• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ადოლფი და ევა

×
ავტორის გვერდი ქეთი თუთბერიძე 00 , 0000 2249
რა უსარგებლო ლოცვას ვამბობთ ყოველ საღამოს 
ან დილის ექვსზე ფერფლისფერ შუქში!
ეს იგივეა მოაპნიო ხუთი მარცვალი ნაგვალვარ გზაზე,
მიტოვებული სახლის კართან ითხოვო შველა.
ჟელატინივით იგლისება სიტყვები პირში, - 
“ჰიშემ-იზბორეხ.” 
რა საშიშია მტრების ენა,
თითქოს ორმოცი დანა გედოს ისე დაგსერავს,
თითქოს ორასჯერ მოექნიოთ სათიბში ცელი. 
 
ნუ ბორგავ ღამით! 
ნუ გაშინებს ქარის ხმაური,
წვეთოვანივით რომ დაგიდგეს – გაბერებს, გწამლავს.
გესმის, სამხრეთით ასისინდნენ რკინის სახლები,
მიმართულება ფლოზენბურგი,
ან კიდევ სადღაც,
ჩრდილოეთით ან უფრო ახლოს...
ისე მიქრიან, ლამისაა მოწყდნენ ლიანდაგს.
დიდი ამბავი, თუ თაგვებივით გაისრისა ათასი კაცი, 
მოჩვარულ მკერდზე მიტმასნილი თოთო ბავშვები,
ხის მერქანივით სქელთმიანი წითური ქალი, 
ჯერ კიდევ გუშინ სახლის წინ რომ ავლებდა სარეცხს,
ქაფიან ხელებს იმშრალებდა გამხდარ თეძოზე.
 
ჩვენ კი რა გვიჭირს, 
ციანიდივით ღრძილებშორის გვიდევს სინდისი,
ნახევარღმერთი! ბაგის გარეშე, ჯვრის გარეშე, სიკვდილის შიშით!
ჯერ ცოცხალი ხარ, 
უსიყვარულო, ავადმყოფი, წელში მოხრილი,
ამ ჩემი ბერწი საშვილოსნოს 
სიძვას დარაჯობ, რომელიც ღამით ისე წვეთავს, 
თითქოს ცვილია, დნობას რომ იწყებს 
და სულ სხვა სახის ქანდაკებად გადაიქცევა.
სიამეს არ ვგრძნობთ, უბრალოდ ყურში ჩაგისახლდი 
და იქ ვჩურჩულებ, 
ორაკულივით სიტყვებს ვმარცვლავ – შელოცვაა, 
ზოგჯერ წყევლას გავს. მასში შიშები ყვავილობენ, 
ნაყოფს თუ ისხამს ეს ნიშნავს, რომ ძილი დაკარგე 
და ეგ შანდალი ბნელ ოთახში ჩრდილებს იტაცებს. 
 
აი, ასე ხარ მთელი ღამე, ტკივილსაც იტან,
სახსრებს რომ გიღრღნის, თითებს გიხრავს და მეც იქვე ვარ,
მიმაგრებული ჟოლოსფერი პეპლებით მკერდზე, 
გაბრუებული ძილისაგან, 
ფართე გუგებით.
შენ მეკითხები: “რომელი მხრიდან შემოვიდა სიცივე სახლში, 
ვინ მოათრია?” - მე მხრებს ვიჩეჩავ. 
სინამდვილეში ის ღრიჭოა, ჩვენი ქიმერა-სიყვარული რომ იმზირება, 
ალმასისებრი ბზინვარების თვალებს რომ იფშვნეტს, ჩიჩქნის კლანჭებით.
და მე გპასუხობ, ეს ნაპრალი ცოტა ხნის წინათ ამოავსეს კირით და შუშით
მათ, შიმშილისგან რომ იკვნეტენ ფეხის ცერა თითს,
მათ, მხოლოდ შუქზე რომ ხედავენ თავის არყოფნას,
მათ, თვალები რომ ამოევსოთ მყრალი გვამებით, 
მათ, ვისაც სძულხარ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული