• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ოქროს უსასრულობის სუტრა

×
ავტორის გვერდი ჯეკ კერუაკი 11 იანვარი, 2012 2691
თაგმანი: ალექს ჩიღვინაძე
 
(შემოკლებული თარგმანი)
 
1
 
შევქმენი თუ არა ცა? რომ არ გაჩენილიყო ის ჩემს გონებაში, მე არ ვიტყოდი: "ცა". სწორედ ამიტომ მე ოქროს უსასრულობა ვარ. და არ არის აქ ორი ჩვენგანი, მკითხველი და მწერალი, არამედ ერთი, ერთი ოქროს უსასრულობა, ერთი, რაც ის არის და რაც ყველაფერია. 
 
 
გზის მანიშნებელი გასხივოსნებული ბუდა და მესია, რჩეული, შესული სიკვდილში დამამცირებელი განაჩენის გამო - ოქროს უსასრულობაა. ერთი ეს არის, ოქროს უსასრულობა, ან კიდევ ღმერთი, ან, ტატჰაგარაა მისი სახელი. ამგვარად სახელდებული. ადამიანი ღმერთი. გრძნობადი ღვთაებრიობა. ცოცხალი სიწმინდე. გაღმერთებული. შემოწმებული. თავისუფალი. განმათავისუფლებელი.  დასახლებული. დამკვიდრებული. ოქროს უსასრულობა. ყველაფერი კარგად არის. ცარიელი. მზადმყოფი. გამართლებული. ბედნიერი.
 
3
 
ამ ცის გარდა, სხვა ილუზია რომ ყოფილიყო ჩემს მოკვდავ გონებაში, მე არ ვიტყოდი: "ცა". ასე რომ მე შევქმენი ის და მე ოქროს უსასრულობა ვარ. 
 
 
გავსხივოსნდი, გზა რომ გიჩვენოთ. შერჩეული ვარ, რათა მოვკვდე, რადგან მოკვდავი ოქროს უსასრულობა ვარ. 
 
 
ოქროს უსასრულობა მომაკვდავი სხეულის ფორმით.
 
 
სინამდვილეში, არ ვარსებობ, რადგან ყველაფერი სიცარიელეა. მარადიული ნეტარება.
 
 
ჭეშმარიტების კანონის მიხედვით არ არსებობს სხვა რეალობა.
 
 
თქვენ ხართ ოქროს უსასრულობა, რადგან არც მე ვარსებობ და არც თქვენ. მხოლოდ ერთი ოქროს უსასრულობაა. 
 
9
 
სამყარო ფილმია იმაზე, რაზეც ყველაფერი, ერთი ფილმი, შექმნილი იმ მასალისგან, რომელიც ყველაფერში გამოიყენება და არავის არ ეკუთვნის ის.
 
 
10
 
ყველანი ოქროს უსასრულობა რომ არ ვიყოთ,  აქ არ ვიქნებოდით. მოუწოდო ადამიანს განწმენდისაკენ, რადგან ცუდი დაისჯება, დასჯილი ანგელოზის კვალად და რომ კარგი, დაჯილდოვებული ანგელოზივით მიიღებს ჯილდოს, იგივეა რომ უთხრა წყალს: "იყავი სველი" - ყველაფერი უმაღლეს რეალობაზეა დამოკიდებული, რომელიც უკვე განსაზღვრულია, როგორც კარმა ჩვენი ბედისა.
 
11
 
ღმერთი არ არის ჩვენს მიღმა, მხოლოდ ჩვენშია, ცოცხლებსა თუ მკვდრებში, იმათში ვინც არასოდეს ყოფილა ცოცხალი და მკვდარი. და ჩვენ ახლა უნდა ვისწავლოთ, შევიმეცნოთ, რომ არსებობს უმაღლესი რეალობა და ეს დიდიხნის წინ ჩაიწერა უნივერსალური გონების არქივში. ყველაფერი უკვე გაკეთდა, გასაკეთებელი არაფერია.
 
12
 
ეს არის ცოდნა, ოქროს უსასრულობა რომ ჭვრეტს საგნებში. რაც ვართ ჩვენ, შენ, მე, ისიც ვინც უკვე ჩვენ აღარა ვართ, არც შენ, არც მე.
 
13
 
რა დავარქვათ იმას, რასაც სახელი არ აქვს, გონების მარადიული საკითხავი? ესენციას თუ დავარქმევთ, ზოგი იფიქრებს, რომ ეს - სუნამოა, ან ოქრო, ან თაფლი. ეს ცნობიერიც კი არაა. ვერ განვიხილავთ, ვერ ავხსნით სიტყვებით. იდეაში, ეს რა არის საიდუმლო, არც იდუმალებით მოცული საკითხი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ოქროს უსასრულობას "ის" დაუძახოთ. მაგრამ "რაა სახელში?" - იკითხა შექსპირმა. ოქროს უსასრულობის სხვა სახელიც ისეთივე ტკბილი იქნება. ტატჰაგატა, ღმერთი, ბუდა, ალაჰი, კრშნა, კოიოტი, ბრაჰმა, მაზდა, მესია, ამიდა, არემედია, მაიტრეია, პალალაკონუ, 1 2 3 4 5 6 7 8 ასევე ტკბილი იქნება. ოქროს უსასრულობა არის X, ოქროს უსასრულობა არის A, ოქროს უსასრულობა არის / , ოქროს უსასრულობა არის 0, ოქროს უსასრულობა არის [], ოქროს უსასრულობა - ო-ქ-რ-ო-ს  უ-ს-ა-ს-რ-უ-ლ-ო-ბ-ა-ა. თავდაპირველად იყო სიტყვა; ხოლო მანამდე ესენცია. სიტყვის არსი - სიცარიელეა. სიცარიელის ფორმა, ან სიცარიელე - ფორმის ფორმა რომ მიუღია, რასაც ხედავ და რაც გესმის, რასაც ეხები და ფიქრობ ამ მომენტში. მოდი, დახუჭე თვალები, 3 წამით შეწყვიტე სუნთქვა და მიუგდე ყური სამყაროს საშოში დასადგურებულ სიჩუმეს, შენი ხელები ნერვულ დაბოლოებებს ეხებიან, გააცნობიერე ნეტარება, სიცარიელე და ექსტაზი, როცა იყავი ოქროს უსასრულობა, რომლადაც რჩები. ესეც შენი დავიწყებული გაკვეთილი.
 
 
14 
 
დიდი ხნის წინ მიიღეს ეს გაკვეთილი სხვა ცივილიზაციებმა, ბუნებრივად სიცარიელედ რომ გადაიქცნენ და ახლა აქ ჩვენი ღიმილით იღიმიან და ჩვენი მოღუშვით იღუშებიან და თითქოს ეს მხოლოდ ოქროს უსასრულობა იღიმოდეს და იღუშებოდეს; როგორც წყლის ჭავლი ცოდნის გლუვ ოკეანეში. კაცობრიობის ბედისწერა - ოქროს უსასრულობაში დანთქმაა, შემდეგ დაბრუნდება მისსავე ხელისგულზე, რომელიც არ არის ხელისგული. ხორცის ბეჭედი იხურება.     
 
15 
 
საქმე იმაშია, რომ ველოდებით და არა იმაში, თუ რამდენად სასიამოვნოა ეს მოლოდინი. პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულში ელოდებოდა, რომ გაეცნობიერებინა რისთვის არსებობდა.  ნადირობდა; თანამედროვე ადამიანები თავიანთ კეთილმოწყობილ სახლებში ელოდებიან, ცდილობენ დაივიწყონ სიკვდილი და დაბადება. ველოდებით, რომ გავაცნობიეროთ. ეს არის ოქროს უსასრულობა.
 
16
 
ის დროზე დაბრუნდა.
 
17
 
აუცილებლად უნდა გვწამდეს ნეტარების, რომ ყველაფერი მარადიული ექსტაზში იმყოფება, ახლაც და სამუდამოდ. 
 
18
 
ჩაიხედე სამყაროში, როგორც სიცარიელეში: იქ იმალებიან უთვალავი წმინდა აჩრდილები, პატარა ბუდები და მხსნელი ღმერთები, გაღიმებულნი. ატომები ასხივებენ სინათლეს. სახლში შეიძლება კოლიბრები შემოგიფრინდნენ, ხვლიკი კი - არა: იყავი მშვიდი და თავდაჯერებული. სინათლის ძიებაში შეიძლება სიბნელემ გშთანთქოს და ჭეშმარიტ სინათლეს მიაგნო.
 
19
 
საგნები ტრიალისგან არ იღლებიან და ბუზები დელიკატესებში ხვდებიან.
 
20
 
აინშტაინმა გამოითვალა, რომ ჩვენი სამყარო ბუშტივით ფართოვდება და თქვენ იცით ეს რასაც ნიშნავს. 
 
21
 
მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე,  იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ.
 
22
 
მშფოთვარე სიზმრები იდეალურად ჩუმ გონებაში იკავებენ ადგილს. ჩვენ ეს უკვე ვიცით, მოიშორე სიმძიმე. 
 
23
 
ცოდვა და სათნოება – მხოლოდ ჩვენი კონცეფციებია. ოქროს უსასრულობა მათ მიღმა რჩება.
 
24
 
ურთიერთობა - ღიმილია მთელს სახეზე და ღიმილი არაფერია, თუ არა კბილები. შეისვენე და იყავი კეთილი.
 
25
 
არ არის საჭირო უარყო ბოროტი, რომელსაც გოოგოო ეწოდება, რომელიც არ არსებობს, ისევე, როგორც არ არის საჭირო სქესის უარყოფა, და თავიდან დაბადებისა, რომელიც ასევე არ არსებობს, რადგან ის მხოლოდ სიცარიელის ფორმაა. სპერმის წვეთი გაღვიძებული ბუნების გრძელ ხაზში გაჩნდა, შენი მშობლების წმინდა ძაბვაში, მხსნელის საშოში,  შავი სიცარიელიდან და უკან,  ნათების ჯადოსნურ წარმოსახვაში, ელვა, თამაშში, თამაშშიც არა, სიზმარში.
 
26
 
იმედიტირე ღია ცის ქვეშ. შავი ხეები ღამეში სულ არ არიან შავი ხეები – ეს ოქროს უსასრულობაა.
 
27
 
იყავი კეთილი სიზმრებშიც კი, რადგან მაინც არ არსებობს დრო, სივრცე და გონება. „არაფერი შექმნილა“ – თქვა იაპონელმა ბანკეიმ, ვისი დედაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, როგორც იტყოდნენ: „მოკვდა ბედნიერი“, და თუნდაც უბედური მომკვდარიყოს, ეს სულაც არ არის უბედური სიკვდილი. ასეთია ოქროს უსასრულობა. შეუძელებელია იარსებო, შეუძლებელია დაისაჯო, შეუძლებელია ხელიდან გაუშვა შენი ჯილდო.
 
28
 
თუ გაიგებ ამ სუტრას, გადააგდე ის. თუ ვერ გაიგებ, მაინც გადააგდე. განთავისუფლდი.
 
29
 
შეხედე შენს ნეკა თითს, სიცარიელე მასზე არაფრით არ განსხვავდება სიცარიელისგან უსასრულობაში.
 
30
 
კატები ამთქნარებენ, რადგან იციან არაფერია გასაკეთებელი.
 
 
31
 
ეს არის ოქროს უსარულობის პირველი სწავლება.
 
 
32
 
მეორე სწავლება ის არის, რომ არასოდეს არსებობდა პირველი სწავლება. დარწმუნებული იყავი ამაში.
 
 
33 
 
დევიდ ბოუი: ახალგაზრდობაში კერუაკის წაკითხვის შემდეგ დავიწყე ბუდიზმის შესწავლა. და ტიბეტური ბუდიზმის უნივერსიტეტშიც მივედი. საბოლოოდ კი ავღმოჩნდი ორგანიზაციაში, რომელიც ინდოეთიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა. ამ ქვეყანაში ხომ ადამიანები ბუზებივით იხოცებიან, კინაღამ ბერი გავხდი, მაგრამ ბოლოს კურთხევამდე ორი კვირით ადრე, ყველაფერს მივაფურთხე, წავედი პაბში, მაგრად გამოვთვერი და აღარასოდეს არ დავბრუნებულვარ იქ.
 
უილიამ ბეროუზი: ჰო, ეგ ნამდვილად კერუაკის სტილშია.
 

(Rolling Stone #155, 1974)

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული