(დათა პოემა)
წმინდა არს ევოლუცია
წმინდა არს ჩემი თითები შენს მკერდზე
წმინდა არს საჭრეთელი, მიტრა და საკმეველი
წმინდა არს სინოდი
წმინდა არს ყოველი, რომელი მოკვდეს
და ვინაიდან ყოველი მოკვდეს,
წმინდა არს ყოველი.
წმინდა არს კანტი და ლაიბნიცი და კირკეგორი
წმინდა არს ელემენტთა შეჯვარება
ყოველდღიური რუტინის მღვიმეებში
წმინდა არს გოჩა ტყებუჩავა,
რომელსაც დღემდე იეჰოვას მოწმე ვგონივარ
წმინდა არს პიროვნული გამოცდილება
შემხვედრ ნივთებთან დიალოგში
წმინდა არს ყველა მარგინალი
და ყოველდღიურობის სქოლიოში ჩამოცურებული
წმინდა Ars Poetica
წმინდა არს კარლტონ მელიკი და ალექსა ჩიღვინაძეც წმინდა არს
წმინდა არს პრეზიდენტი, რომელიც უფრო მოსაწყენია,
ვიდრე ნართანიანი მრავლობითი.
წმინდა არს სევდა, განფენილი პოეტთა თვალებში,
და სალონებში დაფრქვეული იაფი პოეზია წმინდა არს
წმინდა არს ყოველი სიცილი,
რომელიც გველივით დასრიალებს ჩვენს ნერვებზე
და უსაფრთხო მომავლის ილუზიას აწარმოებს
და კაცმა რო თქვას, რა არის უსაფრთხო მომავალი,
თუ არა ჰიგიენა
და თავის მხრივ, ჰიგიენაც სხვა რა არის,
თუ არა ბიოლოგიური იმპერატივი
და მაშასადამე, წმინდა არს მორალი,
რომელიც ახლაც აღმართულია ჩვენს ვიწრო კისრებზე
და პასუხებს დაშნასავით ისვრის
წმინდა არს მორალისტის თვალები,
კალაშნიკოვის ლულასავით შუბლზე რომ გვებჯინება
და კვეთს ჩვენი ცხოვრების სწორ ორიენტირებს,
სასოწარმკვეთად სწორ ორიენტირებს.
წმინდა არს ჩვენი შუბლები,
მიშვერილი შუაღამის მზეებს,
სიბრძნისა და გაუვალი უმეცრების მისაღებად.
წმინდა არს გოგო,
ფსიქიკური და ფიზიოლოგიური ნგრევის პირას მისული,
ხელით ქამრისკენ და გულით ზეცისაკენ.
წმინდა არს ჩემი შეყვარებული,
რომელსაც სტადიონივით დიდი თვალები აქვს
და მე ვიცი: როცა ის თვალებს ახამხამებს,
დედამიწის რომელიღაც კუთხეში გოლი გადის.
წმინდა არს საყოფაცხოვრებო კატასტროფები
და სირცხვილის ქრონიკული გადაუვალობა
წმინდა არს გავრცელებულ აზრთან ასოცირების
მეყვსეული უნარი
და ვითარების შესაბამისად, მისი უარყოფის უნარი.
წმინდა არს ყველა შესაძლებელი ღმერთი
და ყველა შესაძლებელი გმირი წმინდა არს
(ხანდახან მათი მესმის კიდეც).
წმინდა არს ხილულ საგანთა დაფარული თანმიმდევრობა,
რომელიც უხერხული მეგობრების სახით გვეძლევა
წმინდა არს ჩემი თაობა,
აკადემიურად გაწვრთნილი ღიმილით
და მეტაფიზიკური უძრაობით სავსე,
რომლებმაც სულებში მხოლოდ მამების გადარჩენა მოახერხეს,
სხვა ყველაფერი ძილებსშორის პაუზებში შემოეკარგათ
და ასე, მამებით ყელამდე სავსენი,
ჩვენ მივიწევთ დასახული მიზნებისაკენ,
რადგან წმინდა არს,
კი, წმინდა არს
დასტურ, წმინდა არს
ჩვენი მიზანი.