• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ამბროსის კანონი

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 00 , 0000 2203
I გალობა
1. სადიდებელი კვერექსი
 
დიდება ჩემო მშობლებო თქვენს ძილად მისვლას.
დიდება ტელევიზორის გამორთვას.
დიდება სიწყნარეს.
დიდება ზამთრის გრძელ ღამეს.
 
2. სძლისპირი
 
დაიძინეთ, დაიძინეთ,
სიზმრებში ჩაიყოლეთ მთელი დღის ფუჭი ხმაური – 
სახლი დაწყნარდება – 
იარაღმომარჯვებული სნაიპერივით გაინაბება. 
როგორც ნავთობში წყლის წვეთი,
სუბლიმირებული ნივთების უკუნ სივრცეში იცურავებს.
კომპიუტერთან მარტო დავრჩები,
ღამის ნათურით განათებულ კლავიატურაზე
ჩემს მუსიკას დავუკრავ – 
ჩემს კაკაფონიას.
 
3. კონდაკი
 
Microsoft  Word – ის სიქათქათე 
გალობის მოლოდინში აკადნუსხურის ფეხებთან
კატასავითაა გაწოლილი და კრუტუნებს.
 
4. ტროპარი
 
იგალობე M Microsoft  Word – ო,
შენი დაუშრეტელი ტევადობით
ამბროსის კანონი იგალობე.
იგალობე USB Flash driver – ო,
შენს ოთხ გიგაბაიტიან ტერიტორიაზე გადატანილი
ამბროსის კანონი იგალობე.
იგალობეთ პრინტერებო,
თქვენს გულ – მუცელში ამობეჭდილი
ამბროსის კანონი იგალობეთ.
იგალობეთ!
 
5. კონდაკი
 
პოეზია მოწინააღმდეგის ზურგში შეხოხებული სნაიპერის
გასროლას ნამდვილად ჰგავს;
ჰგავს ხმას, რომლის მოსმენას არავინ ისურვებს.
ტყვიას ან მოახვედრებს, ან ვერ მოახვედრებს,
გასროლის ხმა კი მსროლელს ორივე შემთხვევაში გასცემს
და მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
 
6. ტროპარი
 
ჯერ სიჩუმეა, დაძაბული სიჩუმეა,
ყველანაირ ფიზიკურ მოვლენას რომ შეიგრძნობს,
ყველანაირ ფსიქიკურ მოვლენას რომ გამოიცნობს
საკუთარ სიღრმეში ჩაყურყუმალავებული.
ამ დროს ფიქრის გაქცევა დამღუპველია.
ამ დროს სიფრთხილე საკუთარ თავზე ზრუნვა არაა,
არამედ დანიშნულ წერტილთან მიახლოვების პირობა.
 
7. კატავასია
 
იმის გარდა, რომ ჩემი არსებობა გაიძულებდეთ
თქვენი ყოფის დასაცავად სულ უფრო და უფრო
საიმედო საშუალებები ეძიოთ, კვალი არ დამრჩეს.
ჩემი სახელი არ იცოდეთ,
მაგრამ ჩემს თქვენთან სადღაც ახლოს ყოფნაში 
ეჭვი არ გეპარებოდეთ.
ჭეშმარიტად.
 
II გალობა
 
1. სტიქირა
 
დილით ქალაქი გაიღვიძებს –
მოქალაქეების სოციალური იერარქიული მდგომარეობის შესაბამისად
თვალის დახუჭვის, წაყრუების ქალაქი.
ვერტიკალურად მზარდი საკრალიზებულობის ქალაქი.
სისტემა იმდენად საკრალიზებულია,
მის მოსპობაზე არავინ ოცნებობს,
ადგილის შეცვლაზე ოცნებობენ –
დაბალ ფენებს მაღალი ფენების წარმომადგენლების
მხოლოდ შურთ და მათ ყოფას შენატრიან,
სხვებს თვალი რომ დაახუჭვინონ, წააყრუებინონ
და არც თუ ისე წმინდა გულისთქმა დაიკმაყოფილონ.
 
2. კონდაკი
 
მოვედი და ამ ხალხის ენა ჩავიდგი,
რომ ადვილად გაეგოთ ჩემი სიტყვა,
მაგრამ მათი ენა ქლესა იყო,
შემზიზღდა და გადმოვაფურთხე.
 
3. ტროპარი
 
ევფემიზმი გიყვართ.
თქვენს მცდელობაში, ზნეობრივები იყოთ,
უფრო მეტი სიბილწეა,
ვიდრე თქვენს მიერ მიჩქმალულ სიტყვებში.
 
4. ჟამი ჟამისა
 
ვინ არის ჩემი მეგობარი?
ვისთან ვილაპარაკო?
ჩემთან ერთად ვინ ილაპარაკებს?
ჩემთან ერთად ვინ იმოქმედებს?
ისეთი სიტყვებია საჭირო,
ქალაქში ფსევდოკეთილდღეობის ნიშნად
შეფერადებული ფრონტისპისებივით ყალბ ადამიანებს
ცეცხლით მოტრუსულ მატლებივით რომ აასხმარტალებს.
საჭიროა ისე ქცევა,
რომლისთვისაც მოინდომებენ გვცემონ.
ვინ არის ჩემი მეგობარი?
ჩემთან ვინ არის?
 
5. ტროპარი 
 
მიწისქვეშეთში ვცხოვრობ.
კანალიზაციის შავ – მწვანე სოკოსავით
თქვენს განავალზე ამოვიზარდე.
მე თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოვადგენ
და სანამდე შიგთავსი სიბინძურით სავსე გაქვთ,
მანამდე ვიარსებებ,
სუნთქვას მანამდე შეგაკვრევინებთ.
 
6. კატავასია
 
ვისაც ძალა აქვს,
ის ყველაფერზე მაღლა დგას.
ძალა გეგემრიელებათ?
მაგრამ თქვენ ხომ გემოვნება არ გაგაჩნიათ.
 
III გალობა
 
1. ფსალმუნი
 
ნათქვამია: მიეცით კეისარს კეისრისა
და ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, საშემოსავლო ბეგარას,
სწავლის საფასურს...
ბიუჯეტის შესავსებად მრავალნაირად გვაჯარიმებენ,
ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული
და საპროცესო გარიგებებს ვდებთ და ვიხდით, ციხეში რომ არ მოვხვდეთ,
სადაც პატიმრებს ჯოჯოხეთურ პირობებში ამყოფებენ.
სადაც ტუსაღები ხელფეხშეკრულებივით თრთიან 
ზედამხედველთა თვითნებობის წინაშე.
ასევე ნათქვამია – ღმერთს ღმრთისა
და მის უტვინო მიმდევრებად დანაწილებული ქრისტე,
ათიათასობით ქრისტე, მომრავლებული ქრისტეები,
თავხედი ქრისტუკები ჩვენი სულების გადარჩენისთვის 
დადგენილი პრაისკურანტით თანხებს გამოგვწირავენ
და ეს საკეისრო და საღმრთო სად მიდის,
რას ხმარდება, თუ ვის ხმარდება, დაზუსტებით არავინ იცის.
 
2. ტროპარი
 
ხალხი სულ ითხოვს
სამუშაო ადგილებს,
საარსებო მინიმუმს,
ხელფასისა და პენსიოს გაზრდას,
პატივისცემას,
უფლებებს,
სიმართლეს, სამართალს,
მოწყალებას...
წყალობას ელიან,
არ იციან, რომ ჩამონანათხოვრებს ვერასოდეს დაისაკუთრებენ,
სამაგიეროდ ეს კარგად იციან მთავრობებმა და ღმერთებმა,
ამიტომ ცოტ – ცოტას ყოველთვის იძლევიან,
დაპირებებს მაინც.
 
3. კონდაკი
 
სახელმწიფო მოხელეები თვითუარყოფისკენ მოგვიწოდებენ.
ღვთისმსახურები თვითუარყოფისკენ მოგვიწოდებენ.
სახელმწიფოსთვის, რელიგიისთვის თავდადებას გვიქადაგებენ.
ისინი მოითხოვენ შიშს და ჩვენს დასაშინებლად ღონეს არ ზოგავენ.
მათი მწირი ფანტაზია ქაოსისა და ჯოჯოხეთის სურათებს გვიხატავს.
მალე,
მალე,
მალე 
მათთვის არასახარბიელო ცვლილებების თავიდან ასაცილებლად
ერთმანეთს შეერწყმიან და პროფილაქტიკისთვის,
მომავალი კონფლიქტების აღმოსაფხვრელად პრევენტიულ ომს წამოიწყებენ.
 
4. ტროპარი
 
ყოველ 6 მაისს ვიხილავთ ახალ წმინდანებს,
ამხედრებულ ხელკეტაღმართულ პოლიციელებს,
გამეტებით რომ სცემენ დაუმორჩილებლობის გველეშაპს;
ეს ამბავი დიად უნისონზე წინასწარმეტრყველებს.
 
5. კონდაკი
 
კეისარი + ქრისტე = კეისტე –
უფლის ძედ წოდებული –
ამ ქვეყანაში მის შვილებსა და ნათესავებს
კომფორტი არ მოაკლდებათ.
 
6. კატავასია
 
კეისტე ყველგანმყოფია,
კეისტე ყველაფრის მომსმენია,
კეისტე ყველას უთვალთვალებს.
კეისტე ყველაზე ძლიერია.
კეისტე. კეისტე.
მისი სახელია – ძალაუფლება, რომელიც არის.
 
IV გალობა
 
1. სძლისპირი
 
გაბმული ზუზუნის ქსელის ობობა – ტელევიზორი,
ჩვენი დროით და ენერგიით იკვებება.
დროით და ენერგიით, რომლებიც შეგვეძლო
ტელევიზიებისთვის გამოსათაყვანებელი პროგრამების დამკვეთთა
წინააღმდეგ გამოგვეყენებინა,
ეს უწყინარი ნივთი თავიანთ ნებაზე
გონებათა სამანიპულაციო იარაღად რომ გადააქციეს.
 
2. საწინასწარმეტყველო საკითხავი
 
გამოტვინდები.
გამოტვინდები.
გამოტვინდები.
როცა მეზობელ ქვეყანას კიცხავენ,
თუ დაიჯერებ, რომ შენს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა,
გამოტვინდები.
როცა სამშობლოში ამშენებლობას გახარებენ,
თავს ნუ დაიმშვიდებ, რომ არ გაყვედრიან,
ან შენს ცნობიერებას არ ანგრევენ,
გამოტვინდები.
შეძულებული რეკლამები უფრო კრეატიულია,
ვიდრე მთელი ოცდაოთხ საათიანი სატელევიზიო პროგრამა.
თუ გაშვებული სიუჟეტების მიხედვით
სამყარო უსახური გგონია,
სიყვარული ბანალური გგონია,
სიკეთე მყვირალა გგონია,
ხოლო გარყვნილება პრეტენზიული და მისაბაძი,
გამოტვინდები.
დედამიწა მხოლოდ გარეპორტაჟებული 
ბედნიერი ადამიანებით დასახლებული არაა,
არც ბედნიერებაა ერთგვაროვანი და დიდაქტიკური,
ნაკარნახევ ბედნიერებაზე ოცნებაში კი – 
გამოტვინდები.
თუ გული გიჩვილდება, როცა საჯაროდ ცრემლებს ღვრიან,
ვერ მიხვდები, რომ დაგცინიან და
გამოტვინდები.
თუ უამრავი იუმორისტული შოუს მაყურებელმა
ჩათვალე, რომ საქმე სატირლად არ გაქვს,
გამოტვინდები.
კონფორმისტი ტელევარსკვლავი არტისტების
აბუჩად ასაგდები ფიზიონომია!
კარგ პოეტს მარტო მათი ჩაცმულობა
ბარე ორი სატირული პოემისთვის 
საქილიკო თემად ეყოფა;
თუ მათ შესციცინებ – 
გამოტვინდები.
 
3. ტროპარი
 
ტელევიზორი სითბოში, მაგიდაზე ალკოჰოლის ბოთლივით დგას,
დედაჩემი და მამაჩემი ცისფერ სითხეს
დიდი დოზით ისხამენ და თავს იბრუებენ.
მე კი გაყინულ ოთახში ვწერ სტრიქონებს,
ჩემი მშობლებივით მთვრალი თანამოქალაქეები
გზაჯვარედინებზე რომ გამიპამპულავებენ.
 
4. კონდაკი
     
ჯერ კიდევ უგულებელმყოფენ, მათ პურს რომ არ ვითხოვ
ჯერ კიდევ უგულებელმყოფენ, მათ შოუში რომ არ ვმონაწილეობ.
არამათგანთავსმოხვეულ პრინციპებს ჯერ კიდევ დამიცინებენ,
მაგრამ ცოტა ხანში მათი გავრცელების შიშით მომადგებიან
და ჩემს თვითმკვლელობას ეცდებიან.
 
5. ანტიფონი
 
უნდა გავიქცე! სად 
გავიქცე? უნდა გავიქცე! 
სად გავიქცე? უნდა
გავიქცე! სად გავიქცე?
 
V გალობა
 
1. სძლისპირი
 
ქალაქგარეთ ადრე ტყე იყო.
ქალაქგარეთ ადრე ტყე იყო.
ქალაქგარეთ ადრე ტყე იყო.
ქალაქგარეთ ადრე ტყე იყო.
ადრე ტყე იყო.
 
2. კონდაკი
 
თითოეული მოჭრილი ხის ძირიდან
უჰაერობასავით მგლები ამოიზარდნენ,
ყელში გვწვდნენ, სასუნთქ გზებს გვიკეტავენ –
თითქოს გაჩეხილი ტყეები შურისძიებაზე ოცნებობენ.
 
3. ტროპარი
 
შენი შრიალი ვერასოდეს დამიმშვიდებს აგზნებულ სმენას.
შენს ქვეშ ვერასდროს გავისეირნებ.
შეყვარებულს ვერასოდეს გავუშლი შენს ჩრდილს,
მისი ადგილის განაპირას მშვენიერი სადა ყვავილების ნაცვლად
მდიდრული ნაგვის თაიგულები ყელყარაობენ.
ჩიტების ჭიკჭიკიან ბილიკებს
ყურადღება გასამახვილებელმა ეკალ – ბარდმა გადაუარა
და ქალაქგარე ნატყევრებიდან დაღამებამდე ვბრუნდები.
 
4. წარდგომა
 
აი ქუჩა, აი სახლები, აი ქალაქი,
სადაც ყველა და ყველაფერი დაკავებულია.
მე მოვდივარ უპოვარი და უადგილო.
 
აქ ერთმანეთი ხელში უჭირავთ
და ერთნაირობას ინარჩუნებენ.
მე მოვდივარ უპოვარი.
 
მეტ – ნაკლებობით უკმაყოფილონიც,
რაც შერჩათ იმის დაკარგვის შიშით ხმას არ იღებენ.
მე მოვდივარ უადგილო.
 
აი ადამიანები – პიროვნულის სანაცვლოდ
საზოგადოებრივი კეთილდღეობით გატიკნილი ადამიანები.
მე მოვდივარ უპოვარი.
მე მოვდივარ უადგილო.
 
VI გალობა
 
1. კვერექსი
 
დიდება სიყვარულს ბაღში, წმინდა გიორგის სახელობის
ტაძრის წინ ძელსკამებზე.
დიდება სიყვარულს ძველი სამხატვრო სკოლის
გვერდით შესახვევში.
დიდება სიყვარულს ზაფხულობით სტადიონზე
და მესამე სკოლის ჭიშკართან საღამოობით მიყენებულ მანქანებში.
დიდება სიყვარულს შენობების ბრტყელ სახურავებზე.
დიდება სიყვარულს ოფისებში, სხვების გასვლას
და შემოსვლას შორის.
დიდება სიყვარულს.
 
2. ტროპარი
 
შენს კართან ზღურბლზე შენი ქმრის ფეხსაცმელებს გადავაბიჯებ,
სავარძელში ჩაგიჯდები,
შენს მოდუღებულ ყავას ყლუპ – ყლუპით მივირთმევ
და არ შევიმჩნევ
შენი ქმარი ჩემი კინწისკვრით გაგდების სურვილს რომ ვერ დამალავს...
ოჰ, ნეტავ ვინმე დაურეკავდეს და
შინიდან წასასვლელი გახდებოდეს.
 
3. ტროპარი
 
სიყვარული მიმკერძოებელია და ზნეობრივია.
ჩვენი სიყვარული კი უზნეოა და უანგარო.                     
მას დაგმობენ და დაწყევლიან,
ამიტომ არ დაიმალება,
სამთავრობო ჯარების მიერ ტყვიებით დაცხრილული,
მაგრამ ჯერ კიდევ წაუქცეველ დროშასავით იფრიალებს იგი – 
დაუკანონებელი, უკურთხებელი სიყვარული.
 
4. კონდაკი
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთმანეთის
სასქესო ორგანოებს სიყვარულით ვეალერსებით,
მაგრამ ძაღლები არ ვართ, მხოლოდ რომ ვიტყნაუროთ
და მეტი არაფერი ვქნათ – 
ჩვენი კავშირი არის ტერორისტული აქტი
მიზანმიმართული
ხალხმრავალი ადგილების ასაფეთქებლად.
 
5. კატავასია
 
შიშველი ვარ.
შიშველი ხარ.
მოლოქი ჩვეული ჩლუნგის ბოროტული თავდაჯერებით გვიყურებს.
მან ბევრი ჩვენნაირი მოინელა და
არ ჰგონია, რომ გადაგვყლაპავს,
განსხვავებული გემო ჩაგვატანოს.
ჩვენ კი მოლოქის – 
მოლოქისა და მოლოქის ხალხის –
ხალხად ქცეული მოლოქის თუ
მოლოქად ქცეული ხალხის გულ – ღვიძლში
ვერთდებით, როგორც ტროტილი და დეტონატორი.
 
VII
 
იბაკო
 
პოემა შეგიძლიათ მომიწონოთ,
შეგიძლიათ დამიწუნოთ,
ის კარგია თუ ცუდი, მარტო მე მეცოდინება,
მარტო მე მეცოდინება დასახულ ამოცანას თავი როგორ გავართვი.
არაფერი – აი, რაზე მინდოდა დამეწერა.
 
იკოსი
 
აი პერიფრაზი საყვარელი ციტატისა:
არავის ვუხდი ქუდს,
იმიტომ კი არა, რომ საერთო ქუდში მაქვს თავი შერგული
და მოხდა არ მიწევს, - 
არა,
ქუდი არ მახურავს.
 
მინდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისთვის
ყველა დამნაშავე ვიყოთ,
მაშინ ჩვენს წინაშე დამნაშავეებად თავად ისინი გადაიქცეოდნენ.
აბა რა არის სახელმწიფო, რომელსაც არ ემორჩილებიან
და ღმერთი, რომელსაც არ აღიარებენ?!
ვიცი, გძულთ პოლიცია,
თვითონ კი საზოგადოებრივად კორექტული პოლიციელები ხართ.
 
ყველას გვაქვს ძალა 
და უმჯობესია იგი საკუთარ თავებს მოვახმაროთ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული