- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: ალექსა ჩიღვინაძე
ისინი არაფერზე არ ოცნებობენ
ბებერმა, ჭაღარა ოფიციანტებმა
უარი თქვეს მასზე
ღამით კაფეში
როცა მე მივდიოდი
განათებულ ბორდიურზე
და ვიხედებოდი
ამ ღვთისგან მივიწყებულ კაფეებში
ვხედავდი რომ მათ ის დაკარგეს.
მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მართავენ მანქანებს
და იმის მიხედვით თუ როგორ მართავენ მანქანებს
ვხვდები, რომ მათ არავინ არ უყვართ
და არავის არ უყვარს ისინი
და სექსიც კი აღარ აინტერესებთ
და ეს ყველაფერი დავიწყებულია,
როგორც ძველი ფილმი.
მე ვხედავ ადამიანებს სუპერმარკეტებში
რაღაცას ყიდულობენ
გასასვლელისკენ მიიჩქარიან
და იმით თუ როგორ აცვიათ
როგორ მოძრაობენ
მათი სახეების თუ თვალების მიხედვით
ვხვდები რომ არავისთან არა აქვთ საქმე
და არავის არა აქვს საქმე მათთან.
ყოველდღე ვხვდები
ასობით, აბსოლუტურად
გატეხილ ადამიანს.
იპოდრომებზე და სხვა სპორტულ შეჯიბრებზე
ვხედავ ათასობით ადამიანს
და არავის თანაუგრძნობენ
და არავინ თანაუგრძნობთ მათ.
მე ყველგან ვხედავ ადამიანებს
რომელთაც სჭირდებათ საჭმელი,
სისხლი და ტანსაცმელი
და ისინი მუდამ ამაზე არიან კონცეტრირებულნი
და არაფერზე არ ოცნებობენ.
მიკვირს როგორ არ ქრებიან
ეს ადამიანები
არ მესმის, რატომ არ კვდებიან
ან რატომ არ კლავთ მათ ღრუბელი
რატომ არ კლავენ მათ ძაღლები
რატომ არ კლავენ ბავშვები და ყვავილები
არ მესმის
მაგრამ ალბათ ისინი უკვე მოკვდნენ
მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი
მათთან ყოფნას
იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან
და ყოველ დღე
და ყოველ ღამე
ისინი სულ უფრო და უფრო
მეტნი ხდებიან
მეტროებში და
სახლებში და
პარკებში.
მათ არ ეშინიათ
რომ არ უყვართ
და არავის არ უყვარს ისინი.
ჩემი თანამოძმეების
ჭრელი, ჭრელი,
ბრბო.
სიკვდილი ეწევა ჩემს სიგარეტს
იცით, ისევ გავედი
ჩაიკოვსკის მოსმენით.
ღმერთო ჩემო, მე მას
47 წლის წინაც ვუსმენდი,
როცა მშიერი მწერალი ვიყავი
და ისევ ის.
როცა უკვე მივაღწიე წარმატებას,
როგორც მწერალმა,
ახლა სიკვდილი
წინ და უკან დადის ოთახში
და ჩემს სიგარეტს ეწევა.
ჩემს ღვინოს ეპარება.
ჩაიკო კი ხერხავს თავდავიწყებით.
მე თუ გამიმართლა,
მხოლოდ იმიტომ რომ
ვშიმშილობდი საკუთარი ხელოვნებისთვის
ვშიმშილობდი, რომ 5 დაწყევლილი წუთის შენარჩუნებისთვის,
5 საათის და 5 დღის შენარჩუნებისთვის -
მხოლოდ სიტყვების გადატანა მსურდა ფურცლებზე.
წარმატება და ფული - სისულელეა.
მხოლოდ სიტყვების მოხელთება მსურდა.
ისინი კი კონვეერისკენ მექაჩებოდნენ
და მესაფლავედ უნდოდათ ჩემი გადაქცევა.
კარგი, მეუბნება სიკვდილი,
გვედზე ჩავლისას,
მე მაინც ჩაგიგდებ ხელში,
ვინც არ უნდა იყო:
მწერალი, ტაქსისტი, სუტინიორი, ყასაბი,
პარაშუტისტი, მაინც მოგწვდები.
კარგი, ფისო, ვპასუხობ მე.
და ვსვამთ ერთად,
უკვე გადასცდა პირველს,
მხოლოდ მან იცის საჭირო მომენტი.
მაგრამ მე ხომ ჩემი დაწყევლილი 5 წუთი
უკვე მივიღე და არა მხოლოდ.
წითელი პორშე
კარგია როცა წითელი პორშეთი
მიგაქროლებს შენზე ნაკითხი ქალი.
კარგია როცა წითელი პორშეთი
მიჰყავხარ ქალს, რომელსაც
კლასიკურ მუსიკაზე შეუძლია
მოგიყვეს რამე.
კარგია როცა წითელი პორშეთი
მიჰყავხარ ქალს,
რომელსაც მოაქვს პროდუქტები
და აწყობს მაცივარში:
ალუბალს, მსხალს. სალათს, მწვანე ხახვს,
კვერცხს, წითელ პილპილს, ზეთისხილს, ღვინოს.
მიყვარს როცა წითელი პორშეთი მიმაქროლებენ,
ვეწევი და მოდუნებული ვარ.
მე მიმართლებდა, სულ მიმართლებდა,
მაშინაც კი როცა შიმშილით ვკვდებოდი
ჩემთვის უკრავდნენ ორკესტრები,
მაგრამ წითელი პორშე - მშვენიერია
და ისიც, ვინც მას მართავს.
მე ვისწავლე ვიგრძნო თავი კარგად,
მაშინ როცა მართლა კარგად ვარ.
წითელი პორშეს ფლობას,
დიახაც სჯობს, როცა მისით
მიგაქროლებენ.
ღამით
ჩემი ტვინის რამდენი უჯრედი
შთანთქა ალკოჰოლმა?
ვზივარ და ვსვამ.
ყველა ჩემი თანამეინახე მკვდარია.
მუცელს ვიფხან და
ვოცნებობ ალბატროსებზე.
ვსვამ თავისთავად. ვსვამ თავისთვის.
სიცოცხლისა და სიკვდილისას ვსვამ.
მე ჯერ კიდევ არ მომიკლავს
წყურვილის გრძნობა.
ვუკიდებ სიგარეტს.
აუჩქარებლად ვატრიალებ ბოთლს.
კიდევ რისი კეთება შემეძლო
ასეთი წარმატებით?
მე იმაზე მეტი დავლიე,
ვიდრე ერთად აღებულმა
ასმა ადამიანმა ქუჩაში
რომ მიმოდიან
ან ფსიქიატრიულში.
მუცელს ვიფხან
და ვოცნებობ ალბატროსებზე.
მე შევედი
ყველა დროის
და ყველა ქვეყნის
საუკეთესო ლოთების რიცხვში,
გგონიათ ეს მარტივი იყო?
ვჩერდები და ბოთლიდან
ერთ დიდ ყლუპს ვაკეთებ.
იმაზე ფიქრისაც კი მეშინია,
რომ ვინმე სმას თავს ანებებს
და ცხოვრებას ატარებს ფხიზლად.
რა მოსაწყენი, რა ნაღვლიანი ისტორიაა!
ფხიზლები! მოსაწყენები! უსაფრთხოები!
მუცელს ვიფხან და
ვოცნებობ ალბატროსებზე.
ეს ოთახი პირთამდეა ამოვსებული ჩემით
და მეც სავსე ვარ, გადავსებული.
ვსვამ თქვენს მაგივრად.
ყველა თქვენგანის მაგივრად ვყლურწავ.
შუაღამეა.
სადღაც ღამეში ძაღლი ჰყეფს.
მე იმ ცეცხლივით ახალგაზრდა ვარ,
ჯერაც რომ არ ჩამქრალა.
ალყაში
ეს კედელი - მწვანეა.
ის - ცისფერი.
მესამეს - თვალები აქვს.
მეოთხეზე კი მიცოცავენ
ბოროტი და მშიერი ობობები.
არა, ეს კედელი - გაყინული წყლის ფირფიტაა.
ის - გამდნარი ცვილისგან არის.
მესამედან კი მამაჩემის ძვლები იყრება.
ბოლოსდაბოლოს, ეს კედლები -
ყველაფერია,
რაც გაგვაჩნია.
თითქოს რა არის,
მაგრამ სულ არაფერს სჯობს.
ბიბლია
კვირაა, ვჭამ გრეიფრუტს.
აქედან დასავლეთით მდგარ
რუსულ მართმადიდებლურ ტაძარში
დამთავრდა წირვა.
ვხედავ ჩემი ფანჯრის წინ
გოგონა მინი-კაბაში
კითხულობს ბიბლიას,
წამით მოწყვეტს ბიბლიის ფურცლებს
თავის დიდრონ თვალებს,
შემდეგ ისევ ჩააჩერდება.
ფეხს-ფეხზე იდებს, ისე ნაზად
თითქოს ბიბლიის კითხვისას
ასრულებდეს რიტმულ ცეკვას.
გრძელი ოქროს საყურეები უმშვენებს ყურებს.
ორივე ხელზე ოქროს სამაჯურები უკეთია.
გრძელი, მზემოკიდებული ფეხები აქვს
და ის მინი-კაბის პატარა ქსოვილიც
ჰოი, როგორ ეკვრის მის სხეულს.
რადიოში ჟღერს სიმფონიური მუსიკა.
მას არ ესმის ის,
მაგრამ მისი მოძრაობები
ზუსტად ემთხვევა მუსიკის რიტმს.
რუსი გოგონა
კითხულობს ღმერთზე.
ღმერთი – ეს მე ვარ.
ჩვენ და ისინი
ისინი ისხდნენ ვერანდაზე
და საუბრობდნენ:
ჰემინგუეი, ფოლკნერი, ელიოტი,
ეზრა პაუნდი, ჰამსუნი, სტივენსი,
კამინგსი და კიდევ
ვიღაც-ვიღაცეები.
"მისმინე", მითხრა დედაჩემმა,
"ნუთუ არ შეგიძლია სთხოვო მათ,
რომ ცოტა ხმადაბლა ისაუბრონ"
"არა", ვუპასუხე მე.
"სისულელეებს ჩმახავენ", თქვა მამაჩემმა.
"ურჩევნიათ სამსახური მოძებნონ"
"მათ აქვთ უკვე სამსახური",
ვუპასუხე მე.
"ჰო, კაი, ეშმაკური სამსახური აქვთ",
თქვა მამამ.
უცებ ფოლკნერი შემოვიდა,
ბუფეტში დაუწყო რაღაცას ძებნა
ვისკი იპოვნა
და ისევ გარეთ გავიდა.
"საშინელი ტიპია",
თქვა დედაჩემმა.
შემდეგ ადგა
და ვერანდაზე გაიხედა.
"მათთან ვიღაც ქალია,
მაგრამ კაცს ჰგავს"
"ეგ გერტრუდაა"
ვთქვი მე.
"კიდევ ერთი დაკუნთული ტიპია,
იმუქრება, რომ ნებისმიერ სამ მათგანს
მოერევა"
"დედა, ეგ ერნია",
ვუთხარი მე.
"და ამას უნდა ამათ დაემსაგავსოს"
წაიბუზღუნა მამამ.
"მართლა?", მკითხა დედამ.
"არა, მე უბრალოდ მათთან მინდა."
"იპოვნე სამსახური, ეშმაკმაც წაგიღოს",
დაიყვირა მამამ.
"ხმა ჩაიკმინდე"
"რა?"
"ხმა ჩაიკმინდე,
მე მათ ვუსმენ"
მამაჩემმა დედაჩემს გადახედა,
"ეს ჩემი შვილი არ არის!"
"ვიმედოვნებ",
ჩავილაპარაკე ჩემთვის.
უცებ ოთახში ფოლკნერი შემოვარდა.
"სად არის ტელეფონი?"
"რა ჯანდაბად გინდა?",
ჰკითხა მამაჩემმა.
"ერნიმ ეს-ესაა
თავში ტყვია დაიხალა",
გვითხრა მან.
"ხედავ რა მოსდით
ასეთ ადამიანებს?,
დაიღრიალა მამამ.
მე ავდექი და
დავეხმარე ბილის
ტელეფონის მოძებნაში.
* * *
ბახ, ბახ, ბახ.
ტყვიები. სიცოცხლე
დამთავრდა.
სადენებზე
შავი ყვავი ზის.
უნივერმაღებში
ჰალსტუხები მყიდველებს
ელოდებიან.
და შენ რაღაცაზე ფიქრობ
რაღაცა კი არ ფიქრობს შენზე.
ფრანი მიაქვს ქარს
და შეშლილი მართალია.