ქვეყნდება "
რადარამის" თავაზიანი ნებართვით. "რადარამი" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
მთარგმნელი: ლიკა ჯამბურია
სოციალური კონტექსტი
ვაშინგტონის შეთანხმების მომხრე პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ, რომ გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში სოციალური კონტექსტის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა კომუნიზმის წლებში.
საბაზრო ეკონომიკა სხვაგვარ ეკონომიკურ ურთიერთობებს – გაცვლას გულისხმობს. ასეთი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში ნდობას მოითხოვს. ერთი სუბიექტი მეორეს სესხს აძლევს და ენდობა, რომ ის ვალს დაუბრუნებს. ამ ნდობას ზურგს უმაგრებს კანონი. თუ ინდივიდი კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს, მას კანონი აიძულებს. თუ ვინმე სხვის ქონებას ითვისებს, შეიძლება სასამართლოში აღმოჩდეს. იმ ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკა დიდი ხანია არსებობს, ინდივიდებსა და კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავები სასამართლოში შედარებით იშვიათად ხვდება.
ეკონომისტები ხშირად იყენებენ ტერმინს "სოციალური კაპიტალი", რაც, მათი აზრით, საზოგადოების ერთიანობის პირობაა. ძალადობა და მაფიოზური კაპიტალიზმი ანგრევს ამ სოციალური კაპიტალს. ბევრ საბჭოთა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, სოციალური კაპიტალის მოშლა ბევრნაირად ვლინდება. საქმე მხოლოდ მენეჯერების არასწორი საქციელი არ არის. პრობლემა ის არის, რომ თითქმის ყველა რაღაცას იპარავს. მაგალითად, ყაზახეთში უამრავი სათბურია, რომელსაც შუშა აღარა აქვს. ცხადია, შუშის გარეშე ისინი ვერ ფუნქციონირებენ. გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე მომავალი ისეთი გარკვეველი იყო, რომ ყველა ცდილობდა, რასაც მოიხელთებდა, ხელში ჩაეგდო. იცოდნენ, რომ თუ მინას ამოიღებდნენ, სათბური ვეღარ იმუშავებდა და შემოსავალიც აღარ იქნებოდა. მაგრამ, რადგან სათბური მაინც გასანადგურებლად იყო განწირული, ყველას უნდა წაეღო, რაც შეეძლო მიუხედავად იმისა, რომ მინის ფასი ძალიან დაბალი იყო.
გარდამავალი პერიოდის მოვლენებმა რუსეთში სოციალური კაპიტალის გაქრობა გამოიწვია. ადამიანები შრომისა ან ფულის ჩადების შედეგად კი არ მდიდრდებოდნენ, არამედ - საჭირო პოლიტიკური კავშირებით საჯარო ქონების იაფად ხელში ჩაგდების გზით. სოციალური კონტრაქტი, რაც მოქალაქეებსა და მთავრობას აკავშირებდათ, გაწყდა. პენსიონერები ხედავდნენ, რომ მთავრობა სიმდიდრეს გასცემდა და ამავე დროს აცხადებდა, რომ მათთვის პენსიების მიცემა არ შეეძლო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ყურადღებას მაკროეკონომიკურ საკითხებზე, კერძოდ ინფლაციაზე ამახვილებდა და არ აინტერესებდა ისეთი სოციალური საკითხები, როგორებიც იყო: სიღარიბე, არათანასწორუფლებიანობა, სოციალური კაპიტალის არსებობა. როცა არასწორ კურსზე მიუთითებდნენ, პასუხი ასეთი იყო: ინფლაცია განსაკუთრებით მძიმეა შეჭირვებულთათვის. უარყოფითი შედეგის შემცირებისათვის საჭირო ზომები გათვალისწინებული არ იყო. საკუთარი ქმედებების შედეგის გაუთვალისწინებლობითა და სოციალური კაპიტალის საკითხის იგნორირებით ფონდმა სინამდვილეში შეაფერხა მაკროეკონომიკური განვითარება. სოციალური კაპიტალის მოშლის შედეგად გარემო არახელსაყრელი გახდა ინვესტორებისათვის. რუსეთის მთავრობისა და ფონდის პოლიტიკამ, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული მინიმალური სოციალური უსაფრთხოებაც კი, რესტრუქტურიზაციის პროცესი შეაფერხა. ყველაზე უგულო მმართველებსაც კი არ სურდათ თანამშრომლების გაშვება, რადგან იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს უკიდურესი გაჭირვება, შიმშილიც კი ელოდათ.
შოკური თერაპია
რეფორმის სტრატეგიის შესახებ გამართული დებატების მთავარი თემა რეფორმების განხორციელების ტემპი იყო. ვინ იყო მართალი? შოკური თერაპიისა თუ ეტაპობრივი რეფორმების მომხრეები? ეკონომიკური თეორია, რომელიც წონასწორობასა და იდეალიზირებულ მოდელებზეა ორიენტირებული, თითქმის არაფერს ამბობს განვითარების დინამიკაზე, თანმიმდევრობაზე, რეფორმების გატარების დროსა და ტემპზე, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლები ქვეყნების საწინააღმდეგოში დარწმუნებას ცდილობდნენ. მეორე მხარის დასარწმუნებლად დებატების მონაწილეები მეტაფორას მიმართავდნენ. სწრაფი რეფორმის მომხრეები ამბობდნენ, ნაპრალს ორი ნახტომით ვერ გადაახტები, ეტაპობრივი რეფორმის მომხრეები კი ამბობდნენ, რომ ბავშვის დაბადებას ცხრა თვე სჭირდება და მდინარის მეორე ნაპირზე ქვების დაწყობით გადასვლის შესაძლებლობაზე ლაპარაკობდნენ. ხშირად განსხვავება მხოლოდ ზედაპირული იყო. უნგრეთში ერთ სემინარს ვესწრებოდი, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა: რეფორმები სწრაფად, ხუთ წელიწადში უნდა განხორციელდესო. მეორემ თქვა: რეფორმები ეტაპობრივად უნდა განვახორციელოთ, ამას ხუთი წელი დასჭირდებაო. დებატები უფრო განხორციელების სტილს შეეხებოდა, ვიდრე ტემპს.
გრადუალისტების კრიტიკის ორი მთავარი არგუმენტი უკვე განვიხილეთ. რეფორმების კარგად დაგეგმვა ადვილი არ არის და თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელოვანია. პრივატიზაციის სათანადო დონეზე ჩატარებას გარკვეული წინაპირობა სჭირდება, ეს კი დროს მოითხოვს(1) . რუსეთის რეფორმებმა ცხადყო, რომ მოტივაციაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის კაპიტალიზმი ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ზრდას, პირიქით, ქონების განადგურებას იწვევს. გამართული საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად რუსეთში ველური აღმოსავლეთი მივიღეთ.
ბოლშევიკური დამოკიდებულება საბაზრო რეფორმის მიმართ
რადიკალური რეფორმების მომხრეებს ვიწრო ეკონომიკური ხედვა რომ არ ჰქონოდათ და ისტორიისათვის გადაევლოთ თვალი, მიხვდებოდნენ, რომ რადიკალურ რეფორმებს ყოველთვის უამრავი პრობლემა ახლავს თან. ეს 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციასაც ეხება, 1871 წლის პარიზის კომუნასაც, რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციასაც და ჩინეთის კულტრულ რევოლუციასაც მეოცე საუკუნის 60-70 წლებში. ამ რევოლუციების მამოძრავებელი ძალის დადგენა ძნელი არ არის. თითოეულმა მათგანმა წარმოშვა საკუთარი რობესპიერი, ანუ ლიდერი, რომელიც რევოლუციით იყო დამახინჯებული და ეს რევოლუციური მოძრაობა უკიდურესობამდე მიიყვანა. ამის საპირისპიროდ, წარმატებული იყო ამერიკული "რევოლუცია", რომელიც სინამდვილეში არ იყო რევოლუცია საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების თვალსაზრისით. პოლიტიკურ სტრუქტურაში კი მოხდა რევოლუციური ცვლილება, მაგრამ საზოგადოებრივი წყობის ცვლილება ევოლუციურად განვითარდა. რუსეთში რადიკალური რეფორმის ინიციატორები ცდილობდნენ ეკონომიკური რეჟიმი და საზოგადოებრივი სტრუქტურის რევოლუციური გარდაქმნა ერთდროულად მოეხერხებინათ. სამწუხაროდ, ვერც ერთს ვერ გაართვეს თავი: ამის ნაცვლად მივიღეთ საბაზრო ეკონომიკა, რომელშიც ყოფილ საბჭოთა ჩინოვნიკებს გადაეცათ ახალი ბიზნესების მართვისა და მოგების მიღების უფლება იმ საწარმოებში, რომლებსაც მანამდე თვითონვე მართავდნენ და რომელშიც ყოფილ `კაგებეშნიკებს~ ჯერ კიდევ დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. მხოლოდ ერთი სიახლე იყო: რამდენიმე ახალი ოლიგარქი, რომლებმაც უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალა მოიპოვეს.
რეალურად რადიკალური რეფორმის მხარდამჭერები იმავე სტრატეგიებს მიმართავდნენ, რასაც ბოლშევიკები, თუმცა განსხვავებულ სახელმძღვანელოებს კითხულობდნენ. ბოლშევიკები 1917 წლის შემდეგ ცდილობდნენ ქვეყნისათვის კომუნიზმი მოეხვიათ თავს. მათი სტრატეგიის მიხედვით, ელიტა წინ უნდა გაძღოლოდა მასებს (ანუ ძალის გამოყენებით წაეყვანათ) ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე მიუხედავად იმისა, უნდოდა ეს ამ მასებს თუ არა. საერთაშორისო ბიუროკრატების მიერ მართული "ახალი" პოსტკომუნისტური რევოლუცია რუსეთში ასევე ცდილობდა ხალხისათვის, მიუხედავად სურვილისა, სწრაფი ცვლილება მოეხვია თავს.
ისინი, ვინც ბოლშევიკურ მიდგომას ქადაგებენ, არამარტო უარყოფენ ასეთი რადიკალური რეფორმების გამოცდილებას, არამედ სპეკულირებენ კიდეც, რომ პოლიტიკური პროცესები განვითარდება სრულიად ახლებურად, რისი პრეცენდენტიც ისტორიაში არ არსებობს. ეკონიმისტები (მათ შორის ანდრეი შლეიფერიც) თვლიდნენ, რომ საბაზრო ეკონომიკის არსებობისათვის აუცილებელი იყო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან პრივატიზაცია (მიუხედავად იმისა, როგორ განხორციელდებოდა) ისეთი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობას შექმნიდა, რომლებიც კერძო საკუთრებას დაიცავდნენ.
შლეიფერის არგუმენტი კოარსის თეორიის უკანანონო მემკვიდრედ შეიძლება მივიჩნიოთ. ეკონომისტი რონალდ ჰ. კოარსი, რომელმაც ეკონომიკაში ნობელის პრემია მიიღო, თვლიდა, რომ წარმატების მისაღწევად გადამწყვეტია კარგად ჩამოყალიბებული საკუთრების უფლების არსებობა. თუკი საკუთრება იმ ადამიანის ხელში მოხვდება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი მართვის გამოცდილება, მკაფიოდ განსაზღვრული საკუთრების უფლების შემთხვევაში მას მოტივაცია ექნება მიყიდოს საწარმო იმას, ვინც ამას კარგად გააკეთებს. ამის გამო სწრაფი პრივატიზაციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანიც არ არის, როგორ განხორციელდება პრივატიზაცია. დღეს უკვე ითვლება, რომ კოარსის ვარაუდი მხოლოდ გარკვეულ პირობებშია სწორი (2) და ეს პირობები რუსეთში იმ დროს არ იყო.
შლეიფერმა და კომპანიამ კი ეს თეორია იმაზე მეტად განავითარეს, ვიდრე კოარსი ოდესმე წარმოიდგენდა. მათ სჯეროდათ, რომ პოლიტიკური პროცესების მართვა ისევე ხდებოდა, როგორც ეკონომიკური პროცესებისა. ქვეყანაში იმ ადამიანთა ჯგუფი რომ შექმნილიყო, რომელთაც კანონიერი ქონება ექნებოდათ, საჭირო გახდებოდა იმ ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნაც, რომელიც ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა და ეს პოლიტიკურ პროცესებზეც აისახებოდა. საუბედუროდ, პოლიტიკური რეფორმების გრძელი ისტორია ცხადყოფს, რომ შემოსავლის გადანაწილება მნიშვნელოვანია. სწორედ საშუალო ფენამ მოითხოვა რეფორმების გატარება, რომელთაც ხშირად კანონის ძალაუფლებას უწოდებენ. მდიდრები, როგორც წესი, დახურულ კარების მიღმა ახერხებენ საკუთარი ინტერესების გატარებას. ცხადია, კონკურენციის არსებობა მსოფლიოში როკფელერებისა ან ბილ გეიტსის მსგავსი ბიზნესმენების დამსახურება არ არის. დღევანდელ რუსეთშიც ოლიგარქები, ანუ ახალი მონოპოლისტები, კონკურენციისათვის საჭირო გარემოს შექმნას, ცხადია, არ ითხოვენ. კანონის გამკაცრება ოლიგარქებმა, რომლებმაც სიმდიდრე კრემლთან ფარული გარიგებების შედეგად მოიპოვეს, მხოლოდ მაშინ მოითხოვეს, როცა შეამჩნიეს, რომ რუსეთის მთავრობაზე მათი გავლენა იკლებდა.
თავისუფალი მედიის მოთხოვნა, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელში, წამოვიდა ოლიგარქებისაგან, რომელთაც მედიის გაკონტროლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის უნდოდათ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობამ ძალაუფლების გამოყენება მათ წინააღმდეგ დაიწყო. განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში საშუალო ფენა არ დაუშვებდა ეკონომიკური ძალაუფლების ასეთ კონცენტრაციას და არ შეეგუებოდა მონოპოლისტური ფასების გადახდას. ამერიკელებს უკვე საკმაოდ გაცნობიერებული აქვთ მედიის ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე და რუსეთის სიტუაცია მათთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ მედიის ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეებს; ისინი პრივატიზაციის სწრაფი ტემპით განხორციელების აუცილებლობაზე აკეთებდნენ აქცენტს. ისინი ამაყობდნენ კიდევაც იმით, რომ კონცენტრირებული კერძო მედიის გამოყენება ხორციელდებოდა, თან ეფექტურად, რათა მათი მეგობარი ელცინი და ე.წ. რეფორმატორები ძალაუფლების სათავეში დარჩენილიყვნენ.
ერთერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას აქტიური და კრიტიკული მედია ჰყავდეს, ის არის, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესს კი არ უნდა ასახავდეს, არამედ მთელი საზოგადოების. კომუნისტური სისტემის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო საზოგადოებისა თუ მედიის მხრიდან კრიტიკული განხილვის თავიდან აცილება. თავისუფალი, კონკურენტუნარიანი მედიის შექმნა რუსეთში არ მოხდა ნაწილობრივ იმის გამოც, რომ გადაწყვეტილებების, მაგალითად, სესხების პროგრამის საჯარო განხილვა არ შემდგარა. დასავლეთშიც კი რუსეთისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტებსა და ამერიკის ხაზინაში დახურულ კარებს მიღმა ხდებოდა. არც დასავლეთში მცხოვრებმა გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ რამე იმ განხილვების შესახებ, რასაც მართავდნენ ინსტუტები, რომლებიც, წესით, მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და არც რუსმა ხალხმა, რომელსაც ამ გადაწყვეტილებების შედეგებთან უხდებოდა გამკლავება. ახლა ხშირად სვამთ კითხვას: ვინ დაკარგა რუსეთი? და რატომ? პასუხებმა, როგორც ჩანს, ვერაფერი გვასწავლა.
(1) იხ. Stiglitz,“Quis Custodiet Ipsos Custodes?”
(2) მაგალითად: თუ ვინმე კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაციას დაიწყებს, სანამ კარგი საინვესტიციო კლიმატი ჩამოყალიბდება, როგორც ამას ფონდში გვირჩევდნენ, შედეგად კაპიტალის გადინებას მიიღებს. თუ ფირმების პრივატიზაცია მანამდე მოხდება, სანამ კაპიტალის ბაზარი ჩამოყალიბდება, მმართველობა და მესაკუთრეობა იმ ადამიანების ხელში გადავა, ვინც მალე პენსიაში უნდა გავიდეს და ვისაც არანაირი მოტივაცია არ ექნება მოდერნიზაცია მოახდინოს, ამის ნაცვლად მოხდება ქონების განიავება. თუ პრივატიზაცია მანამდე მოხდება, სანამ შესაბამისი სარეგულაციო და საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნებოდა, ჩნდება მონოპოლიების ჩამოყალიბების საფრთხე. თუ პრივატიზაცია ფედერალურ სისტემაში ხდება და სახელმწიფო მოხელეებს საშუალება აქვთ გადასახადები და რეგულაციები დააწესონ, გამოდის, რომ არაფერი იცვლება და რეალური პრივატიზაცია არ ხდება.