• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰაიტი, ნგრევა, ჩილე - 9 ბალი

×
ავტორის გვერდი ეკა ქევანიშვილი 00 , 0000 2091

პარასკევია. სამი საათი. შუადღე და ტელეფონისკენ გამექცა ხელი.

ბევრი საქმეა, ხმები, ხრინწები, ჩახველებები. უნდა გავწმინდო.

მცირე პაუზა. და  ავკრიფე ჩვენი სახლის ნომერი ისე,  თითქოს ზარის ხმა სადმე მეზობელ უბანში უნდა გაისმას .

თითქოს ახლოს უნდა  იწვოდეს ხის მსხვილი ჯირკი.  ვუბერავდე ნაკვერჩხალს სულს და ნაცარი - თვალში. გვერდით ეზოში წვეთავდეს თოვლი. და ყეფდეს ძაღლი.

ვფიქრობ, ხმაც რომ არ ამოგეღოთ, მოვუსმენდი სიჩუმესაც, გაბმული ზარის დამღლელი ფონით. მოვუსმენდი ასეთ სიჩუმეს.  ამ გზასავით დაუსრულებელს.

 

თქვენი  კითხვა: სამსახურში ხარ?

ჩემი პასუხი: სად ვიქნები...როგორ ყოველთვის.

 

არადა, თითქოს რატომაც არა, ხომ შეიძლება, ხუთი  წუთის წინ

ჩაწყდა მიწა, რაზეც ვიდექი.  ჰაიტი, ნგრევა. ჩილე, 9 ბალი.

ხომ შეიძლება, ვიდგე ხიდზე ხელებგაშლილი. არაფერი ხდებოდეს, ისე. ვითომ ქარს ვზომავ.

მომვარდეს ვინმე შეშინებული გამვლელი და მის ყვირილზე - არა, არ გინდა, ფეხი დამიცდეს. ასეც ხდება, როცა საერთოდ არ აპირებ, მოდის სიკვდილი.

 

მათი კითხვა: ისევ მარტო ხარ?

ჩემი პასუხი: გააჩნია, მარტო რას ნიშნავს.

 

არადა, მარტო შეიძლება ნიშნავდეს ყოფნას, მაშინაც როცა

შემოდგომით, რომელიმე სუსხიან ბაღში, გარშემო დარბის ათასი ბავშვი. მათგან ვთქვათ, ორი, შენი სისხლია.

მაშინაც, როცა  საღამოა და ზარი კარზე და  მეგობრების ხმაურიანი დესანტი გესხმის. შენ უხერხულად გიჭირავს ”ფენი” მარჯვენა ხელში და ბოდიშს იხდი, რომ თმას იშრობ, რომ თმას ივარცხნი. ”მარტო” -  ტოლია ხანდახან  წოლის, ვისთანაც გიყვარს ყოფნაც და წოლაც, ტოლია ყოფნის გამუდმებული ყურადღების ქვეშ, როცა ლუპა ისე გასხივებს, აგდის ბოლი და დამწვრის სუნია.

 

ისევე როგორც დანაშაულს არასდროს სჩადის  მხოლოდ წიხლი, ან მხოლოდ  ენა  ან მხოლოდ ხელი - დანით ხელში, ხელკეტით ხელში, თოფით ხელში,  მომწამლავი აირით ხელში,

ისევე როგორც მათ კარნახობს ტვინი თავიდან, რა დაანგრიონ, ვისთვის უნდა დასვან წერტილი,

ჩემი ხმაც ასე, მიღებული ბრძანებების შესაბამისად, ზედმეტ კითხვებს პასუხობს  მშვიდი, ყველასათვის მისაღები და გასაგები ვარიანტებით.

 

ჩემი  კითხვა: რატომ მოკალი?

ჩემი პასუხი: - მინდოდა, რომ გადამერჩინა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული