- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ყველა იდეა ისე გამისხლტა ხელიდან
როგორც ფილმის ფინალურ სცენაში
თითები უფსკრულში გადაკიდებული საყვარელი ადამიანის
მერე
არც არაფერი
ვილაპარაკო იმაზე რაც არ დაკარგულა
თუმცა უკვე დიდი ხნის დაკარგულია
ეს არაფერს არ გამოხატავს
საკუთარ თავსაც კი არ გამოხატავს
შეიძლება სიკვდილმა გადათარგმნოს
იმ ენაზე რომელიც ერთდროულად
ნაცნობია და დავიწყებული
საკანალიზაციო მილი ჭაობში
სკოლის უკან
რომელზე გადავლაც ვერ გამებედა
შეიძლება სასმელი წყალიც კი გადიოდა მასში
არ დავინტერესებულვარ
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს
რა მელოდა
ყველას აქვს თეორია რომელსაც იზოგავს
მაგრამ დგება წამი
როცა არაფერი გაინტერესებს
როგორ შევხვდებით ამ წამს
აი, ყველაზე მნიშვნელოვანი
მომენტი რომელსაც აუცილებლად გავუშვებთ ხელიდან
ათასგვარი ხარახურა ამოგვაქვს წარსულიდან
ამ ღამით
რომელიც შეიძლება მივითვისეთ კიდეც
უკანონოდ
უნდა დაგვიდგეს წინ ის
ვინც იმსახურებს სიკვდილს.
უნდა დაგვიდგეს წინ
ის ვისაც ამის არ მოერიდება
უნდა დაგვიდგეს წინ საკუთარი თავი
ერთადერთი ვინც არასოდეს მიმატოვებს
ჩემი სიკვდილია
უცნობი და აუთვისებელი
როგორც ოცნება
და ვინ ვიქნები იქ
ან ვინ ვიყავი
რა უბადრუკი პეიზაჟია
ჩვენი ბავშვობა
აი, ის რაც დაბობღავს კედლებზე
იმ მწერივით
ქალაქის ყველა მძღნერი რომ აქვს მოვლილი
ეს ძველი სიმღერაა
ძველი ხედვა
წერის სტილი კი ისე დაჩეხილი
თითქოს ბოლო წამს
აფეთქებამდე
ათასობით ჯარისკაცს
საშუალება მიეცა
საყვარელ ადამიანს წერილი დაუტოვოს
რისი თქმაც უნდა
და რაც მთავარია რასაც მოასწრებს
ამ გზაში
როგორც კუბოში ჩასვენებულს
ვის წაიღებენ ამ გზით
ელექტროგადამცემი ხაზები
ფრინველებით
ნისლში
ისევ უძრავად.