- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
 
 
      
        
	1.      „ ვინც დაიღალა, დაისვენოს“ - ხმა იყო მისი.
	ვისმინე და ვითაღლითე - განზე გავდექი.
	გავიდა დრო,
	დავიღალე უმოქმედობით.
	გაფაციცებით ვაყურადებ - იქნებ მისმინოს...
	მაგრამ მისი
	ხმა აღარ ისმის.
	
	        2.   არის შეცდომა, გადაცდენა, დანაშაული
	და ყველაფერი ცოდვად კრისტალდება.
	მრავალწახნაგა,
	მრავალი სხივით -
	თვალისმომჭრელით,
	გულის დამკაწრავით...
	და ცოდოა ადამიანი,
	თუ სასჯელი დანაშაულს აღემატება.
	
	        3.  მზის ჩასვლამდე ჯერ კიდევ ადრეა.
	            ჯერ კიდევ ადრეა დაღამებამდე
	            და შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს -
	            ის, ვინც სინანულში გვაგდებს,
	            არჩევანის უფლებასაც გვიტოვებს
	            და სამსალანაგემებთათვის
	            პეშვით თაფლიც არ ენანება.
	
	          4. ვხედავ, მაგრამ შორს არიან,
	              თანაც, ვიცი - ვერ მომიცდიან.
	თავს ძალა უნდა დავატანო,
	უნდა ვიარო.
	უნდა ვიარო, რომ კიდევ ვნახო
	მათი ღიმილი ჩემს დანახვაზე;
	რომ მხარზე მათი ხელი ვიგრძნო
	და გავიგონო:
	„ ისევ ჩვენი ხარ,
	შენ ყოველთვის ჩვენი იყავი“.