• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

პაროდოსი

×
ავტორის გვერდი ზურაბ ქარუმიძე 00 , 0000 3229

ფოტო: დათო აბრამიშვილი

პაროდოსი აღბეჭდილია შმაგი რაბლეანურობით, მფეთქავი პაროდიულობით, პოეტურობით, ეროტიზმითა და პოლიტიკური შარჟირებით... - იჰაბ ჰასანი

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიაში, წმინდა გიორგის ხატს ჩხავილით მიახტა ქუჩიდან შემოპარული კატა და თვალები დაუკაწრა - იქვე მდგარ დიასახლისთა აშლილ შთაბეჭდილებებს თუ ვენდობით. 

ამგვარი ნიშნით ეუწყათ მათ ყოვლად საოცარი ჯვრისწერის მოახლოების ჟამი: ხალხის გულისთქმით მოვლენილი, გაოთხებული სამების მეხუთე ჰიპოსტასად გამოცხადებული მოყმე ქორწინდებოდა დედა-სამშობლოზე, - რათა ასტრალური სათესლიდან გადმოღვრილი სიმხურვალე მოსდებოდა მიწის ორგიათა ქვეყნის დაჭაობებულ სისხლს. 

და როგორც უდაბნოში ავარდნილი გრიგალიდან დაძრული სფინქსი, ქალის თავითა და მხეცის თათებით, ქალაქისაკენ იძრა ქვეყანა. 

თავისუფალი ხალხი მოდიოდა, - გულღია და უბოროტო, საერთო საზრისის ერთ მუშტად შეკრული და ყვრიმალში მოქნეული. უბრალო ხალხი მოდიოდა - არც არავისზე მეტი და არც არავისზე ნაკლები; და იყო იგი უამრავი, აურაცხელი, ურიცხვი, რაოდენობის რაოდენობრივ ზღვარს გადაცილებული, თვისობრივში გადასული და წამოსული, ვითარცა ხარი და ძროხა, აზავერი, მოზვერი, უშობელი, ნერბი, ერკემალი, თხა, ვაცბოტი, დედალი და ყვერული, ვარია, ბატი, ღერღეტი, ჭუჭული, ქოსმენი, ბურვაკი, გოჭი...

ერთიან სხეულად მოდიოდა, - ადათწესების ბორკილაყრილ სხეულად: სადღესასწაულო გზნებით შემართული და შეხურვებული; მოზღვავებული, მოჭარბებული, მემკვიდრეობითობის კალაპოტიდან გადმოსული სიცოცხლის პირთამდე აღვსილი და განახლებული, - საუკუნეთა წყვდიადიდან გადმოზნექილი ტორსო, წარსულის ცხედარს რომ ამოათრევს აყროლებული ძვალშესალაგიდან და მოანარცხებს უდროობის კედელს... თავისუფალი ხალხი, რომლისთვისაც თავისუფლება ისეთივე ბუნებრივი ხდომილებაა, როგორც ფილტვების ამოვსება ჰაერით, უგულველყოფს ამ თავისუფლების საწინდარს და ანადგურებს კიდევაც, რადგან მის თავისუფლებას არ აქვს საზღვარი. 

ბალღებივით მოდიოდნენ, - შორეული კუნძულიდან, მოჰქონდათ კაკლის საბერტყ ჯოხზე წამოცმული, ნახევრად შეჭმული ღორის თავი, რომელსაც ვეება შავ ლაქად დასეოდა ბუზები; - თავი, რომელმაც დაიხსნა ისინი თანშობილ სიზმრებში განცდილი შიშებისა და სიმორცხვის ტყვეობიდან, ჩამოაშორა რაღაცა უცხო და ამაზრზენი, შთაუსხა ღვინო გუამისა ბარძიმშიი, ღვინო, რომელ არს სისხლი წამებისა, და განუზავა მორწმუნეთა და დაათვრნა იგინი სულითა მხურვალითა... აგუნა (2) ჩვენი, ჯგირა გეგე მისარონი...

არც ერთ მათგანს მანამდე არ მოსწრებია ესევითარ ამბავს. ამავე დროს - არც მანამდე ესოდენ მკაფიოდ, ნათლად და ხელშესახებად არ განუცდია ის, თუ რაა მამული, ვისია ეს ქვეყანა, სადაა მისი კიდე... მიწა, ხელობა, საკუთრება და სხვა ამგვარი ქიმერები უმალ შთაინთქა ყველსაგან მიტოვებული და ბედკრული, ავის მზრახველებითა და მაცილთა ხროვით გარშემორტყმული ხატის ნათლით გახსნილ თვალსაწიერში. 

სიხარული მოიწევდა, სიხარული მოისწრაფოდა, სიხარული გადმოდიოდა, გადმოდიოდა პირიდან ყელში, ყელიდან კუჭში, კუჭიდან ჯანში, ჯანიდან თავში, თავიდან ფილტვში, ფილტვიდან ხორხში, ხორხიდან ყურში, ყურიდან გულში, გულიდან თვალში, თვალიდან ბნელში... ხოლო ამ ნაკადს მოუძღვოდა საღმრთო წერილის ეღზეტიკოს-მთარგმანებელთა მხიარული საძმო, - ხალხის ნდობით აღჭურვილი ტექსტოლოგები, ენთუსია-ქმნილნი განმარტებელმნი გამოცხადებისა, რომლებმაც ნიღაბი ჩამოგლიჯეს სიყალბეს, - შიდას თუ გარეს. მათ შორის გახლდათ რამდენიმე ხეიბარიც, საკვირველი ჟამის დადგომამ ენამზეობის სიმაღლეთათვის რომ განამზადა. იყვნენ მომავალ თაობათატვის მზრუნაც-მეშურნენიც - ძველი კულტურის ახალი ტრეგერები, დაუნჯებულნი, დამმოძღვრავნი: მათ ყველაზე კარგად უწყობდნენ ის, თუ როგორ აზიარონ ჩვენი პატარები სიყვარულის ჭეშმარიტ ნიჭს... მოდიოდნენ და მოჰქონდათ ნაგელით სავსე ტომრები და გოდორ-გვადრუცები, ქალაქის უთვისტომო უმცირესობის ფუტურო სულებში ჩასათხევად. 

ო, ეს არიყო ბორგნეულ ტაკიმასხარათა გულებსი აქაფებული სიძულვილი და ზიზღი ქალაქისადმი, არამედ ეს იყო სიყვარულით ნასაზრდოები სიძულვილი და ზიზღი, ცეცლის სვეტივით რომ დაუვლის ქალაქს, - ჩაკლულ სულთა, ჩავარდნილ მკერდტა, შურიან თვალთა და უსუფთაო თითების სამყოფელს. 

ღმერთებსაც ასევე სძულთ დიდი ქალაქი. ისინი, როგორც წესი, ჩირგვთა, ტევრთა ან მღვიმეთა ჩეროში მალვას ამჯობინებენ. მაგრამ სიკვდილის წინ, დიადი შუადღის მოახლოებას იგრძნობენ თუ არა, - მრისხანებითა და ზიზღით აღვსილები შემოდიან მთავარი კარიბჭიდან და შიმშილით თვალანთებულნი იწყებენ მოთქმა-გოდებას და ადიდებენ მსხვერპლსა და კანონს, გვამების დასაწვავ ადგილას რომ სუფევს... ამოავსებენ ტხრილებს, ჩვენ რომ ამოვთხარეთ; დაშლიან ხაფანგებს, ჩვენ რომ დავაგეთ; და მოგვიწოდებენ ზეციური ხარივით მოვკლათ ქალაქი, - ვეება ხარივით მიწას დავაკლათ!

ხმა იდგა ქალაქის თავზე, - ხმა ქუდბედიანი მოყმისა: 

„რაბამ განშუედეს ძუძუნი შენნი უფროის ღვინისა, დაო ჩემო, სძალო, რაოდენ განშუენდეს ძუძუნი შენნი ღვინისაგან და სული მიჰრონთა შენთა უფროის ყოველთა ნელსაცხებელთა, მტილი მოკრძალული არს დაი ჩემი, სძალი, მტილი დახშული და წყარო დაბეჭდული!“

აპრილი დადიოდა ქალაქის ქუჩებში და აკრავდა მწვანე აფიშებს, რომლებზეც ნეფე-დედოფლის მშანთავი სიყვარული იყო გამოსახული:

მოყმე, მწყემსად გადაცმული უფლისწული, რომელსაც პატარძალი მოელის, როგორც მაშრიყის ვარდი - მაღრიბის წვიმას... ხოლო პატარძლის საშო, აღგზნებული და მოუთმენელი, მაღალი შაირით მეტყველებს, სეფე-ქალთა გასაგონად, მეტყველებს იმ უცილობელ ცვილილებებზე, რაიც უცილობლად მოჰყვება ამ შეუღლებას. და კიდევ ასე ეტყვის სიძესა: „მუნ მოგცე ძუძუნი ჩემნი შენ! ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდვა მე ეტლად დიდებულთა!“ ხოლო სხვებმა რა იხილეს სძალი, ვითარცა ბაირაღებით მორთული ბანაკი, ჰნატრეს იგი და ხარჭათა აქეს იგი: „უპე შენ ტატუკ წახნაგებულ, მუცელი შენი ხუავი იფქლისაი. შევიყვარნეთ ძუძუნი შენი უფროის ძუძუთა მათ ჩვენთა! 

ყოველივე მეტყველებდა იმ მეტაფიზიკურ ხურვებაზე, რომლითაც სიძე და სძალი ურთიერთისადმი იყვნენ აღძრულნი, როგორც სული და ხორცი. სათესლი ჯირყვლების მიერ გამოყოფილი ნივთიერება კაცებს საკუთარსავე სისხლძარღვებში ჩასდიოდათ ღვინოსავით; ქალებს კი ბროწეულივით უსკდებოდათ საკვერცხეები, რამეთე მკიცე არს, ვითარცა სიკვდილი, სიყვარული... რამეთუ უმრავლესობამ გადალახა უნაყოფო ლტოლვათა საზღვრები და სასქესო ორგანოებმაც იწყეს ფერისცვალება - დასაბამიერმა მცენარეულმა ბუნებამ იფეთქა მათში:

ზოგისა პარკოსანი იყო, ზოგისა - გოგრისებრი, ზოგს სოკოსებრი ჰქონდა, ზოგასაც - ძაღლყურძენასებრი, ზოგისა მინდვრის ყვავილივით იყო და ქურქუმა, ლერწამი და კინამო, ზოგისა სიდიდათა და მოყვანილობის ემსგავს ფინიკს, თუ სხვა რამ ბუტკოვანსა; ზოგისამ გამოუტევა გაგა თვისი, ან მანდრაგორასავით სურნელს გამოსცემდა და ბგერებს; ზოგს ვაშლის ხესავით ჰქოდა, შორის ხეტა მაღნარისა; ზოგს - მსგავსი ხისა ლიბანისასა და დიდებული, როგორც კედარი; ზოგს ქოფერის მტევანივით ჰქოდა, - ეს-გადის ვენახებში; ზოგს - როგორც ნარგიზი შროშანისა, ან ღელეთა შროშანი, მდინარი ამურრით მწოთვარე. და იყვნენ მწყსად შორის მტილთა ნიგვზოვანთა შთასულნი და ღამის ცვარ-ნამით აღვსოდათ თმა, ბალანი, ბურძგი , ღინღლი თუ სხვა რამ ალაგნი დაფანჩულნი... ეტყობა ძილში, ფერიათა ბებიაქალი, სულ პაწაწინა დედოფალი ნერჩი ეწვიათ! 

ქალაქის ქუჩებში აყრილი ქვაფენილი შესცვალა საგანგებოდ ნაკურთხმა შავ-მიწა ნიდაგმა, რომელზეც დედიშობილა უნდა გაევლო ყოველ მსურველს და, ფუძის გამოსალოცად, ეპურჭყებინა, რის დანახვაზეც დიაცთა ტუჩები, თითქოსდა შაქარყინულით მოწამლულმა სუნთქვამ ჩაუქროლაო, ზღმურდლით იფარებოდა და მიწის გოროხზე  ჩამოღვენთილი თეთრი, ლორწოვანი წვეთები მოაგონებდა მათ, რომ ოდესღაც თავადვე იყვნენ სამგზის გადახნულნი... ფუი, ლამარია!

ამათგან რჩეულთ ალმასის საყურეები ებათ, როგორც ჯირყვალნი ფუძის გველისა, ღვთისმშობლის პირმშვენიერნი მხევალისა, ოთხკუთხა კვერი რომ უპყია, - ზედ მამლაყინწას მოჭრილი თავი რომ ადევს. ეს ნერჩი გახლავთ, მამლაყინწებს თავს რომ აჭრის, რომ გაპუჭავს და გაქენავს, აკუწავს და დაკუწავს, - შესალოცად თვალშავისა და თვალმინჩხისა, შაკიკისა და მიკრისისა, სისიკნისა და სიტკივნისა; მგელს უღელს დაადგამს, ჭიანჭველას - გოდორს, ყინულზე კალოს გალეწავს, სანთლის გუთანს გააკეთებს, შიგ შეაბავს უღელ თევზსა, მერე ჩავა ღორის ყელსა, ღორის ტანში, - აჭყივლებს, აკივლებს, საჭმელს არ ანებებს!

ეს ის ნერჩია, დედოფალი...

თავისუფალი სიყვარული მოედანზე, იქ, სადაც ქვის ვეება კერპი იყო აღმართული, - ერთ მშვენიერ დღეს თავად რომ დაამხეს თავისით... თავისუფალი სიყვარულის მოედანზე ვირი გამოეყვანათ.

ყვავილებით მორთული ვირი მოედნის შუაგულში დარგულ ვენახის მორჩზე ოქროს ჯაჭვით იყო მიბმული. ფერდებზე შვიდი მნათობი ესახა და კანჭის ძვლისოდენა ფალოსზე ჭრელი ბაბთები ჰქონდა შენასკვული.

უხუცესები, ვისაც ევალებოდა ვირის მსახურება, ჩაფით ღვინოს ასმევდნენ, ხოლო სპეტაკი ზეწრებით შემოსილი ჭაბუკები ხონჩით საქორწინო ფალუსტაკებს სთავაზობდნენ საჭმელად. 

ღვინით გალექებული სახედარი ტკლინკებსა ყრიდა და ყროყინებდა.

მთელი მოედნის გაყოლებაზე კაცებს ფერხული გაეჩაღებინათ. მოფერხულეთა თაურმდგომი ვინმე ადრეკილა იყო სახელად: პერანგი აწეული ჰქონდა, პერანგის მეგობარი - ჩაწეული. ცალი ხელით სირს ათამაშებდა, მეორეში კი მეგაფონი ეჭირა. თაურმდგომის ზურგს უკან დანარჩენები ჩამწკრივებულიყვნენ: თითოეულს ხელებ წინმდგომის თეძოებზე ედო და უქაქუნებდა. ასე გადაადგილდებოდნენ ქაქუნითა და სიმღერით. როცა ვირი ყროყინს დაამთავრებდა, თაურმდგომი იწყებდა მეგაფონში ყვირილს: „ა, თქვენისთანა ვაჟებს თხემზე ძაღლის სკორეც კი მოგვიცხია, მოგვიცხია, მოგვიცხია!“ დანარჩენები ამაზე პასუხობდნენ: „მელია ტულეფია, იოჰ! იოჰ!“ „იაა! იაა!“ - იძახდა სახედარი. ადრეკილა კი განაგრძობდა: - „ა, თქვენისთანა ვაჟებს გულზე ძაღლის სკორემც წაგვიცხია, წაგვიცხია, წაგვიცხია!“ „მელია ტულეფია, იოჰ, იოჰ!“ „იააა! იააა!“

მონობაში გაზრდილი ხალხი რწმენას იბრუნებდა, ხოლო ჭეშმარიტი რწმენა ხატისქმნას საჭიროებს: 

ვირის მსახურნი უხუცესნი ახალ სიმღერებს თხზავდნენ ძველის-ძველ ჰანგზე. ისინი ადიდებდნენ ჭეჭმარიტ ღმერთს და არა დემიურგს, რომელმაც ჭეშმარიტი ღმერთის შესაქმე მიითვისა და წარყვნა. ვირის სახით წარმომდგარი ღმერთი ჭირთათმენისა და ჟინის მიღმიერ ერთარსობას განაცხადებდა: თვითგვემისას მოძალებული ხურუში შეუძლებელს ხდიდა პიროვნების სიკვდილს ისევე, როგორც თავად პიროვნებას და ღმერთი თავს იმიტომაც იკლავს, რომ ცხოვრება განაგრძოს ისე, როგორც ამას უკარნახებს საერთო ნება!.. მღვდელმთავრით დაწყებული და უსაძაგლესი ადამიანით დამთავრებული, ყველანი მივიდეთ და თაყვანი ვსცეთ ღვინით გამობრუჟულ სახედარს, - რაღა არს პოეზია, თუ არა განსიტყვება მის თვალებში დაბუდებული ხურუშიანი მდუმარებისა და რაღა არსეს ხურუშიანი მდუმარება, თუ არა პოეზია უპირველს ყოვლისა!.. მაშ ვადიდოთ იგი და ვუთხრათ დასტური, - დედალს რომ დაბურავს, მაშინ წარმოჩინდება ძალუმი სიბრძნე მისი! 

ხალხი, რომელიც მიწყივ დათრგუნული ქვენა გრძნობების პირისპირ პირველად აღმოჩნდა, კვლავ ღვთისმოსავი ხდებოდა; სამყაროს კვლავინდებურად დაუბრუნდა სიმწყობრე და ეს იყო მათი სამყარო, სადაც ყველაფერს თავისი ალაგი მიენიჭა და განუმეორებელი სიცხადით განიმსჭვალა, - ჟინის წარმმართველი სიცხადით...

„ა, თქვენისთანა ვაჟებს მუცელზე ძაღლის სკორემცც მოგვიცხია, მოგვიცხია, მოგვიცხია!“ - განაგრძობდა ადრეკილა. „მელია ტულეფია, იოჰ, იოჰ!“ - იძახდნენ მოფერხულენი. სახედარი კი ყროყინებდა და ტლინკებსა ყრიდა. ვირის მსახურნი უხუცესნი საბრძოლო კონკილებს თლიდნენ ვაზის რქიდან და ყმაწვილებს ურიგებდნენ: გადატანილ შეჭირვებას იხსენებდნენ - ხმალი ქარქაშში წამითაც რომ არ ჩაუგიათ. 

ეროვნული უზენაესი საკრებულოს საგანგებო საქორწინო სხდომი საპატიო თავმჯდომარედ დასახელებული იქნა იდუმალმცოდნეობის ადეპტი, დ-რი რუდოლფ-ზოსიმე. 

ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე კარავი დადგეს. აქ შეიყარნენ დარბაზის ერნი და მიწის კოლექტიურ ორგიატა მეურნეები. მწირი და სადა იყო იმათი სუფრა - პური, თევზი და ღვინო. არავითარი ლაზღანდარობა და ფუტურო ოხუნჯობა. მხოლოდ რიტუალური სიცილი, რიტუალური ქმედების ფარგლებში. მთავარი კარვის გარშემო სხვა მრავალი საჩრდილობელი თუ ფეხშანა გაეშალათ. ისხდნენ და ელოდნენ საზეიმო წუთებს, როცა თავისი ჭეშმარიტი სახით უნდა გამოცხადებულიყო სიძე და ერთგულება აღეთქვა. 

მოყმის გამოცხადება დამსწრე-მოწმეთაგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ითხოვდა, - ისინი ხომ ხატწერისა და ჭედური ხელოვნების დიდოსტატ-დასაშტერებელთა შთამომავალნი იყვნენ. გრძნობადი ხატი სიკეთის იდეის ძალას იძენდა მათთვის, რადგან ნათელყოფდა ბნელს. 

ასეა: სინათლისაკენ მცენარეული სწრაფვით გამძაფრებული სქესობრივი გრძნობელობა სრულ თავისუფლებას ანიჭებდა სიყალბეში გაზრდილი ხალხის წარმოსახვას. ამ ხალხის გონებას კონკრეტული გამოსახულება უფრო მეტს აუწყებდა, ვიდრე სიტყვა. სიტყვა, რომელსაც ახლდა გამოსახულება, ლიტონი იყო, - არაფრის მთქმელი. მხოლოდ გამოსახულება განარკვევდა სიტყვის მნიშვნელობასა და ზემოქმედების ძალას. 

დაბნელდა. 

მექორწილენი კარვებიდან გამოვიდნენ, - მოკიაფე სანთლებით, ღვინითა და მოლოდინით სახეანთებულნი. ყველამ დაუჩოქა ხმის ვეება გამაძლიერებელს, საკურთხეველზე აღმართულს. გამაძლიერებელმა დაიქუხა და ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. 

ჰასაკოვანმა თხა-ბიჭმა ჩლიქების ბაკუნით აირბინა მიკროფონთან და ხალხს შეატყობინა, რომ სფეროთა მუსიკის მეშვეობით მიღებულია რუდოლფ-ზოსიმიეს მისალოცი უსტარი, რომელსახ ახლავე გააცნობდა ათრთოლებული ხმით:

„ლედიზ ენდ ჯენთლბოიზ! თქვემ, სიდარბაისლით, ძლიერებით სახელგანთქმულნი, ეგზოტერულის გაცხადებისაკენ მიექანებით! რომელთა ასხიან თვალნი - დაწუხონ! რომელთა ასხიან ყურნი - მიაყურადონ... დონ... დონ... ვის უხმობს შუაღამის მზე?! სახის-მეტყველსა და იკონოლოგოსს, თეოლოგოსსა და ღვთისმეტყველს, რომელმაც მოსტაცა იმ მოხუცს მთვარე! მოსტაცა ფარული კეჭისყრისას მოპოვებული აბსოუტური უმრავლესობით, რაიც არს ჭეშმარიტი ზონენმისტერიუმ...“

და უეცრად, ისე რომ ვერც კი გაიგეს საიდან, - თითქოსდა დედის საძინებელი ოთახიდან, - თვითდამფარავი ყოფიერების ღიაობიდან, - დაფარულიდან დაუფარავში წამოჩინდა სიძე!

ტანთ ოქროს სამოსი ემოსა, ფეხზე - ცანდალნი სახარებისანი, ხოლო მარჯვენა აღმართული ჰქონდა ცისკენ და... ეპყრა საკუთარი წაკვეთილი თავი, - ტავი, რომელიც ენთო, რომელით მეტყველებდა (3): 

„უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დაივიწყენ მარჯვენაცა ჩემი! აექუენ ენაი ჩემი სასასა ჩემსა...

ასულო ბაბილოვანისაო, უბადრუკო, ნეტარ არს რომელმა შეიპყრეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“

მეგაფონმა დაიქუხა...

ამის მოთხრობას უსათუოდ ვერ გავბედავდი, მაგრამ ეგ არის - ჩვენი უზაკვრო ცნობიერება ასე ამაგრებს შეგნებას ჩვენსას, ვითა ქვითკირსა. 

ნამდვილად ვნახე, და მგონი ახლაც ვხედავდე:

უთავო კაცი მიმართავდა ბრბოს მოზიმზიმეს, - ნატანჯ, ნაწამებ, საცოდავ ხალხს და ვერ მალავდნენ აღტაცებას კარავისელნი ბანოვანნი, რომლებიც ასე იტყოდნენ: 

„ასი კოდი კირი და ნაცარი თვალებში ეყაროს

ასი ნეფსი და მაგათი გულზე დეესოს, 

შენი ავი სულით და გულით დამნახავს!

ასალა, მასალა, ფეხები გაასარსალა...

ვისი თვალიც შენც გეცეს, ჩავაყარე თვალებში

ასი კოდი ღადარი...

ვაი და ვუი! ქვაი და რკუი!“  

ნამდვილად ვნახე და მგონია, ახლაც ვხედავდე: 

ხელი წაევლო სიძეს საკუთარი თავის ქოჩორზე, ლიფლიფასავით მოაქნევდა და თავი იგი შემოგვცქეროდა... 

ლირიკა იყო მისი სტიქია: ზამბარასავით იშლებოდა და იკუმშებოდა მისი ნათქვამი. ამბობდა ერთს, გულისხმობდა მეორეს, როცა ამბობდა სხვას და გულისხმობდა არაფერს. ამბობდა, რომ:  სასძლოს გულში სიყვარულის გამოღვიძება წარმოადგენდა მისი მოქალაქეობრივი ვალის აღსრულებას და პირუკუ... რომ სასძლო მიიზიდავდა და ითავსებდა სხვა და სხვა სასძლოთა საუკეთესო თვისებებს, როგორც კრებითი სახე-სიმბოლო, როგორც მაგნიტ-ანდამატი...

„ჯუჯელია, ჯუჯელია! ჩქიმი მამული ხორგელია, შხვაში მამული ფურცელია!“ - გაიძახოდნენ ჰასაკოვანი თხა-ბიჭები და კონკილებს ათამაშებდნენ თხა-გოგოების გასახარებლად...

სიძე თავის გზას ინათებდა თავისი თავით და ორი ერთ-ერთში, ერთი ორში გარდასულიყო. რარიგად გახდა შესაძლებლად ეს საოცრება, ალბათ უწყოდა მხოლოდ იმან, ვინც ამ დროს ცეცხლის ალში გახვეულიყო, - იკაროსივით რომ დაეცა მოქეიფეთა შორიახლოს: უბრალო მკურნალი ყოფილა თურმე, ხალხის თვალწინ თავის დაწვაც იმიტომ განიზრახა, რომ სიძე-პატარძალს ცეცხლის ენით აეღო გემო მათთვის სხურებული სამსხვერპლო სასმელისათვის. 

დიდება მას, მადლის მომცემსა, სხეულის მკურნალს, - მას სიკეთით სავსეს, - მას, ოქროსფერსა და ფესვებდაგრეხილს!

ვერვინ გაიგო თუ რა თქვა ცეცხლმა. ხალხის ჟინმა და თრობამ კი უფრო იმატა. თხა-ბიჭებმა თხა-გოგოებთან ერთად წრე შეკრეს ცეცხლმოდებული, კრუნჩხვადმყოფი სხეულის ირგვლივ და სიმღერა წამოიწყეს:

„ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინებდა,

წითელსა ხუცესსა ხარი გაება,

ზღვას ხვნიდა, ქვიშას თესვიდა,

ვინ გაიგონა ზღვა ხნული, ქვიშა თესული,

წამს იქით დამწვარი - გაძნელებული!“

კარავისელნი ბანოვანნი კაბის კალტებს იწევდნენ და ცეცხლოვან მსხვერპლს ზედ ევლებოდნენ, - ჯომარდობაში ყმაწვილქალებს ტოლს არ უდებდნენ...

„ალი, ურუი, ურული, ურული კუდიანებსა!“ - გაჰკიოდა უკბილო დედაბერი...

ხოლო მათ შორის ერივნენ მწიგნობარნი და მპარავნი, აბულასანნი და ზორაბელნი ზანქანნი, რომელთა თვალნიც შეპყრობილ იყვნენ, თითქოსდა, ემაუსისაკენ მიმავალ გზაზე, ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა მათ შორის და რაღაცა უთხრა. ხოლო მათ განასიტყვეს, რომ ესაა საფლავი „სადაც მარხია ულიალუმ ჩვენი!..“ ესენი კვლავინდებურად ავადმყოფ ცხოველებად დარჩნენ, - ვერ გაიღვიძა მათში პირვანდელმა მცენარეულმა ბუნებამ. მიწის კოლექტიურ ორგიათა მეურნეები მაინც ეცადნენ შეელოცათ ეს სნეულება: „ფუი, მიქელ-გაბრიელ, სენ გაუქარვე თვალის ტკივილი...“ ეცადნენ, მაგრამ ამაოდ: მპარავნი. „ულალუმ! ულალუმ!“ - იმეორებდნენ მწიგნობარნი და მპარავნი. უ ლ ა ლ უ უ უ მ! ! ! - ყმუოდა ქარ და უხსოვარი წელიწადის მარტოსული ოქტომბერი ყრიდა ქვაფენილს...

და იქმნა ქორწილი სახე-დაუდებელი და იგავ-მიუწვდომელი: ღრიალებდნენ ვეება მეგაფონები. ქვაშვეთის ტაძარი თითქოს გაცოცხლდაო, თითქოს ბორძალდაცემული კაცივით გველები ელანდებაო, - ზარებს არისხებდა... არასალა, მარასალა, ანთე, მანთე, სანთე, ხანთე... არასალა, მარასალა!!!

ტაძრის ეზოდან ყმუილით გამოცვივდნენ ლამაზრქიანი კუროები და აქეთ-იქეთ აწყდებოდნენ.  თეთრებში მოცეკვავე ხატის-მონა ქალები, ლოყებდაბერილები, თვალებგადმოკარკლულები, ბუკსა და ნაღარას აყვირებდნენ ფილტვების დახეთქვამდე, - გმინავდნენ, იკრუნჩხებოდნენ...

ყველანი შეუერთდნენ მატ, ხოლო ქვეყნის სამასსამოცთადხუთივე ნაგლეჯიდან მოვლენილი მეხატულეები წიხლებით დათრეულ სამსხვერპლო კურატებს აჭყვიტინებდნენ და ხალხს სძლილს ნებას უცხადებდნენ:

არა დიადო დედავ და უფალო წყალთა, სამსახა მთვარეო - ქალწულებრივო, ამძუვნებულო და მიხრწნილო - ჩემშია ძალა შენი! არა იყოს ეს დღე ვითარცა წმინდათა-წმინდა წელიწადი იგი ჟამი აღორძინებისა და სიშიშვლისა როცა კაბას ჩემსას ჩაიცვამს ზღაპრიდან გადმოსული მზეჭაბუკი ვინაც გრძნეული ერთარსობით თანამეცხედრეა და ამავე დროს შვილია ჩემი არა გულაღმა დავუწვები შენ რომ გხედავდე მერე ძუძუებში გავათავებინებ რომ რძესავით მქონდეს არა ლამის სულში შემოვიდეს სიყვარულის ლამაზი ტოტი აყვავებული უცხო ფერებით არა ლამის წელზე შემომხვიოს ხელი იქ შიგნით რაღაც მეზრდება და მერე უკანიდან ოთხზე დგომით არა მისი ახელილი ჩენჩო თვალია ყოვლის მხილველი არა თვალია რომელიც ჩამაშტერდება რომელიც ჩაიხედავს ჩემს წყვდიადში არა ზღვაში როგორც ბაგეთა ჩემთა იდუმალ ღიმილში ხოლო მე ძაღლივით გადმოვაგდებ ენას არა თავიდანვე გულჩათხრობილი ბავშვი იყო არ იყო ისეთი როგორც სხვები ყოველღამ რომ მოდიოდნენ ხელის სათხოვნელად არა მხოლოდ იგია ამა წლი მეფე რადგან მხოლოდ მას ძალუძს გაიღოს არა სიცოცხლე სიყვარულის წილ არა ზაფხული მზებუდობისას ეს განცდა სუროსავით მედება ტანზე სიყვარულს ეწირება ჭაბუკი ბედნიერი მელოსივით სურნელოვანია სისხლი ძმისწულისა ჩემისა შენთვის რომ დაიღვრება ბარძაყებზე ჩამომეღვენთება თბილი და წებოვანი არა სამსახოვანო შენთვის დაანთხევს სისხლს და მოკვეთილს შიგ რომ ჩამიტოვებს ზამთრის მზებუდობისას ჩემი ადონისი არა ვერ შევძლებ მტკიცედ მივუგო არა არა“

„ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადეს მოენე როკაპთა მოშურნე ენებმა მოზეიმე დაბაზონებში და აღზევებულ მოდარბაზეთა პატივსაცემად დაკლეს ძილი, რომლითაც აქამომდე გვეძინა ყველას; დაკლეს და ადღეგრძელეს საუკუნედ ქმნილი წამი.

და იყო მუსიკა ღამით... ზედ დაგვნათოდა სისხლის ტაბასტაში გამსკდარი მთვარის საშო. ბიჭები, - შვინდის დროშებით გაგიჟებული ხარი ცხელ მუცელში ამოვლებული ფიცხი ბიჭები, - დუმით გადაზელილ ძუძებს დაეძებდნენ, ატაცებულნი, ფაშატისთავა ქურუმი-ქალების გალობით გონდაკარგულები: „ჩვენ გაგვიტალღებს მთვარი მორევი...“ და ცხენ-ქალათა საშიშ თვალებში, ცრემლის მაწონი რომ სდიოდათ, სჩანდა სიკვდილის საპირფარეშო. - იქ დედაჩვენის კოჭობი სდუღდა!

ხემხივანთა შორის მელიები დაძრწოდნენ და მერქანეზე მნათობდა სახეებს ჩხიბავდნენ. წვიმის ასულნი, სანოვაგით დახუნძლული მაშხალა-ჩირაღდნებით, ბილწსიტყვაობდნენ, გუთანში ებმებოდნენ და მეხრეებს ისვამდნენ. ქორა-მახვშები მოკლულ მგლებს ატყავებდნენ სადროშედ, ხოლო თმამშვენიერი დიასახლისნი ქონს აცლიდნენ და ტანს იზილავდნენ.

ყოველი მანძილი, თავისუფალი ალაგი, საგანთა შორის განფენილი სიცარიელე მკვდრეთით აღმდგარი სხეულის წმიდათა-წმიდა სუნთქვით აღივსებოდა და მხუთავი სივრცე ზედაშესავით ჩაგვდიოდა პირში...

სწორედ მაშინ გამობრწყინდა, მას ჟამსა გამობრწყინდა, მაშინ უკუე ესევითარსა მას ჟამსა გამობრწყინდა, - ვითარცა ვარსკვლავი ბრწყინვალე, მთიები განთიადისა, ვარსკვლავი მთიებისა, შემოსილი ბრწყინვალებითა ღამესა შიგან უკუნსა, საკვირველი და ჭეშმარიტად ახოვანი მხედარი წმინდა და დიდებული, ტკბილი იგი სახითა და საქმით, ცა-ღრუბლისა და სეტყვა-ხორხოშელას გამგე, სამკიბალის მეარხე და მურყვნოსელი, თეთრი ქალღმერთი ჩვენი, - გიორგი (4)...

ქვაშვეთის ალაგას იდგა დაჩოქილი, თავადაც ტაძრისოდენა იყო,  - ვეება სარკესავით ელვარე. მუცელს თხის ტყავის წინსაფარი უფარავდა, მკერდზე ოქროს ვაშლები ეკიდა, პირიდან ტახის უზარმაზარი, ნამგალა ეშვები ამოზრდოდა. ვერცხლის ჩაჩქანი ეხურა, ფურის რქებით დამშვენებული. ხელთ იფნის შუბი ეპყრა, რომელსაც კრაზანები და ჩიტები ეხვეოდნენ. თვალები დათხრილი ჰქონდა, - ცილა, ვარსკვლავთა დაღვრილი, შიგ ჩასდიოდა...

და ქალაქის შუაგულში იწყო ამოსვლა უსიერმა ტყემ: 

ხეები შიგ შენობებში იზრდებოდნენ: ღონიერი ტოტები ხეთქავდნენ იატაკს, კედლებს და დამსხვრეულ შუშაბანდებში იხლართებოდნენ, - სარეცხითა და ბათქაშიანი შპალერით დახუნძლულები, - თითქოს ფაშვები დააგესო ჩანგალს. ხორცითა და ქონით გადაჭედილი ბარძაყების სიმსხო ფესვები სადარბაზოებში დაგებულ მარმარილოს ფილებს ლეწავდნენ და დარანთა მიღა მიიწევდნენ, - მაჭრად ადუღებულ მიწაში. ავეჯს, ჯამ-ჭურჭელს, ბროლს და ფაიფურს, თეთრეულს, საბნებს, ყურთაბალიშების ბაღლინჯოებს, სარკეებს, წერილებს, ხალიჩებს, წიგნებს, - ყველაფერს ძალუმი მერქანი ანადგურებდა, როგორც ცეცხლი...

სახლები აინთნენ ყირმიზ ფოთოლთა ალმურის მოდებით, სახურავიდან ჭრელი კატები სცვიოდნენ, სვეტებზე მოსჩანდნენ მკერდგადახეული კარიატიდები და ჩუქურთმა იყო ნასუქი ჰიპოპოტამის გაგლეჯილი ლეშინდა გადმოყრილი ნაწლავებივით...

ტყე იზრდებოდა გუგუნით, ზათქით, - გაქრნენ შუკები, ფოლორცები, ქუჩაბანდები.

ენა ვერ იტყვის, თუ როგორი იყო ტყე იგი...

და ეს ყოველივე ვირის დღეს მოხდა..

 

თბილისი

1991, 1993

 

(1) ((1) პაროდოსი - „გვერდიდან შემოსვლა“ (ბერძნ.) კომპოზიციური ელემენტი ანტიკური დრამისა; ტრაგედიის შემამზადებელი სიმღერა, რომელსაც ასრულებს ორქესტრში გვერდიდან შემოსული ქორო. (ორქესტრა - სცენის წინა ადგილია ერთგვარი.)

(2)  (2) აგუნა - როგორც ვარაუდობენ, წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან აგონ (ბრძოლა) და უკავშირდება წმინდა გიორგის კულტს საქართველოში.

(3) შდრ. დანტეს ჯოჯოხეთი, ქება XXVIII, სადაც აღწერილია ჯოჯოხეთის მერვე სკნელის მეცხრე თხრილი, - „განხეთქილების მოთავეთა“ სატანჯველი ალაგი. აქ იმყოფება (პოემის ქართულად მთარგმნელის კომენტარით)“ ბერტრამ დალ ბორნი, იტალიელი ვიკონტი, ცნობილი რაინდი და ტრუბადური...“ ანუ, - ბერტრან დე ბორნი, არანაკლებ ცნობილი ინტრიგანი, რომელიც მთელი ცხოვრება გათიშულობასა თესდა. ამიტომაც დაისაჯა იგი, - საკუთარი წარკვეთილი თავი ხელში უპყრია და ასე დაიარება.

(4) შდრ. მთიულეთში, სოფ. დოლასქედის შუა უბნის თავზე არსებული პატარა ეკლესია, რომელსაც „ადგილის დედა წმინდა გიორგის“ უწოდებენ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული