• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დაბნეული ანგელოზების საქმენი და უხამსობანი

×
ავტორის გვერდი ჰანს არპი 00 , 0000 2364
თარგმნა დათო ბარბაქაძემ
 
შტრასბურგული კონფიგურაცია
 
1
 
მე ბუნებაში დავიბადე. მე შტრასბურგში დავიბადე. მე ღრუბელში დავიბადე. მე ტუმბოში დავიბადე. მე ბოლოკაბაში დავიბადე.
ოთხი ბუნება მაქვს. ორი ნივთი მაქვს. ხუთი გრძნობა მაქვს. გრძნობა უნივთობაა. ბუნება უაზრობაა. ადგილი და ბუნებისთვის და. ბუნება თეთრი არწივია. ადგილი დადა ბუნებისთვის დადა.
მე ხუთღილიან წიგნს ვძერწავ. ხელოვნების კაფვა შავი ჭკუასუსტობაა.
დადა ციურიხში დაიბადა. ციურიხს რომ შტრასბურგი გამოვაკლოთ დარჩება 1916.
 
2
 
ნიმფა სიცოცხლის კუთვნილებაა.
გენერალს ბუნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
პირამიდულ ტუმბოს აქვს ოთხი ღილი ორი ხვრელი. პირამიდული ტუმბო ბუნებაში შავ ფრთოსნებს ტუმბავს. მე ვტუმბავ ბუნებას. შენ ტუმბავ ხელოვნებას.
შტრასბურგი ღრუბელზე მდებარეობს.
ხუთი ცოცხი წევს. ოთხი ცოცხი ზის. ორი ცოცხი დგას.
იცი ბუნება ღილია. იცი ბუნება შავი ხვრელია. იცი ხელოვნება შავი ხვრელია. ყველა ხვრელში ღრუბელია. გამომიძერწე ხვრელში ხვრელი და ამ ხვრელში ორი ხვრელი და თითოეულ ამ ორ ხვრელში ოთხი ხვრელი და თითოეულ ამ ოთხ ხვრელში ხუთი ხვრელი.
სიხარულთა შორის ღრუბლის ტუმბო ბოლოკაბიან ღრუბლებს ტუმბავს. ღრუბლის ტუმბო ტუმბავს ნიმფური ხელოვნების ბოლოკაბის საპირისპიროდ.
 
3
 
მე შტრასბურგში დავიბადე.
მე ლექსების ხუთი წიგნი გამოვეცი. ამ წიგნთა სახელებია სამი ფრინველი – ღრუბლების ტუმბო – პირამიდების ბოლოკაბა – თეთრცოდნობ შავტუხობ – ოთხი ღილი ორი ხვრელი ოთხი ცოცხი.
1916-ში ციურიხში სიხარულთა შორის დადა ვშობე. დადა არის უაზრობისთვის ეს არ ნიშნავს სისულელეს. დადა უაზროა როგორც ბუნება და სიცოცხლე. დადა არის ბუნებისთვის და ხელოვნების საპირისპიროდ. დადას ისე როგორც ბუნებას სურს ყოველ ნივთს მისი არსებითი ადგილი მიანიჭოს.
გარდა ამისა ნაწილობრივ მჯდომარე ნაწილობრივ ფეხზემდგომი ქანდაკებას ვეკუთვნი. ვერავინ დამიმტკიცებს რომ ოდესმე ერთი ნიმფა ერთი გენერალი ან ერთი არწივი მაინც გამომიძერწავს.
 
4
 
იცი ვერავინ დამიმტკიცებს რომ მე არ ვარ არწივი. არწივი სიცოცხლეს ეკუთვნის. იცი არწივს ხუთი სიცოცხლე და ოთხი ბუნება აქვს. იცი არწივს გარდა ამისა სახელწოდებაც აქვს. შენ შავტუხობ გენერალს ხუთი სახელწოდება აქვს ხუთი ღილი თავის ორ გრძნობაზე და ოთხი ხვრელი თავის სიხარულებში. მაგრამ ბუნება და მე სიხარულთა და შობილ ნივთთა წინააღმდეგი ვართ. ბუნება წევს ზის თუ დგას სიცოცხლეს ეკუთვნის.
თეთრბოლოკაბიანი შავი ღრუბელი სიხარულთა შორის ფრინველნივთს ბადებს.
 
 
 
 
*  *  *
 
ვაი ჩვენი კეთილი კასპარი მოკვდა.
ვინ უნდა ატაროს ამის მერე შავი ხუმრობით ღრუბლის კულულში გადამალული მობრდღვიალე დროშა.
ვინ დაფქვავს ამის მერე ყავას ძველ კასრში.
ვინ დაამზადებს ამის მერე გაქვავებული პარკისგან იდილიურ შველს.
ვინ აურდაურევს ამის მერე გემებს ზღვაში მისალმებაში ქოლგაში ხოლო ქარებს მეფუტკრის ძახილში ოზონის თითისტარში თქვენო უდიდებულესობავ-ში.
ვაი ვაი ვაი ჩვენი კეთილი კასპარი მოკვდა. ცაოწმიდავ კასპარი მოკვდა.
მისი სახელი როცა ჩაესმით ზართა ბეღლებში მწუხარებისგან გულსაკლავად გრუხუნებენ ჩალის გემები. ამიტომაც განვაგრძობ მოთქმით მისი გვარის გამეორებას კასპარ კასპარ.
რატომ დაგვტოვე. რა სახით მოგზაურობს ახლა შენი მშვენიერი დიადი სული. ვარსკვლავად იქეც თუ მხურვალე ქარიშხალში წყლის ჯაჭვად ან იქნებ შავი სინათლის ჯიქნად ან კლდოვანი არსის მკვნესარე დაფდაფის გამჭვირვალე აგურად.
ახლა კი შრება ჩვენი ქოჩორი და ფეხისგულები და კოცონი აქვთ შენთებული ნახევრადდანახშირებულ ფერიებს.
მზის უკან ახლა შავი კეგელბანი ქუხს და აღარავინ ამუშავებს კომპასებს და ურიკის თვლებს.
ვინ მიუჯდება ამის მერე ფოსფორიზებულ ვირთხასთან ერთად სადილად მარტოსულ ფეხშიშველ მაგიდას.
ვინ განდევნის ამის მერე სიროკოს ეშმაკს როცა მას ცხენების შეცდენა სურს.
ვინ განგვიმარტავს ამის მერე მონოგრამებს ვარსკვლავებზე.
მისი ბიუსტი დაამშვენებს ჭეშმარიტად კეთილშობილ ადამიანთა ბუხრებს მაგრამ ეს არ არის თავის ქალასთვის ნუგეში და საყნოსი თუთუნი.
 
 
 
 
*  *  *
 
ვარსკვლავებიდან შავი ქარები ჯაჭვებივით ჩამოშვებულან.
ბარჯები შავად გალაქულ კედლებს უტევენ.
გავარვარებულან ქალაქთა გეგმები.
შვიდ ბადახშზე მიმორბიან სახლები ან ციბრუტივით ბრუნავენ ბროლებზე.
ფართო ეზოებში ჭექა-ქუხილი მიმოქრის და მწველავი დედოფლები თავიანთი სკამებიდან ყირავდებიან.
მიწის ყელთაგან მოქირავნეები და მოქირავნეთაგან მოქირავნეები ამოდიან თავიანთი გალვანიზებული ობობებით.
სატყუარებს მინის ჩონჩხუკა და ქაოსის მსგავსი ხალხი მოჰყვება.
ვინ ჩაატარებს პაწაწინა ჩვენს კუბოებს ცივი ცისკრის ვარსკვლავქვეშეთში.
 
*  *  *
 
დიდგვაროვანი ქალბატონი საზეიმოდ ტუმბავს ღრუბლებს გათრიმლული ტყავისა და ქვის ტომრებში.
გიგანტური ამწეები უხმოდ ეწევიან მორაკრაკე ტოროლებს ცისკენ.
ბამბის თოჯინებით გამოტენილა ქვიშის კოშკები.
რაბებში ამონიტები დისკოები და დოლაბებია გაგუჯული.
გემებს ჰანსი და გრეტა ჰქვიათ და ცურვას ისე განაგრძობენ რომ ვერაფერს ხვდებიან.
დრაკონი დაღდასმულია წარწერით კუნიგუნდულა და თოკზეა გამობმული.
ქალაქებს ფეხები მოხერხილი აქვთ სამრეკლოებისთვის კი მხოლოდ სარდაფებში გადაადგილების სრული თავისუფლება მიუნიჭებიათ ამიტომაც არ გვევალება ბრჭყალების რქების და ფლუგერების გასუფთავება.
 
 
 
 
 
*  *  *
 
გადაყლაპული ბიჭუნები ჯადოსნურ ბუკს აჟღერებენ.
ოქროს ფეხსაცმლიანი ანგელოზები წითელი ქვებით სავსე ტომრებს აცარიელებენ.
უკვე ისახება ანძები და თანავარსკვლავედები.
მოწყალების დები საჰაერო ციხე-დარბაზთა საფულეთა მიგდებულ ბავშვთა ოხშივრიან ძროხის ნაჭერთა შეკაზმულ კურდღელთა და ახლად გატიკინებულ ლომთა ნაკვალევებს მიუთითებენ.
ცეცხლოვან მანაზე ამხედრებული ფრინველები ზეცას სერავენ.
ცვილისცხვირა ვარსკვლავები თაიგულებს აცემინებენ.
კაცი და თაგვი დამთვრალან და რბილ თითებზე მიცურავენ.
მოცახცახე არყის ხეების თავზე ალმოდებული ლომები მიმოქრიან.
ვისაც კუდი აქვს ის ამ კუდზე ფარანს იმაგრებს. მთელი ღამე თავდაყირა დგანან და დრაკონზე ამხედრებული ცეკვავენ. ლატანზე ცოცვა და სპორტული ჭიდაობა ღამეს ვაუ-ვაუთი ავსებს.
 
 
 
 
 
*  *  *
 
რკინის ტოლჩებიდან მოხარხარე მხეცები ქაფდებიან.
ღრუბლის საგორავები მხეცებს მათივე ძვალ-რბილიდან ერეკებიან.
ქვის ხანის ქვებზე ფლოქვები შიშვლად დამდგარან და გატრუნულან ტოტებთან და თევზის ფხებთან.
ირმის რქები თოვლის გუნდებს ჩხვერენ.
მეფეები სკამებს მთებისკენ მიაჭენებენ და დეკემბრის ბუკით ასე ქადაგებენ: დაუშვით ჩალის ხიდები მოიტანეთ რკინის წერილები უხმოდ და კარგად გასაგონად.
ყინულის ბოთლში გვრიტები იყინებიან.
 
 
 
 
*  *  *
 
ფოთლოვან ტყეებში ავარიაში მოხვედრილ ფრინველთა ბეწვახერხები ჟღურტულებენ
სინგურისფერი კათხის ცხოველები ერთმანეთში ჩინური კოლოფებივით ლაგდებიან
მარიონეტი ვარსკვლავები მარიონეტი ყვავილები და მარიონეტი კაცუნები სამართავ ძაფებს წყვეტენ
კარტეზიანელი მყვინთავები თავიანთი ტარსიკონიანი კარეტებით მიქრიან მარილსახდელებში რომლებიც ლუდოვიკო XIV-ის ბაღებზე უფრო მშვენიერია
ნიშნულიან ჭოკს ნელ-ნელა მაღლა მივუყვები 
ჩემს კვერცხებს საგზაო მანძილის აღმნიშვნელი ქვის სვეტების ხვრელებში ვათავსებ
 
 
 
წამზომი
 
მე რომ როცა
ერთი ორი
მე რომ როცა
სამი ოთხი
მე რომ როცა
რომელია
მე რომ როცა
წიკ-წიკ-წიკ-წიკ
მე რომ როცა
ხუთი ექვსი
მე რომ როცა
შვიდი და რვა
მე რომ როცა
შეჩერდა და
მე რომ როცა
ამოძრავდა
მე რომ როცა
ცხრა და ათი
მე რომ როცა
თერთმეტი და
აი უკვე
თორმეტია.
 
 
 
 
 
საჭიროება
 
დაიძინე უმოკლესო შენ პაწიავ ძინ ძინ ძინ
წაბორძიკდა მამრობითი
წითელია მამრობითი
წითელია შენ და შენ
რა თქმა უნდა მამლაყინწაც
რა თქმა უნდა ყველა ვერძიც
რა თქმა უნდა ვირის ძეხვიც
 
ვაუ ვაუ გლირრვირრლი ცირ
წაბორძიკდა საშუალო
წითელია საშუალო
წითელია შენ და შენ
რა თქმა უნდა დადას ცხენიც
რა თქმა უნდა დადას სახლიც
რა თქმა უნდა ჩაიდანიც
 
დაიძინე უმოკლესო შენ პაწიავ ძინ ძინ ძინ
წაბორძიკდა მდედრობითი
წითელია მდედრობითი
წითელია შენ და შენ
რა თქმა უნდა ფურირემიც
რა თქმა უნდა ძუც და ნეზვიც
რა თქმა უნდა ჩეჩმის ყელიც
 
 
 
 
 
დაბნეული ანგელოზების საქმენი და უხამსობანი
 
დეზერტირი ანგელოზები თოვლივით ბზუიან
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ახალ სამყაროში
მოელვარენი ერთმანეთში სიგრძივ ძვრებიან
ისე როგორც უძირო კასრში
სახერხ ხარიხაზე ნაპერწკლებს აკვესებენ
ათავისუფლებენ მიჯაჭვულ ყვავილებს
და ქვებს ზღვაში გადაუძახებენ
ქვები მათ ფილტვებს ისეთი სასოწარკვეთით ებღაუჭებიან
როგორც დასაძირად განწირული ბგერები მწვანე შეჯამების ფოთლებს
საგალობელთა კრებულებისგან აგებული ბარიკადების უკან ანგელოზები ყვირიან “კოზირი”
ხელიდან იძრობენ ხელთათმანებს
ოთხფეხა სითხეებზე იძინებენ
და წრიულ სულისსაწმენდად გარდაისახებიან
რომელიც უსასრულობაზე ოდნავ მაღლაა დაკიდებული
და ათეისტურ სცენისთავზე უსახელო სხეულად წარმოსდგება
ასეთია ერთ წელს საქმის ვითარება
მეორე წელს დროშების მონაცვლეობა წყდება
შეძახილი კეთილი იყოს თქვენი ფახი ახალ სამყაროში
მხოლოდ ფხრიწფხრეწის რიტუალის აღსრულებისას გაისმის
მაგალითად როცა დროით სავსე ქოთანს მსოფლიოს ქურიდან გადმოდგამენ
მესამე წელს ახალი სამყარო უკვე ძველია
ანგელოზები ფრთებს ინომრავენ
და ტყავის ლარნაკის მსგავსი მოხეტიალე ქარებივით აქროლსურნელება მონდომებიათ
თუმცა ამ სურნელს რაღაც უფრო მძაფრი სურნელი ისე მძლავრად ახშობს
რომ ანგელოზები ამ დროს ორ თანაბრად დიდი ზომის ცივ პორციად მიმოიშლებიან
შავ ფერს აღიარებენ
სახელითა-ს ამინ-ად აქცევენ
გალობის დასაწყისს კი სიმღერის დასასრულად
და ეს მაშინ როცა განუბანელ ორიგინალში
ბოლოსდაბოლოს ანგელოზები ვარსკვლავთა ეტლის ხელნაში ჩაებმებიან
და ქიმერებთან ერთად სამუდამოდ უჩინარდებიან
 
 
 
 
 
ვარდები მიაბიჯებენ ფაიფურის ქუჩებზე
 
ზღაპრის კიდეზე ღამე ვარდებს იქსოვს.
იშლება თაიგული ყარყატთა ნაყოფთა ფარაონთა არფათა.
სიკვდილი თავის კაპკაპა თაიგულს სიცარიელის ფესვებქვეშ დაატარებს.
საკვამურებზე ყარყატები კაპკაპებენ.
ღამე ჩალით გამოტენილი ზღაპარია.
 
ვარდები მიაბიჯებენ ფაიფურის ქუჩებზე თავიანთი წლების გორგლისგან ვარსკვლავს ვარსკვლავზე იქსოვენ.
ვარსკვლავთა შორის ნაყოფს სძინავს.
ცარიელი ქვეყნები ჩალით გამოტენილი წლები მოცინარი ჩემოდნები ცეკვავენ.
ყარყატები ფარაონებს ნთქავენ.
საკვამურებიდან ვარდები იზრდებიან.
 
სიკვდილი ერთმანეთის მიყოლებით ნთქავს წელიწადებს.
ფარაონები ნთქავენ ყარყატებს.
ნაყოფთა შორის ვარსკვლავს სძინავს. ზოგჯერ ძილში ნაზად იცინის როგორც ფაიფურის აფრა.
ჭრიალნი ზღაპარნი ქსოვანი ქუჩანი შეფუთულნი ყარყატნი ცეკვავენ.
ვარდისანი არიან ფესვნი ფარაონთა.
ყარყატები ალაგებენ თავიანთ საკვამურებს თავიანთ ჩემოდნებში და ფარაონთა ქვეყანაში მიფრინავენ.
 
 
 
 
 
 
ადამიანი ფლეიტისტია
 
ადამიანი ფლეიტისტია.
ადამიანი ქნარზე დამკვრელია.
ადამიანი ტაძრის მშენებელია.
მაგრამ ადამიანი სიკვდილის მომტანი ხმლის მჭედელიც არის.
საქმის როგორი ცოდნით არის აღნუსხული ჰომეროსის სიმღერებში ხოცვა-ჟლეტის შედეგები.
ადამიანი მშვენიერებით გაბრუებული ობობაა.
ადამიანი დაუნდობელი მგელია, რომელიც გუგუს იძახის.
ადამიანი მშვილდოსანია, რომელიც ფუტკარას კლავს, უიმედოდ გონებაშეზღუდული მკვლელია, ატომსოკოების მომყვანი მებაღეა, თავზე რომ მამაპაპური ჩაჩი ახურავს და ყველაფერს, რისთვისაც დღემდე მიუღწევია, მიმღწევებითურთ, სამუდამო ჩრდილში გასარიყად წირავს.
ადამიანი ვაუვაუს მყეფარი მოსამართლეა, არასაკმაო საფუძვლის ოთხმაგი ფესვია, რომლის კენწეროზეც ურიცხვი პაწია ფლუგერია დამაგრებული, ბიძია თომას ქოხია, კუთვნილ ფეხებზე მოჯირითე საკონცერტო როიალია.
მაგრამ ადამიანი, ყოვლის უწინარეს, განსახიერებაა უზნეო საქმის, რომელმაც მას, როგორც ჩანს, ფიქრი და ლოცვა დაავიწყა. ადამიანის დანახვისთანავე კისრისტეხით გაქცევა და დედამიწის უღრმეს, უბნელეს ნაპრალებში გადახვეწა სჯობს.
ადამიანი მიმზიდველად მოჩარჩოებული თავისი რვა ღიობიდან გამუდმებით უშვებს ცისფერ ორთქლს, ყავისფერ ბურუსს, რუხ კვამლს.
უგუნური, უსასტიკესი, ცოფით სავსეა მისი სწრაფვის მიზანი. ადამიანს ბუნებრივი ჰგონია არაბუნებრივი მოთხოვნილებები. რაკი ფრთები არ გააჩნია, სურს ფრთები ჰქონდეს და იფრინოს. ფრთები მას განსაკუთრებით იზიდავს. თავი ღმერთად წარმოუდგენია, ტრაკქვეშ ამოდებული ერთი კასრი ბენზინის იმედად ცაში როცა მიჰქრის.
მაგრამ ადამიანი სულჩადგმული კვირტიც არის.
მაგრამ ადამიანი პოეტიც არის.
მაგრამ ადამიანი წმინდანიც არის, ცისარტყელასფერებიანი ანგელოზი.
 
 
 
 
 
 
სიბნელე ხდება უფრო ბნელი
 
უფრო და უფრო ბნელი ხდება მიწის სიბნელე.
სწორედ სიბნელები მრავლდებიან პარაზიტისებრნი
ხმაურადამიანები
ბომბმზარეულები
მანქანსაყვარლები
კენტავრები, ნახევრად ადამიანი ნახევრად მანქანა
ფეხბურთის ბურთის თავიანი ადამიანები
ადამიანები რომლებსაც აღარაფერი აკავშირებთ ოდინდელ გულთან 
ადამიანები, რომლებიც თავდაყირა დგანან და ფიქრობენ, რომ ყველა სხვაც თავდაყირა დგას და დადის.
რაც უფრო მოჩვენებითად უაზროდ მრისხანებენ, ხმაურობენ, ფეთქდებიან, უმავთულოდ ვრცელდებიან, განიბნევიან, ზებგერითი სიჩქარით ფრენენ,
მით მეტად ბნელი ხდება სიბნელე ჩვენს მიწაზე.
რაც უფრო მძლავრად ამოიქშენენ ადამიანები პროგრესის ფოლადოვანი კოშკებიდან,
რაც უფრო აბეტონებენ მთებს და ველებს ადამიანები,
მით მეტად ბნელი ხდება სიბნელე ჩვენს მიწაზე.
რაც უფრო მონდომებით ფუთფუთებენ ადამიანები ღმერთის სამოსის ნაკეცებში,
რაც უფრო ზარატუსტრობენ და გაურიშანკარობენ,
მით მეტად ბნელი ხდება სიბნელე ჩვენს მიწაზე.
 
 
ვაკე
 
ვაკეზე რომელიც ცარიელ ჰორიზონტს ერწყმოდა სკამზე ვიჯექი.
ვაკე ბეჯითად იყო მოასფალტებული.
ჩემსა და სკამს გარდა არაფერი უკეთ თითქმის არაფერი მოიხილებოდა.
ცა იყო უცვლელად მტრედისფერი.
მზე არ მატებდა მას სიცოცხლეს.
ამოუხსნელი გონებისმიერი ნათელი ასხივოსნებდა უკიდეგანო ვაკეს.
სხვა სამყაროდან ხელოვნურად პროეცირდება მეთქი ეს მარადი დღე ასე მეგონა.
არც მეძინებოდა არც მშიოდა არც მწყუროდა არც მცხელოდა არც მციოდა.
რაკი ვაკეზე არაფერი ხდებოდა და არაფერი იცვლებოდა
დრო იყო მხოლოდ მოჩვენებითი.
მცირედი დრო მხოლოდ ჩემში ცოცხლობდა ისევ
უმთავრესად სკამის წყალობით.
სწორედ ამ სკამზე ყურადღების შედეგი იყო მთლად რომ ჯერაც არ დამეკარგა წარსულის გრძნობა.
დროდადრო ისე ვახტებოდი სკამს როგორ ცხენი.
ხან პირდაპირ გავრბოდი და ხან სკამს ირგვლივ ჩორთით ვუვლიდი.
ვფიქრობ ამ საქმეს ვახერხებდი
და ან სულაც ვერ ვახერხებდი
სივრცეში ხომ ვერაფერი მოვიხილე
რასთან მიმართებითაც ჩემი მოძრაობის დადგენას შევძლებდი.
ვიჯექი სკამზე ვფიქრობდი დამწუხრებული მაგრამ არა სასოწარკვეთილი
იმის გამო რომ სამყაროს გული ასეთ შავ ნათელს ასხივებდა.
 
 
 
 
 
 
ტყვიის ბრტყელი ღრუბელი
 
კაცი
რომელიც ბაყაყს ჰგავს
ზურგზე ახტება
მეორე კაცს
რომელიც ბაყაყს ჰგავს.
გოგონა
რომელიც მტრედს ჰგავს
ნატიფი კლანჭიანი თითებით
ცის ჯიქნიდან
ჯამში მცირეოდენ ცისფერ რძეს წველის.
ადამიანები
რომლებიც ბოცვრებს ჰგვანან
მოედანზე სკუპ-სკუპით დახტიან.
რა ხანია უდარაჯებდა
ტყვიის ბრტყელი ღრუბელი
ამ ბოცვრის მსგავს ადამიანებს.
ფრთხილად და სწრაფად ეშვება და
ჭყლეტს ბოცვრის მსგავს ადამიანებს.
როცა ღრუბელი ცას უბრუნდება
ბოცვრის მსგავსი ადამიანები მოედანზე
წვანან ბრტყლად და სუფთად
და სულ მალე შრებიან მზეზე.
ისინი გასრესილ ყვავილებს ჰგვანან.
მიმინოს მსგავსი
ფხიანი ვაჭარი
ჭირისუფლებისგან
ყიდულობს გაბრტყელებულ ადამიანებს
და დიდსულოვნად იხდის სოლიდურ თანხას
და ასეთივე დიდსულოვნებით მაშინვე ყიდის მათ
უმნიშვნელო საფასურად
ოქროს რასის წარმომადგენელ მოგზაურზე
რომელიც ნიანგს ჰგავს.
 
 
 
 
 
 
თოჯინები
 
ჩემი თავი თოვლის გუნდაა.
ჩემი ხელები და ფეხები შავი სველი ტოტებია.
ჩემი გული კოცნის ყლუპია.
მე საწყალი და ნახევრად გალეული
მაგრამ მაინც ძლიერ საყვარელი ვარ.
 
.
 
ზოგჯერ თავი ადამიანები გვგონია და არა თოჯინები ისეთი საბრალოა ჩვენი სულიერი მდგომარეობა.
ყალბ აწმყოშია დაკიდებული გახუნებული ჩვენი ოცნებები.
დღის ცხადი მუსიკა ჩვენს თვალწინ ცამტვერდება.
ვარსკვლავების მთელი ფარაც ხომ ავისმომასწავებლად დაგვნათის.
 
.
 
მე სასიკვდილო თოჯინა ვარ.
ძვალივით მაგარი ვარ.
ვიდრე ადამიანი მოკვდებოდეს
ჩემს წვალებას ბოლო არ უჩანს.
 
.
 
ისინი მწოვდნენ
სახსრებს მაგლეჯდნენ
და მკოცნიდნენ და ისევ მწოვდნენ
და ჩემით მაიმუნობანას თამაშობდნენ.
ჩემი კოცნები ნაცარტუტად იქცა.
ჩაქრნენ ჩემი ყვავილნარები.
ერთმანეთის მიყოლებით დადუმდნენ ჩემი წყაროები.
აი უკვე გამოღლილი გახუნებული და ცარიელი ვარ
ცარიელი როგორც გამოცლილი კათხა.
დედამიწაც გამოცლილი კათხაა და მეტი არაფერი.
 
.
 
მე არც დიდი ვარ და არც პატარა.
მე გაურშემოუწერლობიდან მოვდივარ.
იქ არ სურნელებენ ბაგეები.
იქ არ ციმციმებენ ნამდვილი ვარსკვლავები
ტკბილ ზმანებაში.
მე ყალბი ცის ქვეშ
შუშის ხილეულით ვთამაშობ
და ფრთხილად ვცდილობ ორმოში მათ ჩაყრას.
 
.
 
როცა ისინი ჩვენით თამაშობენ
ბოროტი თამაშისთვის სასიამოვნო იერს ვირგებთ.
ჩვენ გვეზიზღება მათი ხვევნა-კოცნა.
ჩვენ გვეზიზღება მათი ალერსი და ხვნეშა.
ვინ გაგვათავისუფლებს ამ საზიზღარი არსებებისგან
რომლებსაც თამაშის არაფერი გაეგებათ.
 
.
 
მე არ ვარ ელვა.
მე თოჯინა ვარ.
მე არ ვარ ცეცხლი.
მე თოჯინა ვარ.
მაგრამ უწყვეტად ბრიალი და ელვარება მსურს.
სულიც უთუოდ დამამშვენებდა.
რატომ არ ვარ სიმღერა?
რატომ არ მაქვს ფრთები?
ნუთუ არვის სურს ვერცხლისფერი
შლეიფი მაინც მისახსოვროს?
ვერცხლისფერი შლეიფი
ვერცხლისფერი ნაკადული
ჩემს უკან რომ მიჩუხჩუხებს.
არც ფაიფურის ქუდი იქნებოდა
ჩემი თავისთვის ზედმეტი.
ის ხომ ისევე საჭიროა
როგორც ჯვარი სამრეკლოს თავზე.
მე ღარიბი ვარ.
მე შიშველი ვარ.
არადა რას არ მპირდებოდნენ.
 
.
 
მე მომღერალი თოჯინა ვარ.
ვმღერი და დავფრენ.
 
.
 
მე ადამიანიხორცშესხმული თოჯინა ვარ
კაციჭამია ბატონებისთვის.
ძალღონეს არ ვიშურებ
მათი ბობოქარი მგლური მადის დასაცხრობად.
 
.
 
მე ცომის თოჯინა ვარ.
მაგრამ მე ჩემს ცომს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
ჩემი თვალები გამხმარი ჩამიჩის მარცვლებია.
არ ვიცი როცა გამოვცხვები
ჩემგან ხეირი თუ იქნება.
 
 
 
 
 
ადამიანები
 
რუხად შეღებილი თავმდაბალი სკამადამიანები
რომლებსაც არ სურთ სხვა რამედ ყოფნა
თუ არა სკამად რომელზეც სხვები სხდებიან.
 
.
 
ღრუბელადამიანები რომლებიც თავს თვითვე იშობენ.
 
.
 
უჭიპო არა-ადამიანები რომლებსაც გაუმჯობესება მონდომებიათ
და ბრმებივით ფრთხილად
ისინჯავენ ადამიანის საჭიპე ადგილს.
 
.
 
ხვრელადამიანები რომლებშიც ლარივით სწორი
გზა მიდის პროგრესული ჯოჯოხეთისკენ.
ხვრელადამიანები რომლებიც ფიჭას აწარმოებენ
მაგრამ ცოტა თაფლს.
 
.
 
თეთრი აუწერელი ძაფისგან შემდგარი
გრძელი გრძელი წვრილი ძაფადამიანები
კოჭზე რომელთა დახვევა და
შარვლის ჯიბით ტარება მოსახერხებელია.
 
.
 
ადამიანები რომლებსაც ისეთი შეგრძნება აქვთ
რომ მალე ქვები დამწიფდებიან.
 
.
 
ადამიანები რომლებიც ფიქრობენ
რომ აზრი არა აქვს
ორ წინა ფეხთან ერთად
უკან კიდევ ორი ფეხი გამოისხან
და რომ უფსკრულში გადასახტომად
ერთადერთი ფეხიც საკმარისია.
 
.
 
მაჩვენებელადამიანები რომლებიც კედელზე საჭიროებისამებრ მიმაგრებულები
მაშინვე ისარივით ბრუნვას იწყებენ
კუკკუკ კუკკუკ-ს იძახიან
და დროს აჩვენებენ.
 
.
 
ადამიანები რომლებიც სიკვდილის მერე მანათობელი მზეები ხდებიან.
 
.
 
ადამიანები რომლებიც არიან ზღვა
რომელიც თაიგულებით კამათელს აგორებს.
 
.
 
ადამიანები რომლებიც ნაზად მანათობელი კვერცხადქცეული მთვარეები არიან.
 
.
 
ადამიანები რომლებიც არაბული ერთიანივით
ადიან მატარებელში
იქიდან კი ჩამოდიან
რომაული ერთიანივით.
 
.
 
ადამიანები თავიანთ თავს ეუბნებიან:
განუწყვეტლივ დავრგოთ და დავრგოთ
სულერთია ქოლგები იქნება თუ პოტიომკინის ხიშტები
ჩეხური თუ ესპანური სოფლების უკან
მძვინვარების გამომწვევი.
სჯობს ცივი საზღვრების დაწესება.
სჯობს სანამ არსებობს
პერიდრომი არ მივატოვოთ.
 
.
 
ადამიანები რომლებიც კენჭებს აცხიკინებენ.
 
.
 
კენტავრადამიანები ნახევრადადამიანი ნახევრადმანქანა.
 
.
 
ჭორიკანა ადამიანები რომლებიც გაუთავებლად ლაყბობენ.
 
.
 
ადამიანები რომლებიც
საინტერესოს ვერაფერს ხედავენ პირველმიზეზში
და ურჩევნიათ ამ ცხოვრების დინებას მიჰყვნენ
ხოლო ცხვირწაგვრილ მათ სახეზე
სამი ერთმანეთზე მკაცრად დალაგებული და მოვლილი
ჰერალდიკურად სტილიზებული ულვაში
ყოველთვის ბეჯითად ივარცხნება იქანდება და ლაკით იფარება.
 
.
 
კატისთავიანი ადამიანი
კატის უჩვეულოდ დიდთავიანი ადამიანი
კნავილით ამოხტება
შავმწვანე ჭაობიდან
და გაუთავებლად მოთქვამს
ამ დროს კი მისი ხახა შემაშფოთებლად ფართოდ იღება.
მრავალი შიშველი არსება იხრჩობა მის ირგვლივ
ისინი მწვანე შლამიან წყალში
სასოწარკვეთილი იქნევენ ხელებს.
ჩანს საგანგებოდ წყალში დასახრჩობად
გაშიშვლებულან
უკანასკნელ სამოსამდე.
გრძელი თრევადი კუდით აღჭურვილი
უკანალი კი
წყალზე ისე დააბიჯებს
როგორც ჩვენ მიწის ზედაპირზე.
უკვე ჰაერში მიმოცურავს თევზების გუნდი
ხოლო ფრინველთა გუნდი ღრმა წყალში ფრენს.
შავმწვანე ნაპრალებიდან და ხახებიდან ორთქლი ამოდის.
დროდადრო ერთი ბუჩქიდან მეორე ბუჩქისკენ
აკივლებული შიშველი ქალი გარბის.
გააუპატიურეს
თუ კივილით ლამობს
თავისი გაუპატიურების
სურვილის გამოთქმას?
რაკი სიბნელე ძლიერდება
კლანჭებში ჩირაღდანმომარჯვებული დიდი ფრინველები ჩნდებიან
ლანდშაფტი რომ ოდნავ მაინც გაანათონ.
დაპატიჟებული სტუმრები ერთმანეთს ეკითხებიან
სად მოვხვდით
და რას ნიშნავს ეს ყველაფერიო.
უფრო და უფრო ბნელდება ჰაერი.
ჰაერში მატულობს თევზების გუნდი.
წყალი პირიქით უფრო ნათდება
მიუხედავად იმისა რომ ფრინველების გუნდი
წყლის სიღრმეში სულ უფრო მრავლდება.
 
.
 
ადამიანს სურს იფილოსოფოსოს
მაგრამ ჩანგალი ეუბნება: ან შენ და ან მე.
არც ადამიანია ცუდი ოპონენტი.
იგი მოხერხებულად უსხლტება ჩანგალს.
ჩანგალი კი მაინც ახერხებს
დიდი რკალით
თავის თავზემოთ მის მოსროლას.
ადამიანი თეფშების კოლონის პირისპირ მოადენს ზღართანს.
თეფშები ნამსხვრევებად ქცევამდე ხარხარებენ.
ადამიანი წამოხტება
და ყლაპავს ჩანგალს.
აი მაშინ კი მისი თვალები
შუშის ღილებად იქცევიან
და თავიდან ცვივიან.
ბავშვები
რომლებსაც არც ადამიანები ადარდებთ
და არც ჩანგლები
ამ თვალებს
სათამაშო კენჭებივით მალავენ ჯიბეში.
 
 
 
 
 
 
თაგვები და კატები
 
კატისთავიანი თაგვები
და თაგვისტანიანი კატები.
 
რუხი ღრუბლის დიდი თაგვები.
 
კატა რომელსაც კუდად ეზრდება
ცოცხალი თევზი
და ჯერ ბოლომდე არ გაზრდია
ხოლო კატა მას უკვე სანსლავს
მაგრამ თევზი ისევ და ისევ
ზრდას განაგრძობს უმალ ხელახლა.
 
კატა რომლის შუბლზეც
ბრილიანტის კოცნებით გაწყობილი დიადემა ბრწყინავს
უფსკრულის
მღელვარე მკერდზე ჩამომჯდარა.
 
კატების თვალები ელვარედ
ელავენ.
 
კატები რომელთაც
ეტყობათ
ერთი მხრივ ომი სწყურიათ
მეორე მხრივ კი კარგად ხედავენ
რომ უფრო მომგებიანია
გაგუჯული ტრომბონებით
სავაჭროდ მორჩილად ხეტიალი.
 
მოედანზე
თაგვისტანიანი კატები ცეკვავენ
კატისტანიანი თაგვების
დაკრულზე.
 
 
 
 
 
სად
 
სად არიან ოცნებები?
ბროლის გემებზე.
სად არიან ბროლის გემები?
პირველ-იების ქვეყანაში.
სად არის პირველი იების ქვეყანა?
მეოცნებეთა გულებში.
 
 
მომზირალი
 
საუცხოო პროფესია აქვს
მომზირალს
კაცს რომელიც მზერაზეა
თავდავიწყებით შეყვარებული.
მეზღვაურის პროფესია
ანუ იმ კაცის პროფესია ვინც ზღვას მიაპობს
ზღვაოსნის პროფესია
დასაწუნი სულაც არ არის
მაგრამ მომზირლისას
ცხრა ზღვა აშორებს.
მომზირალი თავისი მზერით
არა მარტო ზღვას მიაპობს
არამედ ჰაერსაც მიწასაც ცეცხლსაც.
მომზირლის მზერა მზერებს აპობს
იგი ცაში ვარსკვლავებს კოცნის.
დღისით თუ ღამით
მისი თვალები ოცნების სიღრმეებს ეამბორებიან.
ის არ იბნევა
როცა ზღაპრის კაპიტან მანდილოსნებს
თავიანთი ზღაპრული გემებით
ნათლის ღუზები ნათლის შუქი ნათლის წერტილები
და იმედის სხივები მოაქვთ.
 
 
 
 
სამწუხაროდ არა
 
ვინ ვარ მე?
იქნებ უგზო-უკვლოდ გამქრალი გუგული ვარ
მარადისობიდან
სულ რაღაც წამით რომ უნდა გაჩნდეს
და გუგუ დაიძახოს?
ვინ ვარ მე?
რატომ ჯერაც არ მომხდარა
რომ ერთხელ მაინც ჩემთვის
ხელი გულიანად ჩამომერთმიოს.
ვინ ვარ მე?
იქნებ ნაგლეჯი ვარ
მამულის სისხლად მომდინარე წყეული ფერხულის?
იქნებ ქარსმიცემული უაზრობის
ზებგერითი სიჩქარის ჩქარი ფიტულის
დაფლეთილი ურჩი ჩანჩქერის ნაფლეთი ვარ?
ვინ ვარ მე?
არა მე არ ვარ სამწუხაროდ 
ქალთევზას რჩეული.
 
 
Who is who
 
Who is who.
Where is where.
ვინ არის ვინ.
Who is who.
იცის ვინ რა.
რა არის ის.
იქნებ ქაფია.
იქნებ მოჩვენებაა.
იქნებ ლივლივაა შავ ჰაერში.
სად არის ის.
ჭიპში.
პირში.
თვალში.
ის კბენს ნაკბენებს და ბზარებს
იოლად მისაწვდომ ზედაპირულ წყლებში.
იქნებ გადაცმულია
და თავის თავს ვეღარ ცნობს
მედუზისებრ ლორწოვან მელნებში.
ან იქნებ სულაც
თვალის დახამხამებაში ჩაიქროლა.
გონს მალე მოეგება.
ვინ არის ვინ.
Who is who.
ის ზუზუნებს.
ყარყუმის ბეწვით შემოსილი ბობოქრობს.
სწრაფი ვარდნით ჩაეზრდება საკუთარ თავს.
საკუთარ აბლაბუდაში ქუხს.
ის ყვება ამბებს
მაგრამ ურჩევნია ნაზი თვალები ჰქონდეს
და დაცინვით გული იჯეროს.
მას ზღაპრები აღარ გაათბობს.
ალისფერი მკბენარები სულ კბენ-კბენით იკბინებიან.
 
 
 
 
 
ადამიანს ეხება საქმე
 
რას ეხება საქმე?
საქმე ეხება ადამიანს.
რა მოხდა?
მოხდა ადამიანი
რომელსაც გული აქვს
რომელსაც გული არა აქვს 
რომელიც ფაიფურის ჩექმებით
ხტება ბრინჯაოს უფსკრულში 
რომელიც შიშველი ხელებით
გარს ურბენს მიწას
რომელიც ვარსკვლავეთის
განვარსკვლავებას ცდილობს
რომელიც განვარსკვლავეთის
შევარსკვლავებას ცდილობს.
მერე კი ბრდღვინავს: მაღლა მაღლა მაღლა!
გაუმარჯოს აჯაფსანდლად ქცეულ დროშას.
გაუმარჯოს ვილჰელმ ტელს და მის ვაშლებს.
ჩვენ გვინდა ისევ გვყავდეს
ძლიერი ევას მკლავებში გამომწყვდეული ვილჰელმ ტელები.
რას ეხება საქმე?
რა მოხდა?
საქმე ეხება ბინძურ გარიგებას.
საქმე ეხება
ძველმოდურად გადაქცეულ
მაღალ სფეროებს.
ნეხვის გორას
დამძაღებულ მაღალ სფეროებს
მოშთობილ იშთარს 
უამრავ წვერს
პაპაჩვენის წითელწვერებს
ბოლოს რომ ისევ
მარმარილოს მაგიდებს შორის ყვავილობა მოსურვებიათ.
 
 
 
 
ლოცვა
 
წმინდაო ნათელო
გვიხსენ ჩვენ უაზრობისგან.
გვიხსენ ჩვენ უაზრობის
უაზრო ავადმყოფობისგან.
არ კმარა
დროდადრო
ცრემლის წვეთი
რომ ეცემა
დედამიწის გახურებულ ქვას.
გვიხსენი ჩვენ
უაზრობის სუტენიორებისგან
მოზეიმე კაციჭამიებისგან
მოტრაბახე მყვირალა მაიმუნებისგან.
თავგზა აგვბნევია უაზრო ტანჯვაში.
ჩვენ ქვიშის მარადიული მგზავრები ვართ.
ჩვენ გახურებული ქვიშის
ქვეშაგებში ვბრუნავთ.
ეს სასაცილოა
ეს სატირალია
ეს ყველაფერი ჭკუიდან შეგვშლის.
ვაი ჩვენ უპოვართ უგუნურთ.
რა შეშლილობას შევუპყრივართ.
 
 
 
 
 
*  *  *
 
დაიწყო
დიდი უსასრულო დღესასწაული.
ჩვენ ყველა
მბრწყინავ ანგელოზებად
გადავიქეცით.
ჩვენი თვალები 
მანათობელი ვარსკვლავებია.
ენით აუწერელია
ჩემი ათეისტი მეგობრების
გამომეტყველება.
ისინი უხარისხოდ შეღებილებს
ჰგვანან.
გაუპატიურებულებს გაკვირვებულებს
ძველი ჩვეულებით
გემრიელი მკრეხელობების ამონთხევა მონდომებიათ.
ამაოდ
ბერავენ ისინი
ლოყებს
რადგან
მათი პირიდან ამოსულ
ერთ ალელუიას
უმალ მეორე ენაცვლება.
 
 
 
 
ოცნების მარადიული ყვავილები
 
მიწის საგიჟეთიდან
გაქცევა მონდომებია საწყალ კაცს.
ამაოდ ეძებს გამოსავალს
და ამასთან მშიერიც არის.
დიახ სრულიად არაფერი აბადია
არც ხილული არც უხილავი.
 
.
 
თუმცა მოახერხა
და მოგზაურ სულთა
შავი კარიდან
აქლემის სახით
გააღწია.
მაგრამ ამითვე ჩამოერთვა
სამოთხეში მოსახვედრად
ნემსის ყუნწში გაძვრომის უფლება.
 
.
 
მისი უკანასკნელი პურის მარცვალი
მაგიდის ქვეშ ჩავარდა.
მისი ბოლო იმედი
მაგიდის ქვეშ
უფსკრულში
შავ ვარდთან ერთად აღმოჩნდა.
 
.
 
ის დასრულებული ოვალის წინ 
კედლის დაცხრილულ ფარდაგზე ტირის.
 
.
 
ის კვლავ განაგრძობს
ოცნებას
მიწაზე
აპოკალიფსურად
მოყვავილე
ბაღნარზე
 
.
 
იქიდან უკვე
კარგად ხედავს ყველა იმ გზას 
რომელიც თავისი ცხოვრების გზად
უნდა ექცია.
 
.
 
იმ თავის ნაცვლად
მხრებზე რომ ადგას
ვარსკვლავს
ისურვებდა.
თავის ნაცვლად
ვარსკვლავების
თაიგულს
ისურვებდა.
 
.
 
შეშლილები
და
გარდაცვლილები
მარად
ნორჩები
იქნებიან
როგორც
ოცნების
მარადიული ყვავილები.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული