- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
შემეშინდება იმ გაზაფხულის იმ შუადღის
იმ ამოსუნთქვის
როცა გული აღარ ამიჩქარდება,
ყველაფერი გახდება ნამდვილი
გამარტივდება ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი
ყოველდღიურობისთვის - ყოველდრიურობაში.
I.
დღე როცა ზომიერება
შეგვიჭამს ყველაფერს.
გამოაცარიელებს მაცივარს.
გამორთავს ტელევიზორს.
აურევს ფეხსაცმლის კარადას
და ფეხსაცმელებს ენებს ამოაგლეჯს.
გადაწვავს ჭერზე-
დაჭედებულ ღამის სანათებს.
სკამები გახდებიან ორფეხები.
ჩვენ ორპირები.
დაწვავს დახლართულ სადენებს.
ზომიერება მოკლეჩართვაა.
ის გაივლის ყველა ოთახს.
ის გაივლის ყველა ორგანოს.
ის მოგვაჭამს მუხლებს, იდაყვებს,
სახსრები ჩვენი გახდებიან მექანიკურები.
ზომიერება საკუთარ თავებში მიჩქმალული
მახინჯი რეალობაა.
ფედექსის ამანათებივით
გადასხვამისამართდება ყველაფერი.
ფილმის ყურებისას ან უბრალო დუმილში.
ერთი საწოლიდან ერთდროულად დაძრული
ჩვენი ფიქრებიც კი ვერასდროს შეხვდებიან
ერთმანეთს. თუნდაც მიტოვებულ კუნძულზე
საიდანაც ჩვენ ვერაფერს გავიგებთ.
II.
შენ შეგიძლია ავტობუსის სავარძელეზე
უკანა მხარეს- მარცხნივ- ფანჯარასთან.
ჩამოჯდე მსუბუქად მიმოიხედო და
და ქუჩაში შემთხვევით დანახულ
დაძონძილი ხელსახოცის,
პატრონის პირად ცხოვრებაზე იფიქრო.
------
იფიქრო დარენ ფოზე რომელიც გესიზმრა
წუხელ და გითხრა
რომ ლიტერატურა იყოფა ორზე
და შემდეგ მრავლდება მინიმუმ ორმოცდაათზე.
(რომ მისი თქმით წიგნს ორი მხარე აქვს.
ორივე მკითხველის.
ჯერ ერთი კითხულობს მერე მეორე
ან პირიქით ან ორივე ერთად.
მინიმუმ ორმოცდაათი კი ხალხია ვისაც გადააკითხეს.)
სისულელეა.
სიზმრები არასდროს გაიყიდება მილიონებად.
არც ხურდებად.
მაშინ რაღატომ გვესიზმრებიან? და გვაიმდებენ?
რამდენჯერ შემიცურებია ბალიშის ქვეშ ხელი.
და შედარებით სიგრილის გარდა არაფერს შევხებივარ.
უნეტაზსაც ჩაურეცხია ყველა სიზმარი.
(გამოღვიძება კარის მოჯახუნებას გავს.
სადაც მეხსიერების რომელიღაც დამტვერილ
საფეხურებზე რიგრიგობით, ნერვულად ვეშვებით.)
III.
შესაძლოა შვება იპოვო მინერალურ წყალში
რომელსაც სულ ერთია სად შეიძენ.
ან წითელფილტრიან მალბოროში.
ან ჩაიდანის ჩაშრობამდე ზუზუნში
დაარწმუნო შენი თავი რომ დაცრეცილი ვენები,
ასე დაწყვილებულნი და შორს მიმავალლნი
ისინი სიშორეს საჭიროებენ ერთმანეთისგან.
------
ანნა უბრალოდ
დავყაროთ ხელები ცაზე.
და გამოვიხუროთ კარები.