• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

თბილი ლუდი და ცივი ქალი  

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2914

(პიესა ჩარლზ ბუკოვსკის მოთხრობების მოტივებზე)


მოქმედი პირები:

ხნიერი ბუკი
ახალგაზრდა ბუკი
კესი
ფონ ბარშლიცი
ტანია
ბარმენი ტონი
მუსიკოსები


პიესა ჩარლზ ბუკოვსკის მოთხრობებისა და ლექსების მიხედვით. სცენაზე ერთდროულად ჩნდებიან ხნიერი და ახალგაზრდა ბუკოვსკი. გარემო - იაფასიანი სასტუმროს ნომრის და ბარის არეული ინტერიერი. ერთის დაწყებულ ისტორიას აგრძელებს მეორე. ისინი თითქოს ერთმანეთში გადადიან, აგრძელებენ ერთმანეთის ამბებს, მონოლოგებს, სცენებს. თამაშობენ ერთმანეთის როლებს. (რეალურადაც უცვლიან ერთმანეთს ადგილს) ბუკოვსკი საბეჭდ მანქანასთან ერთგვარად ნარატორის როლს ითავსებს. ნათდება სცენის ის ადგილი, სადაც ხდება მოქმედება. დანარჩენი დეკორაცია სიბნელეს მოუცავს. მთელს სპექტაკლის განმავლობაში ისმის საბეჭდი მანქანის კაკუნი და კლასიკური მუსიკა.



პირველი სცენა

(ხნიერი ბუკოვსკი იწყებს. სცენა ჩაბნელებულია.)

ხნიერი ბუკი

არაფრის აღება არ შემიძლია.
იატაკზე მიმოფანტულია:
ბინძური წინდები,
ტრუსები,
პერანგები,
გაზეთები,
წერილები,
ჩანგლები,
ბოთლები,
არ შემიძლია საწოლის გასწორება,
კბილების გამოხეხვა,
თმის დავარცხნა,
ჩაცმა...
შიშველი ვაგდივარ საწოლზე.
ტანსაცმელი - მთელს ოთახშია მიმოფანტული.
როცა ტელეფონი რეკავს
ან კარზე აკაკუნებენ
წყობიდან გამოვდივარ.
საზიზღარ მწერს ვგავარ
დიდი თბილი ქვის ქვეშ მწოლიარეს.
მეც მასსავით მეშინია.
ვწევარ საწოლზე და შევყურებ სარკეს.


(ნათდება ბარის ინტერიერი. გამოდის ბარმენი. ამშრალებს ჭიქებს. შემოდიან „ხნიერი“ მუსიკოსები. აწყობენ ინსტრუმენტებს. ბარმენი ტელევიზორს რთავს. ასწორებს გამოსახულებას. ინტერვიუ ბებერ ბუკოვსკისთან.) 

ტექსტი ეკრანიდან

რა თქმა უნდა არავინ დამიჯერებს, რომ საბანი გაცოცხლდა და ჩემს მოკვლას ცდილობს. თუმცა ეგრეა, სანამ პირველად არ მოხდება რამე, არაფრის არ სჯერათ. არავის სჯეროდა ატომური ბომბის; იმის რომ რუსები კოსმოსში გაუშვებდნენ ადამიანს; არ სჯეროდათ, რომ ღმერთი განკაცდებოდა და შემდეგ კი ლურსმნებით გააკრავდნენ ჯვარზე; იმასაც არავინ დაიჯერებს, რომ საბანი ცოცხალია და ჩემი მოხრჩობა სურს. შეიძლება ეს საბანი ქალია, რომელსაც ადრე ვუყვარდი და ახლა საბნად ქცეულმა არ იცის ეს როგორ გამოხატოს. „ეს სიგიჟეა!“, იტყვით თქვენ... და რა არ არის სიგიჟე? განა ცხოვრება სიგიჟე არაა? ჩვენ დასაქოქი სათამაშოები ვართ, ზამბარის რამდენიმე ბრუნი და ყველაფერი მთავრდება. ჩვენ კი რაღაცაზე ვოცნებობთ, ვაწყობთ გეგმებს, ვირჩევთ პრეზიდენტს და ვკრიჭავთ გაზონს. განა ეს სიგიჟე არაა?
(...)

ხნიერი ბუკოვსკი

გაღვიძებისას, ან ისევ სიზმარში, ჩამობნელებულიყო. საბანი ყელზე შემომხვეოდა, გადაეწყვიტა რომ უკვე მოქმედების დროა და ყოველგვარი თავის მოჩვენების გარეშე შემომიტია... ძალიან ძლიერი იყო, ან მე დავსუსტდი. წინააღმდეგობას თითქმის ვეღარ ვუწევდი, ვგრძნობდი წურწურით ჩამომდიოდა ოფლი. უცნაურია, ხშირად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე და ახლა როცა საბანმა დახმარება გადაწყვიტა, წინააღმდეგობა გავუწიე. შემდეგ როგორღაც მოვახერხე, თავი დავაღწიე მტარვალს, იატაკზე მოვისროლე და შუქი ავანე... სინათლე! სინათლე!

(ამ სიტყვების პარალელურად ნათდება საწოლი, სადაც ყელზე საბანშემოხვეული ახალგაზრდა ბუკოვსკი იღვიძებს. გრძნობს, რომ საბანი მის მოხრჩობას ცდილობს. ძლივს იშორებს, სადღაც მოისვრის და შეშინებული წამოვარდება ფეხზე. მიდის მაგიდასთან, სადაც ნახევრად სავსე ვისკის ბოთლს დაწვდება, მოიყუდებს. შემდეგ იღებს გაზეთს და იწყებს კითხვას. თან თვალს მოძალადისკენ აპარებს. საბანი კვლავ მისკენ იწევს. ბუკი კიდევ სვამს. მერე მაგიდაზე მიგდებულ დანას პოულობს. გაზეთს უკან დებს, მოძრაობს იწყებს თუ არა, საბანიც მიჰყვება. მოულოდნელად მიუტრიალდება და დანას დაარჭობს. საბანი უძრავად გდია. ბუკი ხელებზე დაიხედავს. მოეჩვენება, რომ ხელები სისხლიანი აქვს. მან ეს-ესაა მკვლელობა ჩაიდინა.)

(...)

ახალგაზრდა ბუკი

მე არცთუ ისე სასიამოვნო ადამიანი ვარ, ამას ყველა გეტყვით. მსგავსი სიტყვაც კი არ ვიცი. ყოველთვის მიზიდავდნენ საზიზღარი ბანდიტები, ბოზები და მაწანწალები. არ მომწონს სუფთად გაპარსულ, გაკრეჭილი ბიჭუნები ჰალსტუხებითა და კარგი სამსახურებით. მე განწირული, გატეხილი ადამიანები მიყვარს, ჩამოლეწილი კბილებით, გაბურძგნილი თმებით, დასვრილი ტანსაცმლით. ესეთები მაინტერესებს, ისინი საიდუმლოებებით არიან გატენილნი და ყოველ წამს მზად არიან აფეთქდნენ. მე მომწონს ლოთი ბოზები, ჩაჩაჩული ჩულქებითა და დამახინჯებული ფიზიონომიით. მე წმინდანებზე მეტად გარყვნილები მაინტერესებს. მაწანწალებთან თავს კარგად ვგრძნობ, ალბათ იმიტომ რომ თვითონაც მაწანწალა ვარ. არ მიყვარს წესები, კანონები, რელიგია, მორალი. არ მივცემ საზოგადოებას ნებას თავის ყაიდაზე გადამაკეთოს.

(კიდევ სვამს, ბოთლი ცარიელდება. შემდეგ იცვამს და გარეთ გამოდის. ქალაქის ხმაურზე ისე რეაგირებს, თითქოს ციხეში გატარებული წლების შემდეგ, პირველად გამოვიდა გარეთ. ისმის პოლიციის სირენების ხმა, მანქანების გიჟებივით დაქრიან. ბუკი გზაზე გადადის. ვიღაც კინაღამ გაიტანს. მისძახის: შე, ნაცისტო! ნაბიჭვარო, მიკი მაუსო! ბუკოვსკი ბარისაკენ მიემართება. სადაც ბარმენი და „გაახალგაზრდავებული“ ბენდი ხვდება. სცენაზე ჩნდება ხანში შესული ბუკოვსკი, რომელიც საბეჭდ მანქანას უზის)

ხნიერი ბუკი

თუ თქვენ რაიმე უჩვეულო ისტორიის მოსმენა გინდათ, მე შემიძლია ყველაზე ლამაზ გოგოზე მოგიყვეთ...

(ის საბეჭდ მანქანაში ახალ ფურცელს დებს, იწყებს ბეჭდვას და თან ჰყვება)

კესი, კესი... კესი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. მოჩვენებას ჰგავდა, მოქცეულს სხეულში, სხეული რომ ვერ იჭერდა. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, ალივით ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო. ამას სულელები ამბობდნენ. სულელებს კესის არ ესმოდათ. კაცებს მხოლოდ მისი მოტყვნა უნდოდათ და სულ ფეხებზე არ ეკიდათ, გიჟი იყო თუ არა. ბარში გავიცანი. შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. მე ყველაზე მახინჯი კაცი ვიყავი ქალაქში... „დალევ?“ - ვკითხე მე. „აბა რას ვიზამ!“ - მიპასუხა მან.

 

მეორე სცენა

(ახალგაზრდა ბუკოვსკი ბართან ზის. შემოდის კესი და მასთან ჯდება)

ახალგაზრდა ბუკი

დალევ?

კესი

რატომაც არა?!

(ბარმენი უსხამთ სასმელს)

ახალგაზრდა ბუკი (თითქოს ფიქრობს, როგორ გააგრძელოს საუბარი)

იცი რატომ არ აღწერა ჰომეროსმა ელენა?

კესი (გაკვირვებული მოულოდნელი და უადგილო შეკითხვისგან)


ალბათ მთელი საბერძნეთი ნძრევით მოკვდებოდა

ახალგაზრდა ბუკი

მარტო ერთგან ახსენებს, ის იყო ქალი, ვისი გულისთვისაც ღირდა ომის დაწყება. 

(ისევ ხნიერი ბუკის ხმა და საბეჭდი მანქანის კაკუნი ისმის)

კესი

მერე?

ახალგაზრდა ბუკი

მგონი შენც ეგეთი ხარ.

კესი

ლამაზი?

ახალგაზრდა ბუკი

საშინლად... მაგრამ შენ რაღაც სხვაც გაქვს, გარეგნობაზე მეტი...

კესი

მართლა? ნუთუ ასეთი ლამაზი ვარ?

ახალგაზრდა ბუკი

სილამაზე ის სიტყვა არაა.

(კესი ხელჩანთას ხსნის და რაღაცას ეძებს. მოულოდნელად ქუდის გრძელ ქინძისთავს იღებს და სანამ ბუკი მის შეჩერებას მოასწრებს, ცხვირში იყრის.)

კესი

კიდევ ლამაზი ვარ? ახლა რას იტყვი? კიდევ ლამაზი ვარ?

ბარმენი

მისმინე, კიდევ მოიქცევი ეგრე და ქუჩაში მოგისვრი. აქ არავის სჭირდება შენი კონცერტები, ეგეთი გამოხტომები.

კესი

წადი შენი!

ბარმენი

მიხედე ამ გოგოს!

(ახალგაზრდა ბუკი მხრებს იჩეჩს)

კესი

ცხვირი ჩემია და ჩემს ცხვირს რასაც მინდა, იმას ვუზამ...

ბარმენი

ბარი - ჩემია.

ახალგაზრდა ბუკი

გეყოფა, მტკივა.

კესი

გინდა თქვა, რომ შენ გტკივა, როცა მე ამ რკინას ცხვირში ვიყრი?

ახალგაზრდა ბუკი

ჰო, მტკივა, არ ვხუმრობ.

(კესი დაჟინებით შესცექრის ბუკოვსკის. თითქოს არ იცის რა თქვას, როგორ მოიქცეს. ბუკი სისხლის შესაჩერებლად ცვირსახოცს მიადებს)

კესი

კარგი, მეტს აღარ ვიზამ.

(ისე რომ ცხვირსახოცს ცხვირიდან არ იცილებს, გადაიხრება და კოცნის ბუკს. ბენდი უკრავს. ბუკი და კესი ბარიდან პირდაპირ საწოლთან გადაინაცვლებენ. )

კესი

როდის გინდა, ახლა თუ დილით?

ახალგაზრდა ბუკი

დილით...

კესი

კარგი მაშინ, ძილი ნებისა...

ახალგაზრდა ბუკი

შენც ძილი ნებისა!

და ძილი ნებისა ზღვის სპილოვ. ძილი ნებისა გრეტა გარბო. ძილი ნებისა ექსკავატორო. ძილი ნებისა უძილობავ. ძილი ნებისა სათამაშო მატარებელო. ძილი ნებისა ლუდო, მწვანე ქილებში. ძილი ნებისა დედა. ძილი ნებისა ბალახის თესლო. ძილი ნებისა მთვარევ და ცაო...

(იმეორებს ამ მშვიდი ძილის სუტრას და დგება. მიდის საბეჭდ მანქანასთან, იწებს ბეჭდვას. თან ლუდს სვამს. შორიდან ისმის ღამის ქალაქის - ურბანული ჯუნგლების ხმები, ვიღაცის კივილი, პოლიციის სირენების ხმა... ბუკი წერს და თან კითხულობს დაწერილს.)

როცა ღმერთმა სიყვარული შექმნა, ის ამით ბევრს ვერ დაეხმარა
როცა ღმერთმა ძაღლები შექმნა, ის ვერ დაეხმარა ძაღლებს
როცა ღმერთმა მცენარეები შექმნა, ეს ცუდი არ იყო
როცა ღმერთმა შექმნა სიძულვილი, ჩვენ საზოგადო სარგებელი გვქონდა
როცა ღმერთმა მე შემქმნა, მან მე შემქმნა
როცა ღმერთმა მაიმუნი შექმნა, მას ეძინა
როცა ღმერთმა ჟირაფი შექმნა, ის მთვრალი იყო
როცა ღმერთმა ნარკოტიკები შექმნა, ის მაღლა იყო
როცა ღმერთმა თვითმკვლელობა შექმნა, ის დაბლა იყო

მაგრამ როცა მან შენ შეგქმნა, საწოლში მწოლიარე,
მან იცოდა, რასაც აკეთებდა
ის მთვრალი იყო და ზემოდან იყო
და მან შექმნა მთები, ზღვები და ცეცხლი
ერთდროულად
ის ხანდახან ცდებოდა,
მაგრამ როცა შენ შეგქმნა საწოლში მწოლიარე
მან გადააჭარბა მთელს თავის კურთხეულ სამყაროს.


(დილა. საწოლი ოთახი.)

კესი

ერთადერთი კაცი ხარ ვინც ღამით უარი მითხრა.

ახალგაზრდა ბუკი

ყველაფერი ნორმალურად არის, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ ვიჟიმაოთ.

კესი

ახლა მე მინდა. მაგრამ ჯერ შხაპს გადავივლებ.

(ბუკი დგება, ბოთლებს ამოწმებს, ყველა ცარიელია. რთავს რადიოს. კესი გამოდის, იხდის და იწყებს ცეკვას. ბუკიც აყვება, მაგრამ მისი მოძრაობები მოუხეშავია. მერე აქვთ ხანგრძლივი და მგზნებარე და მოუთოკავი და წამლეკავი სექსი)

ხნიერი ბუკოვსკის ხმა ისმის

ვეფერებოდი ტანზე და თმებზე. ცხელი და მკვრივი იყო. არ ვჩქარობდი, ბიძგებს ნელ-ნელა ვაკეთებდი, რომ სიამოვნება გამეხანგრძლივებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა.

(...)

ახალგაზრდა ბუკი

რა გქვია?

კესი

რა მნიშვნელობა აქვს?

(შუქი ქრება. ნათდება ბარი)




მესამე სცენა


ხნიერი ბუკოვსკი

ტონის ბარში ვისხედით. ისეთი ცხელი საღამო იყო. ქალზეც კი არ ვფიქრობდით. ისღა დაგვრჩენოდა ცივი ლუდი გვესვა.

ახალგაზრდა ბუკი

ახალი რა არის ტონი?

ტონი

მძღნერი და მეტი არაფერი.

ახალგაზრდა ბუკი

ეგ რა სიახლეა?

ტონი

რავი, არის რა...

ახალგაზრდა ბუკი

და მთვარეზე რას ფიქრობ ტონი?

ტონი

ეგეც მძღნერია, რას უნდა ვფიქრობდე...

ახალგაზრდა ბუკი

ნამდვილად, ადამიანი აქ, დედამიწაზე თუ ნაბიჭვარია, ის მთვარეზეც ნაბიჭვრად დარჩება, რა განსხვავებაა.

(პაუზა)

ისე ამბობენ მარსზე სიცოცხლე აღმოაჩინესო...

ტონი

მერე რა?

ახალგაზრდა ბუკი

არაფერი, კიდევ დამისხი ლუდი.

ტონი

საშინელი სიცხეა, მოვკვდი რა...

ახალგაზრდა ბუკი

ტონი, შენი აზრით სად ხვდებიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ?

ტონი

რა მნიშვნელობა აქვს, სირობაა ეგ ყველაფერი.

ახალგაზრდა ბუკი

მოიცა, შენ არ გჯერა რომ ადამიანს სული აქვს?

ტონი

სისულელეა...

ახალგაზრდა

კი მაგრამ, ჩე გევარა? ჟანა დარკი? კიდევ სხვები?

ტონი

და რა?

ახალგაზრდა ბუკი

არაფერი, კარგი...

ტონი

ამ სიცხისგან შეიძლება მართლა გარეკოს კაცმა.

ახალგაზრდა

უბრალოდ შენ ამ სიცხისგან ჭეშმარიტ „მე“-ს აღმოაჩენ.

ტონი

რა ჭეშმარიტ „მე“-ს? შენ რა მე გიჟად მთვლი?


ახალგაზრდა ბუკი

ჩვენ ყველანი გიჟები ვართ, უბრალოდ ეს საიდუმლოდაა შენახული.

ტონი

კარგი, დავუშვათ რომ ეგ სიმართლეა, მაგრამ ნორმალური ადამიანები ხომ არსებობენ?

ახალგაზრდა ბუკი

ცოტა, ძალიან ცოტა

ტონი

და მაინც რამდენი?

ახალგაზრდა ბუკი

მთელი ამ მილიარდებიდან? ალბათ სულ 5 თუ 6 ადამიანი.

ტონი

და საიდან იცი, რომ გიჟი ვარ?

ახალგაზრდა ბუკი

ცხადია, ჩვენ ყველანი ვაფრენთ. ზედამხედველებად ის ტიპები არიან. სწორედ ეგენი გვაძლევენ განვითარების უფლებას. სხვა რა დარჩენიათ. ადრე ვფიქრობდი, რომ კოსმოსში საცხოვრებლად ვარგის ადგილს მოძებნიდნენ, გაფრინდებოდნენ და ჩვენ კი გაგვანადგურებდნენ. მაგრამ მგონი კოსმოსსაც შეშლილები მართავენ.

ტონი

საიდან იცი?

ახალგაზრდა ბუკი

ვერ ნახე როგორ თხარეს ამერიკის დროშა მთვარეზე?


ტონი

კი მაგრამ, რუსებს რომ ეთხარათ?

ახალგაზრდა ბუკი

სულერთია, რა მნიშვნელობა აქვს.

ტონი

ღმერთო ჩემო, რა სიცხეა...

ახალგაზრდა ბუკი

საშინელი...

ტონი

(პაუზა)

ისე აქ ჩემთან ისეთი რაღაცა ხდება, რომ არც კი დაგესიზმრება, შეიძლება შეგეშინდეს, დაიშოკო...

ახალგაზრდა ბუკი

რაღას უცდი, მოყევი...

(ტონი ბარზე დაიხრება და ჩურჩულით იწყებს)

ტონი

ერთ ტიპს აქ სექს-მანქანა აქვს. არ იფიქრო რაღაც გასაბერი ქალი ან მსგავსი იდიოტიზმი, სექს-ჟურნალებში რომ უკეთებენ რეკლამებს. მე ნამდვილ სექს-მანქანაზე გელაპარაკები. თვითონ გამოიგონა. ერთი გერმანელი მეცნიერია, ჰოდა, ჩვენ ჩავიგდეთ ხელში, ანუ ჩვენმა ხელისუფლებამ დაასწრო რუსებს. ოღონდ, იცოდე მნიშვნელოვანი საიდუმლოა.

ახალგაზრდა ბუკი

რა თქმა უნდა ტონი, რა თქმა უნდა...

ტონი

ფონ ბარშლიცი. ჯერ ეცადნენ კოსმოსით დაეინტერსებინათ, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. ჭკვიანი ბებრუხანა, თავში მარტო სექს-მანქანის შექმნის იდეა უტრიალებდა. ამასთან ამბობს ხელოვანი ვარო და ხანდახან მიქელანჯელოს უძახის თავს. 500$ დაუნიშნეს პენსია, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. ჯერ უთვალთვალებდნენ. მერე მოსწყინდათ. ან უბრალოდ მიივიწყეს. მაგრამ ჩეკს ყოველთვიურად მაინც იღებს. დროგამოშვებით აგენტები უკავშირდებიან და მერე მოხსენებაში წერენ, რომ მოხუცი ჭკუიდან გადავიდა. ის კი ქალაქიდან - ქალაქში მოგზაურობს და თან წითელ სკივრს დაატარებს. ერთ საღამოსაც მოდის აქ და უკვეთავს სასმელს. თან მეუბნება რომ საშინლად დაიღალა და ერთადერთი რაც უნდა სიმშვიდეა, რომ თავისი სამეცნიერო შრომა გააგრძელოს. მაგრამ ჰო იცი, რამდენი დარეხვილი შემოდის აქ.

ახალგაზრდა ბუკი

...

ტონი

შემდეგ მეუბნება, რომ მექანიკური ქალი გამოიგონა, რომელიც მთელს სამყაროში ყველაზე უკეთ ჟიმაობს... არც საჭმელი, არც ბევრი ლაპარაკი, არც სკანდალები...

ახალგაზრდა ბუკი

ეგეთ ქალს მთელი ცხოვრებაა ვეძებ!

(ტონი იცინის)

ტონი

ყველა კაცი ეძებს... ვიფიქრე, რომ ბებერს მაგარი გარეკილი ჰქონდა, მაგრამ ერთ საღამოს ამიყვანა თავის ოთახში, წითელი სკივრიდან ის ამოიღო და...

ახალგაზრდა ბუკი

მერე? როგორი იყო?

ტონი

ეს იგივეა, რომ სამოთხეში მოხვდე... გინდა გამოსცადო? ახლა ფონ ბრაშლიცი აქ არის, ზემოთ... ერთი სეანსი - 20 $

ახალგაზრდა ბუკი

რა სექსი მანქანასთან? 20$?

ტონი

ამ გამოგონებაში ღვთის ხელი ურევია..

(ბუკოვსკი ფულს ბარზე დებს)

ახალგაზრდა ბუკი

თუ იტყუები, ან უბრალოდ კაიფობ, იცოდე შენს საუკეთესო კლიენტს დაკარგავ...

ტონი

შენ თვითონ არ თქვი, რომ ყველანი ასე თუ ისე ვაფრენთ, ჰოდა, შენი გადასაწყვეტია დამიჯერებ თუ არა...

ახალგაზრდა ბუკი

კარგი ტონი, შენი გაიტანე.

ტონი

მე მხოლოდ 50% მრჩება, დანარჩენი ფონ ბრაშლიცთან მიდის. თუ გადასახადებს და ინფლაციას გავითვალისწინებთ, 500 $ აბა როგორ გეყოფა? თან ბებრუხანა ვეშაპივით ნთქავს სასმელს.



მეოთხე სცენა

(ახალგაზრდა ბუკოვსკი - მოქმედებაშია და თან ერთგვარ დისტანციას ინარჩუნებს და თვითონვე ჰყვება და აფასებს თავს გადამხდარ ისტორიას. მთელი ეს არანორმალური მოქმედებას მიყვება მუსიკალური ფონი, რომელიც თავის კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა მექანიკური ქალის გამჟღავნება და ნაწილებად დაშლა ხდება)

ბუკი საბეჭდ მანქანასთან

გერმანელ მეცნიერს 69-ე ოთახში მივაგენი. კარზე დავაკაკუნე და ვუთხარი, რომ ტონიმ გამომგზავნა. მოხუცმა კარი გააღო. ხელში შნაფსით სავსე ჭიქა ეჭირა. ოთახში კიდევ გოგო დამხვდა. მოკლე კაბა და ნეილონის ჩულქები ეცვა, რომელიც მთავრდებოდა და იწყებოდა ფეხის შიშველი ნაწილი, როგორც ჰორიზონტზე გამოჩენილი მიწა. დიდი, ცისფერი თვალები. სიფრიფანა, მაგრამ მასში ისეთი ძალა იგრძნობოდა... ფეხი ფეხზე რომ გადაიდო, კინაღამ გავათავე.

ფონ

გაიცანით, ეს ჩემი ქალიშვილია, ტანია...

ახალგაზრდა ბუკი

რა?

ფონ

ჰო, ვიცი ძალიან მოხუცი ვარ. მაგრამ ნუთუ არ გსმენია მითი, ბებერ, გარყვნილ გერმანელებზე?

ტანია

სალამი!

ფონ

როგორც ვხვდები, შენ აქ მსოფლიოში საუკეთესო სექსის გულისთვის მოხვედი?

ტანია

მამა, ყოველთვის ასეთი უხეში როგორ უნდა იყო?

(მოხუცი ქირქილებს. უჩინარდება, ბუკი და ტანია ერთმანეთს ათვალიერებენ. ცოტა ხანში ფონს წითელი სკივრი გამოაქვს და იქიდან რკინის დაზგას იღებს, შუაში პატარა ხვრელით. ის მას ბუკის წინ დგამს. თან რაღაც გერმანულ მელოდიას ღიღინებს).

ახალგაზრდა ბუკოვსკი

კიდევ მომატყუა რა, იმ ნაბიჭვარმა. ეშმაკმა დამწყევლოს თუ ამაში შევყო..

ფონი

როცა გერმანიაში შევატყვეთ რომ ომს ვაგებდით და უკანასკნელი ბრძოლები მიდიოდა ბერლინის ხელში ჩასაგდებად, მივხვდით რომ ამას ჩვენზე მეცნიერებზე ნადირობა მოჰყვებოდა, შეჯიბრი რუსებსა და ამერიკელებს შორის, როგორც ყველაფერზე, როგორც ყოველთვის... ჩემამდე პირველად ამერიკელებმა მოაღწიეს. ჩამსვეს მანქანაში, მომადეს იარაღები, დამალევინეს და მეც ხელი მოვაწერე.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

ეს უკვე ისტორიაა. მე კი ამ ჯართთან არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ფული დამიბრუნე.

(ფონ ბ.-მ გადაიხარხარა)

ფონ

ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, მე ხომ მხატვარი და მეცნიერი ვარ, სინამდვილეში, სექს-მანქანა ჩემი ქალიშვილი ტანიაა.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

რას ბოდავ?

ფონ

ტანია, მიდი და ჩაუჯექი ჯელტმენს კალთაში.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

ტანიამ გაიცინა. ადგა, მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა. მე ვერ ვიჯერებდი, მას ისეთივე კანი ჰქონდა, როგორც მე. ენაც, როცა კოცნისას პირში შემომიყო, მექანიკურის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა. მე საქმეზე გადავედი. ბლუზი გადავუხსენი, შემდეგ მის საცვალს მივხედე, ასეთი ვნებიანი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მისი სხეული თითქოს პირადად ჩემთვის იყო შექმნილი. ფეხზე მდგომებმა ვიჟიმავეთ. ამაზე კარგი სექსი ცხოვრებაში არ მქონია. ამის შემდეგ ტანია თავის წესრიგში მოსაყვანად სააბაზანოში გავიდა.

ფონ

კაცობრიობის საუკეთესო გამოგონებაა.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

შემდეგ ტანია დაბრუნდა და ისევ კალთაში ჩამიჯდა.

ფონ

არა, არა... ახლა სხვა კაცის ჯერია, ტანია, მასთან უკვე იყავი...

ტანია

გიყვარვარ?

ახალგაზრდა ბუკოვსკი

ჰო...

ტანია

მეც მიყვარხარ და ისე ბედნიერი ვარ, გეგონება ცოცხალი არსება ვიყო...

ახალგაზრდა ბუკოვსკი

მეც მიყვარხარ ტანია.

ფონ

ახლავე მოშორდი მაგ კაცს ტანია.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

შეშლილი სუტინიორი მაგიდასთან მივარდა და სამართავი პულტის მსგავს მოწყობილებაზე დაიწყო ღილაკების გადართვა. მაგრამ ტანია თვალებში მიყურებდა და არსად არ მიდიოდა.

ტანია

იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს... არ მინდა დაიტანჯო.

ფონ

25 წელი დავკარგე იმაში რომ შემექმენი. ჰიტლერს ვუმალავდი შენს თავს და ახლა როგორ იქცევი?

ტანია

მიყვარხარ და ცხოვრებაში სხვა მამაკაცს არ მივეკარები. შენ თუ დაგკარგავ, აღარავინ არ მინდა.

ფონ

გარწმუნებთ, მას არა აქვს ემოციები. მე ეგ დაწყევლილი ჰიტლერისგან ვიხსენი. ყველა ქალი სექს-მანქანაა. ისინი იმას ემსახურებიან ვინც მეტს სთავაზობს. სიყვარული არ არსებობს. ეს ყველაფერი - მირაჟია, ბებიების მოგონილი ზღაპრები. სიყვარული - სპერმასავით სწრაფად ხმება.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

და შეშლილი მეცნიერი ტანიას მივარდა. ხელზე დაქაჩა და მოაძრო. ხელის ადგილას გამოჩნდა სპირალურად დახვეული მავთულები... ტანიამ შემომხედა. მე ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი, დავხარე თავი და ტირილი დავიწყე.

(ოთახში სინათლე ქრება)

საცოდავი ტანია, ის თითქმის არაფერს არ ჭამდა, მხოლოდ ქიშმიშსა და იაფასიან ყველს. მას არ სჭირდებოდა ფული, ქონება, არც დიდი, ახალი ავტომანქანები, არც კეთილმოწყობილი სახლი. ის არასოდეს კითხულობდა კოსმოპოლიტენს. არ უჩნდებოდა სურვილი ჰქონოდა ტელევიზორი, ახალი ქუდი, საყურე, ჩექმა... არ ჭორაობდა გონებასუსტ დაქალებთან და მეზობლის ქალებთან. და ქმარიც არ უნდოდა, არც ექიმი, არც ბირჟის მაკლერი, არც კონგრესმენი, არც პოლიციელი. საცოდავი ტანია, ის მხოლოდ ჟიმაობდა. მე შევეცადე ყველაფერი დამევიწყებინა. თქვენ როგორ მოიქცეოდით? ...


აი კესი კი... ვერ დავივიწყე, როგორც ცვილის ფიგურების მუზეუმში გაქცეული ველური გოგო...


მეხუთე სცენა

(ახალგაზრდა ბუკოვსკი ბარში ზის. შემოდის კესი)

კესი

ამას ვის ვხედავ! როდის ჩამოხვედი, ნაბიჭვარო?

(ახალგაზრდა ბუკოვსკი სასმელს უკვეთავს მისთვის. კესის თვალის უპეებს ქვემოდ შუშისთავიანი ქინძისთავები აქვს გაყრილი.)

ახალგაზრდა ბუკოვსკი

შენ რაღა მოგივიდა, ისევ თავს იმახინჯებ?

კესი

მოდაშია შტერო.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

გიჟი ხარ!

კესი

მეც მომენატრე.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

გყავს ვინმე?

კესი

მარტო შენ... ისე ფულზე ვმუშაობ. ათ დოლარად. მაგრამ შენ უფასოდ მოგცემ.


ახალგაზრდა ბუკოვსკი

რატომ იკლავ თავს?

კესი

იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს სილამაზის მეტი არაფერი გამაჩნდეს. სილამაზე - სისულელეა, ქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯი რომ გაჩნდი. თუ ადამიანებს მოსწონხარ, ხვდები, რომ საქმე სხვა რამეშია და არა შენს ლამაზ მკერდში, თვალებში ან ტრაკში.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

ჰო, მე რატომღაც გამიმართლა (იცინის)

კესი

რას აკეთებ, რას საქმიანობ?

ახალგაზრდა ბუკოვსკი

არაფერს. არაფერი გამომდის. ხალისიც არ მაქვს.

კესი

არც მე. ისე ქალი მაინც იყო, მშვენიერი ბოზი დადგებოდა შენგან.

ახალგაზრდა ბუკოვსკი

არა, ვერც მაგას შევძლებდი...

კესი

ჰო, ალბათ დაიღლებოდი. საერთოდ, ყველაფერი დამღლელია.

(ბართან სინათლე თანდათან ქრება და მოქმედება კვლავ საწოლთან ინაცვლებს. ბუკოვსკი თანდათან ხდის კესის.)



მეექვსე სცენა

ახალგაზრდა ბუკოვსკი

იმ დღეს ოკეანესთან წავიყვანე. გარშემო დიდებული სიცარიელე. სიმშვიდე. მაწანწალებს ქვიშის პირას, გაზონებზე ეძინათ. შტერი თოლიები გარშემო ჭყივილით დაფრინავდნენ. დავსეირნობდით და ხმას არ ვიღებდით. უბრალოდ კარგად ვიყავით ერთად. მე ბუტერბროდები, ჩიპსები, სასმელი, ვიყიდე... სანაპიროზე წამოვწექით. თითქმის ერთი საათი გვეძინა. აღმოჩნდა რომ, ეს სექსზე უკეთესი იყო... მშვიდად წოლა და ნელა, ნელა მიყვები დინებას. მერე შინ დავბრუნდით, ვახშამი მოვამზადე. ნავახშმევზე შევთავაზე, ჩემთან იცხოვრე-მეთქი. მიყურა, მიყურა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშვიდად მითხრა: „არა.“

(კესი სცენიდან გადის. ბუკოვსკი ჯდება საბეჭდ მანქანასთან, მაგრამ ვერაფერს წერს, თავში ერთი აზრიც არ მოსდის. მაგიდიდან ყველაფერს ყრის.)

ხანდახან ისე მარტო რჩები, რომ ამაში რაღაც აზრიც შეგიძლია იპოვნო. გარშემო ცარიელი ბოთლები - როგორც სისხლიანი გვამები, ზედმედატ უსარგებლოდ, ზედმეტად უმიზნოდ.

(...)

ბარმენი

ძალიან ვწუხვარ შენი გოგოს გამო.

ახალგაზრდა ბუკი

რა მოხდა?

ბარმენი

ბოდიში, არაფერი გაგიგია?

ახალგაზრდა ბუკი

რა უნდა გამეგო?

ბარმენი

კესიმ თავი მოიკლა. გუშინ დაასაფლავეს.

ახალგაზრდა ბუკი

დაასაფლავეს?

ბარმენი

დებმა დაკრძალეს.

ახალგაზრდა ბუკი

თავი მოიკლა?

როგორ მოიკლა თავი?

ბარმენი

ყელი გამოიჭრა.

ახალგაზრდა ბუკი

გასაგებია. (პაუზა)


ბუკოვსკი საბეჭდ მანქანასთან

ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. კესი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ვფიქრობდი, რომ მისი "არა" არ უნდა მიმეღო, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემთან დამეტოვებინა. მისთვის არ იყო სულერთი. ჩემი ბრალია, ზედმეტად ზამაცი და უგრძნობი ავღმოჩნდი. სიკვდილს ვიმსახურებდი, მის სიკვდილსაც და ჩვენს საერთო სიკვდილსაც ვიმსახურებდი.

(დგება)

მაგრამ ხომ შემეძლო მისი გადარჩენა...

(სცენაზე მოხუცი ბუკოვსკიც გამოდის. ისინი ერთად წარმოთქვამენ მონოლოგს.)

მე არცთუ ისე სასიამოვნო ადამიანი ვარ, ამას ყველა გეტყვით. მსგავსი სიტყვაც კი არ ვიცი. ყოველთვის მიზიდავდნენ საზიზღარი ბანდიტები, ბოზები და მაწანწალები. არ მომწონს სუფთად გაპარსულ, გაკრეჭილი ბიჭუნები ჰალსტუხებითა და კარგი სამსახურებით. მე განწირული, გატეხილი ადამიანები მიყვარს, ჩამოლეწილი კბილებით, გაბურძგნილი თმებით, დასვრილი ტანსაცმლით. ესეთები მაინტერესებს, ისინი საიდუმლოებებით არიან გატენილნი და ყოველ წამს მზად არიან აფეთქდნენ. მე მომწონს ლოთი ბოზები, ჩაჩაჩული ჩულქებითა და დამახინჯებული ფიზიონომიით. მე წმინდანებზე მეტად გარყვნილები მაინტერესებს. მაწანწალებთან თავს კარგად ვგრძნობ, ალბათ იმიტომ რომ თვითონაც მაწანწალა ვარ. არ მიყვარს წესები, კანონები, რელიგია, მორალი. არ მივცემ საზოგადოებას ნებას თავის ყაიდაზე გადამაკეთოს.

(გარეთ გამოდიან. ქუჩას კვეთენ არანორმალურ მოძრაობაში. კინაღამ მანქანა გაიტანთ. მიაძახებენ. „შე ყლეო, ნაცისტო, მიკი მაუსო!)
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული