- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ჩემი
მეგობარი ნაგავსაყრელია.
ერთი დიდი აყროლებული უფსკრული.
მეც მისთვის ხრამი ვარ პირღია,
ფეთქებადი.
ის მაყრის,მე კიდევ მის დარდებს ვახარისხებ.
ზოგს ვწვავ. რამდენიმე ბომჟისთვის მემეტება.
ჩემს მონოლოგს გულზე იხვევს,
ფეთქვის ხმა რომ გაიგონოს მისი ქმარი მკერდში უძვრება.
ტანს თუ იხეხავს, დაგროვილი ჭუჭყი გამაქვს,
თმას თუ ივარცხნის, თმების ბღუჯა.
მორჩილად დგება ჩემი ცოლი და ცეცხლს უკიდებს.
ხან დაგლეჯილი ფეხსაცმლის ლანჩი ამომჩრია - მან მოისროლა.
ხან გატეხილი სარკით მზეს მჩრის - რაც მე დავლეწე, ნამსხვრევები ენით აკრიფა.
მორიგეობით,
ჩვენ ერთმანეთის მოედნები ვართ. მიწისმყრელები.
რიგრიგობით ვუშვერთ სხეულებს - ნაგვის აკეცვა,
გულისამრევი პროცესია, მაგრამ ფაქტია,
სამუშაო ხელთათმანებით შუბლის დაჭერას
თითქმის ისევე შევეჩვიეთ,
როგორც საცრით წყლის მიწანწკარებას ერთმანეთამდე,
სიყვარული თუ გვითავდება.
სულ ესაა მეგობრობა -
ვიწვით და ღამე თავზე გვადგას კვამლის ბოლქვები.