• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ყვავილების დღესასწაული*

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 2672

თარგმანი: დათო ბარბაქაძე


მე ვჩუქნი ყვავილებს.
მე ყვავილის თესლს მიმოვაბნევ.
მე ვრგავ ყვავილებს.
მე ვაგროვებ ყვავილებს.
მე ვკრეფ ყვავილებს.
მე ვკრეფ ფერად-ფერად ყვავილებს.
მე მათ ვგლეჯ.
მე ვპუტავ ყვავილებს.
მე მათ ვაცამტვერებ.
მე ვნასკვავ ყვავილებს.
მე ვკონავ ყვავილებს.
მე გამომყავს ყვავილები.
მე ვიგონებ ყვავილებს.
მე მათ ვაჩენ ჰაერიდან.
მე ვახერხებ, რომ ყვავილები თაიგულებად იქცნენ, ათასნაირ, წრიულ თაიგულებად, სულ უფრო მაღლებად და მაღლებად.

მე ვამზადებ ყვავილებისგან ყვავილწნულს, ზეწარს, თაიგულს, ყვავილების საწოლს, ხელის მტევანს.
მე მათ ვნასკვავ.
მე მათ ვკონავ.
მე მათ ბალახით ვრთავ.
მე მათ ფოთლებით ვრთავ.
მე ყვავილებისგან ჭრელ გველს ვაკეთებ.
მე ვყნოსავ ერთ-ერთს.
მე მათ ვყნოსავ.
მე ვზრუნავ, რომ ის ერთი ყნოსავდეს ყვავილებს.
მე იმ ერთს ვჩუქნი ყვავილებს.
მე მას ვჩუქნი ყვავილებს.
მე ვხუნძლავ იმ ერთს ყვავილებით.
მე მას ჭრელი გველით, ყვავილებისგან დაწნული ყელსაბამით ვხუნძლავ.
მე მას ყვავილების ყელსაბამით ვხუნძლავ.
მე მას ირგვლივ ყვავილწნულს ვუწყობ.
მე ვხუნძლავ მას ყვავილწნულით.
მე ვმოსავ იმ ერთს ყვავილებით.
მე მას ყვავილებში ვხვევ.
მე მას ერთიანად ყვავილებით ვფარავ.
მე ვანგრევ იმ ერთს ყვავილებით.
მე მას ვანგრევ ყვავილებით.
მე ჭრილობებს ვაყენებ იმ ერთს, ყვავილებით ვაყენებ ჭრილობებს.
მე ვანგრევ იმ ერთს ყვავილებით.
მე მას ვანგრევ.
მე მას ყვავილებით ვაყენებ ჭრილობებს.
სასმელით, საჭმლით, ყვავილებით, თუთუნით, ტანსაცმლით, ოქროთი.
მე მას ვნუსხავ, მე მას აღვაგზნებ ყვავილებით, სიტყვებით.
მე მას ვნუსხავ.
მე ვამბობ:
“მე მას ყვავილებით ვეალერსები.
მე იმ ერთს ვაცდუნებ.
მე მას დიდხანს ვებაასები.
მე შევძრავ მას სიტყვებით.
ყვავილებით”.

მე ვხუნძლავ იმ ერთს ყვავილებით, ან ვპუტავ ყვავილებს, ან გამომყავს ყვავილები, ან ვაჩენ ყვავილებს ჰაერიდან და ვაძლევ მასვე, ისე, რომ ეს დღესასწაულია.
მე იმ ერთისთვის ხელში ყვავილების მიცემას არ ვწყვეტ.
ან მე მას ვხუნძლავ ყელსაბამით, ჭრელი გველით.
ან მე მას ვხუნძლავ ყვავილწნულით, სიტყვების წნულით.
ან მე მას ვნუსხავ.
არის რაღაც, რასაც მე მას ვაძლევ.
ან მე კვლავაც სხვას არას ვაძლევ, თუ არა ყვავილებს, ყვავილებს, ყვავილებს.



*ლექსი ერთ აცტეკურ ტექსტს უბრუნდება, რომელიც ბერნარდინო დე საჰაგუნის Codex florentinus -ში მოიპოვება. მნიშვნელოვანი გამოცემა ამერიკელებმა Arthur J. O. Anderson-მა და Charles E. Dibble-მ უზრუნველჰყვეს (Santa Fe, New Mexiko 1951-1963). (ავტორის შენიშვნა)
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული