ქუჩაში გამოფენილი ყველა ბილბორდი
მართალია
ისინი არ იტყუებიან
ბილბორდები დგანან და გულუბრყვილოდ გვიყურებენ
თვალებში
ისინი კითხულობენ
ჩვენს თვალებს
შუბლებს
მუცლებს
კაბებს და შარვლებს
ბიუსტჰალტერებს
შორტებს
და კედებს
პერანგებს
კოჰინორის ფანქრებს პერანგის გულის ჯიბეში
მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს
ქუდებს
და ცხვირებს
და ლოყებს და ტუჩებს
და ნიკაპებს
ქუჩაში გამოფენილი ბილბორდები
ვერასდროს წაიკითხავენ
სერიოზულ გამომეტყველაბს ჩვენს სახეზე
ღიმილს და დუმილს
და გაბრაზებას რაღაცის გამო
და სევდას და დარდს ჩვენს თვალებში
და სითბოს და მადლიერებას
და პათოსს და გულწრფელობას
და ამიტომ
ქუჩაში გამოფენილი ყველა ბილბორდი
მართალია
ჩვენ შეგვიძლია ბილბორდების პატარა ასლები
დავამზადოთ
და ჯვარცმასავით ვატაროთ
შეგვიძლია ბილბორდები სახურავებზე დავდგათ
და ტელევიზორები მივუერთოთ
შეგვიძლია ბილბორდებზე გარდაცვლილები დავასვენოთ
ჩვენ შეგვიძლია ბილბორდების ძირას მოვფსათ
ან ვჭამოთ
ბილბორდები ირიბი დიალოგის პირობებშიც ინარჩუნებენ
მედიტაციის უნარს
ქუჩაში გამოფენილი ყველა ბილბორდი მართალია
სანამ ჩვენ დავიწყებთ მათი წარწერების წაკითხვას
აქ მთავრდება პოეზია