• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სექსის სიკვდილი

×
ავტორის გვერდი დათო ყანჩაშვილი 00 , 0000 2018

 

"არაფერი გავს ამ ქალაქს ისე..."
 
არაფერი გავს ამ ქალაქს ისე
როგორც ჩვენი სახლი
სადაც საათობით შეგვიძლია
ვისხდეთ ტროტუარზე
და ვუყუროთ  როგორ იყოფა ქალაქი ორად  
 
სადაც ბავშვებს ყოველ დილით სვამენ ეკრანთან
და აჩვენებენ  საქანელაზე საკუთარ თავებს
შუადღისით ურიგებენ ნაირფერ წიგნებს
რომლიდანაც დასაშვები ოცნებები უნდა ისწავლონ
ხოლო ძილის წინ უყვებიან ატრაქციონის შესახებ ზღაპრებს  
 
როცა ბავშვები იზრდებიან
არაფერი იცვლება თითქმის
ყველასა აქვს თავისი წიგნი
და ეკრანის წინ საკუთარი ადგილიც რჩებათ
 
ჩვენ რა ხანია გავიზარდეთ,
შეგვიძლია დავსხდეთ ტროტუარზე
და ადამიანთა განსხვავებულ დუმილს ვუსმინოთ,
დუმილი სხვა არაფერია თუ არა სიტყვა, თავს რომ არიდებ
მე როცა ვდუმვარ შენ იცი რომ გიმეორებ
„მე არაფერი შემიძლია სიყვარულის მეტი“
და ქალაქში, ორად რომ იყოფა
მოსალოდნელია სიყვარული,
ტერფებზე ტერფებით შემოდგომა
გუბეებად ქცეულ წვიმის დროს
როცა სიჩუმე არაფერია სხვა
თუ არა სიტყვების ჩრდილი
თავს რომ ვაფარებთ,
როცა სიტყვები იცლებიან  მნიშვნელობისგან
როგორც ფოთლებისგან შემოდგომა
როცა არაფერი შეგვიძლია
ერთმანეთის მეტი
და გარდა.
 
 
* * *
 
მე სხვებთან ერთად არ მიცხოვრია
მე ვცხოვრობდი ნიღბებით ხელში
ღამე იყო გაკიდული ქალაქის ჭერზე
გზები იყო ოთახიდან ოთახამდე
ცა ფანჯრისხელა
ზღვის ნაპირი ეხატა კედელს
რაღაცნაირად დიდი ვჩანდი ქალაქის ფონზე
მე ვიქცეოდი
ეს არ იყო მელოდრამა
იყო სისხლიც
ვიცვლიდი ნიღბებს
უსახური მაწანწალიდან ჯალათამდე
ვიქცეოდი
და ვლუღლუღებდი
მე სხვებთან ერთად არ მიცხოვრია
მე ჩვენს შორის ვცხოვრობდი და
მე ვცხოვრობდი ჩემს თავთან ახლოს
მე ამ გზებზე დავდიოდი
რაც დამახვედრეს
მე იმ ღამის ჰაერს ვსუნთქავდი, რომელიც იდგა
მე სხვებთან ერთად არ მიცხოვრია
არათუ სახლი სიტყვებიც კი დამხვდა სათქმელი
რაც უნდა მეთქვა,
ეს კარიც დამხვდა, ოთახიდან ოთახამდე გაფენილი გზა რომ არ მიდის
რაც შეეხება შენს დახრილ ხელს, ჩემი ხელია
დრო და დრო რომ ჩაგკიდებ და
ვითომ კარისკენ მიგაქანებ
სანამ ფეხქვეშ გზა დამთავრდება
მე სხვებთან ერთად არ მიცხოვრია
მე ჩვენს შორის მიმოვდიოდი
ეს არ იყო მელოდრამა
მე ნიღბები მეჭირა ხელში და  ვიქცეოდი
ღმერთი, კი როგორც ერთადერთი  მაყურებელი
ჩამომჯდარი იყო ჩემი ცხოვრების პირას
და აღტაცებით ტაშს უკრავდა.
 
 
 
სექსის სიკვდილი
 
 
ოდესმე მოკვდება ყველაფერი
მოკვდება სექსიც ჩვენს საწოლში
სხეულებს შორის
და ჩამოვსხდებით დაბნეულად,
მე შემრცხვება ჩემი სიშიშლის
შენ ფეხებშორის ხელს აიფარებ
და გავიხედავთ სხვადასხვა მხარეს.
 
როცა მოკვდება სექსი საწოლში ბუნებრივი სიკვდილით
ჩვენ გავაგრძელებთ გვერდიგვერდ წოლას
პიჟამოებით,
გამიკვირდება ჩემი თავის
რა თამამი ვყოფილვარ ადრე,
როგორი ურცხვი
ახლა თითქოს რაც საწოლში სექსი ჩაგვაკვდა
თითქოს თვალი აგვეხილა
და ერთმანეთს ასე შიშვლებს პირველად ვხედავთ, ისე გვრცხვენია.
მე ვიწვები შენსკენ ზურგით
ხოლო სიზმრები ვარსკვლავებივით ეკიდებიან ოთახის ჭერზე
და არც ერთი აღარ მოწყდება.
თვალს კი დავხუჭავთ
მაგრამ ძილი არ დაამძიმებს ჩვენს ქუთუთოებს
ჩვენ კი მაინც ისე ვიწვებით
ვითომ გვძინავდეს.
 
როცა მოკვდება სექსი ჩვენს სხეულებს შორის
გამთენიისას ისე ავდგები
რომ ვერ მოასწრო ჩემი დანახვა
ჩემს ბებერ სხეულს მე თვითონაც თვალს ავარიდებ
და სასწრაფოდ მოვიცვამ რამეს
შენც ჩაცმული გამოხვალ, ყავას ცხელს დაგახვედრებ
ერთმანეთის თვალებს მოვძებნით -
ჩვენი ბბერი სხეულების ნათელ წერტილებს,
ჯერ კიდევ რომ შერჩათ სინათლე.
მერე ხელს ხელზე ჩამოგადებ
გავიღიმებთ
და შესაძლოა ისიც ვიფიქროთ
თითქოს ახლახანს აღმოვაჩინეთ
რომ სიყვარული, ეს ჩვენსავით ბებერი და ერთგული ძაღლი
ჩვენს ფეხებთან ისევ რომ წვება
არ მოკვდება ბუნებრივი სიკვდილით
სანამ სხეულებს ერთმანეთის გვერდით ვალაგებთ
და ჩვენს თვალებში ირეკლებიან
ოთახის ჭერზე ვარსკვავებივით აჭედილი მოგონებები.
 
 
 
ღმერთი მართალია
 
ღმერთი მართალია
როცა ლიბიელი ბავშვის ყველა ნეკნი ასეთი აშკარა და გამოხატულია
შურისძიების ფონზე
აი ამერიკა დემოკრატიულია და დემოკრატია ეპიდემიური
რომელმაც გაიარა ამდენი და ამდენი aთასი მილი და ჩავიდა ერაყში
მაგრამ არ გაჩერდა
გაიარა კიდევ უფრო ამდენი და ამდენი მილი და ჩავიდა ლიბიაში
და არ გაჩერდა
და აი  უტრიალებს ამერიკული დემოკრატია ირანს
უტრიალებს და  იჭვრიტება ჩადრებს მიღმა
ღმერთი მართალია
ჰუმანიტარული დახმარებები ხომ მომგებიანი ბიზნესია
როდესაც ვსაუბრობთ ავღანეთზე
და აი კომუნისტები დინოზავრებივით გადაშენდნენ
და მათსავით მუზეუმებსაც გამოკრეს ხელი
და ამხანაგი ბერია და ამხანაგი სტალინი და ამხანაგი შევარდნაძე
რა ადვილი სათქმელი გახდა
როგორც წელი 37
ღმერთი მართალია
როდესაც მოვიმარჯვებთ  ჩვენს ფიქრებს, როგორც დურბინდს და ვიყურებით  
უცხო ფანჯრებში
ხოლო გარყვნილება ისევ სახიფათო სიტყვაა და ეს არაფერი
ღმერთი მართალია
როცა ნავთობის ბარელის ფასი ასე მერყეობს
და თამაშობს როგორც 5–6 წლის გოგო ეზოს სილაში
ქალაქებს რომ აშენებს და მერე კი ანგრევს
 
ღმერთი მართალია
მე ვცხოვრობ და მივდივარ და გავრბივარ ქალაქიდან თუ არა
ქალაქში მაინც
სადაც ანათებენ წითელი ჯვრები 24 საათის განმავლობაში
რომლის ყოველ  კუთხეში 24 საათიანი აღებმიცემობით  იყიდება სითბო ფეხების შემოხვევით კოცნის გარეშე
და შეგიძლია უჩურჩულო ამ დროს ყურში –
შენ ხომ გაიზარდე
შენ ხომ დედა გყავს და მამა გყავს და თუ აღარ გყავს ხომ გყავდა მაინც
ხომ ხდებოდა ხანდახან ავად
რომელიმე შენგანი ხომ უსმენდა საკუთარი მუცლის ხმაურს შუაღამისას
როდესაც მაცივარი მოგჩერებოდა უპატრონო ბავშვივით და გამოწვდილი ჰქონდა უჯრები
 
ღმერთი მართალია
ჩვენ ხომ ასე უკომპრომისოდ  შეგვიყვარდა ერთმანეთი
რომ ხელითაც უკვე მოვსინჯეთ
ჩვენ ხომ ცალცალკე გავიზარდეთ
და სხვადასხვა სოროებზე ვამბობდით სახლი
ჩვენ ხომ გვატარეს ცივ დარბაზებში
სადაც მდგარან ჯარისკაცი, მეძავი ბავშვი
და თითქოს სახე ქონდათ საერთო
და რიგრიგობით გვიყურებდნენ
ჩვენ სწორედ მაშინ ვისწავლეთ თვალის არიდება  
 
ღმერთი მართალია
ტკივილები და ომები
ხომ გველეშაპის თავებივით იზრდებიან
რაც უფრო მეტს ჭრი
უფრო მეტი ამოიზრდება
და იქნება ამდენი ათასი სამუშაო ადგილი და
ამდენივე კომპიუტერი
ამდენივე მაიკროსოფტის პროგრამა და
ამდენივე ერთნაირი სახე და თავი
დაქოქილი მეხსიერებით
და გამშრალი თვალით
 
ღმერთი მართალია
როდესაც შემთხვევით ამოგვიგდებს გუგლი ფოტოებს
რომ ყოველდღე  ამდენი და ამდენი რომ კვდება შიმშილით
ამდენივე თავის რიგს უცდის
და ამდენივე სადაცაა დაიბადება რომ ამ რიგმა იცოცხლოს დიდხანს
 
აკი ვამბობ
ღმერთი მართალია
როცა გვიჩვენებს  და არ მალავს
და აი ჩვენ კი –
მეც, შენც, შენც და ისინიც
თვალებს ვარიდებთ
თავს გადავაქნევთ
შეიძლება  ცასაც ავხედოთ
და სინდისის დასამშვიდებლად
წავილუღლუღოთ ორიოდ სიტყვა
 „ღმერთო უშველე.“
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული