• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

"რაც არ უნდა მირტყა ურო"

×
ავტორის გვერდი ვასილ სახვაძე, ხათუნა თავდგირიძე 00 , 0000 2750

ანუ ,,უროშემოკრულისდაკარგული სიუჟეტი

(ქართული სკარბეზული გამონათქვამიდან ბერძნულ მითამდე)

 

კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის გათავისუფლება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა მჭედლები და მათ მიერ გრდემლზე დაკრული ურო. როდესაც ყურშას ერთწლიანი ლოკვის შემდეგ ამირანის ჯაჭვი ისე გაწვრილდება, რომ მისი გაწყვეტა შესაძლებელია, სწორედ იმ დროს(დიდ ხუთშაბათს) მჭედლები სამჯერ დაჰკრავენ გრდემლზე უროს და ამ მაგიური რიტუალის წყალობით გაწყვეტამდე მისული ჯაჭვი ისევ მთელდება. საქართველოში ბოლო დრომდე ჩვეულებად იყო, დიდ ხუთშაბათს ყველა მჭედელი გრდემლს უროს(ან კვერს) დაჰკრავდა ხოლმე, რომ ამირანის ჯაჭვი გამსხვილებულიყო და მიბმულ გმირს თავი არ გაეთავისუფლებინა, თორემ ,,მაშინ ვაი მჭედლებსაო, მჭედლებს ცოცხალს არ დატოვებსო” – ამბობს თუშური თქმულება.

მჭედლებისაგან გამოჭედილი მაგიური ჯაჭვით მიჯაჭვული ამირანის რისხვა უსაზღვროა, სწორედ ამიტომ ეშინიათ მჭედლებს გმირის აშვების. ამირანის ყოველწლიურ მოლოდინსა და მჭედლებისადმი მუქარაში ადვილად იკითხება იმედიანი ქვეტექსტი, რომ მიუხედავად მჭედლების მაგიური ქმედებებისა, მიუხედავად გრდემლზე უროს პერმანენტული დარტყმისა, ანუ ,,რაც არ უნდა ურტყან ურო . . .” ამირანი მაინც აიშვებს, ,,მოვა დრო და თავს აიშვებს იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა-გმირი”(.წერეთელი, ,,თორნიკე ერისთავი”). . .

როგორც ფოლკლორული კვლევები ცხადყოფენ, უროს გრდემლზე დაკვრის რიტუალი სრულიად დამოუკიდებელი მითოლოგემაა და იგი ამირანის ეპოსს მხოლოდ სიუჟეტური განვითარების გარკვეულ საფეხურზე დაუკავშირდა. ამდენად, გრდემლზე უროს დაკვრის რიტუალი და საკუთრივ ურო, როგორც მჭედელთა პროფესიულ-პრაქტიკული და მაგიური ატრიბუტის სემანტიკა მხოლოდ ამირანის მითით არ შემოიფარგლება, იგი მრავალ ნაცნობ თუ უცნობ კულტუროლოგიურ შრეს მოიცავს.

რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი ამგვარი კულტუროლოგიური დანაშრევი შემოინახა საკმაოდ უხამსმა ქართულმა ფოლკლორულმა სკარბეზულმა ,,ფრთიანმა გამონათქვამმა”(როგორც ძველი ბერძნები და რომაელები უწოდებდნენ ფიგურალურ-იდეომურ გამონათქვამებს):

,,რაც არ უნდა მირტყა ურო,

მაინც უნდა ვიტყნაურო...”

პირველ კითხვათა წყება რაც ,,სკარბეზული ელდისგადავლის შემდეგ გონებაში ბუნებრივად ჩნდება არის ლოგიკური და ,,ლიტერატურული ეჭვებითსავსე: რა კავშირშია სამჭედლო იარაღი ურო სექსუალურ აქტთან? რატომ ურო და არა ნაკლებად მძიმე და მეტად შესაფერისი იარაღი? მხოლოდ პოეტური რითმა, ანუ გარითმვა(ურო/ვიტყნაურო) განსაზღვრავს ამ ,,ფრთიან გამონათქვამშისამჭედლო იარაღის გაჩენას, თუ გაცილებით ღრმა ფესვები გააჩნია, რომელიც ისევ ფოლკლორულ წიაღშია საძიებელი.

სექსუალური მოტივებით თემატიზირებული ,,უროშემოკრულისსიუჟეტი ქართულ ფოლკლორში დაკარგული ჩანს, თუმცა მისი მიახლოებითი წარმოდგენა-რეკონსტრუქცია შესაძლებელია მჭედლობის ღმერთჰეფესტოსთან დაკავშირებული ბერძნული მითის ანალოგიით. კოლხურ-ბერძნული უძველესი კულტურული(ეკონომიკურ-პოლიტიკურიც) პარალელები რომ მრავლად არსებობს, ეს ისედაც ცნობილია და ამაზე აქ არ შევჩერდებით, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამირანის ბერძნული ორეულიპრომეთე სწორედ ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი მაგიური ჯაჭვითაა მიბმული კავკასიის ქედზე. წარმოვიდგინოთ ჰეფესტოს ღვთაებრივი სამჭედლო, ისეთი როგორადაც მას ბერძნული მითი აღწერს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბრწყინვალებით. სამჭედლოს კუთხეშიქურა, საიდანაც ცეცხლის ალი ამოდის, მის გვერდით კი საკვირველი საბერვლები, რომლებიც მოძრაობენ ჰეფესტოს ბრძანებით. სამჭედლოს შუაში უზარმაზარი გრდემლი, რომელსაც ჰეფესტო თავისი ძლიერი ხელებით უროს დაჰკრავს ხოლმე.... სხვა მრავალ ღვთაებრივ ხელოვნების ქმნილებასთან ერთად, სწორედ ამ სამჭედლოში გამოიჭედა ის ჯაჭვი, რომლითაც ზევსმა პრომეთე კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა. ამიტომ, ამირანის მუქარა - ,,რაც არ უნდა ურტყათ/მირტყათ ურო... მაინც ავიშვებ და მჭედლებს სულ ერთიანად ამოგხოცავთ...” ჰეფესტოზეც ვრცელდება.

ამდენად, ,,უროშემოკრულისდაკარგული სიუჟეტის ძიების ერთ-ერთ ხაზს ბერძნულ მითებთან მივყავართ, თუმცა არა იმდენად ამირან-პრომეთეს ამბავთან, რამდენადაც - ჰეფესტოს, აფროდიტესა და არესის სასიყვარულო სამკუთხედთან. ,,უროშემოკრულისდაკარგული სიუჟეტის ძიების ეს ხაზი ამირან-პრომეთეს მითისაგან განსხვავებით მთლიანად სექსუალური მოტივებითაა თემატიზირებული, სადაც მახვილი იუმორით და ირონიით დაუფარავად იკითხება ოლიმპოელი ღმერთების ვნებათა დიდი ეპოპეა.

ერთხელ ბერძნულ ქალღვთაებათა შორის უმშვენიერესმა აფროდიტემ თავის მეუღლეს - მახინჯ, ორივე ფეხით კოჭლ, მაგრამ მჭედლობისა და ხელოვნების დიად ღმერთს ჰეფესტოს ომის ღმერთთან - არესთან უღალატა. სექსუალური ვნებააშლილობითა და აღვირახსნილობით ,,სახელგანთქმულოლიმპოს ღმერთებს, ზევსის თამადობით, წესით არ უნდა გაჰკვირვებოდათ აფროდიტესა და არესის სასიყვარულო კავშირი. არც გაჰკვირვებიათ, მაგრამ ეს ამბავი, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, მაინც ღმერთთა კრებულის გარჩევის საგანი გახდა.

მას შემდეგ რაც ჰეფესტომ მშვენიერი მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა საყვარლები ,,ფაქტზე დაეჭირა”, რისთვისაც მან ბრინჯაოსაგან მაგიური ,,უხილავი მახეგამოჭედა. თვალს არ ძალუძდა მისი ხილვა, ღვთაებრივ ძალასმისი გაწყვეტა. ჰეფესტომ აფროდიტეს სარეცელს ობობას ქსელივით თხელი ბადე გარსშემოავლო და ჭერს მიამაგრა. შემდეგ ყველას თავი მოაჩვენა, თითქოს ლემნოსზე აპირებდა წასვლას. როდესაც დადარაჯებული არესი დარწმუნდა, რომ ჰეფესტომ ზეცა დატოვა, აფროდიტეს სარეცელს მიაშურა. აფროდიტემ ტანთ განიძარცვა და მასთან ერთად სარეცელზე მოიკალათა. როცა აფროდიტე და არესი სიყვარულისა და ვნების მორევში ჩაინთქნენ, ჰეფესტოს მზაკვრულმა ქმნილებამუხილავმა ბადემ, ისინი ისე მოიმწყვდია, რომ განძრევის საშუალებაც არ მისცა. ჰეფესტო თავს წაადგა საყვარლებს და განიზრახა საქვეყნოდ გაეცხადებინა აფროდიტესა და არესის მრუშობის ამბავი და თუ როგორი შეურაცხყოფილი იყო. ამ ამბის გაგებისთანავე, იმ წამს, ჰეფესტოს სასახლეში გაჩნდნენ სამყაროს მამრი მბრძანებლები(ქალღმერთებმა მისვლა იუკადრისეს!) – მათ ცნობისწადილი ჰკლავდათ, სურდათ საკუთარი თვალით ეხილათ აფროდიტეს მომაჯადოებელი შიშველი სხეული. პოსეიდონს და ჰერმესს შიშველი აფროდიტეს ხილვამ დიდი ვნება აღუძრა და გამოექომაგნენ კიდეც. ჰეფესტო კი ამაოდ ელოდა ღმერთების თანაგრძნობას. მან თავისი ქმედებით, თანაგრძნობის ნაცვლად დიდი ხალისი გამოიწვია. ოლიმპოს დიადმა ღმერთებმა როცა იხილეს ურცხვად მწოლი დატყვევებულნი, ჰეფესტოს მრისხანების მიუხედავად, დიდი ხარხარი მორთეს.

ადვილი წარმოსადგენია მჭედლობის ღმერთისჰეფესტოს მრისხანე და შეურაცხყოფილი სახე, მისი მუქარა, ფურთხი და გინება. ალბათ თავს ვერ შეიკავებდა რქადადგმული განრისხებული კოჭლი ქმარი და ერთიორს(თუ მეტს არა) შემოჰკრავდა კიდეც ხელს ან თავის რომელიმე სამჭედლო იარაღს(მაგალითისათვის უროს) მოღალატე ცოლს და მის ძლევამოსილ კუროს. რა თქმა უნდა, მიუხედავად დანაშაულისა, არც ,,ძლევამოსილი კუროაიტანდა უსიტყვოდ ამ დამამცირებელ მდგომარეობას, ის უბრალო,  ,,მცირე ღვთაებაკი არა, ომის დიდი ღმერთი იყო! და ესეც რომ არა, ბოლოს და ბოლოს, რომელ ოლომპოელ ღმერთს არ ჰქონია ,,უკანონოსასიყვარულო თავგადასავალიარესის თავის მართლებასა თუ შეპასუხებაზე მითი არაფერს გვეუბნება, თუმცა ალბათ, მისი გულისფიქრი შიშველი აფროდიტეს მშვენიერი სხეულის ხილვით ვნებააღძრულმა ჰერმესმა გაახმოვანა, იქვე მყოფი აპოლონის ირონიულ გადაჩურჩულებას - ,,მრავალი ამბის მცოდნე ჰერმესო, ნუთუ არ ისურვებდი აფროდიტესთან ერთად ასეთ ბადეში წოლას” – მსწრაფლ რომ უპასუხა - ,,სამგზის უფრო მაგარი საბლითაც რომ გავეთოკე ვინმეს, ღმერთებიცა და ქალღმერთებიც რომ მოსულიყვნენ ჩემს საჭვრეტად, არაფრად მივიჩნევდი, თუკი ოქროვან აფროდიტეს მოვეხვეოდი”. ბერძნულ მითში ჰერმესის მიერ დელიკატურად გამოხატული ურყევი და მსხვერპლგამღებლური ,,სექსუალური პოზიციიდანუდაოდ გამოსჭვივის იმგვარი ქვეტექსტი, რაც ქართული ფოლკლორის დაკარგული ,,უროშემოკრულის სიუჟეტიდანსკარბეზული გამონათქვამის სახით შემორჩა: ,,რაც არ უნდა მირტყა ურო, მაინც უნდა ვიტყნაურო....”(აქ ბუნებრივია ჰეფესტოს ურო იგულისმება).

რა თქმა უნდა, ბერძნული მითის ქვეტექსტისა და ქართული სკარბეზული გამონათქვამის დამთხვევა, სრულებითაც არ მიუთითებს ჰეფესტოს ბერძნული მითისა და ქართული ,,უროშემოკრულის სიუჟეტისიდენტობაზე - ბერძნული მითის მიგრაციაზე ქართულ ფოლკლორულ სივრცეში(თუმც არც ამის გამორიცხვა შეიძლება). ჩვენ ამ შემთხვევაში, უფრო ,,თვითჩასახვის თეორიისაკენვიხრებით, ანუ ვფიქრობთ, რომ ქართული სკარბეზული გამონათქვამის სახით, საქმე უნდა გვქონდეს, რომელიღაც დაკარგულ ადგილობრივ ქართულ ,,საღვთო პროსტიტუციისმითთან, მჭედლობის ღმერთისა და სხვა ღვთაებების მონაწილეობით. ,,საღვთო როსკიპებით”(ეს ტერმინი პროფესორ მიხეილ ჩიქოვანს ეკუთვნის) ხომ სავსეა ქართული მითოლოგია. მრავალმა ხალხურმა ბალადამ შემოგვინახა ნადირობის ქალღმერთ დალის ინტიმური ურთიერთობების შესახებ მოკვდავ მონადირეებთანბეთქილთან, ივანე ქვაციხისელთან, ჩორლასთან, მეფისასთან, იაგორასთან, თეთრ მანგურთან და სხვებთან; ასევე ცნობილია ტყაშმაფას სასიყვარულო კავშირები მონადირე მახუტელასთან, ფილო გულუასთან, რაჟდენთან და სხვებთან ბეღლის თავზე... უჩვეულო სასიყვარულო თავგადასავლებითაა ცნობილი ღვთიშვილთა დობილი სამძივარიც, რომელიც ფშავ-ხევსურთა სარეცელში რომელიმე მოკვდავი მეზობელი ქალის სახედ გარდასახული წვებოდა და როცა ვნებით თავდავიწყებული ფშავ-ხევსური მას სრულად უნდა დაუფლებოდა, სწორედ იმ წუთისთვის უკვალოდ უჩინარდებოდა.

არცერთ ამ ზემოთთჩამოთვლილ და არც სხვა ქართულ მითებში არ გვხვდება სკარბეზული გამონათქვამები, რადგან ჩვეულებრივ, მითს არ ახასიათებს სხვა ფოლკლორული ჟანრებისთვის(მაგ. კაფიობა, შაირობა, სოციალური პოეზია და სხვა) ნიშანდობლივი მრუშსიტყვაობა. ,,უროსშემოკრულისრომანტიული სიუჟეტი, თუკი იგი მართლა არსებობდა, ფრაზეოლოგიურად ისეთივე მოზომილი იქნებოდა, როგორც ბერძნული მითი. ამიტომ, ქართული სკარბეზული გამონათქვამი - ,,რაც არ უნდა მირტყა ურო, მაინც უნდა ვიტყნაურო...” - რომელიღაც დაკარგული ,,უროშემოკრულისმითოლოგიური სიუჟეტის ერთ-ერთი ეფექტური პასაჟის გასკარბეზების ნიმუში შეიძლება იყოს, როგორც შედეგი  მაგიურ-რიტუალური მითოლოგიური ტექსტის ფოლკლორული პროფანაციისა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული