• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მე ვფხიზლობ

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 2344

მე ვფხიზლობ,
რათა აღდგეს კავშირი ჩრდილებსა და სხეულებს შორის
და მათი კვეთის ბუნდოვან წერტილს
ფრთხილად ვამკვეთრებ. 
სისულელეა, თვითონაც მესმის,
მაგრამ მაინც ჯიუტად ვფხიზლობ,
რათა ნერვები გავხადო უფრო 
მგრძნობიარე სიცოცხლის მიმართ
და მყიფე და ულმობელი – ძილის მიმართ,
მე პოეტი ვარ და საკუთარ ნევროზებს ვყიდი,
სხვა არაფერი მომეთხოვება.
და აი ვფხიზლობ,
რათა აღვძრა ქარი ტოტებში 
და ბზარები – ხმებში
რათა გავაქრო ზღვარი სიკვდილსა და პოეზიას შორის,
რათა ვუყურო ახალ ამბებს ტელევიზორში 
და მიყვარდეს კალიფორნიის გუბერნატორი 
და საქართველოს პრეზიდენტი 
(როგორც ამბობენ, არ არსებობს ცალმხრივი სიყვარული)
რათა გამრავლდნენ აზრები და შემცირდნენ სიტყვები,
რათა ყოველი მომდევნო წამი
ვაქციო ხსოვნად წინა წამის შესახებ, 
რათა მივაღწიო წმინდანის სიმშვიდეს,
(ისეთი დროა, 
უხერხულიცაა, წმინდანი არ იყო).
რათა განედლდეს საგანთა ლოგიკა,
გახდეს დამყოლი და უშუალო,
რათა პოეზია გავხადო მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი
და შიმშილზე უფრო სასტიკი...

თქვენ დაიძინეთ, მეგობრებო,
მე აქა ვარ
და მე ვფხიზლობ...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული