- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ქალს, რომელიც სოფლის ბოლოში ცხოვრობდა, შვილები ყოველ სამ წელიწადში უჩნდებოდა და ეხოცებოდა. ერთი და იმავე მიზეზით - ყველა მათგანი ძალიან ცივი იყო. იმდენად ცივი, რომ ზაფხულის მწველ სიცხეებში მათ შუბლზე ხელების გაგრილებაც კი შეიძლებოდა. ბავშვები როგორც წესი, 6 თვემდე ძლივს აღწევდნენ. მერე, უბრალოდ, იყინებოდნენ და მათ იმავე ღამეს მარხავდნენ ხოლმე სახლის უკანა ეზოში.
-ისევ მოგიკვდა ბავშვი? _ ეკითხებოდნენ ხოლმე თავხედი მეზობლები ქალს, თუ სახეზე უძილობას შეამჩნევდნენ ხოლმე.
_ ჰო, ისევ.
ქალს გრძელზე გრძელი შავი თმა ჰქონდა, რომლის შიდა მხარესაც ჭაღარა ისე მოსდებოდა, როგორც სიცივე ედება ხოლმე სხეულს. თმა მუხლებამდე სცემდა და მაშინაც კი, როცა ბავშვი ცოცხალი ჰყავდა, მგლოვიარეს მიაგავდა. ბავშვების მამას კარგა ხანია, დაჰკარგვოდა იმედი, რომ მათი რომელიმე შვილი გადარჩებოდა. ის ყოველ საღამოს მაგრად თვრებოდა და მდუმარედ მარხავდა ყოველ ახალ გარდაცვლილს უკანა ეზოში. მომდევნო ორ დღეს კი იაფფასიანი არყით გაბრუებული თვალსაც აღარ ახელდა.
ქალი ძილში ბუტბუტებდა: დაწყევლილია ჩემი წიაღი, დაწყევლილია ჩემი ბაგეები, დაწყევლილია ჩემი რძე. დაწყევლილი ვარ მე და ამ ბუტბუტით მომავალ შვილსაც წყევლიდა.
ბოლო შვილს იაკობი დაარქვეს. სულ ტანჯვა-წვალებით გააჩინა ქალმა.
_ გაათბეთ, მეტი რა გირჩიოთ _ თქვა ექიმმა ისეთი ხმით, რომ ცხადი იყო, ეს ჩვილი 6 თვემდეც ვერ მიაღწევდა. _ მეტი აღარ გეყოლებათ.
ქალმა გაიფიქრა: ესე იგი. ერთი დაკრძალვაღა დარჩა.
იაკობი ყველაზე ცივი იყო და დედამ იგი თავისი ნახევრადჭაღარა თმით მიიბა სხეულზე, რომ როგორმე გადაერჩინა. ასე ჰყავდა სამი თვე და მაშინაც არ მოუშორებია, როცა მიხვდა, რომ ჩვილი სიცოცხლეს სწოვდა. სამი თვის შემდეგ ქალი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ძილში. იგი თავისი დახოცილი შვილების გვერდით დაასაფლავა ქმარმა
იაკობი კი ამ ამბიდან ერთ კვირაში დაიღუპა, რადგან მას ლოთმა მამამ ვერ უპატრონა. იგი ერთადერთი ჩვილი იყო, რომელიც სიცივისაგან არ მომკვდარა.
მამამ სახლიცა და ცხედრებიანი ეზოც იაფად გაყიდა. თავიდან მან თითო დაკრძალულ ცხედარში დამატებითი ფული მოითხოვა. (ის ხომ ადგილს მათთან ერთად ყიდდა). თუმცა, ბოლოს იმ ფასს დათანხმდა, რასაც სთავაზობდნენ და ქალაქში გადავიდა. მისი სახლი სოფლის მოსამართლემ იყიდა.
ქალაქის ერთ-ერთ ლუდხანაში, თვის ბოლო შაბათს ის ახალგაზრდა ექიმს შეხვდა. ექიმს თვალები უცნაურად უელავდა და საერთოდაც, ძალიან ჰგავდა გიჟს. ამ ექიმმა ლოთს ასეთი რამ უთხრა:
_ მე ერთ უცნაურ დაავადებას ვსწავლობ, რომელიც ჩვილებს დაბადებიდან დაჰყვებათ ხოლმე. იშვიათი დაავადებაა და მხოლოდ იმათ ემართებათ, ვისაც დედა ან მამა მთვარეული ჰყავს. დაავადებულ ბავშვებს სითბოს შენარჩუნება ძალიან უჭირთ და ბოლოს საერთოდაც იყინებიან, მაგრამ ერთი დღის შემდეგ ისინი სრულიად ჯანმრთელები იღვიძებენ. რაც მთავარია, ნორმალური ტემპერატურა აქვთ და ამ ტემპერატურას სიცივეშიც კი ინარჩუნებენ. ჩემი პროფესორი ამბობს, რომ მაგ ბავშვებს სხვანაირი ფიზიოლოგია აქვთ. ამ ფენომენს კარგა ხანია ვსწავლობთ, მაგრამ იმის გამო, რომ დაავადება ძალიან იშვიათია, საკვლევი ობიექტები გვაკლია...როგორც წესი, ასეთ ბავშვებს მანამდე მარხავენ, სანამ ისინი გამოიღვიძებენ ხოლმე..
სოფლის მოსამართლე მეზობელს უყვებოდა:
_ რავი, აბა კაცო...შენც ხო გაიგე, ძაღლი რო ყეფდა. მეც მაგან გამაღვიძა.. ფანჯრიდან რო გავიხედე დავინახე, რომ ვიღაცა ჩემ უკანა ეზოში იყო შემოპარული და რაღაცას თხრიდა. ეგრევე დავტაცე თოფს ხელი და გავვარდი გარეთ. გადი ჩემი სახლიდან-მეთქი - ვუყვირე. ყური არ დამიგდო. ვინ იყო, არ ჩანდა. ისევ თხრიდა. კიდევ გავუმეორე, გადი-მეთქი და ჩემკენ წამოვიდა. ჯერ მთვრალი მეგონა, ბანცალებდა. შემეშინდა და ვესროლე. წაიქცა. მერე რო დავხედე, ისაკა ყოფილა. აი, აქ რო ცხოვრობდა ჩემამდე. შენ უკეთ გეცოდინება. მე მაშინ აქ არ ვიყავი, მგონი, ვერ იყო ეგა. აბა ამ სიცივეში პიჟამოთი რამ გამოიყვანა ! მეც ეტყობა, ეგრევე ვერ გამოვფხიზლდი, თორემ რატო ვერ მივხვდებოდი..
_ მოიცა, კაცო. მოკალი?
_ ჰო, _ ჩაუწყდა ხმა მოსამართლეს_ხო გითხარი. არ მინდოდა. ვახ
_ მერე?
_ რა მერე. შე კაცო. უკანა ეზოში დავმარხე. მოიკითხავს ვითომ ვინმე?
_ რავიცი აბა. ვინ უნდა მოიკითხოს. მარა ეგ როგორ დაგემართა ..
მერე ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა.
და მეზობელმა უხერხულობის გასაფანტად უხეიროდ იხუმრა: იმ უკანა ეზოში კიდე იყო კაცო ერთი მკვდრის ადგილი?