• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

(მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის)

×
ავტორის გვერდი ქეთი თუთბერიძე 11 იანვარი, 2013 1966
მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის, -
რკინის მაკრატლით გამოჭრილი 
და გამურული კორპუსების სახურავიდან 
ფრანის მაგივრად გაშვებული მეორე მხარეს,
დიდხანს რომ იფრენს ქარიან დღეს 
პერიფერიულ დასახლების თავზე 
და ბავშვებს ანგელოზები მოაგონდებათ საშობაო ბარათებიდან.
სინამდვილეში ანგელოზებს გაცილებით მკაცრი სახე აქვთ,
ვიდრე მისალოც ბარათებზე ხატავენ ხოლმე.
თუმცა ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ ანგელოზებზე,
რადგანაც ყველა მფრინავ საგანს გადავავიწყდით დიდი ხნის წინათ,
როცა დღეები დაემსგავსა მუყაოს სახლებს თოჯინებისთვის.
ჩვენც იქ ვცხოვრობდით.
მაშინ მე და შენ გვერქვა სახელი
და უმარტივეს თამაშს ვსწავლობდით 
განსხვავებული სახელწოდებით.
მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის
და გაჭვარტლული სახურავიდან 
მაინც შემეძლო გამეფრინა შენი სახლისკენ.
ახლა კი, როცა 
შენ “ერთ-ერთი” ხარ,
მე კი “არავინ”,
ქარს გაუჭირდა სიტყვის ზიდვა 
ჩემი მართკუთხა მაგიდიდან შენს ლოგინამდე.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული