• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ორი მენაგვე საბარგო მანქანაზე და ლამაზი წყვილი "მერსედესში"

×
ავტორის გვერდი ლოურენს ფერლინგეტი 00 , 0000 2519

მთარგმნელი: ალექსა ჩიღვინაძე

სან-ფრანცისკოს ბიზნეს კვარტალში,
დილის 9 საათზე
სტაფილოსფერი ნაგვის მანქანა
მწვანე ფერის მოლოდინში,
შუქნიშანზე გაჩერებულა,
უკანა მხარეს შემომდგარი
ორი მენაგვით,
წითელ პლასტიკის ქურთუკებში.
ისინი დაჰყურებენ
ელეგანტურ, ღია "მერსედესს",
რომელშიც ახალგაზრდა წყვილი ზის.
კაცი, ჰიპურ, ზაფხულის კოსტუმში,
ღია ფერის თმა მხრებზე დაჰფენია,
პლიუს მზის სათვალეები.
გოგო - ქერაა, შეუდარებელი ვარცხნილობით,
მინი კაბითა და ფერადი ჩულქებით,
ფეხი-ფეხზე გადაუდია.
ისინი მიემართებიან მასთან, ოფისში.
(როგორც ჩანს კაცი - არქიტექტორია.)
ორმა მენაგვემ კი ღამის ოთხი საათიდან
ფეხზე რომ დგანან,
უკვე მოასწრეს თავისი უბნის დასუფთავება
და ახლა
სახლს უბრუნდებიან.
უფროსი - კუზიანი,
კვაზიმოდოსავით ჩაშტერებია მანქანას.
ის, რომელიც ახალგაზრდაა,
ასევე გრძელი თმითა და მზის სათვალით,
თანატოლი სჩანს იმისა,
ვინც "მერსედესს" მართავს.
ორივე მენაგვე, თითქოს შორიდან
აკვირდება გულგრილ წყვილს.
გეგონება რეკლამას უყურებდნენ,
მდიდრულ ცხოვრებაზე,
იქ სადაც ყველაფერი შესაძლებელია.
ისინი წყევლიან შუქნიშნის აუტანელ წითელ ფერს,
ოთხივე ერთად რომ შეჰყარა.
ეჩვენებათ, რომ მათ შორისაც
ყველაფერი შესაძლებელია,
რომ არა ის საშინელი უფსკრული,
დემოკრატიის ტერიტორიალური წყლების
მოქცევისას რომ ჩნდება.



ბედნიერების რეცეპტი ხაბაროვსკში ან სადაც გნებავთ

ერთი დიდი ბულვარი, ხეებით,
ერთი მზით გაჩახჩახებული კაფე,
და შავი, მაგარი ყავა მომცრო ფინჯნებში.
ერთი, აუცილებელი არ არის ძალიან ლამაზი,
ადამიანი, რომელსაც უყვარხარ.
ერთ მშვენიერ დღეს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული