- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: პაატა შამუგია
იყო და არა იყო რა. იყო ბიჭი – სახელად ჯონათანი. ჭკვიანი, მომხიბლავი და მამაცი ჯონათანი მეწაღის ვაჟი გახლდათ.
ერთხელაც მამამისმა უთხრა: „ჯონათან, დროა, ადგე და ბედს ეწიო, უკვე საკმაოდ დიდი ხარ!“
ჯონათანმა, ჭკვიანმა ჯონათანმა, იცოდა, რომ სჯობდა, მეფისათვის ეთხოვა სამსახური.
გაუდგა გზას.
გზად კურდღლად ქცეული ფერია შემოხვდა, რომელიც მონადირეებს დასხლტომოდა ხელიდან და პირდაპირ ხელებში ჩაუხტა ჯონათანს. როცა მონადირეები მიუახლოვდნენ, ჯონათანმა ყვირილი მორთო: „აი, იქით, იქით გაიქცა!“
მონადირეები თვალს რომ მიეფარნენ, კურდღელი კვლავ ფერიად გადაიქცა და ჯონათანს მიმართა: „შენ მე დამეხმარე, ამიტომ სამ სურვილს აგისრულებ. თქვი, რას ისურვებ?“
მაგრამ ჯონათანს თავში ხეირიანი არაფერი მოსდიოდა, ამიტომ ფერია დასთანხმდა, როცა მას დასჭირდებოდა, მაშინ აესრულებინა სამივე სურვილი.
ჯონათანმა გზა სწრაფადვე განაგრძო, რომ ხიფათს არიდებოდა.
ამასობაში მეფესთანაც მიაღწია და სამსახური სთხოვა კიდეც.
მაგრამ, სამწუხაროდ, მეფე ცუდ გუნებაზე დაუხვდა და ჯავრი ჯონათანზე ამოიყარა.
„არის რაღაც, რასაც შეძლებ,“ – უთხრა მეფემ , – „აიმ მწვერვალზე სამი ჯადოქარია. თუ სამივეს მოკლავ, 5000 კრონას გაჩუქებ, თუ არადა, თავს წაგაცლი“. ამ სიტყვებით დაითხოვა მეფემ ჯონათანი.
„ახლა რაღა უნდა ვქნა?!“ – ფიქრობდა ბიჭი, – კეთილი, ვცდი მაინც!
უცებ სამი სურვილი გაახსენდა და მწვერვალზეც გაბედულად შედგა ფეხი.
ის–ის იყო მწვერვალს თავში მოექცა, რომ პირველ სურვილად დანა ჩაუთქვა კიდეც, რათა ჯადოქარი მოეკლა. ამ დროს ყურებთან ხმა ჩაესმა: „პირველ ჯადოქარს დანით ვერ მოკლავ. დანით ვერც მეორეს უზამ რამეს და ასევე, ვერ მოგუდავ. მესამეს კი ვერც დანით მოკლავ, ვერც მოგუდავ და თანაც, უჩინარია.
ჯონათანმა მიმოიხედა, თუმცა, გარშემო თვალი ვერავის ჰკიდა.
ამასობაში პირველი ჯადოქრის მოსაძებნად გაეშურა. ბოლოს მიაგნო კიდეც. გამოქვაბულთან ახლოს იყო, მწვერვალის კიდეზევე. საშუალო ძალის ჯადოქარი ჩანდა.
გაახსენდა ჯადოსნური სიტყვები და სანამ ჯადოქარი რამეს ავნებდა, მისი გაგუდვა ჩაუთქვა. ასეც მოხდა.
შემდეგ მწვერვალს უფრო მაღლა აუყვა, მეორე ჯადოქრის მოსაძებნად, გამოქვაბულთან იპოვა კიდეც. კინაღამ მისი გაგუდვა ჩაუთქვა, რომ უცებ გაახსენდა: მისი გაგუდვა შეუძლებელი იყო. და სანამ გრძნეული რამეს მოიმოქმედებდა, მისი გაჭყლეტა ჩაუთქვა. ასეც მოხდა.
ახლა მას მესამე ჯადოქრის მოკვლა და 5000 კრონას ჯიბეში ჩაჩხრიალებაღა დარჩენოდა.
მაგრამ ახლა სხვა თავსატკივარი გაუჩნდა: როგორ მოკლას?
და მას მშვენიერი აზრი მოუვიდა.
ბოლო ჯადოქარი ბოლო გამოქვაბულთან დალანდა. სანამ მის გამოსვლას ელოდა, ესმოდა, როგორ მოაბიჯებდა. შემდეგ ორიოდე ქვა აიღო და სურვილი ჩაუთქვა.
სურვილი კი ის იყო, რომ ჯადოქარი ჩვეულებრივ ქალად ქცეულიყო და ჰოპლა! იქცა კიდეც ჩვეულებრივ ქალად და ჯონათანმა მას ქვებით თავი გაუჭეჭყა.
შემდეგ მოფხიკა თავისი 5000 კრონა და მამამისთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, ვიდრე ქვეყნიერების აღსასრულამდე.