- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელი: ალექსა ჩიღვინაძე
* * *
ეს არ იყო
ფრთა ფრინველის.
ეს ფურცელი იყო,
ქარში რომ თრთოდა.
ერთადერთი,
იქ არ იყო ქარი.
სიმღერა
"ამინ" - წაიჩურჩულა მიწამ მწუხარედ,
როცა კუბო მასში ჩაუშვეს.
"ამინ" - წაიჩურჩულა, ეს მოკლე სიტყვა,
შეიძლება სულ სხვა სიტყვაც, წაიჩურჩულა.
მაგრამ არ ყვიროდა, ეს უდაოა,
თუმცა ისიც დუმდა ჯიუტად,
ვინც კუბოში იყო, ერთსულოვანი მიწისა
და მეტი არაფერი არ ვიცით.
* * *
მე უშენოდ დავდიოდი მინდორში,
მე უშენოდ მივდიოდი ყვავილებთან.
მე უშენოდ 100 ბილიკის გავლა შემეძლო.
მე უშენოდ ნაკადულთან შემეძლო წოლა.
მე უშენოდ შემეძლო მთელი საღამო
ნაბიჯების სიმარტოვის სიმძიმე მეტარებინა.
მეტი აღარ შემიძლია ასე,
უშენოდ.
* * *
როცა გვეუბნებიან,
რომ ცხოვრება გაძვირდა,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ცოლები
სუქდებიან და ხეები
უცებ მაღლა აიზიდნენ,
ღრუბლებს გადევნებულები.
რომ შეიძელება ყვავილის თასით
სინათლეში იმოგზაურო,
რომ შეიძლება შეყვარებულები
დილიდან საღამომდე ერთად იყვნენ.
არა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს,
რომ ცხოვრება გართულდა.
* * *
აქ მათ ერთმანეთს
დაუთქვეს შეხვედრა
ქარმა, ქვიშამ და ზღვამ.
ღირს კი თავის მოჩვენება,
რომ შემთხვევით შეხვდნენ?
* * *
მადლობა ზღვაო,
რომ შენ ჩვენ არ გვემსგავსები,
შეუძებელსა,
და სიმშვიდეზე
ჯიუტად მეოცნებეთ.
* * *
ჩვენი სამყარო
- სიმღერის კონკურსია
ჟიურის გარეშე,
ერთადერთი პრემია კი -
სიხარულია, რის გამოც მღერი.
* * *
ერთხელ
ოკეანის სანაპიროზე
შენ დაინახე,
როგორ ხარბად ყლაპავდა
დრო თავისთავს
და ლაჟვარდად იქცეოდა.