაღაც ზემდგომი ინსტანცია, სადაც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ნოორსის მხარეს მოვთხოვეთ. ისინიც იძულებულები გახდნენ და ამ აღმასრულებელთან დაგვაკავშირეს. მისგან საჭირო პროცედურების შესახებ გავარკვიეთ. არასამთავრობოების იურისტებმა სააპელაციო დოკუმენტები მოამზადეს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.   

- მერე?   

- რა მერე? პასუხი ნახევარი საათის წინ მივიღეთ. ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩვენებმა დაგეგმეს. გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა, სანამ სააპელაციო სასამართლო არ განიხილავს.   

- და ეგ რას ცვლის? დარწმუნებული ხარ რომ მოვიგებთ?   

- ბიჭო, მე რა ვიცი მოვიგებთ თუ ვერ მოვიგებთ? საქმე ისაა, რომ განხილვას 3-დან 6 ათასი წელი დააგვიანდება. ასეთია მსგავსი ქეისების პრაქტიკა. ჰე, მიდი ახლა, დაურეკე შენს ბოსს და უთხარი თვითმფრინავი მოაბრუნონ. მაგ ამბებს რომ დაასრულებ, ჩვენთან გამოდი. პატარა ფართი გვაქვს მოწყობილი და ვერთობით, მგონი დავიმსახურეთ. მოდი და მაგრად დავთვრეთ.   

შალვამ ყურმილი დაკიდა. მგონი იცოდა როგორ უნდა ემოქმედა. მართალია თვითმფრინავი ჯერ ისევ ჰაერში იყო, მაგრამ აეროპორტში, ან აერონავიგაციაში დარეკავდა. მოითხოვდა ბორტს დაკავშირებოდნენ და შავიშვილისთვის შეტყობინება გადაეცათ. დაფაცურდა, ტელეფონის ნომრების ძებნა დაიწყო. მერე შეჩერდა, რამდენიმე წამით იდგა ოთახის შუაგულში. ჯიბეში ხელი ჩაიყო და მანქანის გასაღები მოიძებნა. ერთი მაგათი დედაც - ჩაილაპარაკა და კაბინეტი დატოვა.   

პრეზიდენტის ოფისს რომ მიუახლოვდა, მობილურით ეთიკოს დაურეკა.   

- შაკო ვარ, უკვე გზაში ვარ, 5 წუთში მანდ ვიქნები.   

- ძალიან კარგი. ვინმეს ვეტყვი, ჩამოვიდეს და ზემოთ ამოგიყვანოს. შენ რა ქენი, დაუკავშირდი?    

- ვერა, მითხრეს, რომ დაკავშირება შეუძლებელია, სანამ თვითმფრინავი პარიზში არ დაეშვება - რატომღაც მოიტყუა.   

- კაი დაიკიდე, აზრიც აღარ აქვს.   

- რატომ?   

- პრეზიდენტმა ეს წუთია, განცხადება გაავრცელა ტელევიზიით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტი დაითხოვა.   

- მთავრობა?   

- პრემიერის ფუნქციებს რიგგარეშე არჩევნებამდე კულტურის მინისტრი შეასრულებს, მთელი კაბინეტიდან მარტო ეგ ყოფილა დარჩენილი. გადავირიე, მეგონა პირველი გაიქცეოდა.   

- გარბოდა, უბრალოდ დააგვიანდა და აღარ დაუცადეს.   

- ასეც ვიფიქრე - გადაიკისკისა ეთიკომ.   

- პრეზიდენტი? რას ამბობს?   

- რა უნდა თქვას? პირდაპირი ეთერის შემდეგ, ზედიზედ, სამი ჭიქა ტეკილა დავალევინეთ. ახლა როკენროლს ცეკვავს. რომ ნახო სიცილით მოკვდები.   

   

 

 

 

ეპილოგი

   

აღწერილი ამბებიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა.  

გიორგი შავიშვილი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. საცხოვრებლად პარიზში დარჩა. მთელი ფული რაღაც საქმეში ჩადო და ბიზნესი წამოიწყო, თუმცა მალევე გაკოტრდა. ახლა ტაქსისტად მუშაობს. როგორც ამბობენ, პარი სენ-ჟერმენის თავგადაკლული ფანია და თითქმის ყოველ თამაშს ესწრებაო.  

საჯარო სექტორში აღარც შალვა კაპანაძე დაბრუნებულა. საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინა, დიჯეი გახდა და ეთიკო გაბუნიასთან ერთად სირიუსზე გაემგზავრა ტურნეს ფარგლებში.  

საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტა კეთილი ნება გამოეხატა - ნოორსელების გარკვეულ რაოდენობას საქართველოში იმიგრაცია შესთავაზა. ამ წინადადებით მართლაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა ინდივიდმა. ნოორსელები მშვიდი, თავაზიანი და მშრომელი ხალხი აღმოჩნდა. ქართულ საზოგადოებაში ადაპტაციაც არ გასჭირვებიათ. ძალიან საინტერესო კულტურის მქონე რასაა და მათგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ქართველებს ასევე ძალიან მოეწონათ სპორტის სახეობები, რომლებიც ნოორსელებმა ჩამოიტანეს. ერთმა მათგანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენებურ ფეხბურთს წააგავს. ოღონდ ეგაა, ნოორსელები კუდით თამაშობენ.  

ამჟამად ქვეყანა გალაქტიკურ ფედერაციაში წევრობისთვის ემზადება და საჭირო თორმეტი პუნქტიდან ცხრა უკვე შესრულებული აქვს.  

ჭირი იქა, ლხინი აქა.  

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული