- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ჩვენ ვდგევართ ერთმანეთის პირისპირ როგორც მონაკვეთის ბოლოები
და მე გეუბნებით:
რომ მოთმინებითა ჩემითა უკვე აღმომხდა სული ჩემი
და რომ საოცარი სურვილი მაქვს არაფრის თქმის
და ” არაფრის კეთების ”
და რომ ჩემოდანში ჩასაწყობად ვერსად ვიპოვე, ერთი ყველაფრის ძებნაში დაკარგულ უამრავ არაფერთაგან ერთიც კი და ვიწამე არაფერი.
მე ვიწყებ სვლას რომ მოვიდე თქვენამდე.
ნაბიჯი ნაბიჯს მისდევს, როგორც ძაღლი პატრონს, წინ კი კედელია
_ თქენი ხელებით, არაფრით ნაგები.
მე მწამს არაფრის
და არაფერს ეფუძნება ჩემი თეორია არაფრის შესახებ
და ვიწყებ საუბარს არაფრის ენაზე რომ გითხრათ ყველაფერი:
რომ სავსე ვარ სურვილით უპატრონო ქუჩის კატად ვრეინკარნინდე,
რადგან ძაღლები შვეულად ვერ დადიან
და მითუმეტეს ვერც მათი პატრონები.
და თქვენს კითხას იმის შესახებ თუ რა უპირატესობა აქვს შვეულად სიარულს
ვპასუხობ რომ არაფერი.
და მე ვაგრძელებ საუბარს არაფრის ენაზე რომ გითხრათ ყველაფერი:
რომ ვერაფერი დავმალე როცა ყველაფერს ვმალავდი
და რომ არაფერს ვმალავ ახლა, რადგან არც აღარაფერი მაქვს დასამალი გარდა არაფრისა და ვმალავ არაფერს.
და ისევ ვაგრძელებ საუბარს არაფრის ენაზე რომ გითხრათ ყველაფერი:
რომ ყველაფერი დავკარგე როცა ყველაფერს ვეძებდი, მათ შორის არაფერიც
და ახლა არაფრის ძებნაში ვპოულობ ყველაფერს.
და ისევ ვსაუბრობ არაფრის ენაზე რომ გითხრათ ყველაფერი:
რომ მე გავხდი საოცრად მშვიდი როცა ვიწამე არაფერი.
ისეთი მშვიდი, როგორც გაჩერებული ავტომანქანა, რომელსაც მაშინაც კი სწამს არაფრის
როცა არაფრით ნაგებ სივრცეში მოძრაობს.
და მე ვარ რჩეული.
და ჩვენ ისევ ვდევართ ერთმანეთის პირისპირ როგორც მონაკვეთის ბოლოები
და ვდგევართ უფრო ახლოს ვიდრე ვიდექით.
იმდენად ახლოს რომ ჩვენს შორის მანძილს ვზომავთ ვერაფრით
და მე ყოველ თქვენგანს გეკითხებით:
შენ ხარ რჩეული?